გინდათ, ჯანმრთელი იყოთ? იცეკვეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინდათ, ჯანმრთელი იყოთ? იცეკვეთ!

სავარჯიშო დარბაზები სევდას გვგვრის, ნახევარსაათიანი გასეირნებისკენ გული არ მიგვიწევს, დილაობით კი ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე ასადგომად ძალა არ გვყოფნის? მაშასადამე, დროა, ცეკვაზე ვიფიქროთ - მუსიკის ფონზე რიტმული მოძრაობები ხომ გაჯანსაღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და, რაც მთავარია, სასიამოვნო მეთოდია.

ცეკვის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. თუ “დისკოთეკაზე წასვლის” სურვილი პირველად არა 16, არამედ 60 წლის ასაკში გეწვიათ, რასაკვირველია, ჯობს, აირჩიოთ ნელი ცეკვა წყვილებში. დატვირთვა დამზოგველი უნდა იყოს, ხოლო საცეკვაო მუსიკა შეეფერებოდეს ხანდაზმულ ასაკს.

გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ყო­ველგვარ ცეკვას, ენერგიული და ცეცხლოვანი სალსა იქნება ის თუ დახვეწილი, არიტოკრატული ვალსი. რა სარგებლობა მოაქვს ცეკვას?

  • შესანიშნავი ტანადობა და მოხდენილი სიარული

გინახავთ ფეხებდაგრეხილი ან მხრებში მოხრილი მოცეკვავე ? როგორც კი ადამიანი საცეკვაო დგამთან დადგება, უმალვე ეცვლება სიარულის მანერა. იგი ეჩვევა გამართულ სიარულს, მხრებს არ იჩეჩავს. განსაკუთრებით ლამაზად აყენებს ფიგურას ესპანური ცეკვები (პასადობლი, ფლამენკო).

  • დაჭიმული კუნთები

ჩვეულებრივ, კუნთების გავარჯიშებას ქორეოგრაფიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამისათვის შეგიძლიათ იაროთ ძალისმიერ აერობიკაზე. პროფესიონალ მოცეკვავეებს დაკუნთული სხეული ყოველდღიური მრავალსაათიანი ვარჯიშის შედეგად უყალიბდებათ. თუმცა, თუ რეგულარულად ივარჯიშებთ, სავსებით შესაძლებელია, კუნთების ერთგვარი რელიეფი თქვენც შეიძინოთ.

საკლუბო ქორეოგრაფია: სტეპი, ჰაუსი, ბრეიკ-დანსი, რითმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, - აგრეთვე ლათინურამერიკული ცეკვები კარგად ავარჯიშებს ზურგის, ხელის, ფეხის კუნთებსა და მუცლის პრესს, მაგრამ უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვაც კი, როგორსაც სამეჯლისო ცეკვები იძლევა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში, გამოაცოცხლებს კუნთებს.

  • ნებისმიერ მუსიკაზე მოძრაობის უნარი

სამეჯლისო ცეკვებში მკაცრად არის განსაზღვრული ნაბიჯების მიმართულება და საცეკვაო ილეთები. სამაგიეროდ, ისეთი ცეკვის წყალობით, როგორიცაა სალსა, შეეჩვევით ნებისმიერ რიტმში ჩაჯდომას და სიამოვნებით იცეკვებთ.

  • გამობრძმედილი ვესტიბულური აპარატი

ცეკვის დროს თქვენ იძენთ მოძრაობის არაჩვეულებრივ კოორდინაციას, სწავლობთ საკუთარი სხეულის ფლობას. მოცეკვავე იშვიათად არის ტლანქი და მოუქნელი, იგი არასოდეს ეჯახება კარს, არ ეცემა ყინულზე და ფეხს არ აბიჯებს გამვლელს.

  • შრომის ნაყოფიერების ამაღლება და არაჩვეულებრივი განწყობა

თუ ორგანიზმს გამუდმებით დატვირთავთ ფიზიკურად, ჩაირთვება მისი ფარული შესაძლებლობები, მოიმატებს მისი ამტანობა და საერთო ტონუსი, სხეული მიეჩვევა გაცილებით რთული ამოცანების გადაწყვეტას. თავდაპირველად გიჭირთ კვირაში სამჯერ ვარჯიში, მერე და მერე კი გიადვილდებათ და მეცადინეობების ინტენსივობის გაზრდის სურვილიც კი გიჩნდებათ.

