ფსიქორეაბილიტაცია ფიზიკური თუ სულიერი ტრავმისგან გამოწვეული სტრესის შემდეგ
მისი სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოლოგიაზე. ტრავმის სიმძიმის მიხედვით, ფსიქორეაბილიტაცია და მისი მეთოდების შერჩევა სტრესის ხარისხზეა დამოკიდებული.
ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება და საფრთხე, ინფორმაციული გადატვირთვა, დიდი პასუხისმგებლობა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება და ა.შ.
ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი სახეა ემოციური სტრესი. ეპიდემიების დროს ჩნდება მძიმე დაავადების შიში, შფოთვითი დარღვევები, მით უმეტეს, როცა ადამიანები განუწყვეტლივ იღებენ ინფორმაციას საშიში ვირუსის სწრაფი გავრცელების შესახებ, დაავადებულთა რიცხვის ზრდისა და სიკვდილიანობის შესახებ. ასეთი ცნობები, რა თქმა უნდა, ზრდის დაძაბულობას, შფოთს და ტვინში უარყოფითი იმპულსების გადაცემას იწვევს, რაც ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიური ფაქტორების უშუალო ზემოქმედებას ახდენს, ქვეითდება იმუნიტეტი.
პანდემიამ უდიდესი გავლენა იქონია ცხოვრების ყველა სფეროზე. ის მილიონობით ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას შეეხო.
დღეს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია პოსტკოვიდური გართულებების თემა. ამ გართულებებს უწოდებენ „ლონგ კოვიდს“ ან „თეთრ კოვიდს“.
ევროპელი სპეციალისტების აზრით, კოვიდმა ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკური ზიანი მიაყენა და ფიზიოლოგიური პრობლემები გაუჩინა - გართულებები დაუტოვა სხვადასხვა ორგანოზე, სერიოზულად გაართულა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ფსიქოლოგები და ექიმები ხაზს უსვამენ ისეთი მოვლენების არსებობას, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები, განწყობილების შეცვლა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, კოვიდის გადატანიდან პირველ 6 თვეში 33%-ს განუვითარდა სხვადასხვა მენტალური დაავადება.
„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის, აზრით, როგორც კოვიდ 19-ის, ისე ნებისმიერი დაავადების დაძლევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოემოციურ განწყობას. დ. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, რომ ფსიქიკა მართავს სხეულს. უარყოფითი განწყობა ამძიმებს ავადმყოფობას, შემართება და გამარჯვების რწმენა კი გადარჩენის საწინდარია 99% შემთხვევაში.
დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც შექმნილია სიტუაცია, როცა პანდემიის გამო ქვეყანა საკარანტინო რეჟიმშია, მოსახლეობას ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება უწევს. უპირველეს ყოვლისა, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ ეს წესები. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რაც ფსიქოლოგიურად ეხმარება დაძაბულობის შემცირებას. მაქსიმალურად ყველა უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს სიმშვიდე, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არ არიან მარტონი ამ სიტუაციაში, ეს არის საერთო პრობლემა და მის დასაძლევად ადამიანები უნდა გაერთიანდნენ - უნდა გვქონდეს ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები, ერთმანეთის მოსმენის, გაგების, დადებითი ემოციების გაზიარების უნარი. ძალიან კარგია, ყველაფრისთვის იუმორით შეხედვა, რაც, საბედნიეროდ, შეიმჩნევა სოციალურ ქსელში, ადამიანები ფსიქოლოგიურად ამაგრებენ ერთმანეთს, თანადგომას და თანაგრძნობას უცხადებენ ექიმებს, რომლებიც ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და თვითონაც გადაძაბულნი არიან მაღალი პასუხისმგებლობის გამო.
ერთად დგომისა და გაერთიანების სურვილი უნდა იყოს რეალური და არა ფორმალური. ჩვენ მართლაც შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება, თუ მოვინდომებთ! უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინს მხოლოდ დადებითი იმპულსები უნდა მივაწოდოთ, ჩავიგონოთ, რომ ყველაფერს დავძლევთ, მოვერევით, არ უნდა შეგვეშინდეს და საპასუხო რეაქციაც დადებითი იქნება, რაც გაზრდის ბრძოლის უნარს, გააძლიერებს ორგანიზმს, რომელიც მტკიცედ შეხვდება და თავიდან აიცილებს ავადმყოფობის ნებისმიერ გამომწვევს.
სტრესული სიტუაციები, სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს ფსიქოემოციურ სფეროზე, ეპიდემიების დროს, მით უმეტეს, ახალი, უცნობი კორონავირუსის გამო, შეიძლება აღმოცენდეს შფოთვითი დარღვევები, რაც გვხვდება ყველა ასაკის, ყველა პროფესიისა და სოციალური სტატუსის ადამიანთა შორის. ამას დაემთხვა ისიც, რომ ასეთი შფოთვითი დარღვევები იწყება გაზაფხულზე და განსაკუთრებით მწვავდება მარტსა და აპრილში, რისი მიზეზიც გაზაფხულზე სეროტონინის, ადრენალინისა და სხვა ჰორმონების გააქტიურებაა. ამ ჰორმონთა თანაფარდობის შეცვლა იწვევს შიშს, აღელვებას, იმპულსურობას ან პასიურობას. ამიტომ ამას ჰალუცინაციებს ვერ მივაწერთ და ეს შფოთვითი განვითარების რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს იმის გამო, რომ ადამიანებს უწევთ შენობებში ყოფნა და თვითიზოლაცია.
