რჩევები მათთვის, ვისაც წონის კორექცია სურს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკუთარი თავი რომ მოგვწონდეს - რჩევები მათთვის, ვისაც წონის კორექცია სურს

როგორ დავიკლოთ წონა და შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი? გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე.

- ქალბატონო მაია, რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე?

- სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გულისხმობს ისეთი რაოდენობით ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

სიმსუქნე მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმში იმატებს ცხიმოვანი უჯრედების ზომა ან რაოდენობა. როცა ადამიანი იმატებს წონას, ცხიმოვანი უჯრედები ჯერ იზრდება, ხოლო შემდეგ მრავლდება. სიმსუქნე შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. აბსოლუტური რისკის ფაქტორები დადგენილი არ არის, თუმცა ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფებს სიმსუქნის განვითარების ალბათობა უფრო მაღალი აქვთ. სიმსუქნის რისკის ფაქტორებია:

  • ცხიმიანი და მაღალი ენერგეტიკული ღირებულებების დიეტა;
  • უმოძრაო ცხოვრების წესი/ფიზიკური ინერტულობა;
  • ოჯახური ანამნეზი;
  • ეთნიკური კუთვნილება;
  • ასაკი;
  • მოწევის შეწყვეტა.

- რა საშიშროებას შეიცავს ჭარბი წონა?

- ჭარბმა წონამ და სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი და ხელი შეუწყოს არტერიული წნევის, ქოლესტერინის მომატებას, უნაყოფობის, ართრიტის განვითარებას, მშობიარობის გართულებებს, დაამძიმოს ასთმა და გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. სიმსუქნის პროფილაქტიკა ძირითადად შესაძლებელია ცხოვრების წესის, განსაკუთრებით კვების რაციონის შეცვლის გზით.

- რამდენად ხშირია სიმსუქნე ჩვენს სინამდვილეში?

- ბოლო ხანს როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემოსავლის ქვეყნებში შეინიშნება სიმსუქნის საგრძნობი მატება, თუმცა მცირე და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში სიხშირე უფრო მაღალია. ჭარბი წონა და სიმსუქნე აწუხებს მოსახლეობის 50-65%-ს არა მხოლოდ აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში, არამედ ისეთი განსხვავებული კულტურის ქვეყნებშიც, როგორებიც არის მექსიკა, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა. სიმსუქნის ყველაზე ფართო გავრცელება გამოვლენილია წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში.

- შესაძლებელია თუ არა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვსაზღვროთ იდეალური წონა? თუ შესაძლებელია, როგორ?

- სიმსუქნის შეფასება ყველაზე ხშირად ხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლით - სხეულის მასის ინდექსით (სმი), რომლის გამოსათვლელადაც გამოყენებულია პიროვნების სიმაღლესა და წონაზე დამყარებული მათემატიკური ფორმულა: სმი = წონა (კგ)/სიმაღლე (მ)2.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, სმი-ს კატეგორიების შესაბამისად განასხვავებენ წონის ნაკლებობას, ნორმალურ წონას, ჭარბ წონას და სიმსუქნეს. მიუხედავად იმისა, რომ სმი-ს ეს კატეგორიები ზუსტად ვერ მიჯნავს ჯანსაღ და არაჯანსაღ წონას, მათი გათვალისწინება მაინც გამოსადეგია.

ადამიანი, ვისი სმი-ც 25-იდან 29,9-მდეა, ჭარბწონიანად ითვლება, ვისი სმი-ც 30 ან უფრო მეტია - მსუქნად. თუმცა, სმი არ ასახავს არც ცხიმისა და კუნთების ზედმეტ წონას შორის განსხვავებას და არც იმას ადგენს, კონკრეტულად რა ადგილას არის განლაგებული ცხიმი, არადა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, აბდომინურ განლაგებას ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვება.

ცალკეულ შემთხვევებში სმი შესაძლოა უფრო კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე იყოს მაღალი, მაგრამ პოპულაციის დონეზე სხეულის არაცხიმოვანი მასის ცხიმთან შეფარდების თვალსაზრისით განსხვავება მცირეა.

ქალებისთვის დამახასიათებელია ცხიმის უფრო მაღალი შემცველობა იმავე სმი-ს მქონე მამაკაცებთან შედარებით; უფრო ასაკოვან ადამიანებს შესაძლოა მეტი ცხიმი ჰქონდეთ, ვიდრე იმავე სმი-ს მქონე ახალგაზრდებს.

წელის გარშემოწერილობის გაზომვა ფართოდ არის აღიარებული როგორც აბდომინური სიმსუქნის გამოსავლენი მარტივი საშუალება. წელის გარშემოწერილობა სმი-სთან ერთად სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული რისკის საუკეთესო პრედიქტორად არის მიჩნეული. წელის გარშემოწერილობა იზომება ნეკნთა რკალსა და მენჯს შორის. მამაკაცისთვის - 102 სმ-ზე, ხოლო ქალებისთვის 89-ზე მეტი წელის გარშემოწერილობა ზრდის წონასთან დაკავშირებულ დაავადებათა რისკს.

წელი-თეძოს შეფარდება (წთშ) ჭარბი წონის გამოსავლენი მარტივი საშუალებაა. წთშ ადამიანის წელის გარშემოწერილობის შეფარდებაა თეძოს გარშემოწერილობასთან. წელი ყველაზე ვიწრო ადგილას იზომება, ხოლო თეძო - ყველაზე განიერ ადგილას. შემდეგ პირველი მაჩვენებელი იყოფა მეორეზე. მამაკაცებისთვის - 1-ზე, ხოლო ქალებისთვის 0,8-ზე მეტი წთშ სიმსუქნედ ითვლება.

- როგორია სწრაფი კვების ობიექტების როლი სიმსუქნის განვითარებაში?

- სწრაფი კვების პროდუქციის უმეტესობა დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს, შაქრებს ან ორივეს ერთად. მათთან ერთად ვრცელდება უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს ან სხვა კალორიულ დამატკბობლებს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში უკალორიო დამატკბობლებზე მოთხოვნა დიდია. სასურველია, ყველა მომმარაგებელს ჰქონდეს მარტივი და გასაგები ინფორმაცია საკუთარი მენიუს შემადგენლობისა და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ.

- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ჭარბი წონის შემთხვევაში?

- ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზებისა და შედეგების კვლევისას უნდა ჩატარდეს შემდეგი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოზე და გლუკოზით დატვირთვის შემდეგ;
  • ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა;
  • ინსულინრეზისტენტობის ტესტი (HOMA-IT index);
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია;
  • ასევე - სხვა სპეციფიკური გამოკვლევები, რომლებიც პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ინდივიდუალურად შეირჩევა.

- შესაძლებელია თუ არა მოკლე ხანში წონის მკვეთრი დაკლება? თუ კი, რამდენად უვნებელია ეს ორგანიზმისთვის?

- შიმშილის დიეტები საშიშია, ხოლო ძალზე დაბალკალორიული დიეტები (ძდკდ), რომლებიც დღეში 800-ზე ნაკლებ კკალ-ს შეიცავს, არაფრით არის უფრო ეფექტური და, ამასთანავე, უფრო მძიმე ასატანია, ვიდრე დიეტები, რომლებიც 800 კკალ-ს შეიცავს.

ძდკდ-ს შეუძლია გამოიწვიოს წონის ძალზე სწრაფი კლება ორი ან სამი თვის განმავლობაში. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დაკლებული წონის შენარჩუნებას ვერ აადვილებს, ვერ ცვლის კვებით ჩვევებსა და მათ შესახებ ცოდნას, რაც საჭიროა სათანადო წონის დიდხანს შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ამ დიეტების გამოყენება არ შეიძლება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.


- რა უნდა ვიცოდეთ კალორიებზე?

- არ არსებობს მტკიცებულება, რომ დიეტის სპეციფიკური კომპონენტები (ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები, ვიტამინები და მიკროელემენტები) გავლენას ახდენს საკვების ენერგიის აბსორბციისა და ათვისების გზებზე. ამრიგად, დიეტით წონის კლების ძირითადი მეთოდია მიღებული კალორიების საერთო რაოდენობის შემცირება. ეს ყველაზე უკეთ მიიღწევა საკვებში ცხიმის რაოდენობისა და უალკოჰოლო სასმელების ხარჯზე კალორიების შემცირებით.

თავდაპირველად წონის კლების პროგრამის მიზანი უნდა იყოს სხეულის წონის დაახლოებით 10%-ის დაკლება. როცა ეს მიიღწევა, შეიძლება ახალი მიზნის დასახვა. როგორც წესი, ადამიანებს უფრო მეტის დაკლება სურთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარბწონიან ან მსუქან პირებში წონის 5%-ით შემცირებაც კი ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.

დაბალკალორიული დიეტები ტრადიციული "კალორიების სათვლელი" დიეტებია. ესენია ცხიმის დაბალი და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის დიეტები, რომლებშიც ენერგიის ოდენობა ფიქსირებულია. მათ უნდა დაემატოს ყოველდღიური ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. მიუხედავად იმისა, რომ წონის კლება შეიძლება შედარებით ნელი იყოს, ვიდრე ძდკდ-ის დროს, კლების გრძელვადიანი მაჩვენებელი ისეთივეა.

