ოჯახი და სამართალი - სანივთო ანუ ქონებრივი უფლება-მოვალეობანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი - სანივთო ანუ ქონებრივი უფლება-მოვალეობანი

ასეთი ვითარება რომ არა, სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული წესი მემკვიდრეებზე ნივთის მფლობელობის იმავე სახით გადასვლის შესახებ, რა სახითაც იგი სამკვიდროს დამტოვებელთან არსებობდა, სამკვიდროს მფლობელობით დაცვას მოკლებული იქნებოდა. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მფლობელობაში საკუთრების ვარაუდი მისი უკეთესი დაცვის გარანტიაა, მაგრამ შესაძლოა, მფლობელი არც იყოს მესაკუთრე. მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ. უძრავი ნივთი შეიძინება მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის ფაქტით. ვინაიდან უძრავ ნივთზე უფლება საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული, ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს ამ უფლების რეგისტრაციის ფაქტს და გაიგოს, რა უფლება დგას ნივთის ფაქტობრივი მებატონის უკან.

- ყველა შემთხვევაშია აუცილებელი ნივთის მფლობელის ვინაობის საჯარო რეესტრში დადასტურება?

როდესაც ნივთი მოძრავია, ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული ვართ, ვენდოთ მის მფლობელს, ხოლო თუ ნივთი უძრავია, ბრუნვის ინტერესები მოითხოვს, რომ მფლობელის ვინაობა საჯარო რეესტრში დადასტურდეს.

შეუძლებელია იმის ვარაუდი, რომ ნივთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის როგორც ძველ მფლობელს, ისე ახალსაც. ამ შემთხვევაში ორივე მხარე ნივთის მფლობელია, მაგრამ ერთი - პირდაპირი, ხოლო მეორე - არაპირდაპირი. ასეთ დროს, მოქმედი კანონიდან გამომდინარე, საკუთრების ვარაუდი არაპირდაპირი მფლობელის მხარეზეა. სანივთო სამართალი ხაზს უსვამს მფლობელის კეთილსინდისიერებას და არაკეთილსინდისირებას. იგი კეთილსინდისიერად მიიჩნევს მფლობელს, თუ იგი მფლობელობას იძენს მართლზომიერად, რაც იმის მაუწყებელია, რომ მას გაცნობიერებული აქვს ნივთის შეძენის საფუძველთა მართლზომიერება. თუ მას ეს არ აქვს გაცნობიერებული, ეს ჯერ კიდევ არ მეტყველებს იმაზე, რომ მფლობელობა აუცილებლად არამართლზომიერია. თუ პირს, კანონის თანახმად, არ მოეთხოვება ურთიერთობის არსებული დეფექტების გათვალისწინება, იგი მაინც კეთილსინდისიერი მფლობელი იქნება, თუმცა უკანონო, და პირიქით - თუ მფლობელს მოეთხოვებოდა დაენახა მფლობელობის ხარვეზიანობა, იგი არაკეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსი იცავს კეთილსინდისიერ მფლობელობას, რაც გამოიხატება იმით, რომ თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია მოსთხოვოს ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება უფლების დაცვის კანონით გათვალისწინებული წესით.

- ცნობილია, რომ კანონით მიღებულია ტერმინი: "ნივთის მართლზომიერი მფლობელი". როგორ უნდა გავიგოთ ეს გამოთქმა?

- მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის პირი, რომელიც სამართლის საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელები არიან ნივთის მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდან არის ნაწარმოები. მაგალითად, ნივთის დამქირავებელი, მენათხოვრე, ამ ნივთის მართლზომიერი მფლობელია მანამდე, სანამ მას ნივთის ფლობის უფლება აქვს. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მიღებული ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის ნივთის მფლობელს. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მდგომარეობა არსებითად განსხვავდება კეთილსინდისიერი მფლობელის მდგომარეობისგან. მათ შორის მსგავსება ის არის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ვალდებულია, ნივთი უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს. არაკეთილსინდისიერი მფლობელი ასევე ვალდებულია, ნივთთან ერთად დაუბრუნოს მას მიღებული სარგებელი. მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯებისა და გაუმჯობესებათა მოთხოვნა მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ მათ ნივთის დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება. აღსანიშნავია, რომ თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მასზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს,  მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოძრავი ნივთის ასეთი წესით შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა ან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.


- მოიპოვებს თუ არა პირი მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, თუ მას ეს უფლება არ შეუძენია, მაგრამ იგი შეტანილია საჯარო რეესტრში როგორც ამ ქონების მესაკუთრე?

- მოქმედი კანონის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია მათზე საკუთრების უფლება, იგი მოიპოვებს ამ უფლებას, თუ რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. საყურადღებოა, რომ ნივთის მფლობელობა წყდება იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა ნივთს, აქვს ამ ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება. ტრადიციისამებრ, სამოქალაქო კოდექსი საკუთრებას განმარტავს როგორც ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთობლიობას. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

- სოფელში 17 წელია დაკავებული მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც, როგორც მწერალთა კავშირის წევრს, მებაღეობის ამხანაგობამ დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად გამომიყო სააგარაკოდ. ჩემს ნაკვეთს შემოვავლე რკინის ღობე, დავდგი წყლის ბაკი, სხვა აუცილებელი სათავსები და ამოვაშენებინე სარდაფი, მაგრამ ცუდი ეკონომიკური პირობების გამო მშენებლობა ვეღარ გავაგრძელე. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ მოვიქცე, რომ მიწის ნაკვეთი დავიკანონო, ვის მივმართო, რა საბუთები წარმოვადგინო?

- მიწის დაკანონების საკითხის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ განცხადებით ქ. თბილისის საკრებულოსთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას. განცხადებას დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შესრულებული UთM 38 N პროექციაში, საკოორდინატო სისტემა ჭჩშ 84); ცნობა ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან (საჯარო რეესტრიდან), რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არავისზე არ არის რეგისტრირებული, რისთვისაც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ განცხადება და აღნიშნული ნაკვეთის სქემატური გეგმა; ცნობა იმის თაობაზე, რომელ კატეგორიას განეკუთვნება თქვენ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი, თქვენ მიერ დაკავებული აეროგადაღების ფოტო. სასურველია, განცხადებასთან ერთად აღადგინოთ მეზობლების განცხადებები, რომლებიც სანოტარო წესით დაადასტურებენ, რომ თქვენ მართლაც 17 წელია დაკავებული გაქვთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, და ნაკვეთის ფოტოსურათი, სადაც ჩანს თქვენ მიერ აშენებული სახლი. აღსანიშნავია, რომ, კანონის თანახმად, მესაკუთრეს ეკრძალება საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება, კერძოდ, ისე, რომ მისი მოქმედებით ილახებოდეს მეზობლის ან მესამე პირის ინტერესები. მესაკუთრის სამოქალაქო უფლება ყველა შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს მართლზომიერად.

- თუ შეიძლება, აგვიხსენით, რა მოქმედება ჩაითვლება მესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენებად (იქნებ მაგალითიც მოგვიყვანოთ).

- კანონის თანახმად, მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მისი უფლების განხორციელება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (მაგალითად, კანონი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადმოვიდა; თუკი ის მესაკუთრეს არ აყენებს ზიანს, მაგრამ იგი მაინც გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას, ეს მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება იქნება). სამოქალაქო კოდექსი აღიარებს სარგებლობის თავისუფლებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრე თვითონ წყვეტს, ისარგებლოს თუ არა საკუთრების ობიექტით. კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებს, როცა შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება. სახელდობრ, მაშინ, როცა ნივთის გამოუყენებლობა და მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს, როცა საკუთრების ობიექტი განსაკუთრებულ სოციალურ-კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს. სანივთო სამართალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამეზობლო სამართალს. იგი ადრეც არსებობდა, ოღონდ ამ უფლების მომწესრიგებელი ნორმები პირველ რიგში შემონახული იყო ხალხის ტრადიციებში და სხვა სახის ნორმატიულ აქტებში, განსაკუთრებით - საადგილმამულო კანონმდებლობაში. სამეზობლო სამართლის გამოყენებისას სამეზობლო თმენის ვალდებულებასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ამა თუ იმ კუთხეში გაბატონებული წესიც. მთავარი ის არის, რომ სამეზობლო სამართლებრივი დებულებები დისპოზიციურია და სამეზობლო სამართლებრივ დატვირთვებს აქვს სანივთო სამართლებრივი ხასიათი. მეზობელი მიწის ნაკვეთების ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი თუ სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლოა გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების და სხვა მსგავსი ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 593 35 99 09