თვალების მოვლა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალების მოვლა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ

- ახალშობილის თვალს მხოლოდ სინათლის შეგრძნების უნარი შესწევს. შემდგომ მხედველობის სიმახვილე იმატებს და სიცოცხლის პირველი წლის დასასრულს ზრდასრული ადამიანის ნორმის 1/3-1/2-ს უტოლდება. მხედველობითი სისტემა ყველაზე სწრაფად სიცოცხლის პირველ თვეებში ვითარდება. მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან სიცოცხლის პირველ დღეებში აღმოჩენილმა ნებისმიერმა პათოლოგიურმა პროცესმა, რომელიც თვალის შიგნითა გარსის შემღვრევას, მხედველობის ნერვის ფუნქციის მოშლას და სხვა დარღვევებს იწვევს, შესაძლოა საგრძნობლად შეაფერხოს მხედველობითი ანალიზატორის განვითარება. ფუნქციური დახვეწის კვალდაკვალ თვალის ზომებიც იმატებს. ახალშობილის გუგა მოზრდილი ადამიანის გუგაზე 6მმ-ით მოკლეა. ამით აიხსნება ახალშობილთა შორსმხედველობა. გუგის ზრდასთან ერთად შორსმხედველობა მცირდება. აუცილებელია, მართებულად შეფასდეს მხედველობითი ანალიზატორის განვითარება დროსთან მიმართებით.

- როგორ აფასებენ ჩვილის მხედველობას?

- ჩვილის მხედველობას ფიქსაციის რეაქციით აფასებენ. სიცოცხლის პირველ კვირას მხედველობა სინათლეზე გუგის რეაქციით ფასდება. მანამდე ფიქსაცია სიცოცხლის მეორე კვირიდან ვლინდება, გრძელდება რამდენიმე წამს და ისიც მხოლოდ საგნის ნელი მოძრაობისას არის შესამჩნევი. სიცოცხლის მეორე თვიდან ჩვილს უკვე შეუძლია, ორივე თვალით მყარად დააფიქსიროს საგანი. ამ პერიოდში მშობელი ამჩნევს, რომ პატარა აქტიურად აკვირდება საგნებს, ცოცხლად რეაგირებს დედის დანახვაზე. ექვსი-რვა თვის ჩვილი იწყებს ფიგურების განსხვავებას, თორმეტი თვიდან კი ნახატების თვალიერებას. მხედველობითი სისტემა მთელი ბავშვობის განმავლობაში ვითარდება. თუნდაც მცირედი გადახრის ადრეულ ასაკში გამოვლენამ შეიძლება მძიმე პათოლოგია აგვაცილოს თავიდან.

- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ პათოლოგია არ გამოეპაროს?

- მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • წამწამების ზრდას - თუ ისინი არათანაბრად იზრდება, ეხება გუგას, შესაძლოა ანთებისა და რქოვანა გარსის დაზიანების მიზეზად იქცეს;
  • თვალის ჭრილს - ახალშობილს იგი ვიწრო აქვს; მარცხენა და მარჯვენა ჭრილები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს, თანაბრად უნდა იყოს ამობურცული თვალბუდიდან;
  • თვალის ზომას, მის სიმეტრიულობას - ზომის მომატება მძიმე პათოლოგიაზე - თანდართულ გლაუკომაზე - მიუთითებს.

თვალის ყველა ხილული სტრუქტურა ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდეს: რქოვანა ფამჭვირვალე უნდა იყოს, ფერადი გარსები - ერთნაირი შეფერილობისა. მნიშვნელოვანია გუგის რეაქცია სინათლეზე. ის უნდა შეფასდეს ჩაბნელებულ ოთახში, სინათლის წერტილოვანი წყაროს გამოყენებით. სინათლის სხივის მოხვედრისას ჯანსაღი გუგა ვიწროვდება. თუ ნორმიდან გადახრის რაიმე ნიშანი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბავშვთა თვალის ექიმს. პათოლოგიის ნაადრევი გამოვლენისთვის ოკულისტის გეგმური კონსულტაციები ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს.

