ფიზიკური აქტივობა წელისა და ზურგის ტკივილის დაძლევის საუკეთესო საშუალება
– ბატონო თემურ, ჩვენი დღევანდელი ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა ზურგის, წელის ტკივილი. რა არის მისი გახშირებისა და განვითარების მიზეზები?
– ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარა ორგანიზმია, რომელიც ვერტიკალურად გადაადგილდება. აქედან გამომდინარე, დიდი დატვირთვა ძირითადად წელის მალებზე მოდის, რომლებიც ამას ვერ უძლებენ. შეიძლება ევოლუციურად ჯერ არ ვართ ვერტიკალური მოძრაობისთვის განვითარებული.
წელის ტკივილი ყოველთვის აწუხებდა ადამიანს. შეიძლება ახლა ეს უფრო აქტუალური და გავრცელებულია, ვინაიდან ადამიანებში მოიმატა ადინამიურობამ. თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძირითადად სამუშაო ასპარეზი ოფისურია, როდესაც ადამიანს უწევს კომპიუტერთან გარკვეულ პოზაში ხანგრძლივად ჯდომა. ამის გამო ვითარდება კუნთოვანი სპაზმი, დაჭიმულობა, რომელიც შესაბამისი აქტივობის არარსებობისას ხდება ქრონიკული ტკივილის ან რაიმე უხერხული მოძრაობისას წელის მწვავე ტკივილის მიზეზი.
ზოგადად, წელის ტკივილი გავრცელებული მდგომარეობაა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30-40 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც რაღაც დოზითა და სიმწვავით არ განუცდია წელის ტკივილი.
ზურგის და წელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- პარავერტებრალური ანუ ხერხემლის მალების დამაკავშირებელი კუნთების სპაზმი;
- დისკოპათია – ხერხემლის მალათაშუა დისკის თიაქარი;
- სკოლიოზი, რომელიც იწვევს კუნთოვანი ტონუსის არასწორ გადანაწილებას და მიდრეკილებას კუნთოვანი სპაზმების მიმართ;
- სპონდილოართროზი – მალების დამაკავშირებელი სახსრების ანთება;
- ოსტეოპოროზი – ძირითადად მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალბატონებს უვითარდებათ და კლინიკურად განსხვავდება ჩვეულებრივი ზურგის ტკივილისაგან.
ამას გარდა, არსებობს ასევე სხვა დაავადებები, რომლებიც ასევე იწვევენ წელის ტკივილს. მაგალითად: თირკმლის ჭვალი კენჭოვანი დაავადების დროს, ხერხემლის სიმსივნე, ოსტეოპოროზის დროს ხშირია მალის მოტეხილობა, რომელმაც აუტანელი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს.
– რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ტკივილის განვითარება?
– ოსტეოპოროზი, სპონდილოართროზი ნივთიერებათა ცვლასთან, ასაკსა თუ სხვა ფაქტორებთან დაკავშირებული დაავადებებია.
ზოგადად, წელისა და ზურგის ტკივილს, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი გამაერთიანებელი მაპროვოცირებელი ფაქტორი აქვს – ადინამია. მოძრაობისას კუნთები ხურდება, თანაბრდება, სპაზმისკენ მიდრეკილი აღარ არის.
არასწორად აწეულმა ტვირთმა (განსაკუთრებით – როდესაც მოხრილი წევს ადამიანი ტვირთს) შეიძლება გამოიწვიოს მალათაშუა დისკის დამატებითი გამობურცვა ან გამოვარდნა და ზეწოლა იქვე მდებარე ნერვებზე, რაც იწვევს მწვავე ტკივილს, ზოგჯერ ირადიაციით დუნდულოზე ან მთელ ფეხზე. ამ მდგომარეობას რადიკოლუპათიას ვუძახით.
ჭარბ წონას დიდი როლი მიუძღვის ზურგისა და წელის ტკივილის აღმოცენებაში. ზოგადად, ადვილი არ არის ჭარბ წონასთან ბრძოლა და მისი დაქვეითება გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოხდეს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, ვინც ამას მიაღწია, ტკივილი გაცილებით ნაკლებად აღენიშნებოდა. რა თქმა უნდა, ჭარბი წონა ერთ-ერთი რისკფაქტორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამხდარს არ აღენიშნება წელის ტკივილი. თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე ჭარბწონიან ადამიანს.
