ორსულობა და მწვავე აპენდიციტი
რა გართულებაა მოსალოდნელი ამ დროს, როდის უნდა ვიეჭვოთ ეს დაავადება, როდის მივმართოთ ქირურგს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მეან გინეკოლოგს ქეთევან ადამიას.
-ქალბატონო ქეთევან, ხშირად გვხვდება მწვავე აპენდიციტი ორსულებში?
- მწვავე აპენდიციტი ორსულთა ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული დაავადებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლეს. ავადობა ორსულებში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქალებში, თანაც შემთხვევათა 60% ორსულობის პირველ ნახევარზე, უმთავრესად პირველ 10 კვირაზე მოდის.
- ორსულობისა და ლოგინობის რა ვადებზეა უფრო ხშირი მისი გამწვავება?
- მწვავე აპენდიციტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ორსულობის პირველ (19-32%) და მეორე ტრიმესტრებში (44-66%), შედარებით იშვიათია მესამე ტრიმესტრსა (15-16%) და მშობიარობის შემდგომ პერიოდში (6-8%).
საინტერესოა, რომ ორსულობის მესამე ტრიმესტრსა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უფრო ხშირად გვხვდება აპენდიციტის დესტრუქციული ფორმები. პერინატალური შედეგები უარესია, თუ დაავადება II ტრიმესტრში განვითარდა.
- რა იწვევს დაავადების გამწვავებას ორსულობისას?
- მწვავე აპენდიციტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე და არცთუ იშვათად სრულდება დესტრუქციული პროცესით, რომლის შედეგიც არის ჭიანაწლავის ჩირქოვანი გათხელება და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების პროცესში ჩათრევა.
დაავადების მიმდინარეობა და ასეთი სიხშირე დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, რომლებიც ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს:
- ორსული საშვილოსნოს ზრდასთან ერთად ბრმა ნაწლავი და მისი დანამატი გადაადგილდება ზევით და გარეთ;
- ხშირად ვითარდება ორსულობისას შეკრულობისაკენ მიდრეკილება, იწვევს ნაწლავთა შიგთავსის შეკავებას და პათოლოგიური ფლორის გააქტიურებას;
- გარდაქმნას განიცდის მთელი იმუნური სისტემა, მათ შორის - ბრმა ნაწლავის ლიმფოიდური აპარატიც;
- შესუსტებულია ორგანიზმის იმუნური (დაცვითი) ძალები, იცვლება სისხლის თვისებები, წარმოიშობა თრომბოზებისა და სპაზმებისადმი განწყობა.
- როგორ ვითარდება ანთებითი პროცესი ?
- დაავადებას იწვევს შერეული მიკროფლორა: ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოენტეროკოკი, ანაერობები, - რომელიც ჭიანაწლავის კედელში იჭრება. ამას ხელს უწყობს ნაწლავში შიგთავსის შეგუბება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით: გადაგრეხით, გარედან ზეწოლით. ამავე დროს, იმატებს წნევა მის შიგნით და ხდება სისხლის შეგუბება, რაც იწვევს ნაწლავის კვების გაუარესებას და ბაქტერიების გამრავლებას.
ანთების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს წინასწარი ფაქტორები - კვება და ჭიანაწლავის სხვადასხვაგვარი მდებარეობა მუცლის ღრუში.
- რა თვისებურება ახასიათებს დაავადების მიმდინარეობას ორსულებთან?
- მწვავე აპენდიციტის კლინიკა დამოკიდებულია ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობაზე, მასში ანთებითი ცვლილებების ხასიათზე.
განასხვავებენ მწვავე აპენდიციტის შემდეგ ფორმებს: მარტივს (კატარულს) და დესტრუქციულს (ფლეგმონურს, განგრენულს და პერფორაციულს). ყოველი მათგანი წარმოადგენს ერთი და იმავე პროცესის განვითარების სხვადასხვა სტადიას. მათი განვითარებისთვის აუცილებელია განსაზღვრული დრო: კატარული აპენდიციტისთვის - 6-12 საათი; ფლეგმონურისთვის - 12-24 საათი; განგრენულისთვის - 24-48 საათი; მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ნაწლავის პერფორაციაც და ნაწლავის შიგთავსი მოხვდეს მუცლის ღრუში.
