მომავლის სამედიცინო ტექნოლოგიები
scanadu - სამედიცინო მოწყობილობის რეალური ანალოგი “ვარსკვლავეთის გზებიდან”
ამ სახელწოდების მოწყობილობა, რომელიც ცნობილ ფანტასტიკურ ტელესერიალ “ვარსკვლავეთის გზებში” გვხვდებოდა ტრიკოდერის სახით, უკვე შექმნეს თანამედროვე მეცნიერებმა და, როგორც თავად ამბობენ, მისი გამოყენება სულ ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი. ეს მომცრო ზომის ინსტრუმენტი შეძლებს, სულ რამდენიმე წამში განსაზღვროს ადამიანის სხეულის ტემპერატურა, სისხლის არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა და სუნთქვის სიხშირე, მოგვაწოდოს ელექტროკარდიოგრამა და სისხლში ჟანგბადის რაოდენობის მაჩვენებელი.
ცოცხალი უჯრედების დროებით შემცვლელი გელი
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა შექმნეს გელი, რომელიც გახურების დროს კი არ ლღვება, არამედ მკვრივდება ძაფისებური ცილოვანი სტრუქტურების მსგავსად. ამ სუბსტანციის გამოყენება შეიძლება ტრავმის დროს - სისხლდენის შესაჩერებლად და დაზიანებული ორგანოების დროებით “შესარემონტებლად”, რაც ადამიანს ოპერაციამდე გაძლების საშუალებას მისცემს.
სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ხელსაწყოები
ასეთ მოწყობილობებს, მაგალითად, კარდიოსტიმულატორს, მსოფლიოში თითქმის მილიონამდე ადამიანი მოიხმარს. მათი მინუსი ის გახლავთ, რომ მოხმარების ვადა დაახლოებით შვიდი წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ხელსაწყო უნდა შეიცვალოს. ეს არა მარტო რთული, არამედ საკმაოდ ძვირი ქირურგიული ოპერაციაა. უახლესი მონაცემებით, მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარეს ეს პრობლემა - მათ შექმნეს ახალი კარდიოსტიმულატორი, რომელიც გულის კუნთის შეკუმშვის ხარჯზე მუშაობს. ექსპერიმენტებისა და საცდელი ტესტების შემდეგ დოქტორმა ამინ კარამიმ განაცხადა, რომ ყველა მოწყობილობამ დადებითი შედეგი აჩვენა. მისივე თქმით, ახალი კარდიოსტიმულატორის გამოცდის მომდევნო ეტაპი აპარატის ცოცხალი ადამიანის გულში ჩანერგვა იქნება. თუ ტექნოლოგიამ გაამართლა და ამ შემთხვევაშიც დადებითი შედეგი აჩვენა, ეს არა მარტო მედიცინაში, არამედ მრეწველობაშიც რევოლუციურ გადატრიალებას მოახდენს. ეს მექანიზმი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ელექტროენერგიას პულსის ნებისმიერი სიხშირის დროს გამოიმუშავებს.
ვაქცინაცია ყვავილის მტვრით
ყვავილის მტვერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალერგენია. მისი სტრუქტურა მეტად მკვრივია და კარგად იტანს ტენიანობას. ეს მას საშუალებას აძლევს, გაუძლოს ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ზემოქმედებასაც. პერორალური ვაქცინაციის დროს კი ორგანიზმი მასში შეყვანილი პრეპარატის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს შეიწოვს, დანარჩენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წვენები ანადგურებს. ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ყვავილის მტვრის თვისებების შესწავლა და მისი გამოყენებით ვაქცინების დამუშავება გადაწყვიტეს. კვლევების ხელმძღვანელმა ჰარვინდერ გილმა დაძლია ყვავილის მტვრის მთავარი ნაკლი - მტვრის ზედაპირს ყველა ალერგენი მოაშორა. ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა უკან ჩამოიტოვოს ვაქცინაციის დღემდე გავრცელებული ყველა მეთოდი და მედიცინაში დიდი გარდატეხა მოახდინოს.
რობოტი-ქირურგი “და ვინჩი”
“და ვინჩი” რობოტია, რომელიც ჯერჯერობით ისე ვერ უკრავს გიტარაზე, როგორც ფილმის “სტუმარი მომავლიდან” შემქმნელები ოცნებობდნენ; სამაგიეროდ, ურთულესი სამედიცინო ოპერაციების ჩატარებას შეძლებს, თუმცაღა ჯერ მხოლოდ ადამიანის დახმარებით, რომელიც მის გვერდით, სამართავ პულტთან იჯდება. ამ რობოტის დახმარებით უკვე შესრულდა რამდენიმე ოპერაცია. მეცნიერები გამალებით მუშაობენ, რომ მოკლე ხანში ამ ურთულესი მექანიზმის საშუალებით მრავალი პროცესის ავტომატიზება შეძლონ, რაც საშუალებას მოგვცემს, ურთულესი მანიპულაციები მაქსიმალურად ზუსტად და თავდაჯერებულად შესრულდეს.
ცერებრული დარღვევების მკურნალობა
თავის ტვინი მეტად მგრძნობიარე ორგანოა, რომლის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანებას მეტად ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდი მოსდევს. ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ადამიანებისთვის კომპლექსური რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთი იმედია, თუმცა, როგორც ამბობენ, უკვე არსებობს ალტერნატიული მეთოდიც. ადამიანის ენა ცენტრალურ ნერვულ სისტემას ათასობით ნერვული დაბოლოებით უკავშირდება, რომლებსაც პირდაპირ ტვინის ნეირონებთან მივყავართ. პორტატიული ნეიროსტიმულატორები (პონს) ენის განსაზღვრული ნერვული ზონების სტიმულაციას ახდენს. ამ აპარატის საშუალებით ტვინი იღებს დაზიანებული მიდამოების აღსადგენ სიგნალებს. პირველი პაციენტები, რომლებიც ამ სისტემას მოიხმარენ, პირველივე კვირის განმავლობაში მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას აღნიშნავენ. პონს-ის სისტემა, გარდა ქალა-ტვინის ტრავმებისა, შეიძლება ისეთი დაავადებების საწინააღმდეგოდაც გამოიყენონ, როგორებიცაა პარკინსონის დაავადება, ალკოჰოლიზმი, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და სხვა.
სისხლდენის საწინააღმდეგო გელი
მეცნიერთა მცირე ჯგუფმა მსოფლიოს მეცნიერება ინოვაციური აღმოჩენით შეძრა: ჯო ლანდოლინომ და ისააკ მილერმა შექმნეს გელი, რომელიც ყოველგვარი სირთულის სისხლდენას აჩერებს. გელის საშუალებით ჭრილობა ჰერმეტულად იხურება. სისხლდენის საწინააღმდეგო გელი ორგანიზმში სინთეტიკურ ქსოვილად იქცევა, რომელიც უჯრედების შეერთების პროცესს უწყობს ხელს. ამასთანავე, ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ერთ-ერთი საცდელი ტესტის დროს ლანდოლინომ გელი ვირთაგვის საძილე არტერიის ჭრილობის დახურვისთვის გამოიყენა. სისხლდენა რამდენიმე წამში შეჩერდა. თუ ეს მეთოდი უახლოეს მომავალში ქირურგიულ მედიცინაში დაინერგა, მისი მეშვეობით უამრავი პაციენტი გადაურჩება სიკვდილს.
იმპლანტანტების სამგანზომილებიანი ბეჭდვა
3დ-პრინტერები მასობრივი მოხმარების საგნად სულ ცოტა ხნის წინ იქცა, მაგრამ დღეს მათ მარტო მეცნიერები, ინჟინრები და დიზაინერები კი არა, ექიმებიც მოიხმარენ, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ქმნიან სხეულის ამპუტირებული ნაწილებისა და ძვლების შემცვლელ პროთეზებსა და იმპლანტანტებს. 3დ-პრინტერისა და თუთიის, სილიციუმის, ფოსფატის, კალციუმისა და ღეროვანი უჯრედების დახმარებით ძვლების თვისებების მქონე ხელოვნური ქსოვილი იქმნება. ეს “მოდელი” ნამდვილი ძვლის აღდგენამდე ინერგება ადამიანის ორგანიზმში, მერე კი იშლება და ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად გამოიდევნება გარეთ. ალბათ უფრო მეტად გაოცდებით, თუ იმასაც გაიგებთ, რა მიიჩნევა ამ ტექნოლოგიის მთავარ უპირატესობად - ის, რომ ბიოლოგიური მასალის სწორად შერჩევის შემთხვევაში პრინტერის დახმარებით არა მარტო ძვლის, არამედ ნებისმიერი სხვა ქსოვილის, უფრო მეტიც - მთელი ორგანოს შექმნაც კია შესაძლებელი.