– გარდა ტკივილისა, რა სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს ამ დროს?
– წამყვანი არის ტკივილი. ნერვზე გარკვეული ხარისხისა და ხანგრძლივობის ზეწოლისას შეიძლება განვითარდეს კიდურებში დაბუჟება და შორს წასულ შემთხვევებში გარკვეული კუნთების სისუსტე.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
– ძირითადად კლინიკური გასინჯვით, გამოკითხვით: როგორ ვითარდება ტკივილი, როგორია ლოკალიზაცია, მიმდინარეობა, გადაეცემა თუ არა და ა.შ. ასევე არსებობს გარკვეული ნევროლოგიური გასინჯვის ტესტები.
მნიშვნელოვანი კვლევაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის აუცილებლობა ყოველთვის არ არის და დგება მაშინ, როდესაც ვეჭვობთ მალათაშუა თიაქარს, თუ ვვარაუდობთ ქირურგიულ მკურნალობას, ოსტეოპოროზის დროს მალის დესტრუქციას ან მოტეხილობას, ხერხემლის სიმსივნეს ან მეტასტაზურ დაზიანებას და ა.შ.
ზოგჯერ ნერვის დაზიანების ხარისხის გამოსავლენად საჭიროა ელექტრონეირომიოგრაფია, რომ დადგინდეს პერიფერიული ნერვების ფუნქციური მდგომარეობა.
– როგორ ხდება მწვავე ტკივილის მართვა?
– ძირითადად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ზოგჯერ ანტიკონვულსანტების ტიპის ტკივილგამაყუჩებლები, მიორელაქსანტები, ფიზიკური მეთოდები, გარკვეული ელექტროთერაპიული პროცედურები.
– მწვავე პერიოდში ვარჯიში, ფიზიოთერაპია არ შეიძლება. როდის დგება ამ მეთოდების საჭიროება?
– აქტიური ფიზიკური თერაპია მწავე პერიოდში ნაკლებად საჭიროა. ელექტროთერაპია დასაშვებია და საკმაოდ ეფექტურია.
წელის ტკივილის მკურნალობა შეიძლება სამ მიმართულებად დავყოთ:
- მწვავე პერიოდის მკურნალობა, როდესაც ტკივილი უნდა მოიხსნას;
- ქირურგიული მკურნალობა, თუ ამის საჭიროებაა კლინიკური და დიაგნოსტიკური ტესტების მიხედვით;
- ცხოვერების წესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ხშირი გართულებები ან თითქმის უმნიშვნელო ტკივილამდე მივიდეთ. ეს არის: ფიზიკური აქტივობა, იდეალურია წყლის პროცედურები. წყლის ამომგდები ძალა არეგულირებს კუნთთა ტონუსს. ამიტომ ცურვა, წყალში ვარჯიში ადამიანმა ცხოვრების წესად უნდა გაიხადოს. ოფისში მუშაობისას, ჯდომიდან 1-2 საათის შემდეგ, საჭიროა გაჭიმვები, რათა ტონუსმომატებული კუნთები გაიშალოს, გახურდეს და არ გადავიდეს მტკივნეულ სპაზმში.
– ხშირად, წარმატებული მკურნალობის ერთი კურსის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ადამიანები თავს გამოჯანმრთელებულებად მიიჩნევენ და უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ, ადინამიურ წესს. რამდენად ხშირია რეციდივი და რას ურჩევდით მათ?
– ოპერაციული ჩარევისას დაახლოებით 30%-ში აღინიშნება რეციდივი. დისკექტომიის შემდეგ, თუ არ იქნა კუნთოვანი კორსეტი გამაგრებული და ცხოვრების სტილი დაცული, რაზეც უკვე ვისაუბრე, დიდი ალბათობით, შეიძლება კიდევ გამოვიდეს თიაქარი და რეოპეაცია გახდეს საჭირო.
პირველ რიგში, ცხოვრების წესს უნდა მიექცეს ყურადღება. ეს არის: ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ცურვა. ადამიანმა უნდა გამონახოს დრო ფიზიკური ვარჯიშისათვის, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, მომავალი გართულებები თავიდან აიცილოს და ფსიქოლოგიურადაც გაჯანსაღდეს.
R