News
კომპანია Johnson&Johnson-მა შექმნა მრავლობითი მედიკამენტური რეზისტენტობის მქონე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი bedaquiline, რომლის მოქმედების მექანიზმი ძირეულად განსხვავდება დღემდე არსებული სამკურნალწამლო საშუალებებისგან - იგი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ენერგიის გამომუშავებას თრგუნავს.
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება აღიარა ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამმართველომ (FDA). ვერდიქტს წამლის ეფექტურობის შესახებ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ექსპერტთა საბჭომ, მაგრამ წარმოიშვა კითხვები მისი უსაფრთხოების თაობაზე. საქმე ის არის, რომ პრეპარატის კლინიკური გამოცდის ზოგიერთ მონაწილეს გამოცდის პირველ და მეორე ფაზაში ელექტროკარდიოგრამაზე QT-ინტერვალის გახანგრძლივება აღენიშნებოდა.გარდა ამისა, კვლევას გამოეთიშა მოხალისეთა საკმაოდ დიდი ნაწილი.
bedaquiline-მა უკვე გაიარა კლინიკური გამოცდის ორი ფაზა. ამ და სხვა პრეპარატებით პაციენტებს კომპლექსურად 1,5-2 წლამდე მკურნალობდნენ, ხოლო მხოლოდ bedaquiline-ით - 8 კვირა კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში და 24 კვირა - მეორეში.
მკურნალობის რვაკვირიანი კურსის შემდეგ დადებითი შედეგი დაუდასტურდა პაციენტთა თითქმის 50%-ს. შედარებისთვის: საკონტროლო ჯგუფში, რომელიც პლაცებოს იღებდა, ანალოგიური შედეგი მოხალისეთა 8%-ს აღმოაჩნდა. კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაში მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ bedaquiline-ს, მაჩვენებელმა 81%-ს მიაღწია, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 65%ს.
კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას, რომელშიც 600 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, კომპანია Johnson&Johnson 2013 წლისთვის გეგმავს.
ასპირინი აბორტის თანმხლებ პრობლემას მოაგვარებს
ახლახან გაირკვა, რომ განმეორებადი თვითნებური აბორტის შემთხვევაში ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის თავიდან ასაცილებლად საკმარისია სისხლის ანალიზის გაკეთება და ასპირინის ყოველდღიური მიღება. სინდრომი მაშინ ვითარდება, როდესაც ორგანიზმში წარმოიშობა ანტისხეულები ზოგიერთი საკუთარი ფოსფოლიპიდის მიმართ. ეს ანტისხეულები იწვევს იმუნურ რეაქციას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის, ზრდის, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარების პროცესების მიმართ.
ეს სინდრომი ორსულთა 5%-ში იჩენს თავს. დედის ძირითადი პრობლემა თრომბოზია, ნაყოფს კი შესაძლოა აღენიშნებოდეს ჟანგბადის ნაკლებობა, რაც მოგვიანებით განვითარებული თვითნებური აბორტის მიზეზად იქცევა.
ლონდონ ბრიჯის ჰოსპიტლის პროფესორი გრემ ჰიუზი დარწმუნებულია, რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოვლენა სისხლის ანალიზის მეშვეობითაც შესაძლებელია, ხოლო ჩვეულებრივი ასპირინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, ქალს ორსულობის ბოლომდე მიყვანაში დაეხმარება.
სისხლის ანალიზის გაკეთება სასურველია პირველივე აბორტის შემდეგ, ხოლო განმეორებითი აბორტის შემთხვევაში ანალიზი ერთმნიშვნელოვნად სავალდებულოა. ასპირინის მიღების შედეგად ბოლომდე მიყვანილი ორსულობის მაჩვენებელი შესაძლოა 20%-იდან 75-80%-მდე გაიზარდოს.
მხოლოდ კბილების მოვლით კარიესს თავიდან ვერ ავიცილებთ
ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კარიესის თავიდან ასაცილებლად კბილების რეგულარული წმენდა არ არის საკმარისი და D ვიტამინის მიღებას გვირჩევენ. ამ ვიტამინის მარგებლობაზე მეტყველებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და შვედეთში 1920-1998 წლებში ჩატარებული 24 კლინიკური კვლევის ანალიზი. ამ კვლევებში 2-დან 16 წლამდე ასაკის 3000-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი კარიესის რისკს 50%-ით ამცირებდა.
როგორც დოქტორი ფილიპ ჰიუელი ამბობს, მედიკოსებმა დიდი ხანია იციან, რომ D ვიტამინი ამაგრებს ძვლებს, მაგრამ კარიესის პროფილაქტიკაში მისი როლის შესახებ აქამდე არაფერი თქმულა. ამჯერად კი მეცნიერულად იქნა დამტკიცებული, რომ ეს ვიტამინი კბილების მინერალიზაციასაც აუმჯობესებს.
მეცნიერებმა გამოკვლევის მონაწილე ბავშვების ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაცია ბიოაქტიური დანამატებისა და თევზის ქონის ერთდროული გამოყენებით გაზარდეს. გარდა ამისა, ბავშვებს პერიოდულად ულტრაიისფერი სხივებითაც ასხივებდნენ. ბოსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა მაიკლ ჰოლიკმა აღნიშნა, რომ D ვიტამინის დაბალი კონცენტრაციის ფონზე კარიესის განვითარებისადმი მიდრეკილება იზრდებოდა. ასეთ ბავშვებს კბილების ამოჭრის შეფერხებაც დაუდასტურდათ.