- როდის ტარდება გეგმური კონსულტაციები?

- თუ არსებობს თვალის დაავადების განვითარების ალბათობა, მაგალითად, თუ ახალშობილი დღენაკლულია, პირველი კონსულტაცია სამშობიარო სახლშივე ტარდება. თუ არც ხილული პათოლოგია არსებობს და არც მისი განვითარების რისკი, გეგმური კონსულტაცია მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა ახალშობილს ერთი თვე შეუსრულდება. ოკულისტი დაათვალიერებს თვალის ფსკერს, შეაფასებს მხედველობით ფუნქციას. მომდევნო ვიზიტები ტარდება ექვსი თვისა და ერთი წლის ასაკში, ამის შემდეგ კი - წელიწადში ერთხელ. თუ მშობლებს ან ახლო ნათესავებს თვალის დაავადება ჰქონდათ, სასურველია, ბავშვი ხუთ წლამდე მიიყვანოთ სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. გახსოვდეთ! ადრეულ ასაკში, ადრეულ სტადიაში გამოვლენილი დაავადება უმეტესად ექვემდებარება მკურნალობას.

- როდის არის საჭირო ოკულისტის სასწრაფო კონსულტაცია?

- დღენაკლულ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც დაბადებისთანავე დასჭირდათ ჟანგბადის მიწოდება, დიდი აქვთ მძიმე პათოლოგიის - ახალშობილთა რეტინოპათიის - განვითარების ალბათობა. ჭარბი ჟანგბადის ზემოქმედების შედეგად თვალის ფსკერის პერიფერიაზე ხდება სისხლძარღვთა აშრევება. რაც უფრო ღრმაა დღენაკლულობა (ანუ რაც უფრო ადრე და ნორმასთან შედარებით მცირე მასით იბადება ბავშვი), მით უფრო მეტია რეტინოპათიის განვითარების რისკი. ეს დაავადება სწრაფად იწვევს სიბრმავეს, ამიტომ დღენაკლულ ჩვილს დაბადებისთანავე უნდა დაუწესდეს ბავშვთა ოფთალმოლოგიის მუდმივი მეთვალყურეობა. თუ თვალები დიდი ან სხვადასხვა ზომისა გეჩვენებათ, ეს თანდაყოლილ გლაუკომაზე მეტყველებს. გარდა აღნიშნული განსხვავებისა, შესაძლოა შეამჩნიოთ რქოვანას შემღვრევა. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. თუ გუგამ მიიღო მორუხო-მოთეთრო ფერი, თითქოს გარსი გადაეფარაო - ეს თანდაყოლილ კატარაქტას გვაფიქრებინებს. პირველი ორი თვის განმავლობაში სიელმე ყველა ბავშვს შეიძლება შეამჩნიოთ. ეს თვალის მამოძრავებელი ცენტრის მოუმწიფებლობის შედეგია. თუ სიელმე უფრო მეტხანს გაგრელდა და უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, მკურნალობა აუცილებელია.

გლაუკომა

გლაუკომის მიზეზი თვალშიგა წნევის მომატებაა. თუ წნევა დროულად არ დარეგულირდა, შესაძლოა მხედველობის ნერვი დაზიანდეს და სრული ატროფიაც კი განიცადოს, რასაც შეუქცევადი სიბრმავე მოჰყვება. ჯანმრთელი თვალის წნევა 18-27 მმ ვწყ. სვ-ია. გლაუკომის დროს თვალშიგა სითხის ცირკულაცია ირღვევა, სითხე გროვდება და წნევა იმატებს. ამ დროს ნერვი და მისი სხვა სტრუქტურები ზეწოლას განიცდის, ირღვევა თვალში სისხლის მიმოქცევა.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- თავდაპირველად ბავშვი უჩივის მხედველობის გაუარესებას, შემდეგ ირღვევა პერიფერიული მხედველობა, იზღუდება მხედველობის ზონა - ავადმყოფი ხედავს მხოლოდ წინ მდებარე საგნებს, გვერდით არსებულს კი ვერ ამჩნევს. უკანასკნელი სტადია კი სიბრმავეა.  ეს ცვლილებები შეუქცევადია. ამდენად, აუცილებელია მათი დროული გამოვლენა და მკურნალობა. არის შემთხვევები, როდესაც გლაუკომის დროს მხედველობა ერთბაშად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იკარგება. ზოგჯერ დაავადება ძლიერ ტკივილს იწვევს და გარდაუვალი ხდება თვალის ამოღება.

- როგორ მიმდინარეობს მწვავე შეტევა?

- შეტევას არცთუ იშვიათად თან სდევს ტკივილი თვალის, საფეთქლის, შუბლის არეში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. პაციენტი უჩივის გულისრევის შეგრძნებას, პირღებინებას. თვალი ჰიპერემიულია, გუგა - გაფართოებული, მხედველობის სიმახვილე - დაქვეითებული. ქრონიკული მიმდინარეობის დროს მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროულად დაწყება. შეტევა ხშირად საღამოობით იწყება.


- როგორ მკურნალობენ გლაუკომას?

- არსებობს მკურნალობის თერაპიული, ქირურგიული, ლაზერული და შერეული მეთოდები. კონსერვატიული, მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობები ამჟამად უფრო ფართოა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ის უმთავრესად მიმართულია:

  • თვალშიგა წნევის დასაქვეითებლად;
  • თვალის გარსისა და მხედველობის ნერვის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
  • თვალის ქსოვილის კვების გასაუმჯობესებლად, დისტროფიული პროცესების შესაჩერებლად.

მხედველობის აღსადგენად გამოიყენება ვიტამინები (B ჯგუფის, C, PP). პაციენტი აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს თვალშიგა წნევას ოკულისტის დახმარებით. თუ მკურნალობის შედეგად წნევა ნორმას დაუბრუნდა, ექიმთან კონსულტაციისთვის მისვლა 1-1,5 თვეში ერთხელ დაგჭირდებათ. დაავადების პროგრესირებადი ფორმის თავიდან ასაცილებლად, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა ჩივილები, პროფილაქტიკურ გასინჯვებზე სიარული აუცილებელია. კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად ინიშნება თვალშიგა კუნთისა და ვენის ინექციები და ფიზიოთერაპია.

- როდის დგება ოპერაციული ჩარევის საჭიროება?

- თუ მედიკამენტური მკურნალობით თვალშიგა წნევის ნორმალიზება ვერ მოხერხდა, ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ. ოპერაციები ტარდება ლაზერული და ე.წ. დანის მეთოდით.  სამწუხაროდ, გლაუკომისგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თუ მკურნალობის ყველა არსებულ მეთოდს დროულად და მართებულად გამოვიყენებთ, შევძლებთ, პაციენტს ათეულობით წლის განმავლობაში შევუნარჩუნოთ მხედველობა, გავუუმჯობესოთ სიცოცხლის ხარისხი. ოღონდ ამ დროს მან არ უნდა დაიზაროს ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე სიარული და თვალშიგა წნევის კონტროლი.

- როგორი უნდა იყოს გლაუკომით დაავადებულის ცხოვრების წესი?

