ციროზის და კუჭის კიბოს დროს სისხლდენების ემბოლიზაცია, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება
ამიტომ სისხლის ღებინების პირველი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ აუცილებელია დროულად მიმართოთ კლინიკას, სადაც შესაბამის კვლევებს ჩაგიტარებენ, მიზეზს გაარკვევენ და შესაბამის მკურნალობასაც დაიწყებენ.
შინაგანი სისხლდენისა და სისხლის ღებინების შესახებ სასაუბროდ კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მალხაზ მიზანდარს მივმართეთ.
- როდის ხდება შინაგანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან?
- სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ბევრი სხვადასხვა დაავადების დროს; აქ მნიშვნელოვანია მისი ინტენსივობა - ანუ, ერთდროულად სისხლის დანაკარგის რაოდენობა. ინტენსიური სისხლდენა შესაძლოა ფატალურიც იყოს. შედარებით ხშირია სისხლდენა კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულებისა და სიმსივნეების, ასევე საყლაპავიდან ღვიძლის ციროზის დროს. ამ დაავადებათა დროს სისხლდენა გამოვლინდება ხოლმე ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, რა დროსაც პაციენტს აქვს კუპრისფერი (შავი) განავალი. როცა სისხლდენა საყლაპავის გაფართოებული ვენებიდანაა, მაშინ პაციენტს აღენიშნება ხოლმე სისხლიანი პირღებინება, რაც ციროზიანი პაციენტების უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს.
- როგორ ხდება სისხლის ღებინებით შემოსული პაციენტის მართვა?
- დასახელებული ორივე პათოლოგიის დროს სისხლის ღებინება ურგენტულია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფატალურად დასრულების რისკი არსებობს. ამიტომ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტს ენდოსკოპიური ჩარევა უტარდება. ციროზის დროს ექიმს საყლაპავში ხვდება ვენების მკვეთრი გაფართოება (ვარიკოზი), რომელსაც ლიგირებას უკეთებს. კუჭში სისხლმდენი სიმსივნის ნახვის დროს კი, სისხლმდენ ადგილს მოწვავს. აღნიშნული ენდოსკოპიური ჩარევა ტექნოლოგიურად რთული არაა და შედეგიც მყისიერია, მაგრამ ამგვარი ჩარევით შესაძლოა ვერ იქნას მიღწეული შედეგი ან იგივე პრობლემამ შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი განმეორებით - ასეთ შემთხვევაში სისხლდენის ემბოლიზაციაა საჭირო.
- რას ნიშნავს სისხლდენის ემბოლიზაცია? როგორ ტარდება ეს პროცედურა?
- სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება რამდენჯერმე შეიძლება, მაგრამ თუ ეს საბოლოო შედეგს ვერ გვაძლევს და ამასობაში პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, საჭირო ხდება ინტერვენციული რადიოლოგიის ამ მეთოდის გამოყენება.
ციროზის დროს ჩარევა ხდება ვენაზე, სიმსივნის შემთხვევაში კი არტერიაზე. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით, უოპერაციოდ შევდივართ სისხლმდენ სისხლძარღვში და მას სპეციალური მცირე ზომის მარყუჟებით ჩავკეტავთ. დახშული სისხლძარღვიდან (არტერია ან ვენა) სისხლის დანაკარგი ძალიან სწრაფად აღიკვეთება და შესაბამისად ეს აისახება კლინიკურადაც - პაციენტს აღარ აქვს სისხლიანი ღებინება და კუპრისფერი განავალი და მისი მდგომარეობა სტაბილიზდება.
- როგორ გრძელდება პაციენტის მკურნალობა ემბოლიზაციის შემდეგ?
- ემბოლიზაციით პაციენტის მკურნალობა არ სრულდება, რადგან სისხლდენები სერიოზული პათოლოგიებითაა გამოწვეული. ციროზის შემთხვევაში ემბოლიზაცია პაციენტს დროს აძლევს, რომ გამოსავალი მოძებნოს და სისხლდენით არ დაიღუპოს. ამ დროს, როგორც წესი, პაციენტმა ღვიძლის გადანერგვაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა.
კუჭის სიმსივნის შემთხვევაში, ემბოლიზაციით პაციენტს საშუალებას ვაძლევთ, რომ მკურნალობა დამატებითი გართულებების გარეშე გააგრძელოს. თუმცა რიგ შემთხვევებში, როდესაც სხვა მკურნალობა (მაგალითად, რადიკალური ქირურგიული ჩარევა) შეუძლებელია, ემბოლიზაცია ეხმარება პაციენტებმა სიცოცხლის ბოლო თვეები მშვიდად, სისხლდენების ეპიზოდების გარეშე გაატარონ.
- მოგვიყევით გუნდზე, რომელიც ამ პროცედურების ჩატარებაშია ჩართული.
-„ნიუ ჰოსპიტალსში“ ინტერვენციული რადიოლოგიის ძალიან ძლიერი გუნდი მუშაობს. ჩვენს თითოეულ ექიმს სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ სისხლდენების დროს როგორც წესი ვახერხებთ დასახული მიზნის მიღწევას ემბოლიზაციის საშუალებით. პროცესში ჩართულია თერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და ექთნების ძლიერი გუნდი.
R