News
-
ვიტამინი B4 ტვინის დაბერებას აფერხებს
ბოსტონელმა მეცნიერებმა გამოკვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ B4 ვიტამინით მდიდარი საკვები ტვინს დაბერებისგან იცავს. ის ადამიანები, რომელთა რაციონი მდიდარია ამ ვიტამინით, უკეთ ართმევენ თავს მეხსიერების გამოსაცდელ ტესტებს და ნაკლებად აქვთ შეცვლილი ტვინის ქსოვილი. შეგახსენებთ, რომ ტვინის ქსოვილის შეცვლა ჭკუასუსტობის განვითარებაზე მიუთითებს. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ზღვის პროდუქტებისა და თევზისგან, ზეითუნის ზეთისგან, ბოსტნეულისგან შედგება, ტვინის დაბერებისგან დამცავ ეფექტს ახდენს.
ბოლო გამოკველევაში 36-38 წლის 1400 კაცი მონაწილეობდა. გამოსაცდელ პირებს უნდა მოეყოლათ, როგორ იკვებებოდნენ 1991-1995 წლებში. 1998-2001 წლებში მათ მეხსიერებისა და ტვინის სხვა ფუნქციების შესამოწმებელი ტესტირება უტარდებოდათ. ჩაუტარდათ ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც. ყველაზე კარგი შედეგები მათ აჩვენეს, ვისი რაციონიც მდიდარი იყო B4 ვიტამინით. გარდა ამისა, მათ შორის უფრო იშვიათი აღმოჩნდა მდგომარეობა, რომელსაც თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობას უწოდებენ და თავის ტვინის სისხლძარღვოვანი უკმარისობით, ინსულტებითა და ჭკუასუსტობით მიმდინარეობს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ B4 ვიტამინის დადებითი მოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ ის აცეტილქოლინის წინამორბედია. ეს ნივთიერება ძლიერ გავლენას ახდენს კოგნიტურ პროცესზე. მისი უკმარისობა ახასიათებთ ალცჰაიმერით დაავადებულებს. B4 ვიტამინის დღიური ნორმა მამაკაცებისთვის 550 მგ-ია, ქალებისთვის კი 425 მგ.
-
ასპირინი შესაძლოა კიბოს საწინააღმდეგო საშუალება გახდეს
მელბურნელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვეულებრივ ასპირინს აქვს ყველა შანსი, გახდეს კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება. მეცნიერთა თქმით, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტი, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ასპირინი, სიმსივნეს ზრდის საშუალებას არ აძლევს.
პიტერ მაკკალუმის სახელობის კიბოს ცენტრის თანამშრომელი, დოქტორი ტარა კარნეზისი, ამბობს, რომ სიმსივნე გამოყოფს პროტეინებსა და ნაერთებს, რომლებიც ცნობილია როგორც ზრდის ფაქტორები. ისინი ხელს უწყობენ ძარღვების გაფართოებას, ეს კი კიბოს საშუალებას აძლევს, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები თავისი უჯრედების გასავრცელებლად გამოიყენოს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები კი გაფართოებულ სისხლძარღვებს ავიწროებს.
ეს აღმოჩენა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების იმედს ბადებს. თუ სიმსივნეს საკვები ნივთიერების წყაროს დავუხშობთ, ის უკან დაიხევს და მეტასტაზების წარმოქმნას ვეღარ შეძლებს. მეცნიერები ადრეც ეჭვობდნენ, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს ახდენდა, მაგრამ მათი მოქმედების მექანიზმი ახლაღა გაირკვა.