- იმუშავეთ იმდენი, რამდენის საშუალებასაც გაძლევთ ასაკი და ჯანმრთელობა, მეტისმეტად ნუ გადაიღლებით. თავი არიდეთ ფიზიკურ და ნერვულ დატვირთვას. თქვენთვის ნებადართული მაქსიმალური სიმძიმე 10კგ-ია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თავს დიდხანს ნუ დახრით. ნუ დაჯდებით თავდახრილი სუსტი სინათლის ქვეშ, ტელევიზორს უყურეთ კარგად განათებულ ოთახში, კითხვისას და, საზოგადოდ, მხედველობის დაძაბვისას ერთხელ 10-15 წუთით შეისვენეთ. იკვებეთ ასაკის შესაბამისად, უპირატესად - ბოსტნეულით, ხილით, თევზით, ერიდეთ ცხოველურ ცხიმსა და ნახშირწყლებს, მათ შორის - შაქარს. სითხე ჩვეულებრივ მიიღეთ, მაგრამ ნუ დალევთ ერთბაშად ერთ ფინჯანზე მეტ ჩაის. თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, ნუ დალევთ დღეში ერთ ფინჯანზე მეტს. თუ მწეველი ხართ, სასწრაფოდ მიატოვეთ - ნიკოტინი მხედველობის მტერია. ნუ ჩაიცვამთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ხელს უშლის თავის არეში სისხლის მიმოქცევას. თქვენთვის აუცილებელია კარგი ძილი, საღამოობით ფეხით სეირნობა. თუ უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი თაფლი, დააყოლეთ თბილი წყალი, გაიკეთეთ ფეხის აბაზანები. რეგულარულად იარეთ ოფთალმოლოგთან. თუ თვალშიგა წნევის სტაბილიზაცია მიღწეულია, საკონტროლო გასინჯვა 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.

კატარაქტა

კატარაქტა ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევაა. ის თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. ყოველ 10000 ბავშვიდან ერთი თანდაყოლილი კატარაქტით იბადება. დაავადება მას მემკვიდრეობით გადაეცემა ან მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციების შედეგად. საფრთხე მოსალოდნელია მაშინაც, როცა დედა ჰორმონებს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკს იღებს. შეძენილ კატარაქტას უამრავი მიზეზი აქვს: გენეტიკური განწყობა, წამლისმიერი თუ ინფექციური ინტოქსიკაცია, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ავიტამინოზი, მაიონიზებელი გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ტალღები, ხანდაზმული ასაკი. კატარაქტის რისკფაქტორებია: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

- რა ნიშნებით ვლინდება კატარაქტა?

- კატარაქტის არსებობას გვაეჭვებინებს მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება (თვალებზე თითქოს ნისლი, ბინდი გეფარებათ), რომელიც არ უკავშირდება თვალის დატვირთვას. ამ დროს ადამიანს მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა ისე უჭირს, სათვალეც ვეღარ შველის, უჭირს შორეული საგნების გარჩევა, ახლომდებარე საგნები ნელ-ნელა კარგავს მკვეთრ მოხაზულობას და ორდება. თვალები სინათლის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება. გუგები, რომლებიც ჩვეულებრივ შავია, შეიძლება გაბაცდეს.

- როგორ მკურნალობენ კატარაქტას - კონსერვატიულად თუ ქირურგიული მეთოდით?

- ვერც ერთი სამედიცინო საშუალება - ვერც წვეთები, ვერც მალამო, ვერც აბები, ვერც ვარჯიში - ბროლის შემღვრევას ვერ აალაგებს. ყოველგვარი წამალი მხოლოდ გააღრმავებს პროცესს. თუ კატარაქტამ მხედველობა ისე გაგიუარესათ, რომ მუშაობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გიშლით ხელს, ესე იგი დაზიანებული ბროლის მოცილების დრო დამდგარა. ოპერაცია კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი გზაა. ოპერაციის შემდეგ მხედველობა ათიდან ცხრა შემთხვევაში აღდგება. კატარაქტის პროგრესირების პროფილაქტიკა გულისხმობს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სწორ მკურნალობასა და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას.

ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკია, რომელიც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შრეების (უმეტესად რქოვანა გარსის) ასფერული ფორმით. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც იწვევს გამოსახულების დეფოკუსირებას და აქედან გამომდინარე, მხედველობის დაქვეითებას. პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანი ხედავს თითქმის ისევე, როგორც კარგად მხედველი, ოღონდ დანისლულ (დაორთქლილ) მრუდე სარკეში. ამიტომ ასტიგმატიკები, ისევე როგორც ახლომხედველები, საგნების უკეთ დასანახავად ხშირად თვალებს ჭუტავენ. არაკორეგირებული ასტიგმატიზმი ხშირად მხედველობითი დისკომფორტისა და თავის ტკივილის მიზეზადაც იქცევა.

