ატამი ბავშვის მენიუში
.
მწიფე ატამი წვნიანი, ტკბილი და არომატულია. მისი რბილობი რბილია და ნაზია და ჩვილისთვისაც სავსებით მისაღებია, მაგრამ რამდენად არგებს, ეს პექტინის შემცველობაზეა დამოკიდებული. პექტინი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. როდესაც იგი რბილობში საკმაოდაა, სწორედ მაშინ არის ატამი გემრიელი.
-
ვარდისფერი თუ თეთრი?
ატამი ვარდისფერიც და თეთრიც ერთნაირად ლამაზია. ზომით შეიძლება იყოს დიდიც, საშუალოც და პატარაც. თუმცა განსხვავება მხოლოდ ფერსა და ზომაში არ არის - განსხვავებულია შაქრის შემცველობაც. რასაკვირველია, დიდი, მწიფე, ვარდისფერი ატამი უფრო გემრიელია. აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის მიზანშეწონილია დიდი მწიფე ატამი. მისი რბილობი სხვადასხვა ფერისაა - თეთრი, ვარდისფერი ან ყვითელი. ყვითელ რბილობში კაროტინი გაცილებით მეტია, ვიდრე თეთრში. მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ნაზია და წვნიანი. თეთრი და ვარდისფერი რბილობი ძალიან ტკბილია, ყვითელი - უფრო არომატული.
-
რამდენად სასარგებლოა?
ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი მხოლოდ 10 მგ C ვიტამინს შეიცავს. თუმცა მასში ბევრია კაროტინი (A პროვიტამინი) და PP ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა), ასევე - B ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინი. სამაგიეროდ, ატამი მდიდარია კალიუმით და რკინით. სწორედ კალიუმის უხვი შემცველობით აიხსნება ატმის შარდმდენი ეფექტი. ამიტომაც არის ატამი სასარგებლო გულის, თირკმელებისა და საშარდე გზების ცვლილებების დროს. ატამში რკინა ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში!
ატმის ახალგამოწურული წვენი და ხილფაფა არ აღიზიანებს კუჭს, ხოლო შეკრულობის დროს სამკურნალოდაც გამოდგება. ამ მიზნით ჩვილებს 8-9 თვიდან ურჩევენ 50 მლ ატმის ახალგამოწურულ წვენს ჭამამდე 15 წუთით ადრე.
-
მაინც სიფრთხილეა საჭირო!
ტრანსპორტირების დროს ატამი რომ არ დაზიანდეს, მას გოგირდის აიროვანი კონსერვანტებით ამუშავებენ, რომელიც ასევე ხელს უწყობს გზაში ხილის დამწიფებას. მოდი, შევამოწმოთ, გადაჭარბებულად ხომ არ დაამუშავეს ხილი. ამისთვის ნაყოფი გაჭერით. თუ კურკა გამომშრალი ან ხმელია, თანაც შუაზე გაიყო, ე. ი. ქიმიური დამუშავება გადაჭარბებით არის ჩატარებული. ბავშვისთვის ასეთი ხილი არ არის რეკომენდებული, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრისთვის ან მურაბისთვის, მანამდე კი აუცილებლად კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით და გათალეთ. თუ გაჭრისას კურკა მთელი დარჩა, ორად არ გაიყო, ესე იგი ქიმიური დამუშავება ზომიერადაა ჩატარებული. ასეთი ნაყოფი ბავშვისთვისაც უვნებელია, თუმცა კარგად გარეცხვა და გათლა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. სასურველია, გათლამდე მდუღარე წყალიც გადაავლოთ.
-
დესერტად - ატამი
პატარა გურმანებისთვის შეგვიძლია მოვამზადოთ ხილის დესერტი. მაგალითად, ასე: წვრილად დაჭერით ატამი, გარგარი, ბანანი, ჩაყარეთ მომცრო ფიალაში და ზემოდან ტკბილი იოგურტი ან არაჟანი მოასხით. შეგიძლიათ მორთოთ კენკრით - მარწყვით, ჟოლოთი ან მოცხარით. ცოცხალი ატმის დესერტი განსაკუთრებით სასარგებლოა შეკრულობისაკენ მიდრეკილი პატარებისთვის.
-
ვემზადებით ზამთრისთვის
ბავშვის სუფრა ზამთარშიც რომ ფერადოვანი და გემრიელი იყოს, სამზადისი ზაფხულშივე დაიჭირეთ. შედარებით მაგარი ატამი და მასთან ერთად - წითელი მოცხარი ფერთა არაჩვეულებრივ გამას ქმნის და შეუდარებელ გემოს გამოსცემს. შეგიძლიათ, მათგან კომპოტი მოამზადოთ. ატამი 2 წუთით ჩაუშვით მდუღარე წყალში - ამის შემდეგ მას იოლად გაფცქვნით. დაჭერით ნახევარმთვარისებრ ნაჭრებად და 7 წუთი ხარშეთ მდუღარე წყალში, მერე კი ცივ წყალში ჩაუშვით. ამის შემდეგ ნაყოფი მოათავსეთ ქილებში, დაასხით ცხელი შაქარწყალი და გაუკეთეთ სტერილიზაცია. ლიტრიან ქილას 25 წუთი სჭირდება, ხოლო სამლიტრიანს - 50. 0,5 კგ ატამზე აიღეთ 1 ლ წყლისა და 500 გ შაქრის ნაზავი.