საკუთარი თავი რომ მოგვწონდეს - რჩევები მათთვის, ვისაც წონის კორექცია სურს

როგორ დავიკლოთ წონა და შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი? გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე.
- ქალბატონო მაია, რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე?
- სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გულისხმობს ისეთი რაოდენობით ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
სიმსუქნე მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმში იმატებს ცხიმოვანი უჯრედების ზომა ან რაოდენობა. როცა ადამიანი იმატებს წონას, ცხიმოვანი უჯრედები ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ მრავლდება. სიმსუქნე შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. აბსოლუტური რისკის ფაქტორები დადგენილი არ არის, თუმცა ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფებს სიმსუქნის განვითარების ალბათობა უფრო მაღალი აქვთ. სიმსუქნის რისკის ფაქტორებია:
- ცხიმიანი და მაღალი ენერგეტიკული ღირებულებების დიეტა;
- უმოძრაო ცხოვრების წესი/ფიზიკური ინერტულობა;
- ოჯახური ანამნეზი;
- ეთნიკური კუთვნილება;
- ასაკი;
- მოწევის შეწყვეტა.
- რა საშიშროებას შეიცავს ჭარბი წონა?
- ჭარბმა წონამ და სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი და ხელი შეუწყოს არტერიული წნევის, ქოლესტერინის მომატებას, უნაყოფობის, ართრიტის განვითარებას, მშობიარობის გართულებებს, დაამძიმოს ასთმა და გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. სიმსუქნის პროფილაქტიკა ძირითადად შესაძლებელია ცხოვრების წესის, განსაკუთრებით კვების რაციონის შეცვლის გზით.
- რამდენად ხშირია სიმსუქნე ჩვენს სინამდვილეში?
- ბოლო ხანს როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემოსავლის ქვეყნებში შეინიშნება სიმსუქნის საგრძნობი მატება, თუმცა მცირე და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში სიხშირე უფრო მაღალია. ჭარბი წონა და სიმსუქნე აწუხებს მოსახლეობის 50-65%-ს არა მხოლოდ აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში, არამედ ისეთი განსხვავებული კულტურის ქვეყნებშიც, როგორებიც არის მექსიკა, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა. სიმსუქნის ყველაზე ფართო გავრცელება გამოვლენილია წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში.
- შესაძლებელია თუ არა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვსაზღვროთ იდეალური წონა? თუ შესაძლებელია, როგორ?
- სიმსუქნის შეფასება ყველაზე ხშირად ხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლით - სხეულის მასის ინდექსით (სმი), რომლის გამოსათვლელადაც გამოყენებულია პიროვნების სიმაღლესა და წონაზე დამყარებული მათემატიკური ფორმულა: სმი = წონა (კგ)/სიმაღლე (მ)2.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, სმი-ს კატეგორიების შესაბამისად განასხვავებენ წონის ნაკლებობას, ნორმალურ წონას, ჭარბ წონას და სიმსუქნეს. მიუხედავად იმისა, რომ სმი-ს ეს კატეგორიები ზუსტად ვერ მიჯნავს ჯანსაღ და არაჯანსაღ წონას, მათი გათვალისწინება მაინც გამოსადეგია.
ადამიანი, ვისი სმი-ც 25-იდან 29,9-მდეა, ჭარბწონიანად ითვლება, ვისი სმი-ც 30 ან უფრო მეტია - მსუქნად. თუმცა, სმი არ ასახავს არც ცხიმისა და კუნთების ზედმეტ წონას შორის განსხვავებას და არც იმას ადგენს, კონკრეტულად რა ადგილას არის განლაგებული ცხიმი, არადა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, აბდომინურ განლაგებას ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვება.
ცალკეულ შემთხვევებში სმი შესაძლოა უფრო კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე იყოს მაღალი, მაგრამ პოპულაციის დონეზე სხეულის არაცხიმოვანი მასის ცხიმთან შეფარდების თვალსაზრისით განსხვავება მცირეა.
ქალებისთვის დამახასიათებელია ცხიმის უფრო მაღალი შემცველობა იმავე სმი-ს მქონე მამაკაცებთან შედარებით; უფრო ასაკოვან ადამიანებს შესაძლოა მეტი ცხიმი ჰქონდეთ, ვიდრე იმავე სმი-ს მქონე ახალგაზრდებს.
წელის გარშემოწერილობის გაზომვა ფართოდ არის აღიარებული როგორც აბდომინური სიმსუქნის გამოსავლენი მარტივი საშუალება. წელის გარშემოწერილობა სმი-სთან ერთად სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული რისკის საუკეთესო პრედიქტორად არის მიჩნეული. წელის გარშემოწერილობა იზომება ნეკნთა რკალსა და მენჯს შორის. მამაკაცისთვის - 102 სმ-ზე, ხოლო ქალებისთვის 89-ზე მეტი წელის გარშემოწერილობა ზრდის წონასთან დაკავშირებულ დაავადებათა რისკს.
წელი-თეძოს შეფარდება (წთშ) ჭარბი წონის გამოსავლენი მარტივი საშუალებაა. წთშ ადამიანის წელის გარშემოწერილობის შეფარდებაა თეძოს გარშემოწერილობასთან. წელი ყველაზე ვიწრო ადგილას იზომება, ხოლო თეძო - ყველაზე განიერ ადგილას. შემდეგ პირველი მაჩვენებელი იყოფა მეორეზე. მამაკაცებისთვის - 1-ზე, ხოლო ქალებისთვის 0,8-ზე მეტი წთშ სიმსუქნედ ითვლება.
- როგორია სწრაფი კვების ობიექტების როლი სიმსუქნის განვითარებაში?
- სწრაფი კვების პროდუქციის უმეტესობა დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს, შაქრებს ან ორივეს ერთად. მათთან ერთად ვრცელდება უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს ან სხვა კალორიულ დამატკბობლებს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში უკალორიო დამატკბობლებზე მოთხოვნა დიდია. სასურველია, ყველა მომმარაგებელს ჰქონდეს მარტივი და გასაგები ინფორმაცია საკუთარი მენიუს შემადგენლობისა და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ.
- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ჭარბი წონის შემთხვევაში?
- ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზებისა და შედეგების კვლევისას უნდა ჩატარდეს შემდეგი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები:
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოზე და გლუკოზით დატვირთვის შემდეგ;
- ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა;
- ინსულინრეზისტენტობის ტესტი (HOMA-IT index);
- შარდის საერთო ანალიზი;
- მუცლის ღრუს ექოსკოპია;
- ასევე - სხვა სპეციფიკური გამოკვლევები, რომლებიც პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ინდივიდუალურად შეირჩევა.
- შესაძლებელია თუ არა მოკლე ხანში წონის მკვეთრი დაკლება? თუ კი, რამდენად უვნებელია ეს ორგანიზმისთვის?
- შიმშილის დიეტები საშიშია, ხოლო ძალზე დაბალკალორიული დიეტები (ძდკდ), რომლებიც დღეში 800-ზე ნაკლებ კკალ-ს შეიცავს, არაფრით არის უფრო ეფექტური და, ამასთანავე, უფრო მძიმე ასატანია, ვიდრე დიეტები, რომლებიც 800 კკალ-ს შეიცავს.
ძდკდ-ს შეუძლია გამოიწვიოს წონის ძალზე სწრაფი კლება ორი ან სამი თვის განმავლობაში. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დაკლებული წონის შენარჩუნებას ვერ აადვილებს, ვერ ცვლის კვებით ჩვევებსა და მათ შესახებ ცოდნას, რაც საჭიროა სათანადო წონის დიდხანს შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ამ დიეტების გამოყენება არ შეიძლება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.