რა უნდა ვიცოდეთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის შესახებ

ბუნებრივია, ეს ეხება სისხლის უჯრედებს და სისხლძარღვთა ამომფენ უჯრედებს. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ამ უჯრედთა ფოსფოლიპიდების ან მათთან დაკავშირებული ცილების მიმართ. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა ზრდის ვენებსა და არტერიებში თრომბების ფორმირების რისკს, იწვევს ორსულობის თვითნებურ შეწყვეტასა და მკვდრადშობადობას. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად აღნიშნული ანტისხეულების მატებისა, ჩამოთვლილი გართულებები არ აღენიშნებათ. როცა ორგანიზმში არის ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები და ყალიბდება თრომბოზი ან რთულდება ორსულობა, ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე საუბრობენ. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილებისა და ორგანოების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი უფრო ხშირია ქალებსა და იმ პაციენტებში, რომელთაც აუტოიმუნური ან რევმატული დაავადებები აქვთ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა სისტემური წითელი მგლურა. ამ შემთხვევაში საუბარია მეორეული (სხვა დაავადებასთან დაკავშირებული) ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის შესახებ.

როგორ ვლინდება

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოვლენა სისხლის ანომალიურ შედედებასთან არის დაკავშირებული. როგორც აღვნიშნეთ, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა ზრდის არტერიებსა და ვენებში თრომბების ფორმირების რისკს. თუ პაციენტი არ მკურნალობს, იმატებს განმეორებითი თრომბოზის რისკი. თრომბის არსებობა სისხლძარღვში მკვეთრად ამცირებს, ხოლო სანათურის სრული დახშობისას წყვეტს სისხლის ნაკადს. ამ პროცესის შედეგი, რაც სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით შეიძლება გამოვლინდეს, დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე. თავის ტვინის არტერიებში თრომბის არსებობისას უარესდება ტვინის სისხლმომარაგება, რაც შესაძლოა ხანმოკლე, გარდამავლი მოშლის ან ინსულტის - ტვინის შეუქცევადი დაზიანების მიზეზად იქცეს. თირკმლის არტერიების თრომბოზის გამოვლინებაც ვარიაბელურია - უმნიშვნელო დისფუნქციიდან თირკმლის უკმარისობამდე. კიდურის ვენების თრომბოზი იწვევს დაზიანებული არის ტკივილსა და შეშუპებას. ამ მდგომარეობას ღრმა ვენების თრომბოზს უწოდებენ. ის უმეტესად ქვედა კიდურებში ვითარდება, თუმცა არც ზედას დაზიანებაა გამორიცხული. გარდა აღწერილი სიმპტომებისა, არსებობს საფრთხე, თრომბის ნაწილი მოწყდეს, გულის გავლით ფილტვის არტერიაში გადაინაცვლოს და ფილტვისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი დააბრკოლოს. თრომბის ამ ნაწილს ემბოლს უწოდებენ, აღწერილ მდგომარეობას კი  - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს თავს იჩენს გულმკერდის ტკივილი და შებოჭილობა, ქოშინი, ხველა, ზოგჯერ - სისხლიანი, ტაქიკარდია, არითმია. ძალიან დიდმა თრომბმა შესაძლოა მოკლას კიდეც პაციენტი. ზოგიერთ შემთხვევაში ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს თრომბოციტოპენიას - სისხლში არსებული შედედებაში მონაწილე უჯრედების, თრომბოციტების, რიცხვის შემცირებას. თრომბოციტების რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირებისას იმატებს სისხლდენის რისკი. მოსალოდნელია სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, კანქვეშ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საშვილოსნოდან. ისიც უნდა ითქვას, რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს თრომბოციტების რიცხვის შემცირება თრომბოზის მომატებულ რისკთან უფრო ხშირად არის ასოცირებული, ვიდრე სისხლდენასთან.


რას ემყარება დიაგნოსტიკა

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ისტორიასა და ლაბორატორიული კვლევების შედეგებს. საყურადღებო მომენტებია:

  • თრომბოზის ეპიზოდი, ერთი ან მეტი თვითნებური აბორტი ორსულობის 10 კვირის შემდეგ, 3 ან მეტი თვითნებური აბორტი ორსულობის 10 კვირამდე, ერთი ან მეტი ნაადრევი მშობიარობა ორსულობის 34 კვირამდე, ეკლამფსია;
  • ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, რომლებსაც გამოავლენს, სულ ცოტა, 2 ლაბორატორიული კვლევა, ჩატარებული 12-კვირიანი ინტერვალით. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები მოიცავს ლუპუს ანტიკოაგულანტს, ანტიკარდიოლიპინურ ანტისხეულებს, ანტი-ბეტა-2-გლიკოპროტეინ I ანტისხეულებს.

თრომბოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

თრომბოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ანტიკოაგულანტებს იყენებენ. მათ ხშირად “სისხლის გამათხელებლებს” უწოდებენ, თუმცა ეს არასწორი აღნიშვნაა. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს თრომბოზის მკურნალობა და სათანადო შემთხვევებში პროფილაქტიკა იწყება საინექციო პრეპარატის ჰეპარინის ან დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის გამოყენებით. თუ პაციენტი სტაციონარშია, ჰეპარინი შეიძლება ინტრავენურად შეიყვანონ, ხოლო ბინაზე მკურნალობისას ტარდება კანქვეშა ინექცია. ასეთი მკურნალობა რამდენიმე დღე გრძელდება. ამავე დროს იწყება ვარფარინის გამოყენებაც. ეს არის ტაბლეტირებული ანტიკოაგულანტი. როცა სისხლში ვარფარინის შემცველობა განსაზღვრულ დონეს მიაღწევს და ლაბორატორიული კვლევა განსაზღვრული მონაცემების სათანადო მაჩვენებელს დაადასტურებს, მკურნალობა მხოლოდ ვარფარინით გრძელდება. ვარფარინით მკურნალობისას აუცილებელია ლაბორატორიული კონტროლი, რათა, ერთი მხრივ, მიღწეულ იქნეს სათანადო შედედების საწინააღმდეგო ეფექტი, მეორე მხრივ კი თავიდან იქნეს აცილებული სისხლდენა. ლაბორატორიული ტესტი, რომელიც კონტროლის საშუალებას გვაძლევს, არის საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ანუ INღ განსაზღვრა. INR სამიზნე მაჩვენებელი დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაზე, თუმცა უმეტესად 2-სა და 3-ს შორის მერყეობს. როცა მაჩვენებელი 2-ზე ნაკლებია, იზრდება თრომბოზის რისკი, ხოლო როცა 3-ზე მეტია - პირიქით, სისხლდენისა.

ასპირინი

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს ზოგჯერ იყენებენ ამ თრომბოციტების აგრეგაციის (ურთიერთშეწებების) საწინააღმდეგო პრეპარატს. არის შემთხვევები, როდესაც ის ინიშნება ვარფარინთან ერთად. აქვე უნდა ითქვას, რომ ასპირინი არ ცვლის ვარფარინს და დაუშვებელია მხოლოდ მისი გამოყენება, როცა პაციენტს თრომბოზის სერიოზული ეპიზოდი აქვს გადატანილი. მხოლოდ ასპირინი მაშინ შეიძლება დაინიშნოს, როცა პაციენტს წარსულში ჰქონდა თრომბოზის მსუბუქი შემთხვევა.

თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება

როგორც ითქვა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს ზოგჯერ შესაძლოა აღმოცენდეს თრომბოციტოპენია - თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება. ჩვეულებრივ ამ მდგომარეობის მკურნალობა არ არის საჭირო. მძიმე თრომბოციტოპენიის დროს შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სტეროიდები ან იმუნოგლობულინი.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და ორსულობა

უკვე აღვნიშნეთ, რომ ანტოფოსფოლიპიდური სინდრომის დროს მაღალია თრომბოზისა და ორსულობის თვითნებური შეწყვეტისა და მკვდრადშობადობის რისკი. მომატებულია ასევე ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების - პრეეკლამფსიის, ნაყოფისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითების - ალბათობა. ამ რისკების შესამცირებლად მოწოდებულია სხვადასხვაგვარი მკურნალობა. არჩევანი დამოკიდებულია ორსულის ავადმყოფობის ისტორიაზე, ანამნეზში თრომბოზის, სპონტანური აბორტის, მკვდრადშობადობის, პრეეკლამფსიის არსებობაზე, სისხლში ანტისხეულების არსებობაზე. თუ ქალს დაუდასტურად ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, მაგრამ არ ჰქონია თრომბოზი და არც სპონტანური აბორტი გადაუტანია, მკურნალობა შესაძლოა არც იყოს საჭირო. მოწოდებულია შემდეგი საშუალებები:

  • ასპირინი - ორსულებთან ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასპირინის მცირე დოზები სხვა საშუალებებთან (ჰეპარინთან) ერთად. ასპირინის მცირე დოზების გამოყენება შეიძლება დაიწყოს ორსულობის დაგეგმვისთანავე და შეწყდეს ორსულობის 36-ე კვირას. პრეპარატის მიღება განახლდება მშობიარობის შემდეგ და გაგრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში.
  • ჰეპარინი - მისი ინექციები იწყება ორსულობის დადასტურებისთანავე და წყდება განსაზღვრული მანიპულაციების დროს ან მშობიარობის დაწყების შემდეგ. ჰეპარინის ან ვარფარინის გამოყენება რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირის განმავლობაში.
  • ვარფარინი არ არის რეკომენდებული ორსულობისას, ვინაიდან რისკს უქმნის ნაყოფის განვითარებას. თუ პაციენტი ამ მედიკამენტს იღებდა, ის უნდა მოიხსნას ორსულობამდე 6 კვირით ადრე. მიღების განახლება შეიძლება ორსულობის მე-14 კვირიდან, შეწყვეტა რეკომენდებულია 36-ე კვირას.

ვარფარინის მიღება შეიძლება განახლდეს მშობიარობის შემდეგ და ხშირად არჩევის პრეპარატია მშობიარობიდან 6-8 კვირის განმავლობაში. ის უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს.

კონტრაცეფცია

ქალებმა, რომელთაც ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აქვთ, არ უნდა მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო ესტროგენული ჰორმონული პრეპარატები, ვინაიდან ესტროგენები ზრდის თრომბოზის რისკს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ალტერნატიული მეთოდები.