News
უწვრილესი სისხლძარღვები ის დამხმარე სისტემაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გულის შეტევა მეტ-ნაკლები ზიანის გარეშე გადავიტანოთ. მათი ეს ფუნქცია ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ამ წვრილ სისხლძარღვებს კორონარულ კოლატერალებს უწოდებენ. ისინი შესანიშნავად ასრულებენ შემოვლითი გზის როლს და დახშული არტერიების გვერდის ავლით უზრუნველყოფენ გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდებას.
გამოკვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ ავადმყოფს ბევრი ასეთი სისხლძარღვი აქვს, გულის დაავადებით სიკვდილის ალბათობა 36%-ით მცირდება. კორონარული კოლატერალები მუშაობის დაწყებამდე პრაქტიკულად შეუმჩნეველია, ამუშავებისას კი ფართოვდება და საკმაო რაოდენობის სისხლის გატარებას ახერხებს.
ახალმა გამოკვლევამ გააერთიანა 12 კვლევის შედეგები, რომლებშიც სულ 6529 პაციენტი მონაწილეობდა. კვლევის ავტორი, ლონდონის კარდიოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომელი პასკალ მეიერი ამბობს: "მიოკარდიუმის ინფარქტის მიერ გულისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება ძალზე სხვადასხვანაირია და ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ დამხმარე სისხლძარღვოვანი სისტემის განვითარების ხარისხი. ჩვენმა გამოკვლევამ ნათლად აჩვენა განსხვავება სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის". განურჩევლად იმისა, პაციენტებს სტენტირებას ჩაუტარებდნენ თუ მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას, გადარჩებოდნენ ისინი, რომლებსაც უკეთ ჰქონდათ განვითარებული "დამხმარე სისხლძარღვები".
ამჟამად სპეციალისტები ეძებენ საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება კორონარული კოლატერალების განვითარება, რაც გაზრდის გულის დაავადებების მქონე პაციენტთა გადარჩენის შანსს. ამისთვის უნდა გაირკვეს, რატომ უმუშავებს ზოგიერთ ადამიანს ეს სისხლძარღვები სხვებზე უკეთ, შეიძლება თუ არა, ამის მიზეზი იყოს ფიზიკური აქტიურობა, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალიან უხდება გულს. მკვლევრები ასევე ეძებენ ღეროვანი უჯრედების გამოყენების საშუალებას დამხმარე სისხლძარღვების მუშაობის სტიმულაციისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას არა მარტო გულში, არამედ ქვედა კიდურებშიც და დიდ დახმარებას გაუწევს დიაბეტით დაავადებულებს.
მეცნიერებმა კიბოს მკურნალობაში უდიდესი ნაბიჯი გადადგეს
ავსტრალიელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ფილტვის აგრესიული კიბოს რეციდივის თავიდან აცილების საშუალებას მიაგნებენ. მკურნალობის ახალი მეთოდის შექმნის იმედს იძლევა ქიმიოთერაპიის შემდეგ ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს რეციდივის მექანიზმის აღმოჩენა. გამოკვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ნილ უოტკინი, განმარტავს, რომ, ჩვეულებრივ, ექიმები ქიმიოთერაპიის მეშვეობით უკვე არსებული სიმსივნის შემცირებას ცდილობენ, მათი გამოკვლევის მიზანი კი უჯრედებში სიგნალის გადაცემის ქიმიური გზის ბლოკირება და სიმსივნის ხელახალი ზრდის შეჩერება იყო. ამ სიგნალის გზას Hedgehog-ს (ზღარბს) უწოდებენ. ჯანსაღ უჯრედებში იგი ორგანოების განვითარებასა და აღდგენას აკონტროლებს.
პროფესორ უოტკინსონის აზრით, თუ მედიკამენტებით Hedgehog-სიგნალის დათრგუნვა მოხერხდა, შესაძლებელი გახდება ქიმიოთერაპიის ეფექტიანობის გაზრდა და რეციდივის რისკის შემცირება.
ახდენს თუ არა გავლენას საკვები პროსტატის კიბოზე
სან-ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის ეპიდემიოლოგიისა და სტატისტიკის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვერცხი ზრდის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სიცოცხლისთვის საშიში ფორმის განვითარების რისკს. რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ თერმულად დამუშავებულმა წითელმა ხორცმა შესაძლოა გაზარდოს წინამდებარე ჯირკვლის პროგრესირებადი ფორმის კიბოს განვითარების რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ პროსტატის კიბოსა და კვებას შორის კავშირის შესახებ ცნობები ძალზე მცირერიცხოვანია, მეცნიერები მაინც ვარაუდობენ, რომ ფრინველის კანისა და კვერცხის საკვებად გამოყენება დააჩქარებს ზემოთ აღნიშნული დაავადების განვითარებას. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელთა ჯგუფმა გამოკვლევა ჩაატარა. მათ შეისწავლეს იმ 27607 ადამიანის კვებასთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებსაც 1994-დან 2008 წლამდე აკვირდებოდნენ. გამოკვლევის დასაწყისში კიბო არც ერთ მათგანს არ ჰქონდა. მოგვიანებით ნაწილს პროსტატის კიბო განუვითარდა, ზოგიერთი მათგანი კი ამ დაავადებისგან გარდაიცვალა კიდეც. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, შეესწავლათ პროსტატის კიბოს სასიკვდილო ფორმის განვითარებაზე თერმულად დამუშავებული ხორცის, ფრინველისა და კვერცხის გავლენა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც კვირაში 2,5 კვერცხს მაინც მიირთმევდნენ, პროსტატის კიბოს სასიკვდილო ფორმის განვითარების რისკი 81%-ით მეტი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც კვირაში საშუალოდ ნახევარ კვერცხზე ნაკლებს იღებდა. გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ პროსტატის კიბოს ლოკალიზებულ ფორმას შეუძლია სასიკვდილოდ გარდაიქმნას, თუ მამაკაცმა ფრინველითა და ხორცით კვება განაგრძო, კვერცხის ჭარბმა მიღებამ კი შესაძლოა ჯანმრთელ მამაკაცებშიც გაზარდოს პროსტატის კიბოს ლეტალური ფორმის განვითარების რისკი.
ასთმა და ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკებს უნარი შესწევთ, ბრონქული ასთმის სიმპტომები შეამსუბუქონ. ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც ანტიბიოტიკ კეტეკის კლინიკური გამოკვლევა ჩაატარა (ცნობისათვის: კეტეკს სინუსიტების, ბრონქიტებისა და პნევმონიის სამკურნალოდ იყენებენ). 20-30 წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ ასთმის გამწვავება ბაქტერიების მოქმედებით იყო განპირობებული, ამიტომ მის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს იყენებდნენ. 10-15 წლის წინ დაადგინეს, რომ დაავადების გამწვავებაში მთავარ როლს ვირუსი ასრულებს, ამიტომ, თანამედროვე რეკომენდაციის თანახმად, ასთმის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები არ უნდა გამოვიყენოთ - ისინი ვირუსის წინააღმდეგ უძლურნი არიან.
ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგები კი არ გამორიცხავს ბრონქული ასთმის გამწვავებაში მიკროორგანიზმების Mikoplazma pneumoniae-სა და Chlamydia pneumoniae-ს როლს. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოიკვლიეს ანტიბიოტიკი კეტეკი, რომელიც ორივე ამ მიკროორგანიზმზე მოქმედებს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 278-მა ზრდასრულმა ასთმიანმა პაციენტმა. მათ ნაწილს ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდნენ 800 მგ კეტეკს, დანარჩენებს (საკონტროლო ჯგუფს) კი - პლაცებოს. ყველა ავადმყოფს ჩაუტარდა ტესტირება Mikoplazma pneumoniae-სა და Chlamydia pneumoniae-ს არსებობაზე. ასთმის სიმპტომებს 7-ბალიანი სისტემით აფასებდნენ (ყველაზე მძიმე სიმპტომებს ყველაზე მაღალი შეფასება შეესატყვისებოდა). პაციენტებმა, რომლებიც კეტეკს იღებდნენ, კვლევის დაწყებამდე 3 ბალი დაიმსახურეს, ხოლო კვლევის დასასრულს - 1,7, მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფის პაციენტები დასაწყისში 2,8 ბალით შეაფასეს, ბოლოს კი - 2 ბალით. ანტიბიოტიკით ნამკურნალებ პაციენტებს ფილტვების ფუნქციური მდგომარეობა გაცილებით სწრაფად გაუუმჯობესდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებს.
კეტეკის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ხშირი იყო გულისრევა, მაგრამ სხვა გვერდითი ეფექტი არ შეიმჩნეოდა. მეცნიერებმა ინფექციასა და მკურნალობის დადებით ეფექტს შორის ურთიერთკავშირი აღმოაჩინეს. გამოკვლევის მონაწილეთა 16%-ს Mikoplazma pneumoniae-სა აn Chlamydia pneumoniae დაუდასტურდა. თუმცა, მეცნიერთა აზრით, მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კეტეკის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ისე სხვა, ამჟამად უცნობი მექანიზმით. მათ მიაჩნიათ, რომ ბრონქული ასთმის დროს ანტიბიოტიკების გამოყენების თაობაზე რეკომენდაციის გაცემა ჯერჯერობით ნაადრევია - მიზანშეწონილია, კვლევები გაგრძელდეს.