აპენდიციტის განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მასში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებზე, აგრეთვე მის ზუსტ მდებარეობაზე მუცლის ღრუში, სანამ ანთებითი პროცესი შემოფარგლულია საკუთრივ ჭიანაწლავით და პერიტონეუმზე არ გადადის. თავისებურება კი ის გახლავთ, რომ ორსულობისას აპენდიციტი განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან ანთებითი პროცესის შემოფარგვლა შედარებით ნელა მიმდინარეობს, რის გამოც იზრდება ანთებითი პროცესის მუცლის ღრუში გავრცელების საშიშროება.
- რას უჩივიან ამ დროს ორსულები?
- მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ მწვავე აპენდიციტის კლინიკური სურათი ორსულებში დამოკიდებულია ორსულობის ვადებზე და ჭიანაწლავში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე.
ტკივილი
მწვავე აპენდიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია უეცრად განვითარებული ყრუ ტკივილი მკვეთრი ლოკალიზაციის გარეშე მუცლის ზედა ნაწილსა (ილეოცეკალური არე) და ჭიპის მიდამოში. გარკვეული ხნის შემდეგ (საშუალოდ 1-12 საათში) ტკივილი გადადის მუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს. ეს იმის ნიშანია, რომ ანთებამ ჩაითრია ჭიანაწლავის კედლის ყველა შრე. ტკივილის ადგილი ყველასთან ერთი და იგივე არ არის. ეს ჭიანაწლავის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მუცლის გვერდით ზედაპირზე, წელის მიდამოში ან ბოქვენის ზემოთ. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა ან ცემინება, ხველა - ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. როგორც წესი, ტკივილი ძლიერდება მარცხენა გვერდზე წოლისას, მაგრამ ორსულებთან მისი გაძლიერება შესაძლოა მარჯვენა გვერდზე წოლამაც გამოიწვიოს, რაც ორსული საშვილოსნოს ანთებით კერაზე ზეწოლის ბრალია.
ანთებითი კერის გავრცობისას ტკივილი ვრცელდება მუცლის ქვედა ან ზედა ნაწილზე, ნეკნებამდეც კი. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები ორსულებში არ ვლინდება ან სუსტადაა გამოხატული გადიდებული ორსული საშვილოსნოს მიერ მისი გადაწელვის გამო. სამწუხაროდ, ამ დროს ტკივილს ხშირად უკავშირებენ რომელიმე სხვა პათოლოგიას - საშვილოსნოს ტონუსს, საშარდე გზების ანთებას, მაგრამ უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს აპენდიციტიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ორსულებში.
გულისრევა და პირღებინება
გულისრევა განსაკუთრებით მწვავედ დაავადების დასაწყისში იჩენს თავს და ხშირად გადადის პირღებინებაში. ნაწლავთა მოქმედება იშვიათად ირღვევა, მაგრამ ხშირია ფაღარათი. იმატებს სხეულის ტემპერტურა, ენა დაფარულია თეთრი ნადებით.
დიაგნოსტიკური სირთულეები
ორსულობის I ნახევარში დაავადების კლინიკური სურათი არ განსხვავდება არაორსულებთან არსებულისგან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სხეულის ტემპერატურის მატება, გულისრევა, პირღებინება, ორსულობის პირველ ნახევარში კარგავს თავის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას, რადგან შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობის ადრეული ტოქსიკოზით, ხოლო აბდომინური ტკივილი თვითნებითი აბორტის, საშვილოსნოსგარე ორსულობის და სხვა ამგვარი პათოლოგიების ტიპური გამოვლინებაა.
ორსულობის ვადასთან ერთად კლინიკური სიმპტომებიც იცვლება. ანთება უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს და III ტრიმესტრში მისი დიაგნოსტირება განსაკუთრებით ჭირს.
