თვითმკვლელობის გენი ახალშობილის სიგრძესა და წონას უკავშირდება
სუიციდის რისკი მაშინაც კი არ მცირდება, როცა ბავშვობის ასაკში ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში ჯდება.
კაროლინის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ელენორ მიტენდორფერ-რუტცმა და მისმა კოლეგებმა, გამოიყენეს მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას 1973-1980 წლებში დაბადებული დაახლოებით 320 ათასი შვედი მამაკაცის შესახებ. ბაზაში მოიპოვებოდა მონაცემები მათ სიმაღლესა და წონაზე როგორც დაბადებისას, ისე ზრდასრულ ასაკში, ასევე - თვითმკვლელობის მცდელობისა და სიკვდილის თარიღი.
-
მეცნიერებმა გააანალიზეს ეს მონაცემები და დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომელთა სიმაღლე დაბადებისას 47 სმ იყო, 50-51 სმ სიგრძისებთან შედარებით მოწიფულ ასაკში დაახლოებით 2-ჯერ ხშირად ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა.
ისინი უმეტესად თავის ჩამოხრჩობას ან დახრჩობას, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით მოკვლას, სიმაღლიდან გადმოვარდნას ცდილობდნენ. სუიციდისადმი მიდრეკილება შედარებით მაღალი ჰქონდათ იმ მამაკაცებსაც, რომლებიც ნორმალური სიგრძისანი დაიბადნენ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში იყვნენ დაბლები. ისინი მაღალ მამაკაცებზე 56%-ით უფრო ხშირად ცდილობდნენ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ახალშობილის სიგრძის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს წონას. მამაკაცები, რომლებიც ნორმალური სიმაღლისანი დაიბადნენ, მაგრამ წონით 2,5 კგ-ს არ აღემატებოდნენ, 2,5-ჯერ ხშირად მიმართავდნენ თვითმკვლელობას. დღენაკლულები (შესაბამისად - მცირე წონისა და სიმაღლის ახალშობილები) მოწიფულ ასაკში ცხრათვიან ბავშვებთან შედარებით 4-ჯერ უფრო ხშირად ცდილობდნენ თავის მოკვლას.
-
კვლევის ავტორთა აზრით, ასეთი ადამიანების თვითმკვლელობისადმი ლტოლვა შეიძლება სეროტონინის დაბალი დონით აიხსნას. ამ ჰორმონის დონის დაქვეითება ზრდის აგრესიულობას, იმპულსურობას და ხელს უწყობს სუიციდურ ქმედებებს.
ელენორ მიტენდორფერ-რუტცის აზრით, ორსულობის მეორე ტრიმესტრში არასასურველმა ფაქტორებმა (მაგალითად, მომავალი დედის ცუდმა კვებამ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებამ) შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის ზრდა და სეროტონინის მეტაბოლიზმის დარღვევა გამოიწვიოს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს აღენიშნებათ დაზიანებები ტვინის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის - პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინის მეტაბოლიზმის ცვლილებაში.