News
სადღესასწაულო სუფრა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის უდავოდ საშიშია, მაგრამ თუ რამდენიმე წესს დაიცავენ, საფრთხეს გადაურჩებიან. მეცნიერები მათ 10 მეტად საგულისხმო რჩევას აძლევენ:
1. ეცადეთ, არ გადაუხვიოთ ჩვეულ რაციონს, მკვეთრად არ შეცვალოთ ყოველდღიური მენიუს ოდენობა და შემადგენლობა. გახსოვდეთ: თუ დანიშნული გაქვთ ბაზალური ინსულინი (კეთდება ერთჯერადად), მისი დოზა კვების რეჟიმის დაარღვევის შემთხვევაშიც კი არ უნდა შეიცვალოს.
2. არ მიიღოთ ნებადართულზე მეტი ოდენობის ნახშირწყალი. თუ თავი ვერ შეიკავეთ, მაშინ შესაბამისად გაზარდეთ სწრაფმოქმედი ინსულინის დოზა (ამაში ენდოკრინოლოგი დაგეხმარებათ).
3. წინა დღეს არ იშიმშილოთ იმის გამო, რომ მეორე დღეს სადღესასწაულო სუფრა გელით.
4. დაიწყეთ ტრაპეზი ბულიონით ან ბოსტნეულის წვნიანით, ოღონდ ისინი არ უნდა შეიცავდეს ნახშირწყლებს (ბრინჯს, მაკარონს, ვერმიშელს, კარტოფილს ან სიმინდს).
5. მიირთვით დაბალკალორიული კერძები.
6. ძირითად მენიუში ჩართეთ სალათები.
7. უმჯობესია, კერძები მომზადებული იყოს ღუმელში და არა ტაფაზე.
8. უმჯობესია, მიირთვათ მშრალი წითელი ღვინო, ვიდრე ტკბილი ღვინო ან ყურძნის წვენი.
9. სვით ბევრი წყალი.
10. ისეირნეთ. სიარული სისხლში შაქრის დონის დაბალანსებისა და კალორიების დაწვის შესანიშნავი საშუალებაა.
ბუნებრივია, წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, სუფრაზე რომელ და რამდენ ნახშირწყალს მოიხმართ, ამიტომ თუ სწრაფმოქმედ ინსულინს იყენებთ, ენდოკრინოლოგს ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა ინსულინის გაკეთება არა ჭამის წინ (როგორც, ჩვეულებისამებრ, აკეთებთ), არამედ ჭამის შემდეგ, როცა მიღებული ნახშირწყლების ოდენობა უკვე ცნობილია.
გაითვალისწინეთ:
- 1 ნაჭერი თეთრი/შავი პური=1 დიეტურ მაცას=1/2 ჩვეულებრივ თეთრი ფქვილის მაცას=1 საშუალო ზომის კარტოფილს=4 სუფრის კოვზ მოხარშულ ბრინჯს=17 კალორიას და 15 გ ნახშირწყალს, რომელიც გარდაიქმნება 3 ჩაის კოვზ შაქრად.
- 100 მლ ღვინო: წითელი მშრალი=68 კალორიას=უმნიშვნელო რაოდენობის შაქარს; ნახევრად მშრალი=77 კალორიას=2 გ შაქარს; ტკბილი=140 კალორიას=1 სავსე კოვზ შაქარს.
- 100 გ შემწვარი ხორცი: ხბოსი=194 კალორიას; ქათმისა=270 კალორიას; საქონლისა=295 კალორიას; ცხვრისა=596 კალორიას. შაქარს არ შეიცავს.
სარკისებრი ტექნოლოგია პლასტიკურ ქირურგიას ახალ სიმაღლეზე აიყვანს
Slovenian Press Agency-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუბლიანის (სლოვენია) ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგებმა ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის სარძევე ჯირკვლების რეკონსტრუქციის ახალი მეთოდიკა შეიმუშავეს. ისინი პაციენტის მუცლის არიდან აღებული ცხიმისგან ახალი სარძევე ჯირკვლის კონსტრუირებისთვის სამგანზომილებიან ფორმას იყენებენ, მერე კი ამ ქსოვილს მოკვეთილი სარძევე ჯირკვლის ადგილას გადანერგავენ.
ახალი ტექნოლოგიის მთავარი თავისებურება ის არის, რომ ფორმის მისაცემად გამოიყენება ლაზერი, რომელიც ჯანმრთელი სარძევე ჯირკვლის ანაბეჭდს აკეთებს, შემდეგ ამ ანაბეჭდის საფუძველზე იღებენ სამგანზომილებიან სარკულ გამოსახულებას და მეორე სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუირებას ახდენენ.
საავადმყოფოს პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა უროს აკანმა განაცხადა, რომ აღდგენილი მკერდი თითქმის ზუსტად იმეორებს ჯანმრთელის ფორმას, რაც საუკეთესო ესთეტიკური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, იმპლანტატს აქვს იგივე ტემპერატურა, რაც სხეულის დანარჩენ ნაწილებს და, რაც მთავარია, შეუძლია, ადამიანის წონის ცვალებადობის შესაბამისად გაიზარდოს და დაპატარავდეს.
ახალი ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს რვა პაციენტზე, უახლოეს მომავალში კიდევ ათი ოპერაციის გაკეთება იგეგმება.
დაიბადა ზედმეტი დნმ-ს ჯაჭვის მქონე ბავშვი
დიდ ბრიტანეთში, ნანიტონში მცხოვრები ორი წლის ელფი კლემპი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც დნმ-ს დამატებითი ძაფი აღმოუჩინეს. იგი უსინათლო დაიბადა და სხვა სერიოზული დარღვევებიც აღმოაჩნდა, რის გამოც რამდენიმე ტესტირება ჩაუტარეს და მე-7 ქრომოსომაზე დნმ-ს დამატებითი ჯაჭვი უპოვეს. ბიჭუნა წელიწადზე მეტხანს ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაბრუნებას და სამ თვემდე ვერაფერს ხედავდა. რამდენჯერმე სუნთქვის გაჩერების გამო საავადმყოფოშიც მოხვდა...
ექიმები ცდილობენ, ჩასწვდნენ ამ დაავადების არსს, რომელიც იმდენად იშვიათია, რომ ჯერ სახელიც კი არ აქვს. ასევე უცნობია, რა გავლენას მოახდენს იგი ბიჭუნას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ბავშვი დღემდე უამრავ წამალს იღებს, აქვს ცხელების შეტევები და უჭირს საჭმლის მონელება. საინტერესოა, რომ ელფი კლემპის მშობლებს და უფროს დას არც ნორმიდან გადახრა და არც ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებათ.