News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

.

  • გადანერგილი ორგანოს მიუღებლობასთან ბრძოლა გრძელდება

SLEZVIG-HOLSAINIS უნივერსიტეტში შეიმუშავეს მეთოდი, რომლის წყალობითაც ორგანოგადანერგილ პაციენტებს იმუნოსუპრესიული პრეპარატების მინიმალური დოზაც კი ეყოფათ, ხოლო ზოგიერთს, შესაძლოა, აღარც კი მოუხდეს მათი მიღება. ჟურნალ Transplant International-ის ცნობით, წინასწარმა კლინიკურმა გამოცდამ ახალი მიდგომის ეფექტურობა დაადასტურა.

ჯეიმს ჰატჩინსონისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებული მეთოდის არსი ასეთია: ლაბორატორიულ პირობებში დამუშავებული დონორის მონოციტები (ლეიკოციტების ნაირსახეობა) რეციპიენტის ორგანიზმში შეჰყავთ. ამის შედეგად ითრგუნება ის იმუნური უჯრედები, რომლებიც ჩანერგილი ორგანოს მოცილებაზე აგებენ პასუხს. ნაცვლად ამისა, იზრდება იმუნური სისტემის იმ უჯრედების აქტიურობა, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტანტის მოცილებას.

ახალი მეთოდი თირკმელგადანერგილ 17 პაციენტზე გამოსცადეს. თორმეტ მათგანს გარდაცვლილი დონორის თირკმლის გადანერგვის შემდეგ იმუნოსუპრესიული თერაპიის პარალელურად TAICS (ტრანსპლანტანტის შესისხლხორცების მაინდუცირებელი უჯრედები) შეუყვანეს, ხუთს კი TAICS-ის ინექცია ცოცხალი დონორის თირკმლის გადანერგვის წინ გაუკეთდა. ამის შედეგად პირველი ჯგუფის თორმეტი წევრიდან ათს რვა კვირის შემდეგ იმუნოსუპრესიული პრეპარატები აღარ დასჭირვებია. ექვს მათგანს ექიმებმა ტაკროლიმუსი (იმუნური რეაქციის დამთრგუნველი პრეპარატი) დაუნიშნეს, თუმცა მინიმალური დოზით. მეცნიერთა თქმით, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს წამლის მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

მეორე ჯგუფის წევრებმა რვა თვის შემდეგ სრულიად შეწყვიტეს იმუნოსუპრესიული პრაპარატების მიღება. სამი მათგანი ტრადიციული თერაპიიდან ტაკროლიმუსის მცირე დოზაზე გადაიყვანეს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ TAICS-ს არც ერთ შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ გამოუწვევია.

ჰატჩინსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა წინასწარი იყო, შედეგები მაინც იმედის მომცემია, თუმცა მეთოდის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად აუცილებელია უფრო მასშტაბური კვლევა.

  • ტკიპა საცხოვრებელ არეალს იფართოებს

ავსტრიის ოთხ მოქალაქეს შინაური თხის რძის წყალობით ტკიპისმიერი ენცეფალიტი დაემართა.

დასავლეთი ავსტრიის ერთ-ერთი პროვინციის მწყემსმა საავადმყოფოს გაციების სიმპტომებით მიმართა. მას ტკიპისმიერი ენცეფალიტი აღმოაჩნდა, თუმცა ავადმყოფი ირწმუნებოდა, რომ ტკიპას მისთვის არ უკბენია. ინფიცირების წყაროს ძიებამ ექიმები შინაურ ყველთან მიიყვანა, რომელსაც მწყემსი არაპასტერიზებული თხის რძისგან ამზადებდა. საინტერესოა, რომ მწყემსი ცხოველებს ზღვის დონიდან 1,5 კილომეტრზე მაღლა აძოვებდა, ამ სიმაღლეზე კი ტკიპები, ჩვეულებრივ, არ ბინადრობენ. დაავადების სიმპტომები მწყემსის სამ ნათესავსაც გამოაჩნდა. ისინი საძოვრებზე არასდროს ყოფილან, თუმცა შინაურ ყველს მიირთმევდნენ. გამოიკვლიეს ცხოველებიც და ერთ-ერთ თხას სისხლში ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოუჩინეს. ბოლო ხანს ტკიპისმიერი ენცეფალიტის გავრცელების რამდენიმე არატიპური შემთხვევა იქნა აღრიცხული, ყველა - ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნებში. დღემდე ითვლებოდა, რომ ტკიპა ზღვის დონიდან მხოლოდ 1350 მეტრის ფარგლებში ბინადრობს, მაგრამ ავსტრიაში მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, რომ ტკიპები უფრო მაღლაც მშვენივრად გრძნობენ თავს. ექსპერტების ვარაუდით, ტკიპების გავრცელება გლობალური დათბობის ბრალია.

  • ორსულისთვის განკუთვნილი ვაქცინა ნაყოფსაც იცავს

ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულთა ვაქცინაცია გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტს დედასთან ერთად შვილსაც უყალიბებს. ვინაიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკუნაჩვენებია, ექიმებმა ეს ორსულთა აცრის სასარგებლო კიდევ ერთ არგუმენტად მიიჩნიეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები აკვირდებოდნენ 340 ახალნამშობიარევ ბანგლადეშელ ქალს, რომელთა ნაწილი ორსულობისას გრიპზე იყო აცრილი. მათ შვილებს სიცოცხლის პირველ 24 კვირას გრიპით დაავადების ალბათობა აუცრელთა შვილებზე 63%-ით ნაკლები აღმოაჩნდათ.

შეგახსენებთ: ორსულობისას გრიპით ინფიცირებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების შეფერხება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი უკვე ათი წელია ურჩევს ორსულებს, ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო აცრა, მაგრამ ამ რჩევას ორსულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ითვალისწინებს.

  • ვაქცინა უსაფრთხოა, აცრა - უფასო

2008 წლის 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართავს წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი აცრის კამპანიას. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 15-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაეროს ბავშვთა ფონდი განახორციელებს პროექტს "მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ". ამ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა სემინარები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წითელათი და წითურათი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ამ დაავადებების გადატანა ლაბორატორიული ანალიზით არ აქვს დადასტურებული ან რომელიც ორჯერ არ არის აცრილი. ამ პროგრამის ფარგლებში წითელასა და წითურას წინააღმდეგ უნდა აიცრას ყველა ადამიანი 6-დან 27 წლის ჩათვლით, თუნდაც დაავადება გადატანილი გქონდეთ (მაგრამ ეს ლაბორატორიულად არ იყოს დამტკიცებული) ან აცრილი იყოთ. წითელასა და წითურას თავიდან აცილება მხოლოდ აცრის საშუალებით შეიძლება!

  • პლასტიკური ქირურგია ფოტოშოფის წინააღმდეგ

ბრიტანეთის ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციამ (BAAPშ) ისეთი რეკლამების აკრძალვა მოითხოვა, სადაც გამოყენებულია მოდელების ციფრულად დამუშავებული ფოტოსურათები "ანატომიურად შეუძლებელი" მკერდით. მათი მოთხოვნა ისეთი ტექნიკურად განუხორციელებელი დაპირებების აკრძალვასაც ეხება, როგორიცაა, მაგალითად. "შესვენებაზე საავადმყოფოში შერბენა და დაჭიმვის გაკეთება". BAAPS -ის ექსპერტების აზრით, ასეთი რეკლამა ხალხს პლასტიკური ქირურგიის შესახებ გადაჭარბებულ წარმოდგენას უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ BAAPS ბრიტანეთის პლასტიკური ქირურგების დაახლოებით მესამედის აზრს გამოხატავს, საეჭვოა, მისი გავლენა საკმარისი აღმოჩნდეს სარეკლამო ინდუსტრიის კონტროლისთვის, ამიტომ ჩესტერში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე ასოციაციამ გადაწყვიტა, წამოიწყოს საკუთარი სარეკლამო კამპანია, რომელიც ამგვარი რეკლამების წინააღმდეგ იქნება მიმართული და პაციენტებს დაარწმუნებს, წინასწარ შეამოწმონ პლასტიკური ქირურგის კვალიფიკაცია.

BAAPS-ის პრეზიდენტმა დუგლას მაკჯორჯმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პლასტიკური ოპერაცია არის სერიოზული საქმე, რომლის შედეგზეც პაციენტს რეალური წარმოდგენა უნდა ჰქონდეს და ხორციელდებოდეს მხოლოდ კლინიკაში, კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ჩატარებული სათანადო კონსულტაციის შემდეგ. მისი თქმით, უკანასკნელ ხანს მათ ბევრი მიმართავს იაფ კლინიკებში ჩატარებული წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის გამო.

  • ინტერნეტკომპანიები კიბოს "ფიტოთერაპიის" გამო სასამართლოში აგებენ პასუხს

აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომპანიას (FTC) განზრახული აქვს, შეაჩეროს იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ხალხურ საშუალებებს კიბოს წამლებად ასაღებენ. ექვს კომპანიას უკვე დასდეს ბრალი არაკეთილსინდისიერ რეკლამასა და მომხმარებლის მოტყუებაში, ხუთმა კომპანიამ კი ოფიციალურ ბრალდებას დაასწრო და საეჭვო პროდუქტები გაყიდვიდან ამოიღო.

ფედერალური სამსახურის ყურადღების ცენტრში მოხვედრილი კომპანიები ინტერნეტმაღაზიების საშუალებით ყიდიდნენ თითქოსდა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის მქონე "ნატურალურ" წამლებს, რომლებიც სამკურნალო ჩაისგან, გარგარის კურკის ექსტრაქტისგან, მცენარეთა ფესვებისგან, სოკოებისა და სხვა ასეთი კომპონენტებისგან შედგებოდა. ამ კომპანიების საიტებზე ნახავდით რეკომენდაციებს სხვადასხვა ფორმის ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის თაობაზე, გამოჯანმრთელებული პაციენტების ისტორიებს და სამადლობელ წერილებს (ბუნებრივია, ამ ისტორიების ავტორები თავად საიტის მფლობელები იყვნენ).

FTC-ის პრესრელიზში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ რეკლამირებულ საშუალებათა ეფექტიანობა არავითარი სამეცნიერო კვლევით არ არის დადასტურებული. მეტიც - მათი რამდენიმე ინგრედიენტი ტოქსიკურია და შეუძლია, ავადმყოფის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანიც კი მიაყენოს.

FTC მოითხოვს, კომპანიებმა შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, გაყიდვიდან ამოიღონ საეჭვო პროდუქცია და მყიდველებს, რომელთაც უკვე შეიძინეს ამგვარი "წამლები", ზარალი აუნაზღაურონ.

FTC-სთან სასამართლომდე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ფირმები თანახმანი არიან, დაზარალებულებს საკომპენსაციოდ 9-დან 250 ათას დოლარამდე ოდენობის თანხა გადაუხადონ.

საეჭვო წამლებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ კამპანია რამდენიმე დღით ადრე წამოიწყო აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ - FDA-მ: გაფრთხილება, შეეწყვიტათ დაუდასტურებელი სამკურნალო ეფექტის მქონე პროდუქციის გაყიდვა, 20-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

FTC და FDA კანადის ზედამხედველობის ორგანოებთან ერთად 2007 წლიდან ეწევიან სამედიცინო და პარასამედიცინო საშუალებებით მოვაჭრე ინტერნეტსაიტების რეგულარულ მონიტორინგს.