- ასტიგმატიზმი თანდაყოლილი მანკია?

- თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. ეს უკანასკნელი ხშირად თვალის ოპერაციის ან რქოვანა გარსის დაავადების შედეგად ვითარდება, თანდაყოლილი ფორმა კი გენეტიკურად არის დეტერმინირებული და ბავშვობაშივე ვლინდება. ისიც უნდა ითქვას, რომ პედიატრიულ ასაკში არაკორეგირებულ ასტიგმატიზმს თან სდევს თვალის გაზარმაცება - ამბლიოპია.

- როგორ სვამენ ასტიგმატიზმის დიაგნოზს?

- ასტიგმატიზმის დიაგნოსტირება ხდება თვალის სპეციალური აპარატურით გამოკვლევებით მიღებული შედეგების შეფასებით, შეჯერებით. მიღებული მონაცემების საფუძველზე შეირჩევა ოპტიკური კორექციის საშუალება - სათვალე ან კონტაქტური ლინზები, რომელთა ტარებაც აუცილებელია.


- შეიძლება თუ არა ასტიგმატური თვალებით კომპიუტერთან მუშაობა?

- შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მუშაობა და არა მონიტორთან დღედაღამ გასართობად ჯდომა; მუშაობაც - მხედველობის დამზოგველი რეჟიმით, რაც ნიშნავს:

  • 3-4-წუთიან შესვენებას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ და ნახევარსაათიანს ყოველი 3 საათის შემდეგ;
  • დროდადრო მცირე ხნით მხედველობის კონცენტრირებას შორეულ საგნებზე.

აქვე გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას:

  • თვალებიდან 15-დუიმიან მონიტორამდე მანძილი 35-40 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო 17- და 19-დუიმიან მონიტორამდე - 50-60სმ-ზე ნაკლები. თვალებსა  და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა;
  • მონიტორის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოვნოდ ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი. დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების პირობებში;
  • მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას და ა.შ.);
  • მონიტორის კონტრასტი და ნათება მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ფონისაგან (ოთახის განათებისგან).

6-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კომპიუტერთან ჯდომა არ არის სასურველი. 7-დან 12 წლამდე ასაკის ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 40-60 წუთია, ხოლო 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - დღეში არა უმეტეს 2-2,5 საათისა. ამ წესების დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ ასტიგმატიზმის მქონეთათვის, არამედ ყველასთვის.

- როგორ მკურნალობენ ასტიგმატიზმს?

- ასტიგმატიზმის მკურნალობის თერაპიული მეთოდი არ არსებობს. ცნობილია რეფრაქციული ოპერაციების რამდენიმე ნაირსახეობა. ოფთალმოქირურგი რომელიმე მათგანს ინდივიდუალურად ურჩევს პაციენტს. ასტიგმატიზმის დროს ცილინდრული ლინზები ინიშნება. გარეგნულად ისინი თითქმის არაფრით განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ სინამდვილეში მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია. სათვალის მოხსნა შეიძლება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში და მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუ ბავშვს ერთდროულად აქვს ასტიგმატიზმი და ზარმაცი თვალი - ამბლიოპია, ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ ზარმაც თვალს ცნობილი, აპრობირებული მეთოდებით, დადებითი შედეგის მიღებამდე.

- როგორი უნდა იყოს ბავშვის დღის რეჟიმი, კვება?

- თუ ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა - ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათი მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანციიდან. მობილურ ტლეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი! არავითარი თამაში, შMშ, MMშ და ასე შემდეგ. მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. არ შეიძლება მხედველობის დატვირთვა - კითხვა, ტელევიზორის ყურება - მწოლიარე მდგომარეობაში. სასარგებლოა ბავშვის ზოგადი გაკაჟება, სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც თავის ტრავმა ნაკლებმოსალოდნელია. სასურველია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა... საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ხაჭო, მოხარშული თევზი, ინდაური, კურდღელი, საქონლის ხორცი და ენა; ბოსტნეული: კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა; ხილი: შავი მოცვი, მაყვალი და აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი.