საბედნიეროდ, მოსახლეობას მუდმივად უკავშირდებიან ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები და განუწყვეტლივ აძლევენ რეკომენდაციებს. შიში და შფოთი ცუდი მრჩეველია! უნდა დავიცვათ სიმშვიდე, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, გადავანაცვლოთ ყურადღება და დავკავდეთ სხვადასხვა საქმით!
საშიში ინფექციისაგან, ამ შემთხვევაში კორონავირუსისგან, დასაცავად აუცილებელია იძულებითი ზომების მიღება, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დროებით დახურვა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვების გაყვანისაგან თავის შეკავება. იზოლაციისას მშობლებს მეტი დრო და შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებთან ურთიერთობისათვის, მათ უნდა მოიფიქრონ სახალისო გასართობები, თამაშები, მაქსიმალურად იმხიარულონ, რათა მეტი დადებითი ემოცია აღუძრან ბავშვებს, გამოხატონ მათ მიმართ სიყვარული, ყურადღება, მზრუნველობა, ესაუბრონ სხვადასხვა საკითხზე, წაუკითხონ წიგნები, თუ აქვთ აივანი, ვერანდა - ეს საუკეთესოა გაზაფხულის თბილ დღებში ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად, სასურველია, დიდხანს სუფთა ჰაერზე ყოფნა, თუმცა - შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ემოციები გადადის ბავშვებზე. მშობლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ სტრესულ მოვლენებზე საუბარმა შეიძლება დაამძიმოს ბავშვები. ბავშვებს სჭირდებათ, რომ მათთან ერთად განიხილონ (დახატონ ან გაითამაშონ კიდეც) გადატანილი უსიამოვნო მოვლენები.
გახსოვდეთ, ბავშვის რეაქციას და საერთოდ, მის მდგომარეობას უმთავრესად განსაზღვრავს ის, თუ როგორ რეაგირებენ მშობლები გადატანილ ტრავმაზე.
კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს არაერთი ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს, საერთო გამოწვევაა და შფოთვის ხარისხის მატების გამო, რაც აუცილებლად ექნებათ თვითიზოლაციაში მყოფადამიანებს, სასურველია შემდეგი რჩევების გათვალისწინება: კარანტინსადა თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი არ არიან მარტო, მით უმეტეს, დღეს არსებული კომუნიკაციისას, როცა წვდომა აქვთ სოციალურ ქსელთან, შეუძლიათ იქონიონ სატელეფონო კავშირი ახლობლებთან, აქვთ მუდმივი ინფორმაცია ტელევიზიების საშუალებით, შეუძლიათ წაიკითხონ წიგნები, მოუსმინონ სასურველ მუსიკას და მაქსიმალურად იზრუნონ დადებითი განწყობილების შექმნაზე. დადებითი ემოცია ამაღლებს იმუნიტეტს და განტვირთავს ფსიქიკას.
პანიკა არ არის გამოსავალი, პანიკა ვერ დაგეხმარებათ ვირუსისგან თავდაცვაში. მეტიც, ეს გაგირთულებთ გააზრებული პრევენციული ზომების მიღებას. უპირველესად, საჭიროა დაფიქრება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვისათვის, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად და ფსიქოეკოლოგიის დასაცავად. მიიღეთ ინფორმაცია ადეკვატურად, ინფორმაციისგან გაქცევა გამოსავალი არ არის. ინფორმირებულობა მეტ დაცულობას ნიშნავს!
თუ ფსიქოლოგები იმუშავებენ კოვიდგადატანილ ადამიანებთან, ფსიქოთერაპია აუცილებლად შეუწყობს ხელს მათ ფსიქორეაბილიტაციას. ასეთი ადამიანები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ისინი, ვინც მსუბუქად, ზოგჯერ უსიმპტომოდ გადაიტანა ვირუსი და ის კატეგორია, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. შიშის მდგომარეობა ორივე შემთხვევაში არსებობდა, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები სიკვდილის პირისპირ იდგნენ და მათი ფსიქიკა საკმაოდ დაზარალდა.
კოვიდგადატანილ პაციენტთა პოსტკოვიდური ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებულია მათ ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე („ფსიქიკურ იმუნიტეტზე“). მყარი ფსიქიკის ადამიანი, ლაბილური ფსიქიკის მქონესაგან განსხვავებით, ადვილად დაძლევს დაავადების ნებისმიერ სიმპტომს, ნებისმიერ გართულებას. თუ ადამიანს ფსიქოთერაპიული დახმარება დასჭირდება, ფსიქორეაბილტაციისათვის საჭიროა შეირჩეს ფსიქოთერაპიული მეთოდი, სხვადასხვა ტექნიკა, ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობის შესაბამისად.
მთელ მსიფლიოში კოვიდინფექციის დასაძლევად სხვადასხვა ტიპის ვაქცინების გამოყენებით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. დღეისათვის, სამწუხაროდ, ვაქცინების კვლევა დასრულებული არ არის, რაც ყველა ნორმალური ადამიანის საფუძვლიან შიშს იწვევს. შიში კი საკმაოდ ძნელი მოსახსნელია, ამიტომ აუცილებელია არგუმენტირებული განმარტებების მიცემა ადამიანებისთვის, რომ მათ გაუჩნდეთ ვაქცინებისადმი ნდობა. საზოგადოდ, საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა დანაშაულია, გაურკვევლობა და გაუცნობიერებელი შიში უფრო დამთრგუნველია, ვიდრე ინფორმირებულობა. მშვიდი, გაწონასწორებული ტონით პროფესონალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ზრდის ნდობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და გვამზადებენ რეალობასთან შესაგუებლად.