ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
მას შემდეგ ფონდი აქტიურ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა პრევენციული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით. დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსიტუტის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მუშაობას უძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი, რომელსაც საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის მუშაობის სპეციფიკისა და ნარკომანიის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ვესაუბრეთ.
- ქალბატონო თეა, როდის დაარსდა და რას ისახავს მიზნად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი?
- ეს ცენტრი 2007 წელს პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. ცენტრის მთავარი პრიორიტეტია, ეკლესიასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობას: გამართოს კონსულტაციები და ტრენინგები, მოამზადოს კადრები, ითანამშრომლოს მასმედიასთან და განახორციელოს მედიაკამპანიები, აწარმოოს ფსიქოლოგიური პრობლემების მეცნიერული კვლევა, შეიმუშაოს ფსიქომეტრიული და ფსიქოთერაპიული მეთოდები, გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები.
საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟითა და საერთაშორისო დონორების (The Global Fund, USAID, IOCC, RTI, ACT) დაფინანსებით ფონდში აქტიური კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობს ასოციალური ქცევის/მავნე ჩვევების პრევენციისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით. ორგანიზაცია აერთიანებს ფსიქოლოგებს, იურისტებს, სოციალურ მუშაკებს, ექიმებს, მოძღვრებსა და პედაგოგებს.
- რა საქმიანობას ეწევა უშუალოდ ცენტრი?
- გლობალური ფონდის პროექტ "აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ღონისძიებების გაფართოების" ფარგლებში ცენტრი ახორციელებს ნარკომომხმარებლებისა და მათი თანადგომის ქსელის ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო-საკონსულტაციო ტრენინგ-პროგრამას. აქ მოსულ ბენეფიციარებს ურიგდებათ ამავე ცენტრში შემუშავებული და გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც ისინი თავის გარემოცვაში ავრცელებენ. https://mkurnali.ge/narkologia/1896-2010-05-07-08-52-42.htmlპროცესში ჩართულ ბენეფიციართათვის იმართება ინდივიდუალური სესიები, რომელთა მიზანია, აუხსნას მათ თანასწორთა განათლების მნიშვნელობა, მიდგომის სპეციფიკა და მუშაობის ეფექტიანობა.
- დაცულია თუ არა ბენეფიციართა ანონიმურობა?
- კონტინგენტის თავისებურებიდან გამომდინარე, სესიები ანონიმურად მიმდინარეობს. თანასწორგანმანათლებელთა მომზადებაზე ორიენტირებული მუშაობა ასევე მიმდინარეობს საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერებში პარაკლისების შემდეგ. ანტინარკოტიკულ ცენტრში ბენეფიციარებისა და მათი თანადგომის ქსელის წარმომადგენლების (ოჯახის წევრებისა და ახლობლების) როგორც ფსიქოლოგიური დახმარება/ფსიქოთერაპია, ასევე სატელეფონო კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოა. კონსულტაცია ანონიმურია, მიღებული ინფორმაცია - კონფიდენციალური.
მიზნობრივი ჯგუფის (ნარკომომხმარებელთა) კონსულტირება-მიღება კოდირების პრინციპით მიმდინარეობს (კოდი ენიჭება მხოლოდ ფიზიკურად მოსულ პირს, სატელეფონო კონსულტირებისას კოდის მინიჭება არ ხდება). შემოსულ ბენეფიციარს ანტინარკოტიკული ცენტრის კონსულტანტი აძლევს კოდს, რომელიც ამარტივებს კლიენტის იდენტიფიცირების პროცესს.
კოდი იქმნება შემდეგი პრინციპით: დედის სახელის პირველი ასო+მამის სახელის პირველი ასო+ბენეფიციარის დაბადების წლის ბოლო ორი ციფრი. ასე, მაგალითად: თუ ბენეფიციარის დედას ჰქვია ლია, მამას - მათე, ხოლო თავად დაბადებულია 1977 წელს, მისი კოდი იქნება ლმ77. ამრიგად, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლის (ნარკომომხმარებლისა თუ მისი თანადგომის ქსელის წევრის) ანონიმურობა დაცულია. შედეგად იფანტება ყოველგვარი ეჭვი და იზრდება თანამშრომლობისა და ურთიერთობის მოტივაცია. კონსულტაცია 50-60 წუთი გრძელდება. კონსულტაციის შემდეგ ანტინარკოტიკული ცენტრის კონსულტანტი ავსებს ცენტრის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კონსულტაციის ფურცელს, სადაც ასევე დაცულია კლიენტის ანონიმურობა და პროცესის დინამიკის გამოსავლენად კონსულტანტი შემთხვევას აღწერს.
ცენტრში 2008 წლიდან ფუნქციობს სატელეფონო ცხელი ხაზი ნარკომომხმარებელთა და მათი თანადგომის ქსელის (ოჯახის წევრების, ახლობლების) უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირების მიზნით. ცხელი ხაზის ნომერია 30-94-98.
ცენტრთან არსებულ ათ საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერაში მუშაობენ სპეციალური კურსით ტრენინგებგავლილი მოძღვრები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, ტარდება პარაკლისები. ეს საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერები მდებარეობს: გორის ეპარქიაში - რუისის ეკლესიასთან, ანდრია პირველწოდებულის სახ. ეკლესიასთან; თბილისში - საბურთალოს ამაღლების ტაძართან, სოლოლაკის ამაღლების ტაძართან, დემეტრე თავდადებულის ტაძართან, თსუ-ის წმინდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძართან, კარის ეკლესიასთან, მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძართან, ანჩისხატის ეკლესიასთან.
- რამდენად ხელმისაწვდომია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფთათვის ფსიქოთერაპიული სესიები?
- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2009 წლის მაისში გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა ცენტრის ფსიქოთერაპევტი და პროექტით გათვალისწინებულ აქტივობათა ფარგლებში დაიწყო ფსიქოთერაპიული მუშაობა მეტადონით მკურნალობის პროგრამაში მყოფ პატიმრებთან.
გლდანის საპყრობილეში სულიერებაზე ორიენტირებული ჯგუფური ფსიქოთერაპია ტარდება კვირაში ერთხელ. შეხვედრის ხანგრძლივობა 3-5 საათია. სარეაბილიტაციო პროცესში 12 ბანეფიციარია ჩართული.
ფსიქოთერაპიული სესიების პარალელურად მეტადონით მკურნალობის პროგრამაში მყოფ პატიმრებთან თანასწორგანმანათლებელთა მომზადებაზე ორიენტირებული მუშაობა მიმდინარეობს. ჯგუფის წევრები განიხილავენ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, ჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტიანობას, მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებს... ჯგუფური მუშაობა ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობს.
ამის პარალელურად, გლდანის სასჯელსააღმსრულებლო დაწესებულებაში ცენტრის ორი მოძღვარი მუშაობს. სესიის დასრულების შემდეგ პროგრამაში ჩართული პატიმრები თავიანთი ინიციატივით თანასწორსაგანმანათლებლო სამუშაოს საკნებში ატარებენ. საუბრები ანონიმურია, მიღებული ინფორმაცია - კონფიდენციალური.
ყოველ ხუთშაბათს 17.00-დან 18.00 საათამდე ანტინარკოტიკულ ცენტრში საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერებში მომუშავე მოხალისე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სუპერვიზია მიმდინარეობს. მოხალისეები სუპერვიზორთან ერთად განიხილავენ შემთხვევებს, აყალიბებენ მუშაობის სტრატეგიას. თვეში ორჯერ, ხუთშაბათობით, იმართება რთული შემთხვევების კონფერენცია. ცენტრის სპეციალისტები (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკი, ფსიქოდიაგნოსტიკოსი, მოძღვარი) განიხილავენ რთულ შემთხვევებს, ამუშავებენ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
ცენტრის სასულიერო პირი მუშაობს მეტადონის პროგრამაში ბენეფიციარების პროგრამიდან გამოსაყვანად.