გარუჯვა ნაოჭებსაც აჩენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აღმოჩნდა, რომ დღეგრძელი ადამიანი "ნორმალურისგან" ფიზიოლოგიურადაც განსხვავდება. მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2002 წელს განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს გენი "მათუსალა", რომლის წყალობითაც ის ადამიანიც კი, ვინც არ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, დიდხანს ცოცხლობს. იმხანად მიაჩნდათ, რომ გენი, რომელსაც ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი უწოდეს, ადამიანს მოწევისა და სხვა მავნე ჩვევების გავლენისგან იცავდა და ასაკობრივი დაავადებების გადავადებაც კი შეეძლო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთი გენი დღეგრძელობის უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა და დღეგრძელობის საიდუმლო გენების ჯგუფში უნდა ყოფილიყო დამალული.

გამოკვლევაში, რომელიც ლეიდენის უნივერსიტეტში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 90-დან 99 წლამდე ასაკის 3 500-მა ჰოლანდიელმა. გამოკვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სიბერისა და დაავადებების გამშვები გენების სიმრავლით დღეგრძელები სხვებს არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ მათთან ერთად აქვთ სხვებიც, რომლებიც "მავნე" გენების ამოქმედებას აფერხებენ. The Times-ში დაიბეჭდა პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ აღმოჩენამ "ახალგაზრდობის ელექსირის" შექმნა რეალობად აქცია. რამდენიმე კვირის წინ ლონდონში გამართულ კონფერენციაზე სიბერის პრობლემების წამყვანმა სპეციალისტმა განაცხადა კიდეც, რომ ადამიანის ფიზიოლოგიური აქტიურობის გამახანგრძლივებელი და "სიბერის შემაფერხებელი" პრეპარატის კლინიკური გამოცდა 2012 წელს დაიწყება. მეცნიერთა აზრით, ეს პრეპარატი ფარმაკოლოგიური წარმოების ჰიტი გახდება.

მეცნიერებმა რამდენიმე მავნე პროდუქტის რეაბილიტაცია მოახდინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების სია გამოაქვეყნეს. მასში მოხვდა საკვები, რომელიც ადრე მავნედ იყო მიჩნეული. ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოს სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბატიბუტი (პოპკორნი) საგრძნობლად აფერხებს კიბოსა და გულის დაავადებების განვითარებას, ხოლო არაქისის კარაქი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავასა და ცილების წყაროს, რომლებიც იცავენ ნაწლავებს და ამცირებენ გულის შეტევის რისკს. დაკონსერვებული ლობიო რკინის, კალციუმის, ცილებისა და უხსნადი ბოჭკოების შემცველობით გამოირჩევა, უზრუნველყოფს ძვლებისა და კუნთების სიჯანსაღეს და დიდი ხნით თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას.

სასარგებლო პროდუქტების სიაში შევიდა ჯემიც - მის შემადგენლობაში შემავალი პექტინი ყაბზობას და ანგინას უხდება. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ, ზოგიერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, პექტინი კიბოს უჯრედებს ებრძვის.

სუპერპროდუქტად ასევე აღიარეს კარტოფილი, ღორის ქონი, შოკოლადის პასტა Nutella, ყველი და მდოგვი.

გრძელი ცხვირი ხელსაყრელია

ამერიკელმა მეცნერებმა დაადგინეს, რომ ცხვირის ზომას უშუალო კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან. აიოვის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ გრძელცხვირა ადამიანები გაციებისგან უფრო უკეთ არიან დაზღვეულნი. საქმე ის არის, რომ ცხვირი ერთგვარი ბარიერის როლს ასრულებს გაციების გამომწვევი ვირუსებისა და ალერგიული რინიტის გამომწვევი ყვავილის მტვრის ცხვირ-ხახისკენ მიმავალ გზაზე.

ასე რომ, როგორც მკვლევრებმა განაცხადეს, გრძელცხვირა ადამიანები ცხვირპაჭუებზე 7%-ით ნაკლებ ვირუსებსა და მავნე ნაწილაკებს ჩაისუნთქავენ.

მეცნიერთა თქმით, ბარიერის ფუნქციას ასრულებენ ტუჩებიც - მათი წყალობით პირში ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკების მოხვედრა 3,2%-ით მცირდება.

სწავლულებმა ასეთი ცდა ჩაატარეს: დაამზადეს ორი ხელოვნური ცხვირი, რომელთაგან ერთი მეორეზე 2,3-ჯერ დიდი იყო და ორი წყვილი ტუჩი - სქელი და თხელი. მულიაჟები ისე განათავსეს, როგორც სახეზეა განლაგებული და მიუერთეს მილი, რომელიც ჰაერს ტუმბოს დახმარებით ისრუტავდა, ბოლოს კი "ჩასუნთქული" ჰაერის შემადგენლობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ გრძელი ცხვირი უკეთ იცავს ცხვირ-ხახას ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისგან და საგრძნობლად ამცირებს ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.


სოლარიუმის მოყვარულებს კანის კიბოზე მეტად ნაოჭებისა უნდა ეშინოდეთ

ამერიკელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ გარუჯვა მხოლოდ მელანომის განვითარების რისკს კი არ ზრდის, არამედ ნაოჭებსაც აჩენს. დასავლეთის ქვეყნებში უფროსკლასელებისა და სტუდენტების მეოთხედზე მეტი ინტენსიურად ირუჯება სოლარიუმში. სწორედ ამას მიაწერენ ონკოლოგები ახალგაზრდა ქალებში მელანომისა და კანის სხვა სიმსივნური დაავადებების ზრდის მაღალ ტემპს.

აშშ-ის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, 15-დან 39 წლამდე ასაკის თეთრკანიან ამერიკელებში მელანომით ავადობამ 1980 წლიდან 2004 წლამდე 50%-ით მოიმატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლახან შეცვალა სოლარიუმის საშიშროების კვალიფიკაცია და იგი კიბოს განვითარების ყველაზე მაღალ კატეგორიას მიაკუთვნა. ამერიკელ დერმატოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ სოლარიუმის მოყვარულებს მაინცდამაინც არ აშფოთებთ მოსალოდნელი კიბო; სამაგიეროდ, აფრთხობთ ნაადრევი ნაოჭების გაჩენის სავსებით რეალური ალბათობა - გარეგნობა ხომ მათთვის ყველაფერია.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გოგონებს მხოლოდ სილამაზის დაკარგვის შიში თუ ათქმევინებს უარს ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების გამოყენებაზე. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 22 წლამდე ასაკის 435-მა სტუდენტმა, რომლებიც ხშირად სარგებლობდნენ სოლარიუმით (ზოგიერთი კვირაში 4-ჯერაც კი ირუჯებოდა). მრავალ მათგანს აღმოაჩნდა სხეულის დისმორფიის სიმპტომები (ეს არის ფსიქიკური დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი კატეგორიულად არ იღებს თავისი კანის ბუნებრივ შეფერილობას). ფსიქოთერაპევტებმა გამოკვლევის მონაწილეებს აღმოუჩინეს მძიმე აფექტურ დარღვევათა ნიშნებიც - ეს გოგონები სოლარიუმს რელაქსაციის, დეპრესიისა და ნევროზის დამოუკიდებლად მკურნალობის მიზნით სტუმრობდნენ. გამოკვლევის მონაწილეებს დაურიგდათ 25-გვერდიანი ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო გარუჯვის ეფექტი კანის გარეგნულ იერსახეზე და ახსნილი იყო, როგორ ანადგურებს ულტრაიისფერი სხივები დერმის კოლაგენებს, რომლებიც კანის სიმტკიცისა და სიგლუვისთვის აუცილებელია.

გოგონების აზროვნებაზე ნაადრევი ნაოჭების გაჩენისა და კანის დანაწიბურების საფრთხემ უფრო მეტად მოახდინა გავლენა, ვიდრე კანის კიბოს განვითარების საშიშროებამ. შედეგად გამოკვლევის მონაწილეებმა ექსპერიმენტის დასრულებიდან ნახევარი წლის განმავლობაში სოლარიუმში სიარულს 35%-ით მოუკლეს, ზოგიერთმა კი საერთოდ შეწყვიტა იქ სიარული. ასე რომ, ექიმებსა და მშობლებს ურჩევენ, გოგონების ყურადღება მიაპყრონ არა კიბოს განვითარების საშიშროებას, არამედ კანის ადრეული დანაოჭების მაღალ ალბათობას. ადრეულ ასაკში ნაოჭების გაჩენის შიში გოგონებს დააფიქრებს გარუჯვის შედეგებზე და რეგულარულ ულტრაიისფერ დასხივებაზე უარს ათქმევინებს.

პარაცეტამოლი და ანტიბიოტიკები ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკს ზრდის

ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვილ ასაკში პარაცეტამოლისა და ანტიბიოტიკების მიცემა ზრდის მომავალში ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკს. თუმცა გამოკვლევის ავტორს მიაჩნია, რომ განგაშის ზარების შემოკვრა ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, დერმატიტის რისკს მართლა ეს პრეპარატები ზრდის თუ ინფექციური დაავადებები, რომელთა სამკურნალოდაც ეს პრეპარატები გამოიყენეს. არც სხვა ფაქტორების როლის გამორიცხვა შეიძლება. მისივე თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბავშვებს, რომელთაც მაღალი სიცხის გამო აძლევენ პარაცეტამოლს, წესისამებრ, ანტიბიოტიკოთერაპიაც აქვთ დანიშნული. დაბეჯითებით ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ადრეულ ასაკში მიღებული მედიკამენტების მავნე ზემოქმედებამ შესაძლოა წლების შემდეგ იჩინოს თავი.

უძილობა ჭარბი წონის საწინდარია

სიეტლის (აშშ) ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა განაცხადეს, რომ მოზარდები, რომლებსაც ღამით საკმარისად არ სძინავთ, სწრაფად იმატებენ წონას. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 14 წლის 723-მა მოზარდმა.

ფიზიკური აქტიურობის განსაზღვრის მიზნით ისინი 7 დღის განმავლობაში ატარებდნენ წელზე შემორტყმულ აქსელერომეტრს. გარდა ამისა, ისინი გამოკითხეს, როგორ და რამდენი ეძინათ უქმე და სადაგ დღეებში, რას და რამდენს ჭამდნენ და სვამდნენ დღის განმავლობაში და მიღებული მონაცემების საფუძველზე მათ მიერ მიღებული კალორიების ოდენობა განსაზღვრეს. გათვალისწინებულ იქნა ბავშვების მასის ინდექსი და ორგანიზმში ცხიმის პროცენტიც. აქსელერომეტრის გამოყენებამ და კვებაზე 24-საათიანმა დაკვირვებამ მედიკოსებს საგრძნობლად გაუმარტივა თინეიჯერების ძილის რეჟიმსა და წონაზე დაკვირვება.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის ძილის უკმარისობას უშუალო კავშირი აქვს სხეულის მასის მატებასთან. სრულფასოვანი ღამის ძილი დიდი ხანია აღიარებულია ცხოვრების ჯანსაღი წესის ელემენტად, ხოლო მოზარდ ასაკში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღამის ძილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.