აღმოჩენილია კანის კიბოს ახალი ვირუსი
ვირუსს, რომელსაც მერკელის უჯრედების პოლიომავირუსი უწოდეს, ამ ტიპის სიმსივნეების 80% შეიცავს. მერკელის უჯრედები ეპიდერმისის ღრმა შრეებში მდებარეობს და ტაქტილურ მგრძნობელობაზე პასუხისმგებლად ითვლება. მათგან განვითარებული კიბო კანის აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უპირატესად მოხუცებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებს ემართებათ, კერძოდ, შიდსით დაავადებუ-ლებს და მათ, ვისაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია აქვს ჩატარებული. ამ დაავადების მიზეზი უცნობია.
პიცბურგის უნივერსიტეტთან არსებული კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა მერკელის უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნის ქსოვილის ნიმუში გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს უცხო დნმ, რომელიც სიმსივნის საკუთარი გენის ინტეგრირებას ახდენდა. კვლევის ხელმძღვანელმა პატრიკ მურმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ დნმ პოლიომავირუსების ჯგუფის აქამდე უცნობ წევრს ეკუთვნოდა. ამ ვირუსის გამოყოფა მერკელის უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნის ქსოვილის 10-დან 8 ნიმუშში მოხერხდა, მაშინ როცა ჯანმრთელი ადამიანების სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული 59 ქსოვილოვანი ნიმუშიდან ის მხოლოდ 5-ში აღმოაჩინეს.
-
მეცნიერთა აზრით, ვირუსი შესაძლოა სიმსივნის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყოს. როგორც ჩანს, მას სიმსივნის ზრდის უნარის მქონე ცილის სინთეზირება ან სიმსივნის ზრდის შემაფერხებელ გენზე ზემოქმედება შეუძლია.
"ჩვენ მიერ მიღებული მონაცემები შესაძლოა დიაგნოსტიკური ტესტის ან დაავადების სამკურნალო და პროფილაქტიკური ხასიათის ვაქცინის შექმნის საფუძვლად იქცეს", - განაცხადა პატრიკ მურმა, თუმცა, მეცნიერთა თქმით, მათი მონაცემები საბოლოო არ არის და დამატებითი მტკიცებულების მოპოვებას მოითხოვს.
აშშ-ში ყოველდღიურად მერკელის უჯრედებიდან განვითარებული კანის კიბოს 1,5 ათასამდე დიაგნოზს სვამენ, თანაც ბოლო 10 წელია, დაავადება საგრძნობლად გახშირდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კანის კიბო სწრაფად მეტასტაზირდება. პაციენტების დაახლოებით 2/3 დიაგნოზის დასმიდან 5 წლის განმავლობაში იღუპება.