- რას გვეტყვით თვალის ყოველდღიურ ჰიგიენაზე?

- ბავშვებს სინათლე მოზრდილებზე მეტად სჭირდებათ. კარგი განათება მხედველობის განვითარების აუცილებელი ფაქტორია. როცა პატარას არ სძინავს, მას ბუნებრივი განათება სჭირდება. თუ ის საკმარისი არ არის, შეიძლება დაემატოს ელექტრონული. ძილის დროს კი ოთახს ნუ ჩააბნელებთ, დატოვეთ ღამის სუსტი განათება. აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს სეირნობისას, ჩვეულებრივ, სძინავთ. კარგი განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრუბლიან ამინდში და ისეთ ოთახებში, რომლებსაც პატარა ფანჯრები აქვს. მხედველობის სიმახვილე და ფერადი მხედველობა ერთდროუად ვითარდება. ამიტომ სასურველია, ბავშვს ოთახი ან კუთხე მკვეთრი ფერის სათამაშოებით და საგნებით მოურთოთ. თვალს წითელი, ყვითელი, მწვანე ფერების სიუხვე სჭირდება. პირველსავე თვეს შეიძლება ჩვილს საწოლთან დროდადრო ჩამოვუკიდოთ სათამაშო გირლანდა კლასიკური ფორმის ელემენტებით, ოღონდ ისინი მეტისმეტად პატარა არ უნდა იყოს. ცენტრში უმჯობესია წითელი ელემენტები მოექცეს, შემდეგ - ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ნაპირზე კი ლურჯი. გირლანდა ბავშვის მუცლის გასწვრივ, 30სმ სიმაღლეზე დაკიდეთ. მეტად მნიშვნელოვანია თვალის ჰიგიენა. ზოგჯერ პატარას გაღვიძებისას თვალის უპეებთან გამონადენს შეამჩნევთ. თეთრი გამონადენი ნორმალურია, მოყვითალო კი საშიში. ეს ჩირქოვანი გამონადენია. დღეში ერთხელ, დილით, ბავშვს თვალები თბილი ჩაის ან გვირილის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით უნდა გაუწმინდოთ. ზედა და ქვედა ქუთუთოები მუშავდება ცალ-ცალკე, თვალის გარეთა კუთხიდან შიგნით, ცხვირისკენ. თითოეული თვალის გასაწმენდად ცალკე ტამპონი გამოიყენეთ. თვალის გაწმენდისას მეტისმეტ გულმოდგინებას ნუ გამოიჩენთ - შესაძლოა, გამოირეცხოს საცრემლე გარსი, რომელიც მიკრობების საწინააღმდეგო აგენტებს შეიცავს, მისი გამოშრობა კი თვალისთვის საზიანოა. თუ ექიმმა ბავშვს თვალის წვეთები გამოუწერა, უნდა ისწავლოთ მისი სწორად ჩაწვეთება: დააწვინეთ პატარა მყარზედაპირიან მაგიდაზე, ცალი ხელით თავი დაუკავეთ, მეორე ხელში კი ფლაკონი დაიჭირეთ და ასე ჩააწვეთეთ. თუ ბავშვი ტირის და თვალებს არ ახელს, ქუთუთოები მარცხენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით გაუწიეთ. ძალას ნუ გამოიყენებთ, მანიპულაცია ძალიან ფრთხილად ჩაატარეთ. თვალის მალამო მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე უნდა წაუსვათ, თვალზე თვითონვე გადანაწილდება. გაითვალისწინეთ: მხედველობის ორგანოს ფუნქციის დარღვევა, მით უფრო - ბავშვობის ასაკში, სახუმარო საქმე არ არის. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა მხოლოდ ექიმი ოკულისტის ჩარევით უნდა მოგვარდეს.