რა საჭიროა სკამი
ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ბავშვისთვის სულერთია, რაზე ზის ჭამის დროს. სპეციალისტები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. პატარა მაგიდასთან მოხერხებულად და უსაფრთხოდ ჯდომა კარგი მადისა და მშვიდად ჭამის საწინდარია. ბავშვს მხოლოდ მაშინ შეუძლია, მთელი ყურადღება გემრიელ კერძს მიაპყროს, როცა არაფერი აწუხებს და აშფოთებს. დღეს სპეციალური პატარამაგიდიანი სკამების ფართო არჩევანია.
ასეთი მრავალფეროვნების შემხედვარე შესაძლოა დავიბნეთ კიდეც. სკამების სხვადასხვაგვარი დიზაინი და განსხვავებული ფუნქციები გვაბნევს და არჩევანს გვირთულებს. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. ბავშვისათვის კომფორტი და უსაფრთხოებაა მთავარი. საკმარისია ეს ორი მოთხოვნილება დავუკმაყოფილოთ, რომ დიდი ენთუზიაზმით დაიწყებს ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებას, რასაც მას სკამი აძლევს. მთავარია, სკამი უსაფრთხო იყოს, რათა არ გვეშინოდეს, რომ ბავშვი გადმოვარდება.
ზუსტად ზომის მიხედვით
თუ ბავშვს ჯდომა უკვე შეუძლია, ჯობს, სკამის შესაძენად მასთან ერთად გაეშუროთ. მართლაც, მხოლოდ შეხედვით ძნელია განვსაზღვროთ, კომფორტულად იგრძნობს თუ არა თავს პატარა სკამში ჯდომისას. ჩასვით ბავშვი შესაძენად შეთვალიერებულ სკამში და ყველაფერი უმალვე ნათელი გახდება. თუ ბავშვი მაღალია, შესაძლოა, მუხლები მაგიდაზე მიებჯინოს, თუ მეტისმეტად პატარა - ჩამოეკიდოს. თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი ვარიანტი, რომ პატარა მოხერხებულად მიეყრდნოს სკამის საზურგეს, გასწორდეს და ფეხებიც მოხერხებულად დადგას.
არსებობს მოდელები, რომელთა შეძენის შემთხვევაშიც საშუალება გექნებათ, სურვილისამებრ არეგულიროთ დასაჯდომისა და ფეხსადგამის სიმაღლე. ასეთი სკამი საკმაოდ ეკონომიურიც არის, რადგან დიდხანს გამოგადგებათ. დააკვირდით, მეტისმეტად ხალვათად ხომ არ გრძნობს ბავშვი თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი სკამში არ უნდა "იძირებოდეს", უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში მაგიდასაც დაეყრდნოს და საზურგესაც მიაწვეს.
გაითვალისწინეთ: საბავშვო სკამების ზოგიერთი ფუნქცია აუცილებელია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვისაც. ზოგიერთ მოდელს საზურგე შეიძლება უკან გადავუწიოთ და რამდენიმე განსხვავებული პოზიცია მივაღებინოთ. შეიძლება ვცვალოთ სკამის სიმაღლეც. ყველაზე დაბალი "სართული" ბავშვთან სათამაშოდ დაგვჭირდება, ხოლო "მაღალი" - გამოსაკვებად. თუ იცით, რომ სხვა დონეები არაფერში გჭირდებათ, არავითარი აზრი არ აქვს ზედმეტი თანხის გადახდას სკამში, რომელიც 5-7 სხვადასხვა სიმაღლეზე გადართვის საშუალებას გაძლევთ, მაგრამ თუ გსურთ, ბავშვი დროდადრო საერთო სუფრასთან დასვათ ან კომპიუტერთან მუშაობისას გვერდით მოისვათ, ასეთი სკამის შეძენა მართლაც ღირს - ყველა მაგიდის ზედაპირი ხომ სხვადასხვა სიმაღლეზეა.
ძალზე მნიშვნელოვანია სკამის სისუფთავეც. სანამ ბავშვი დამოუკიდებლად ჭამას ისწავლის, სკამი არაერთხელ დაისვრება. მუშამბისმაგვარი ზედაპირი ადვილად იწმინდება, თუმცა ის ბავშვებს მაინცდამაინც არ მოსწონთ. თუ პატარას მხოლოდ პამპერსით ჩავსვამთ სკამში, არასასიამოვნო სიცივეს იგრძნობს, სიცხეში კი გაოფლიანდება. ქსოვილით დაფარული ზედაპირი უფრო მოხერხებულია, მაგრამ მისი ხშირი რეცხვა მოგიწევთ. გაცილებით პრაქტიკულია სკამი, რომელიც დაფარულია თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილით. ასეთი ქსოვილი ადვილად ირეცხება.
ყურადღება მიაქციეთ მაგიდასაც. მოსახსნელი გაცილებით მოხერხებულია, ვიდრე უძრავი. მოძრავი მაგიდა შეიძლება წინ გამოვწიოთ და უკანვე მივწიოთ. ძალიან კარგია, როცა მაგიდას აქვს სპეციალური ჩაღრმავებები ჭიქისა და თეფშის დასადებად - პატარა ბავშვი ხომ ძალიან მოუსვენარია და შესაძლოა, თეფშს ან ჭიქას ხელი გაჰკრას. ზოგიერთი მწარმოებელი სკამს უკეთებს საკმაოდ ტევად კალათს, რომელშიც შეიძლება სათამაშოები ჩავაწყოთ.
სრული უსაფრთხოება
სკამს სიმყარეს ფეხები სძენს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისინი არ სრიალებდნენ და გამძლეობა არ აკლდეთ. თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ სკამი მყარი და გამძლეა, იმაზეც იზრუნეთ, რომ ბავშვი სკამიდან არ ჩამოვარდეს. ამაში ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ სპეციალური ქამარი. ის ბავშვს წელის, მხრებისა და ბარძაყების არეში უმაგრდება. ქამარი საკმაოდ გრძელი უნდა იყოს საიმისოდ, რომ ბავშვს სკამში ჯდომა სამ წლამდე არ გაუჭირდეს. მოდელები, რომლებსაც ქამრები არ აქვს, ნაკლებად საიმედოა. პატარა ბავშვი აქტიურად შეისწავლის გარესამყაროს, ცდილობს, ყველაფერს შეეხოს. მიაქციეთ ყურადღება, რომ სკამიდან ისეთს ვერაფერს მისწვდეს, რაც დააშავებს.