როგორ ხორცდება ჭრილობა
ბიოლოგიური თვალსაზრისით, რეგენერაცია ცოცხალი მატერიის უნივერსალური თვისებაა, რომელიც მან ევოლუციის მანძილზე შეიძინა, ამ უნარით ჩვენი დაზიანებული და მკვდარი, ფუნქციადაკარგული უჯრედები ახლით ნაცვლდება.
განახლების რიტმი სხვადასხვა ტიპის ქსოვილებისა და უჯრედებისთვის განსხვავებულია და დროში ვარირებს, მაგალითად, თვალის ბროლი და ბადურა გარსის ნეირონი ადამიანის ასაკისაა, ძვლები და კუნთოვანი ქსოვილი 10-15 წელიწადში ერთხელ ახლდება, ღვიძლის უჯრედები რეგენერირდება 6 თვეში ერთხელ, მაშინ როცა სისხლის ფორმიანი ელემენტების, ერითროციტების, სრულ გამოცვლას - 6 თვე, კანის ეპიდერმისს კი 2 კვირა სჭირდება, მაშინ როცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამომფენი ეპითელიუმი 5-6 დღეში ახლდება.
რეგენერაცია სხვადასხვა სტრუქტურულ დონეზე მიმდინარეობს: მოლეკულურ, ულტრასტრუქტურულ, უჯრედულ, ქსოვილოვან და ორგანულ დონეზე, ამასთან, ყოველთვის აღდგენას ექვემდებარება ის სტრუქტურა, რომელსაც გარკვეული სპეციალიზებული ფუნქციის განხორციელება ევალება.
რეგენერაციულ პროცესთა ინტენსივობას განსაზღვრავს ასაკი, ახალგაზრდა ორგანიზმში აღდგენითი პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, სიბერეში კი ტემპი რამდენადმე მცირდება და სუსტდება.
რეგენერაცია ხორციელდება როგორც უჯრედის შიგნით სინთეზირებული ნივთიერებებით, ისე უჯრედგარე რეგულატორებით, ჰორმონებით, ზრდის ფაქტორით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მონაწილეობით.
რეგენერაციის ფორმები
რეგენერაციის უჯრედოვანი ფორმა - დამახასიათებელია ძვლების, კანის ეპითელიუმის, ლორწოვანი გარსების, სისხლმბადი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისთვის.
უჯრედული და უჯრედშიდა რეგენერაცია მიმდინარეობს ჯირკვლოვანი ორგანოებისთვის: ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ენდოკრინული სისტემის ორგანოების, ფილტვების, გლუვი კუნთების, ვეგეტატიური ნერვული სისტემისთვის.
იმ ორგანოებს და ქსოვილებს, რომლებშიც უჯრედშიდა რეგენერაციული ფორმა ჭარბობს, მიეკუთვნება მიოკარდიუმი, ცენტრალური ნერვული სისტემა, ამასთან, ეს ფორმა აქ სტრუქტურის აღდგენის ერთადერთი ფორმაა.
გამომწვევი მიზეზისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით რეგენერაციის 2 ძირითადი ფორმა განირჩევა:
- ფიზიოლოგიური;
- პათოლოგიური.
ფიზიოლოგიური რეგენერაცია
ეს უჯრედებისა და ქსოვილების აღდგენაა მათი ბუნებრივი კვდომის შედეგად, პროცესი მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს - კვდება ძველი და ჩნდება ახალი უჯრედები. ფიზიოლოგიური რეგენერაცია ქსოვილებში მიმდინარე პლასტიური პროცესების ერთობლიობაა, რომელთა შედეგადაც ქსოვილებში უწყვეტი თვითგანახლება მიმდინარეობს.
ფიზიოლოგიური რეგენერაცია განსხვავებულად მიმდინარეობს, რის მიხედვითაც განირჩევა სამი ჯგუფის ქსოვილები.
I ჯგუფში შედის: კანის ეპიდერმისი, ნაწლავის ეპითელი, სისხლის უჯრედები, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, მათთვის დამახასიათებელია თანმიმდევრული კვდომა და მათი ჩანაცვლება ახალი უჯრედებით, რაც გენეტიკურად დაპროგრამებულია.
II ჯგუფში შედის: ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და ენდოკრინული ჯირკვლები, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ეს ქსოვილები ნორმისას ისე სწრაფად არ იყოფა, როგორც I ჯგუფის წევრები, ამიტომ მათ მზარდ ქსოვილებს უწოდებენ.
III ჯგუფში შედის: გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი, ნერვული ქსოვილი, კუჭქვეშა და სანერწყვე ჯირკვლის ეპითელი. ამ ჯგუფში რეგენერაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ქსოვილთა ტიპები და რეგენერაცია
შემაერთებელი ქსოვილი - ყველაზე მაღალი რეგენერაციის ხარისხით გამოირჩევა ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, საკმაოდ კარგად რეგენერირდება მისი კომპონენტები, რომლებიც წარმოქმნიან ქსოვილის ჩამანაცვლებელ ნაწიბურს, ანალოგიურადაა ძვლოვანი ქსოვილიც, მისი აღდგენითი ქსოვილის ძირითადი ელემენტები ოსტეობლასტებია.
ეპითელური ქსოვილი - კარგად გამოხატული რეგენერაციის უნარი აქვს. კანის ეპითელი, თვალის რქოვანა გარსი, პირის ღრუს, ცხვირის, ტუჩების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანერწყვე ჯირკვლების, შარდის ბუშტის, თირკმელების პარენქიმა. ამ ორგანოებში იმდენად მაღალი ტემპით მიმდინარეობს რეგენერაციული პროცესები, რომ ზოგიერთი მავნე ფაქტორის ზეგავლენით შესაძლოა ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნები სიმსივნური ქსოვილის სახითაც კი ჩამოყალიბდნენ.
კუნთოვანი ქსოვილი - იგი შედარებით ნაკლებად რეგენერირდება შემაერთებელ და ეპითელურ ქსოვილებთან შედარებით. ძირითადად, აღდგენა ხდება არადიფერენცირებული უჯრედი სატელიტების ხარჯზე, აღდგება როგორც ცალკეული კუნთოვანი ბოჭკოები, ისე, შესაძლოა, მთლიანი კუნთიც კი.
ნერვული ქსოვილი - მას რეგენერაციის ნაკლებგამოხატული უნარი აქვს, დანარჩენ ქსოვილებთან შედარებით. ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ პერიფერიული და ვეგეტაციური ნერვული სისტემის, ზურგის ტვინის მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნეირონები ნაკლებ აღდგებიან, შედარებით კარგად რეგენერირდება აქსონები შვანის უჯრედების ხარჯზე.
მიოკარდიუმსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში თავდაპირველად წარმოიქმნება ნაწიბური და შემდეგ იწყება რეგენერაცია არსებული უჯრედების ზომის გადიდების ხარჯზე.
პათოლოგიური რეგენერაციის ტიპები
ჰიპორეგენერაცია - აღდგენითი პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს ან საერთოდ ჩერდება;
ჰიპერრეგენერაცია - აღდგენითი პროცესი ჭარბად მიმდინარეობს და ამით ორგანოს ფუნქცია ზიანდება;
მეტაპლაზია - ერთი სახის ქსოვილი გარდაიქმნება სხვა, ჰისტოგენეტიკურად მსგავს, მონათესავე ქსოვილად, ამასთან, ქსოვილის დაკარგული ფუნქცია არ აღდგება.
ჭრილობის შეხორცებაზე მოქმედი ფაქტორები
ჭრილობის შეხორცებას განსაზღვრავს მთელი რიგი ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორები.
ზოგადი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, კონსტიტუცია, კვების რაციონი და რეჟიმი, ნივთიერებათა ცვლა და სისხლწარმოქმნა;
ადგილობრივი ფაქტორებიდან გასათვალისწინებელია ქსოვილის სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, უჯრედების პროლიფერაციული აქტივობა, პათოლოგიური პროცესის ხასიათი.
რთულად შეხორცებადი ჭრილობების მსოფლიო სტატისტიკა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით:
- მსოფლიოში 350 მილიონ ადამიანს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქრონიკული ჭრილობები აქვს;
- ვენური ტროფიკული წყლული ზრდასრული მოსახლეობის 2%-ის პრობლემაა;
- დიაბეტით დაავადებული 382 მილიონი პაციენტიდან 50%-ს ქვედა კიდურებთან დაკავშირებული წყლულები აღენიშნება, ქრონიკული ჭრილობების 20% ღია ჭრილობაა ან 2 ან მეტი წლის განმავლობაში შეუხორცებელია.
- შაქრიანი დიაბეტით მოავადე ადამიანთა 25%-ის კანის დონეზე არსებული დეფექტი უპირატესად არ ექვემდებარება მკურნალობას;
- ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტ ადამიანს უტარდება ამპუტაცია შეუხორცებელი წყლულების გართულების გამო.
ჭრილობის შეხორცების ფაზები
მიზეზისა და ხასიათის მიუხედავად, ყველა ჭრილობა გადის შეხორცების სამსაფეხურიან ეტაპს.
გაწმენდის ფაზა
ამ საფეხურზე ჭრილობა იწმინდება დამაბინძურებელი ელემენტებისგან, მისგან გამოიყოფა ექსუდატი, სითხე, ჩნდება ანთების ნიშნები: სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება. ადგილობრივი მოვლის შედეგად ჭრილობა სუფთავდება.
გრანულაციის ფაზა
ჭრილობის არე ივსება ქსოვილებით, გამონაყოფი მცირდება, ამ ეტაპზე ასევე საჭიროა ჭრილობის გაწმენდა, რათა რეინფიცირებისგან დავიცვათ ახალწარმოქმნილი ქსოვილები.
ეპითელიზაციის ფაზა
ჭრილობის კიდეები ერთმანეთს უახლოვდება, ზედაპირი იფარება ეპითელური უჯრედებით და შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჭრილობის არეების შეერთება. ამ ეტაპზე ჭრილობიდან გამონადენი მინიმალურია, ან შესაძლოა, საერთოდაც გაქრეს. ახალგაზრდა ეპითელიუმის უჯრედები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ.
ქრონიკული ჭრილობა
ჭრილობა ქრონიკულია, თუ ჩატარებული შესაბამისი თერაპიისა და გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, 3 თვის განმავლობაში ის ფაქტობრივად არ ხორცდება.
მწვავე ჭრილობებისგან განსხვავებით, ქრონიკულისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური არე, მიდამო, რომელსაც ახასიათებს: იშემია, ჰიპოქსია და ინფექცია.
ქრონიკული ჭრილობებია:
- დიაბეტური ტერფის ჭრილობები;
- ნაწოლები;
- ვარიკოზული წყლულები;
- ტროფიკული წყლულები;
- იშემიური და სხვადასხვა ტიპის სისხლძარღვთა ანთებით პროვოცირებული ჭრილობები;
- სხივური თერაპიის შედეგად ქსოვილთა ნეკროზი;
- ვენიდან პრეპარატის გაჟონვის შედეგად ქსოვილთა ნეკროზი;
ჩვეულებრივ, ასეთ მოვლენას იწვევს გარეგანი ფაქტორები:
- გაცხიმოვნება;
- კვებითი დარღვევები;
- ხანდაზმული ასაკი;
- ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი;
- ავთვისებიანი სიმსივნეები;
- ქიმიო- და რადიოთერაპია;
- იმუნოდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები და ანტიკოაგულანტები.
შესაძლოა ზოგჯერ ქრონიკული ჭრილობები ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაჩნდნენ ლოკალური მიზეზების გავლენით, კერძოდ:
- კანის არასაკმარისი სისხლმომარაგება;
- ძლიერი სტრესი;
- ქირურგიული ჭრილობის არასწორი დახურვა;
- ვენური უკმარისობა;
- უცხო სხეული ჭრილობაში;
- ჭრილობაში ინფექციის არსებობა.
დიაბეტური ჭრილობები
დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილს. სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტერფის თითებში იწვევს მიკროჭრილობებს, რომელთა შეხორცებაც რთულდება.
მდგომარეობის მართვა ითვალისწინებს, უპირველესად, სისხლში შაქრის დონის კონტროლს, ტერფების სწორ პოზიციაში დაფიქსირებას, არსებული ჭრილობების შესაბამის დამუშავებას. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია და პაციენტისგან დიდ მოთმინებას ითხოვს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ჭრილობები
ჭრილობის არეში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს მის იშემიას და ჟანგბადით მომარაგების გართულებას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილთა კვდომის მიზეზი ხდება და შესაძლოა ამპუტაცია გახდეს საჭირო. ამგვარი ჭრილობები საკმაოდ ღრმაა და დიდი ხნის განმავლობაში კვალიფიციურ მოვლას და მკურნალობას საჭიროებს.
ვარიკოზული ჭრილობები
ვარიკოზული ჭრილობების მკურნალობა საკმაოდ რთულია, მათ მუდმივად სპეციალისტი უნდა მეთვალყურეობდეს. მდგომარეობის მართვა ითვალისწინებს ძირითადი დაავადების შესაბამის მკურნალობას, ნახვევებს და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას.
ნაწოლები
ნაწოლები უჩნდებათ საწოლზე მიჯაჭვულ, პარალიზებულ პაციენტებს, რომლებიც იძულებულნი არიან დიდხანს იყვნენ ერთსა და იმავე მდგომარეობაში. საწოლსა და სკამთან, სავარძელთან მუდმივი კონტაქტის ადგილებში ჩნდება სიწითლეები, რომლებიც შემდგომ ჭრილობებად გადაიქცევა.
ფიზიკური ტრავმით გამოწვეული ჭრილობები
ამგვარი ჭრილობები ჩნდება ქსოვილებისა და ნერვების დაზიანების გამო დაცემის, შეტაკების ან ჭყლეტისას. მსგავსი ტრავმის მიღების შემდგომ აუცილებელია დაზარალებულის დროული მიყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც შეაფასებენ ჭრილობის სიმძიმეს და საჭირო დახმარებასაც აღმოუჩენენ ოპერაციისშემდგომი ჭროლობის დამუშავებით და მისი გადახვევით.
ჭრილობა სწრაფად რომ შეხორცდეს
- აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტი და სწორად შერჩეული მკურნალობა;
- უმეტეს შემთხვევაში სულაც არ არის საჭირო პაციენტის სტაციონარში მოთავსება, გადახვევები და პროცედურები შესაძლოა ამბულატორიულად ჩატარდეს;
- პაციენტმა უნდა მიიღოს მდგომარეობასთან დაკავშირებული სწორი ინსტრუქციები;
- მას უნდა გარკვევით ავუხსნათ დაავადების მიზეზი და ყოველი სამკურნალო ეტაპის მიზანი, რადგან ექიმთან თანამშრომლობა სწრაფი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი პირობაა;
- თერაპია უნდა ითვალისწინებდეს ერთდროულ ქმედებას მიზეზზე, დაავადების გამომწვევ ფაქტორებზე და თავად ჭრილობაზე მოქმედი პრეპარატების სწორ შერჩევას;
- სწორად უნდა შეირჩეს მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდებიც, ფიზიოთერაპია, ოქსიგენთერაპია, გადასახვევი მასალა;
- რთულად შეხორცებადი ჭრილობების მართვის პროცესში აქტიურად გამოიყენება სპეციფიკური ზრდის ფაქტორები, რომლებიც ჭრილობის შეხორცებას ასტიმულირებს, ააქტიურებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს, ზრდის ქსოვილის ტროფიკულ ფუნქციებს, ააქტიურებს სისხლძარღვების წარმოქმნას და ნეიროგენეზს.
ამგვარი საშუალებები არსებობს გელების, მალამოების, წვეთების, ინიექციური ფორმების, ნაზალური სპრეების სახით.
- საჭიროა ჭრილობის ფოტოდოკუმენტირება, შეხორცების კონტროლის მუდმივი მონიტორინგი;
- დაყველაზე მთავარი - გამოჯანმრთელების იმედი, მიზანსწრაფვა და პოზიტიური შედეგის მოლოდინი, რომელიც ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია.