News
კაკაოს ძველთაგანვე ასმევენ ბავშვებს. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ამტკიცებდნენ, რომ ეს სასმელი ძალზე სასარგებლოა. სახელდობრ, რომელი თვისებები განაპირობებს მის მარგებლობას?
უპირველესად, კაკაო ცილებსა და ცხიმებთან ერთად მდიდარია ბავშვის ორგანიზმისთვის საჭირო მინერალური ნივთიერებებით - რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და მაგნიუმით. გარდა ამისა, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და უჯრედისს, რაც, მთლიანობაში, მას მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტების ნუსხის სათავეში აყენებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რძით მომზადებული კაკაო აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის მომატებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. თბილი კაკაო თაფლით კარგია გაციების, გრიპის, ანემიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.
კაკაო რაციონში ორი წლიდან უნდა ჩავრთოთ, მაგრამ ბავშვი მას უნდა მივაჩვიოთ თანდათანობით და მცირე ულუფებით - არა უმეტეს მეოთხედი ჩაის კოვზისა, რათა გავიგოთ, ხომ არ აქვს ალერგია ამ პროდუქტზე. არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის ისეთი კაკაოს ფხვნილის შეძენა, რომელსაც საგემოვნო ნივთიერებები, არომატიზატორები, ვანილისა და ხილის ესენციები აქვს დამატებული - ისინი შესაძლოა თვითონვე იქცეს ალერგიული რეაქციის მიზეზად. რაც უფრო ნაკლებ მინარევს შეიცავს კაკაო, მით უფრო სასარგებლოა ის. ხშირად კაკაოს ნაღების ფენა გადაეკვრება ხოლმე და ბავშვები მას აღარ სვამენ. ამის თავიდან ასაცილებლად კაკაო უნდა მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.
-
ჰერპესი და დუნე ცხოვრების წესი ცუდი მეხსიერების მიზეზია
ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტუჩებზე ჰერპესის არსებობა მეხსიერებისა და შემეცნებითი უნარის დაქვეითების მომატებულ რისკზე მეტყველებს. მათი თქმით, ჰერპესის ვირუსი, რომელიც ამ გამონაყარს აჩენს, ნეგატიურ გავლენას ახდენს თავის ტვინზე.
ნიუ-იორკელმა მეცნიერებმა საშუალო (69 წლამდე) ასაკის 1625 ადამიანს შემეცნებითი უნარი და მეხსიერება შეუმოწმეს. მათ გაუკეთდათ სისხლის ანალიზი ორალური და გენიტალიური ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის, ქლამიდიოზის რესპირაციული ფორმისა და კუჭის პათოგენის - helicobacter pylori-ს გამოსავლენად. გაირკვა, რომ ძლიერ ინვაზირებულთა შორის 25%-ით მეტი იღებდა ცუდ შედეგს გონებრივი შესაძლებლობების შესამოწმებელ ტესტებში.
გამოკვლევის ხელმძღვანელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის დოქტორი მირა კატანი ამბობს, რომ აღნიშნული კავშირი განსაკუთრებით მკაფიოა ცუდი განათლების მქონე, დაუზღვეველ და ნაკლებად აქტიურ პირებში. მისივე თქმით, ბავშვობაში ვირუსის საწინააღმდეგო აცრამ და ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარებას. ამაზე მეტყველებს ლონდონის სამეფო კოლეჯის მონაცემებიც: თუ ადამიანი ბავშვობიდანვე კვირაში ოთხჯერ და მეტად იტვირთება ფიზიკურად, თავის ტვინი გაცილებით აქტიურად მუშაობს.
-
რეგულარული საუზმე კარგი აკადემიური მოსწრების საწინდარია
პენსილვანიის უნივერსიტეტის მედდების სკოლაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, ინტელექტის კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვთ. საუზმე ზრდის შრომის ნაყოფიერებას და ხელს უწყობს ვერბალური შესაძლებლობების გამოვლენას.
მკვლევრებმა გააანალიზეს ჩინეთში მცხოვრები 6 წლამდე ასაკის 1269 ბავშვის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღე არ საუზმობდნენ, ვერბალური განვითარების მაჩვენებელი და შრომის ნაყოფიერება იმ ბავშვებზე დაბალი ჰქონდათ (შესაბამისად, 5,58 და 2,50 პუნქტით), რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ კვების რეჟიმს, ხოლო მათი შეფასება, ვინც თითქმის არასოდეს საუზმობდა, 4,6 პუნქტით დაბალი იყო.
გამოკვლევის ხელმძღვანელმა ლიუ ცზიან ჩჟუნმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად არ საუზმობენ, უფრო ხშირად ეწევიან, იღებენ ალკოჰოლს და იშვიათად ვარჯიშობენ.