News
გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ულტრაიისფერ გამოსხივებას სისხლის არტერიული წნევის დაქვეითების უნარი შესწევს. მოხალისეებმა სოლარიუმში 20 წუთი დაჰყვეს, რის შემდეგაც არტერიული წნევა დაახლოებით ერთი საათით დაუქვეითდათ.
მკვლევართა თქმით, ულტრაიისფერი სხივები მოქმედებს სისხლზე, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება აზოტის ჟანგი, აზოტი კი აფართოებს სისხლძარღვებს და, შესაბამისად, აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას.
მკვლევრებმა ლაბორატორიულ პირობებში მოაწყვეს ამის დემონსტრირება - პროვოცირება გაუწიეს ულტრაიისფერი სხივების მიერ სისხლში აზოტის ჟანგის გამოთავისუფლებას და დარწმუნდნენ, რომ ეს სისხლძარღვების გაფართოებას იწვევდა.
მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს განვითარების რისკფაქტორია, ამიტომ მზეზე დიდხანს ყოფნას არ გვირჩევენ, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების სარგებელი აღემატება რისკს.
წნევის დაქვეითებას იწვევდა სითბური ზემოქმედებაც, მაგრამ მაჩვენებლები მალევე უბრუნდებოდა ნორმას. გამოკვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი რიჩარდ ველერი, ამბობს, რომ ეს წინასწარი დასკვნებია, შეუძლებელია, ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ მზის სხივები ჰიპერტონიას კურნავს. მეცნიერი გულის დაავადებებისა და კანის კიბოს განვითარების რისკის შედარებით ანალიზს ისახავს მიზნად.
-
ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინა
ამერიკელმა მეცნიერებმა ჟურნალ The Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში ე.წ. ჰეროინის ვაქცინის წინარეკლინიკური გამოცდის შედეგები გამოაქვეყნეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ვაქცინა სისხლის მიმოქცევის სისტემაში პოულობს ჰეროინს, მისი დაშლის შედეგად მიღებულ ფსიქოაქტიურ პროდუქტებს და ტვინამდე არ უშვებს მათ.
ჯერჯერობით კვლევები მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული. მეცნიერებმა ვირთხებს წინასწარ გამოუმუშავეს ჰეროინზე დამოკიდებულება, მერე კი ვაქცინა შეუყვანეს. ამის შემდეგ მღრღნელები პირს აღარ აკარებდნენ ჰეროინს.
ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერებმა ნარკოტიკის მოლეკულების ძირითადი ელემენტები მატარებელ-პროტეინებზე განათავსეს (ჰეროინის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავებულ იქნა კიმ ჯენდის ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორია ქმნის არა მარტო ჰეროინის, არამედ 6-აცეტილმორფინისა და მორფინის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც). აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მეთოდითაა შექმნილი კოკაინისა და ნიკოტინის საწინააღმდეგო ვაქცინებიც, რომლებიც კლინიკური გამოცდის ეტაპზეა. მაგრამ ჰეროინის ვაქცინის გამოყენებას ერთი სირთულე ახლავს თან: ის ძალიან სწრაფად იხსნება სისხლში.
თუ ადამიანებზე გამოცდამაც წარმატებით ჩაიარა, ვაქცინა შესაძლოა ჰეროინზე დამოკიდებულების სტანდარტული მკურნალობის ელემენტი გახდეს. სხვადასხვა შეფასებით, მთელ მსოფლიოში ჰეროინზე დამოკიდებულია 10 მლნ ადამიანი.
-
აერობიკა ჰიპერტონიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ (American Heart Association) დაასკვნა, რომ აერობიკა ჰიპერტონიასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია. იმის გასარკვევად, რომელ არამედიკამენტურ მეთოდს აქვს წნევის დამაქვეითებელი ეფექტი, ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს და ხარისხის მიხედვით დააჯგუფეს ადრე გამოქვეყნებული სამეცნიერო მასალები. კერძოდ, მედიკოსებმა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მასალებიდან ამოარჩიეს ქცევითი პრობლემებისადმი მიძღვნილი 124 გამოკვლევა, არაინვაზიური პროცედურებისადმი მიძღვნილი 105 გამოკვლევა და 773 გამოკვლევა, რომლებიც შეისწავლიდა სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის ეფექტურობას არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით.
მკვლევრები სწავლობდნენ აერობიკის, აკუპუნქტურის, მედიტაციის, სიმძიმეების აწევისა და ბიოლოგიური უკუკავშირისადმი (ფიზიოლოგიური და სამკურნალო პროცედურების კომპლექსი, რომლის დროსაც პაციენტი იღებს ინფორმაციას მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ) მიძღვნილ მასალებს. მიუხედავად იმისა, რომ, სპეციალისტების შეფასებით, გამოკვლევები არცთუ სახარბიელო ხარისხისა იყო, მათი ანალიზის საფუძველზე ყველა პაციენტს, ვისი სისხლის წნევაც 120/80 მმ ვწყ. სვ-ს აღემატება, წნევასთან ბრძოლისას დამატებით ალტერნატიული არამედიკამენტური მეთოდების ცდას ურჩევენ. ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეულ იქნა აერობიკა, რომლის შესახებაც შეკრიბეს საუკეთესო მტკიცებულებათა ბაზა.
მეორე ადგილი დაიკავა შენელებული ღრმა სუნთქვის მეთოდიკამ (სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით) და ზედა კიდურების იზომეტრიულმა ვარჯიშებმა, ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდიკა კი მესამე პოზიციას დასჯერდა.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ალტერნატიული მიდგომების უმრავლესობას სისტოლური წნევის მცირედით (მხოლოდ 2-10 მმ ვწყ. სვ-ით) დაქვეითება ძალუძს.