ორსულობის მე-20-21-ე კვირიდან ბრმა ნაწლავი დანამატითურთ გადაინაცვლებს ზევით და გარეთ. ამის გამო იგი გადაიგრიხება, ირღვევა მისი სისხლმომარაგება, შიგთავსი გუბდება. მუცლის კედელი ამ პერიოდში თავისებურად რიგიდულია გადიდებული საშვილოსნოს მიერ მისი გადაჭიმვის გამო.
ორსულებში მწვავე აპენდიციტის დროს განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
-როგორ მოვიქცეთ?
თუ ზემოთ აღწერილმა სიმპტომებმა იჩინა თავი, სასწრაფოდ უნდა გამოვიძახოთ ექიმი - მხოლოდ მას შეუძლია მიაგნოს ცვლილებათა მიზეზს. ქალბატონებს ვურჩევთ, ექიმის მოსვლამდე არ მიიღონ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება - ეს მხოლოდ წაშლის სიმპტომებს და გაართულებს დიაგნოზის დასმას. შესაბამისად, დახმარებაც არასწორად გაეწევათ.
-რა გართულებებია მოსალოდნელი?
მწვავე აპენდიციტი პერიტონიტით ხშირად რთულდება ორსულობის მოგვიანებით პერიოდში, რადგან უარესდება ანთებითი პროცესის შემოფარგვლის პირობები. პერიტონიტით გართულებისას იზრდება პულსი, იმატებს ტემპერატურა, ძლიერდება პირღებინება, იბერება მუცელი, ძნელდება სუნთქვა, ვითარდება ქოშინი.
აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ ასიდან 17 შემთხვევაში მოსალოდნელია სამეანო და ქირურგიული გართულებები. ქირურგიული გართულებებიდან აღსანიშნავია პერფორაცია (ხვრელის გაჩენა ჭიანაწლავში), სეპტიკური შოკი. ზოგიერთი ვარიანტის დროს გამოყოფენ პოსტოპერაციულ ინფექციურ პროცესებს, ნაწლავთა გაუვალობას და სხვა.
- როგორ მკურნალობენ მომავალ დედებს, შეიძლება თუ არა ოპერაციის გაკეთება?
- ორსულობის ნებისმიერ ვადაზე მკურნალობა ოპერაციულია, მაგრამ დროული ოპერაციაც გართულებებს ყოველთვის როდი აგვაცილებს თავიდან. ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტი უნდა დარჩეს სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
დიეტა
- ოპერაციიდან 2 საათის შემდეგ შეიძლება ტუჩების მოწმენდა ადუღებულ წყალში ან მინერალურ წყალში დასველებული ტამპონით.
- 4-6 საათის შემდეგ პირი გამოირეცხეთ სალბის ან გვირილის ნახარშით.
- 24 საათის შემდეგ (ექიმის მითითებით) შეიძლება დალიოთ უგაზო მინერალური წყალი, ჩირისგან მომზადებული უშაქრო კისელი, უშაქრო ბაცი ჩაი, უცხიმო კეფირი.
- მესამე დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ორთქლზე მომზადებული კატლეტი, ქათმის ბულიონი, თხელი ფაფა, ნატურალური წვენი, თეთრი პურის ორცხობილა, ნაღების კარაქი, კეფირი.
შემდგომ დიეტას ნიშნავს ექიმი. პროგნოზი, ჩვეულებრივ, კეთილსაიმედოა. მთავარია, დროულად მიმართოთ ექიმს.
ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ ორსულებს სჭირდებათ შედარებით გახანგრძლივებული წოლითი რეჟიმი. საშვილოსნოს შეკუმშვების შემთხვევაში ინიშნება მისი კუნთოვანი შრის მომადუნებელი საშუალებები.
სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ ყველა ორსულს, რომელმაც აპენდიციტის ოპერაცია გადაიტანა, აქვს ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკი. მოსალოდნელია სამშობიარო მოქმედების ანომალია, ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), სისხლდენა მშობიარობის შემდეგომ პერიოდში. ამიტომ ქალს რეგულარული კონტაქტი უნდა ჰქონდეს მეანთან.