02amp - სათვალე, რომლითაც დაავადებას დაინახავთ
მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა სათვალე, რომელიც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ადამიანის კანის ჟანგბადით გაჯერება, სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობა და გულისცემის სიხშირე. ამ სათვალით შესაძლებელია ვენების დანახვა კანქვეშ, შინაგანი და გარეგანი ტრავმებისა და ზოგიერთი დაავადების აღმოჩენა.
ელექტროსაცვლები
ამ ტიპის საცვლები სპეციალურად შექმნეს მწოლიარე ავადმყოფებისთვის. ასეთ პაციენტებს ნაწოლების განვითარების დიდი რისკი აქვთ. ყოველ ათ წუთში ელექტროსაცვალი გზავნის ელექტროიმპულსს, რომელიც კუნთს შეკუმშვას აიძულებს. მიღებული ეფექტი პაციენტის დამოუკიდებლად ვარჯიშის შემთხვევაში მიღწეულს ჰგავს. არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ხნის წინ არის პარალიზებული თუ არა ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილი.
სიცოცხლე უჰაეროდ: ჟანგბადის ინექცია
ბოსტონელმა მკვლევრებმა გამოიგონეს მეთოდი, რომელიც ადამიანს უჰაეროდ არსებობის საშუალებას აძლევს. ერთი ინექცია ორგანიზმს დაახლოებით ნახევარი საათის სამყოფი ჟანგბადით ამარაგებს. ეს ექიმებს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ ტრაქეოტომიის რთული პროცედურა. გარდა ამისა, ეს უახლესი მანიპულაცია მეტად სასარგებლო იქნება კატასტროფის მედიცინასა და სამხედრო-საველე ქირურგიაში.
ტვინის უჯრედები შარდისგან
გუანჯოუს (ჩინეთი) ჯანმრთელობისა და ბიომედიცინის ინსტიტუტის ბიოლოგებმა ადამიანის შარდის გამოყენებით ღეროვანი უჯრედების შექმნა მოახერხეს. ამ მეთოდის მთავარ უპირატესობად ის მიიჩნევა, რომ შარდისგან შექმნილი უჯრედები პროვოცირებას არ უწევს სიმსივნურ დაავადებას, მაშინ როდესაც სადღეისოდ გამოყენებულ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს, სამწუხაროდ, ასეთი გვერდითი ეფექტი აქვს - მათი გადანერგვის შემდეგ არცთუ იშვიათად სიმსივნე ვითარდება. შარდის საფუძველზე დამზადებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვას არასასურველი ახალწარმონაქმნის განვითარება არ მოჰყოლია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი ღეროვანი უჯრედების შესაქმნელად უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია. შარდისგან მიღებული ნეირონების გამოყენებას უკვე აპირებენ ნერვული სისტემის ზოგიერთი დეგენერაციული დაავადების სამკურნალოდ.
ისრაელის კანაფი სამედიცინო მიზნებისთვის
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ ტიკუნ ოლამ-მა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე ველზე დათესა გენეტიკურად მოდიფიცირებული კანაფი, რომელსაც ადამიანი ნარკოტიკულ თრობამდე არ მიჰყავს. სამაგიეროდ, ის ექიმებსა და ავადმყოფებს კიბოს, პარკინსონის დაავადების, გაფანტული სკლეროზის, პოსტტრავმული სტრესული დარღვევებისა და ზოგიერთი სხვა უსიამოვნების მკურნალობისას დაეხმარება.