კალორიების თვლის მეშვეობით უფრო შეიძლება ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავება და ამგვარად, წონის ეფექტური შენარჩუნება.

- მაშ, როგორ გავხდეთ ეფექტურად ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

- პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევები და შედეგებზე დაყრდნობით დაენიშნოს დაბალკალორიული ან დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, ფიზიკური აქტიურობა. შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობაში წონის დასაკლები მედიკამენტების ჩართვა და ისეთი ქირურგიული ოპერაციაც კი, როგორიც არის, მაგალითად, ლიპოსაქცია, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - ბარიატრიული ოპერაცია.

- ნებადართულია თუ არა წონის დაკლების მიზნით მედიკამენტების მიღება?

- წონის დასაკლები პრეპარატები ინიშნება, როცა ცხოვრების წესის შეცვლა ან საკმარისი არ არის წონის კონტროლისთვის, ან ამის მიღწევა შეუძლებელია პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გამო. მსუქან ადამიანებს ორლისტატის და სიბუტრამინის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება ხელი შეუწყოს წონის მყარ კლებაში. ამასთანავე, დადგენილია, რომ ორლისტატს შეუძლია შეამციროს II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.

წონის დასაკლები პრეპარატები, რომლებსაც ჭარბწონიანი და მსუქანი, დიაბეტიანი ან დიაბეტის არმქონე პირები მოიხმარენ, შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

  • პრეპარატები, რომლებიც ცვლის საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს;
  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებს საკვების შეწოვას;
  • პრეპარატები, რომლებიც ზრდის ენერგიის ხარჯვას.

- როგორია პლასტიკური ქირურგიის როლი წონის კორექციაში და როდის მივმართოთ ქირურგიულ ჩარევას?

- ლიპოსაქცია და სხვა კოსმეტიკური ოპერაციები ნებადართულია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ქირურგიული ჩარევა, გარდა ბარიატრიული ოპერაციისა, პათოლოგიური სიმსუქნის დროს ეფექტურად არ მიიჩნევა. ბარიატრიული ოპერაცია ძალზე ეფექტური მეთოდია წონის გრძელვადიანი კლების მისაღწევად, განსაკუთრებით კარგი ვარიანტი კი არის უკიდურესად მსუქანი პირებისთვის, რომელთა წონის კონტროლიც მართვის სხვა მეთოდებით ძნელია.

ეს ქირურგიული მეთოდები ზრდის დანაყრების შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ ისეთი პროცედურების მეშვეობით, როგორიც არის მცირე კუჭის ფორმირება ან ამცირებს საკვები ნივთიერებების შეწოვას ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთის შუნტირების გზით.

ბარიატრიული ქირურგია აღიარებულია II ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ, მაგრამ ვინაიდან ამგვარ ოპერაციას ახლავს მცირე, მაგრამ ანგარიშგასაწევი რისკი, მისი გაკეთება მიზანშეწონილია მხოლოდ სიმსუქნის მძიმე შემთხვევაში (სმი>40).

- ძალიან ხშირად წარმატებული დიეტის დასრულებიდან მოკლე ხნის შემდეგ ადამიანები ისევ იწყებენ წონის მომატებას. რატომ ხდება ასე და როგორ შევინარჩუნოთ დიეტით მიღებული წონა ოპტიმალურ დონეზე?

- მოგეხსენებათ, წონის დაკლება ძნელია, მაგრამ დაკლებული წონის შენარჩუნება - უფრო ძნელი. ამ პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტიურობა, რეგულარული ვარჯიში.

- რაკი ვარჯიში ახსენეთ, რა როლი ეკისრება ფიზიკურ აქტივობას სიმსუქნესთან ბრძოლაში?

- თუ ადამიანი ყოველდღიურად არ აქტიურობს, ის, სავარაუდოდ, უფრო ნაკლებ კალორიას წვავს, ვიდრე იღებს. ამგვარად, იზრდება მისი გასუქების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მზარდი ფიზიკური აქტივობა და რეგულარული ვარჯიში ადრეულ სტადიებზე შესამჩნევ გავლენას არ ახდენს წონის კლების სიჩქარეზე, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის შენარჩუნებაში.

- რომელი ფიზიოთერაპიული პროცედურები შეიძლება დაგვეხმაროს ჭარბი კილოგრამების მოშორებაში?

- ჰიდროპროცედურები, სპათერაპია და მასაჟები შეიძლება ყველაზე ოპტიმალურ ფიზიოთერაპიულ პროცედურებად ჩაითვალოს.

- რას ურჩევთ მათ, ვისაც წონის დაკლება სურს და მათ, ვისაც სტაბილური წონის შენარჩუნება უნდა?

- ინდივიდუალურად, ექიმის მიერ შერჩეულ ჯანსაღ კვების რეჟიმს და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას.