როგორ დავამარცხოთ სისხლძარღვთა სკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავამარცხოთ სისხლძარღვთა სკლეროზი

განსხვავებით, რომელიც ყველა სისხლძარღვს ითრევს, სკლეროზი მხოლოდ ზოგიერთ მათგანს - გულის, ტვინის, საყლაპავის, თირკმელების, ქვედა კიდურების არტერიებს - აზიანებს. სისხლძარღვებში მიმდინარე სკლეროზულ ცვლილებებზე გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკის ექიმი, ანგიომიკროქირურგი ზაალ ავალიანი.

- ბატონო ზაალ, რით გამოიხატება სისხლძარღვთა სკლეროზული ცვლილებები?

- სკლეროზული ცვლილებები ვლინდება არტერიის კედლის გასქელებით, რაც მისი სანათურის თანდათანობით შევიწროებას და სისხლის მიმოქცევის გაძნელებას იწვევს. სისხლძარღვის კედელზე ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ბევრ ქოლესტერინს. ეს გროვა იფარება შემაერთებელი ქსოვილის სქელი ფენით, რომელიც შეიძლება გამაგრდეს. ზოგჯერ ასეთი გამაგრებული კედელი სკდება და ჩნდება წყლული, რომელიც სისხლთან კონტაქტის შედეგად წარმოქმნის თრომბს, რომელიც ისედაც შევიწროებულ სანათურს კეტავს. სისხლი ქსოვილებს საკმარისი რაოდენობით ვეღარ მიეწოდება და იწყება ქსოვილთა სიკვდილი: ინფარქტი, ინსულტი ან სისხლჩაქცევა, დაზიანებული არტერიის სახეობის შესაბამისად. გარდა მწვავე უკმარისობისა, არტერიის შევიწროება იწვევს სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობას, რასაც შესაბამისი ორგანოს დაზიანებამდე მივყავართ.

- რა იწვევს ყოველივე ამას?

- დაავადება მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში - იმით, რომ ასაკთან ერთად არტერიის კედელი მგრძნობიარე ხდება. ქალებს სკლეროზი უფრო ხშირად კლიმაქსის შემდეგ ემართებათ. ხშირად შეინიშნება ოთხი ფაქტორის არსებობა:

  • სისხლის ლიპიდების სიჭარბე, განსაკუთრებით - `ცუდი~ ქოლესტერინისა (LDL);
  • თამბაქოს წევა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერტენზია.

ამ ფაქტორებთან ბრძოლა ანელებს სკლეროზის განვითარებას.

- რა მექანიზმით ვითარდება სისხლძარღვთა სკლეროზული ცვლილებები?

- დაავადება იწყება სისხლძარღვის შიგნიდან ამომფენი თხელი გარსიდან. ეს გარსი წარმოადგენს ერთგვარ ფილტრს, რომლის საშუალებითაც საკვები ნივთიერებები სისხლიდან სისხლძარღვის კედლამდე აღწევს. ნორმალურ პირობებში შიგნითა გარსი ატარებს ცხიმებს და სისხლის ზოგიერთ სხეულაკს. თავდაპირველად შიგნითა გარსი ზიანდება. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისხლძარღვის შიგნითა გარსზე განუწყვეტლივ მოქმედებს მავნე ფაქტორთა წყება: სისხლის დინება, გაღიზიანება სისხლში ჭარბი ქოლესტერინის, შაქრის, ინსულინის, ადრენალინის (მოწევა, სტრესები), მრავალრიცხოვანი ნივთიერების შემცველობის გამო. სისხლძარღვებში ჭარბად ლაგდება ლიპიდები, რომლებიც ერთგვარ სკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნიან. ეს, თავის მხრივ, იწვევს ანთებით რეაქციას, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მერე და მერე ფოლაქი შეიძლება გაიზარდოს და მთლიანად დაახშოს სისხლძარღვის სანათური.

- რა არის კიდურების სისხლძარღვთა სკლეროზი?