ცეკვა თავიდან აგაცილებთ დაძაბულობას და მასთან დაკავშირებულ თავის ტკივილს. ეს ავტოტრენინგს ჰგავს - უბრალოდ, ყურადღებას ყოფითი ცხოვრებიდან ცეკვაზე გადაიტანთ და უსიამოვნო ფიქრებიც გაიფანტება. მთავარი კი ის არის, რომ ცეკვა სიცოცხლის ხალისს შეგინარჩუნებთ. ამიტომ ცეკვის თერაპია შეიძლება “გამოვუწეროთ” შიშის სინდრომით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სევდისა და დეპრესიისადმი.


  • მთავარი წესი: სისტემატურობა და ზომიერება

რასაკვირველია, სილამაზეს და მოქნილობას უმალვე ვერ მოიპოვებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და რეგულარულად იმეცადინეთ - სულ მალე შედეგს არა მარტო თქვენ, არამედ გარშემო მყოფებიც შეამჩნევენ. თუ არასოდეს გივარჯიშიათ, რასაკვირველია, დაწყება გაგიჭირდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევით.

ფიზიკური დატვირთვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებლად რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ. ვარჯიშის შეწყვეტიდან ორი კვირის შემდეგ კუნთები დაკარგავენ ტონუსს, ხოლო რამდენიმე თვის უმოქმედობის შემდეგ უწინდელ ფორმაში დაბრუნება უფრო მეტად გაგიჭირდებათ.

არსებობს მეორე უკიდურესობაც, როდესაც მოძრაობა ნარკოტიკივით აუცილებელი ხდება. ამ დროს უფრო და უფრო ზრდით გაკვეთილების ინტენსივობას და დამატებით საათებსაც კი იღებთ.

გახსოვდეთ: სასარგებლოა მხოლოდ ზომიერი დატვირთვა - ცეკვა იქნება ეს თუ სპორტი. თუ გადააჭარბეთ, უარყოფით შედეგს მოიმკით: ამან შესაძლოა ორგანიზმი ნერვულ და ფიზიკურ გამოფიტვამდე მიიყვანოს; დაზიანდება კუნთებიც, ხოლო იმუნურ სისტემას, რომელიც თავის რეზერვს მათ აღსადგენად ხარჯავს, აღარ შეუძლია, მთელი ძალით ებრძოლოს ინფექციებს. ასე რომ, აირჩიეთ ვარჯიშის ზომიერი რეჟიმი. ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ, თითო საათის განმავლობაში.

  • სათუთად მოეპყარით გულს

თუ რომანტიკასა და ესთეტიკას განზე გადავდებთ, ცეკვა ჩვეულებრივი ფიზკულტურაა მუსიკის ფონზე, ამიტომ მას განსაკუთრებული შეზღუდვები არ გააჩნია - იგი ყველას შეიძლება მოვარგოთ.

თუ ჯანმრთელობას უჩივით, აუცილებლად ექიმთან ერთად შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები დატვირთვა და ინტენსივობა. ამის შესახებ თქვენს მასწავლებელსაც აცნობეთ. მაგალითად, გულით დაავადებულთათვის უპრიანია სამეჯლისო ცეკვები. გარდა ამისა, ყველასათვის ნაცნობი ვალსის მელოდია ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

ფორსირებული დატვირთვა არც ჭარბი წონის შემთხვევაშია რეკომენდებული; ამ დროს სხეულის წონა დიდია, ხოლო კუნთოვანი სისტემა - სუსტი, ამიტომ გულზე, ხერხემალზე, მუხლებზე დატვირთვა იმატებს.

დაიხსომეთ: თუ ცეკვის გაკვეთილის შემდეგ ძლივს ლაპარაკობთ, მაშასადამე, აუცილებლად უნდა შეამციროთ ვარჯიშის ინტენსივობა.

  • ცეკვა და ქალები

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალისთვის ცეკვა სპორტის ყველაზე შესაფერისი სახეობაა, და არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა წვრილი წელისა და ლერწამივით ტანის შესანარჩუნებლად - იმიტომაც, რომ ნებისმიერი სახეობის ცეკვა ინტენსიურად ამუშავებს მუცლის პრესს. ამის წყალობით ცეკვის მოყვარული ქალები გაცილებით ადვილად მშობიარობენ. ორსულობის დროს რეგულარული ვარჯიში საშულებას მოგცემთ, სწრაფად აღიდგინოთ ძალ-ღონე და ფორმა მშობიარობის შემდეგ. ოღონდ უმჯობესია, მომავალმა დედებმა მისდიონ არა ჩვეულებრივ ცეკვებს, არამედ სპეციალურ ცეკვით აერობიკას. აუცილებელია ექიმის კონსულტაციაც, ვინაიდან ორსულებისთვის არ შეიძლება რთული კოორდინირებული მოძრაობების შესრულება, ხტომა და ხელების აწევა მხარზე მაღლა.

  • რამდენიმე რჩევა ახალბედა მოცეკვავეებს

საცეკვაო სკოლის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მარტო საცეკვაო დარბაზის სახლთან სიახლოვეს და პირობებს (შხაპი, კომფორტული დარბაზი და ა.შ.), არამედ იმასაც, როგორ მიმდინარეობს ცეკვის გაკვეთილები.

გაკვეთილი აუცილებლად უნდა დაიწყოს მოთელვით და დასრულდეს ვარჯიშის თანდათანობითი შენელებით. წინასწარ მოუმზადებლად მკვეთრმა და ძალისმიერმა მოძრაობებმა შესაძლოა გამოიწვიოს იოგებისა და კუნთოვანი მყესების დაჭიმვა და დახლეჩა, ხერხემლის წანაცვლება, სახსრების ამოვარდნა. კუნთების თუნდაც ათწუთიანი გახურება ნელ ტემპში მათ გაცილებით უფრო ელასტიკურსა და გამძლეს გახდის, ცეკვის ბოლოს ტემპის თანდათანობითი შენელება კი თავიდან აგაცილებთ თავბრუხვევას და კუნთების ტკივილს მეორე დღეს.

გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვის მკვეთრი შეწყვეტისას შესაძლოა განვითარდეს გულყრა, რადგან ირღვევა თავის ტვინის ნორმალური სისხლის მიმოქცევა. ფეხები რომ არ აგტკივდეთ, ფეხსაცმლისთვის ნუ დაზოგავთ ფულს: იგი უნდა იყოს რბილი, მოხერხებული, საჭირო ზომისა და სიმყარის. ივარჯიშეთ სიამოვნებით, ნუ გადაიღლებით.

თუ ვარჯიშის დროს კუნთებში დისკომფორტი წარმოიშვა, შეისვენეთ და კუნთებს ძალ-ღონის აღდგენის საშუალება მიეცით. ნუ ივარჯიშებთ გამოფიტვამდე.

  • მიიღეთ ჰორმონული მუხტი

რა საოცარიც არ უნდა იყოს, პარტნიორთან ცეკვა სასარგებლოა იმითაც, რომ იგი აღვიძებს სიახლოვის სურვილს. წყვილებში ცეკვისას ქალი და მამაკაცი საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან. როგორც ჩანს, ასეთი სიახლოვე აღვიძებს სქესობრივ ლტოლვას, რასაც გარკვეული ფსიქოფიზიოლოგიური შედეგი მოაქვს:

  1. იმატებს ტესტოსტერონის (ძირითადი მამაკაცური ჰორმონის) დონე, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ანაბოლური ფაქტორია - იგი ზრდის კუნთოვანი ცილის სინთეზს, რომელსაც დოპინგის ეფექტი აქვს. იმ განსხვავებით, რომ გარეგანი ტესტოსტერონის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მამაკაცის ფარმაკოლოგიური კასტრაცია (დასაჭურისება) და ქალის მასკულინიზაცია (წვერ-ულვაშის ამოსვლა), ხოლო სქესობრივი ლტოლვით საკუთარი ტესტოსტერონის ფიზიოლოგიური სტიმულაცია მხოლოდ აძლიერებს ფიზიკური დატვირთვის გამაჯანსაღებელ ეფექტს.
  2. მაღლდება განწყობა - სქესობრივი ლტოლვისა და კარგი განწყობის ცენტრები ახლო-ახლოს მდებარეობს.

სქესობრივი ლტოლვის ამაღლება და გუნება-განწყობილების გამოკეთება აღმოსავლური “მუცლით ცეკვის” ერთ-ერთი მიზანია, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი მიესალმება თანამედროვე ქალების აღმოსავლური ცეკვებით გატაცებას. ასე რომ, ტანადი და ლამაზი სხეულისკენ მიმავალი გზა ცეკვაზე გადის.