- კიდურების სისხლძარღვთა სკლეროზი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაზიანება ახასიათებს. ზედა კიდურების არტერიებიდან ათეროსკლეროზი ყველაზე ხშირად ლავიწქვეშა არტერიას აზიანებს, თუმცა ლავიწქვეშა არტერიის ათეროსკლეროზის სიმპტომები ძალზე იშვიათად ვითარდება და უმნიშვნელოდ არის გამოხატული.

ქვედა კიდურების არტერიებიდან ათეროსკლეროზით ყველაზე ხშირად ზიანდება ბარძაყის, მუხლქვეშა და დიდი წვივის არტერიები. მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის დროს სანათურის ობლიტერაცია (შევიწროება) განპირობებულია ათეროსკლეროზული ფოლაქების ზომისა და მოცულობის ზრდით, აგრეთვე - თრომბოზით.

- რა სიმპტომებით გამოიხატება ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი?

- ქვედა კიდურების ათეროსკლეროზის კლინიკური გამოვლინება განპირობებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევით და კიდურების ქსოვილთა ტროფიკის ცვლილებებით. კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი შესაძლოა კიდურის განგრენის მიზეზად იქცეს. ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი დიდხანს უსიმპტომოდ ვითარდება და კლინიკურად ვლინდება მხოლოდ სისხლძარღვებში სისხლის ცირკულაციის მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობისას.

ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზის კლასიკური სიმპტომია ტკივილი, რომელიც ფეხის კუნთებში სიარულის დროს აღმოცენდება. ამ სიმპტომს მედიცინაში ხანგამოშვებით კოჭლობას უწოდებენ. ფეხების ტკივილის გამო ავადმყოფი სიარულის დროს კოჭლობს და იძულებულია, დროდადრო გაჩერდეს, რათა ტკივილი შეამციროს. ტკივილი აღმოცენდება მუშა კუნთებში ჟანგბადის ნაკლებობის გამო, რაც განპირობებულია კუნთების სისხლით მომარაგების დარღვევით, ეს კი, თავის მხრივ, კიდურის მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის (არტერიული უკმარისობა) შედეგია. ქვედა კიდურების სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს არტერიული უკმარისობა მხოლოდ ფეხების ფუნქციაზე კი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას, არამედ ტროფიკის დარღვევის მიზეზსაც წარმოადგენს.

- რით გამოიხატება ტროფიკის დარღვევა?

- ტროფიკის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ფეხებზე თმის ცვენით, კანის გათხელებითა და გაფერმკრთალებით, ფრჩხილების მტვრევადობითა და დეფორმაციით, კუნთების ატროფიით, ხოლო მძიმე შემთხვევაში ვითარდება ტროფიკული წყლული და განგრენა.

ქვედა კიდურებში სისხლის მომარაგების დარღვევის მიხედვით, განასხვავებენ ქვედა კიდურების არტერიული უკმარისობის 4 სტადიას:

  • I სტადია - ფეხების ტკივილი აღმოცენდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის დროს (ფეხით სიარული 1 კმ-ზე მეტ მანძილზე);
  • II სტადია - ტკივილი აღმოცენდება 200 მ-მდე მანძილის გავლისას;
  • III სტადია - ტკივილი აღმოცენდება 25 მ-ის გავლისას ან მოსვენებისას;
  • IV სტადია - ყალიბდება ტროფიკული წყლული და ქვედა კიდურების განგრენა.

ქვედა კიდურების ათეროსკლეროზის კიდევ ერთი ნიშანია ქვედა კიდურების არტერიებზე (ბარძაყზე, მუხლქვეშა არეში, შიგნითა კოჭის უკან) პულსის გაქრობა. მუცლის აორტის ქვედა, დისტალური ნაწილის თრომბოზის დროს ქვედა კიდურებისა და მცირე მენჯის არტერიებში ირღვევა სისხლის ცირკულაცია. აორტის ათეროსკლეროზი ლერიშის სინდრომის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ დაავადების კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც ქვედა კიდურების სისხლძარღვის ათეროსკლეროზისა (ხანგამოშვებითი კოჭლობა). გარდა ამისა, მამაკაცებს შეიძლება განუვითარდეთ იმპოტენცია.

- თქვენ აორტის ათეროსკლეროზული ცვლილებები ახსენეთ. როგორ ამოვიცნოთ ათეროსკლეროზი?

- ათეროსკლეროზი აზიანებს ჩვენი ორგანიზმის მსხვილი არტერიების კედლებს. ათეროსკლეროზის დროს შეიძლება დაზიანდეს აორტის სხვადასხვა უბანი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს დაავადების სიმპტომებსა და პროგნოზს.

გულმკერდის აორტის ათეროსკლეროზი შედარებით იშვიათად ვითარდება, თუმცა დიდხანს არავითარი სიმპტომით არ ვლინდება. პირველმა სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს 60-70 წლის ასაკში, როდესაც აორტის კედლის რღვევა მნიშვნელოვან მასშტაბს იღებს. ავადმყოფი უჩივის გულმკერდის პერიოდულ მწველ ტკივილს (აორტალგია). გარდა ამისა, შეინიშნება სისტოლური არტერიული წნევის მომატება, თავბრუხვევა, ყლაპვის გაძნელება.


მუცლის აორტის ათეროსკლეროზიც დიდხანს შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მუცლის აორტის ათეროსკლეროზი წარმოადგენს აბდომინალური იშემიური დაავადების მიზეზს. მისი სიმპტომებია:

  • საჭმლის მონელების დარღვევა - მადის დაქვეითება, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა, მუცლის შებერილობა;
  • ტკივილი მუცლის არეში - აღმოცენდება საკვების მიღების შემდეგ და აქვს შეტევითი ხასიათი, გაივლის 2-3 საათის შემდეგ;
  • წონის დაკარგვა აორტის მუცლის ნაწილის ათეროსკლეროზის დროს პროგრესირებადი ხასიათისაა და წარმოადგენს საჭმლის მონელების პროცესის მყარი დარღვევის შედეგს.

ვისცერული არტერიების თრომბოზი მუცლის აორტის ათეროსკლეროზის სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა, რომელიც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ვისცერული სისხლძარღვების თრომბოზის სიმპტომია ძლიერი ტკივილი, რომელსაც არ აცხრობს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებები. ტკივილს ემატება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

აორტის ათეროსკლეროზი შესაძლოა აორტის ანევრიზმის ერთ-ერთ მიზეზად იქცეს. თავად აორტის ანევრიზმა ათეროსკლეროზის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა.

- შესაძლებელია თუ არა ათეროსკლეროზისგან განკურნება?

- სკლეროზის მკურნალობასა და პროფილქტიკაში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ჰიპერქოლესტერინემიასთან ბრძოლას. ათეროსკლეროზის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მიმართულება: არამედიკამენტური მკურნალობა, მედიკამენტური მკურნალობა, თანდართული დაავადების მკურნალობა და ქირურგიული მკურნალობა. არამედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს რისკფაქტორების აღმოფხვრას და ცხოვრების წესის კორექციას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია:

  • სწორი კვება;
  • სიმსუქნესთან ბრძოლა;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა;
  • ფიზიკური აქტივობის მომატება;
  • სტრესული სიტუაციისა და გადაღლის თავიდან აცილება.

საზოგადოდ, ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. მედიკამენტური მკურნალობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ათეროსკლეროზის მკურნალობაში, ისე მის გართულებათა პროფილაქტიკაშიც. მკურნალობის კონკრეტული სქემა უნდა დანიშნოს ექიმმა. მედიკამენტური მკურნალობის ძირითადი მიზანია სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დაწევა და ორგანიზმში ცხიმების ცვლის აღდგენა, ეს კი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა ვერც ცხოვრების წესის შეცვლით ხერხდება და ვერც დიეტით. ამისთვის გამოიყენება რამდენიმე ჯგუფის პრეპარატები:

  • სტატინები;
  • ფიბრატები;
  • ნაღვლის მჟავების სეკვესტრები;
  • ნიკოტინის მჟავა და მისი წარმოებულები.

ხშირად ათეროსკლეროზით დაავადებულებს აღენიშნებათ სხვა, თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც ზრდის ათეროსკლეროზის გართულებათა განვითარების რისკს. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც ამძიმებს ამ დაავადებების მიმდინარეობას. ამიტომ კომპლექსური მკურნალობა უნდა მოიცავდეს შაქრიანი დაიბეტის, არტერიული ჰიპერტონიის, სიმსუქნის მკურნალობასაც.

- როდის ტარდება ათეროსკლეროზის ქირურგიული მკურნალობა?

- ათეროსკლეროზის ქირურგიული მკურნალობა ტარდება არტერიის კედლის განსაზღვრული სახის დაზიანების დროს, რომელიც არღვევს სისხლის მიმოქცევას სხეულის ამა თუ იმ ნაწილში. ჩვეულებრივ, ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს სისხლძარღვის დაზიანებული უბნის ამოკვეთას, თრომბის მოცილებას ან სისხლძარღვის პროთეზირებას. მკურნალობის ამ მეთოდებს იყენებენ ქვედა კიდურების, გულისა და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვთა სკლეროზული დაზიანების დროს.

- როგორ დავამარცხოთ სკლეროზი?

- ყველაფერს აჯობებს, თუ საერთოდ არ დავუშვებთ სკლეროზის განვითარებას ანუ დროულად გამოვავლენთ და გავანეიტრალებთ რისკის იმ ფატორებს, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. სკლეროზი არის ცხოვრების წესისა და გენეტიკური განწყობის დაავადება. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა შეაფასოს, რამდენად მაღალი აქვს სკლეროზის განვითარების რისკი. ამრიგად, სკლეროზის განვითარების ალბათობა მაღალია შემდეგი ფაქტორების არსებობისას:

  • თუ მამას (50 წლამდე) ან დედას (60 წლამდე) გამოუვლინდა სისხლძარღვების მწვავე დაავადება;
  • თუ დედას, მამას, დას ან ძმას აქვს შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპერქოლესტერინემია;
  • თუ ეწევით სიგარეტს (10-15 ღერს ყოველდღიურად);
  • გაქვთ ჭარბი წონა;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • სისხლში მომატებული გაქვთ ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების დონე;
  • განიცდით მუდმივ სტრესს.

რამდენიმე რისკფაქტორის ერთობლიობა საგრძნობლად ზრდის სკლეროზის განვითარების რისკს.

- როგორი დიეტა უნდა დავიცვათ ქოლესტერინის დონის მომატების პროფილაქტიკისთვის?

- დიეტის ძირითადი პრინციპები ასეთია:

  • შეზღუდეთ ცხოველური ცხიმი - შებოლილი, ცხიმიანი ხორცის პროდუქტები (ღორის, ცხვრის, ბატკნის), ნაღების კარაქი (დაბალი ცხიმიანობისაც კი). მათ ნაცვლად მიირთვით მცენარეული მარგარინი, ზეთი.
  • ერიდეთ ქოლესტერინით მდიდარ პროდუქტებს (ტვინს, თირკმელს, ღვიძლს).
  • უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და მჭლე ხორცს (ქათამს, ინდაურს, ხბოს, ძროხას).
  • კვების რაციონში შეიტანეთ მეტი მცენარეული ცხიმი (მზესუმზირას, სოიის, სიმინდის, ზეითუნის ზეთი).
  • მიირთვით მეტი ბოსტნეული, ხილი. ამ პროდუქტებში შემავალი უჯრედისი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
  • შეზღუდეთ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომლებსაც შეიცავს ნამცხვრები, ნაყინი, სხვადასხვა სოუსი, შემწვარი კერძები და სხვა.