როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს

ზოგიერთი მარტივი წესის დაცვითა და რეკომენდებული ვარჯიშების ყოველდღიურად ჩატარებით შესაძლებელია თვალებთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი პრობლემის ნეიტრალიზება.

ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გვიფუჭებს გუნება-განწყობილებას, იწვევს სტრესსა და დაძაბულობას ჩვენში, უარყოფითად ზემოქმედებს „ჩვენი სულის სარკეზე“ - თვალებზე.

დღეს კომპიუტერული მოდელირებით დადასტურებულია მეცნიერთა მრავალწლიანი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ გამოსახულების დამუშავების ფუნქცია უშუალოდ მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. აქედან დასკვნა - რაც უფრო მაღალია სტრესის დონე, მით უფრო უჭირს ჩვენს ტვინს ბადურადან მიღებული ინფორმაციის დამუშავება. და პირიქით, რაც უფროა ნაკლებია სტრესული სიტუაციები, მით უკეთ ვხედავთ, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ამა თუ იმ არსებული დაავადებისა. ძალიან ხშირად ჯანმრთელობის გარკვეულწილად შერყეული მდგომარეობა გამოხატული გულისრევით, თავის ტკივილით, თავბრუხვევითა და სისუსტით - თვალებზე მომატებული დატვირთვის შედეგია. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ და შევეცადოთ დავიცვათ ოფთალმოლოგთა რჩევა - მაქსიმალურად აირიდეთ სტრესი, მით უფრო, თუ გლაუკომა, კატარაქტა ან თვალის ბადურას დისტროფია დაგიდგინეს.

თვალების ჯანმრთელობისათვის განკუთვნილი დიეტა

თავდაპირველად უნდა დაიმახსოვროთ ერთი მარტივი წესი - თუ დიეტა დაბალანსებულია, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის პროცესები ორგანიზმში მოწესრიგებულია, მაშინ ორგანიზმი უპრობლემოდ ამარაგებს თვალებს ყველა საჭირო ვიტამინითა და მიკროელემენტით. თვალების ჯანმრთელობისათვის განკუთვნილი დიეტა - ეს არის მთელი ორგანიზმისათვის განკუთვნილი და სასარგებლო დიეტა და პირიქით. ამჯერად ჩვენ შევეხებით რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს, რომელიც შედარებით მეტად ახდენს თვალების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას.

თვალების ჯანმრთელობას აუარესებს A ვიტამინის მუდმივი უკმარისობა ორგანიზმში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემას მხოლოდ სტაფილოს ტონობით მიღება აღმოფხვრის. კარგი იქნება, თუ სტაფილოს გარკვეულ რაოდენობას თქვენს ყოველდღიურ რაციონში სათანადო ადგილს დაუთმობთ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბეტა-კაროტინის (A პროვიტამინის) შეწოვა-შეთვისება ორგანიზმში მხოლოდ ცხიმების თანხლებით ხდება. ამიტომაც, სტაფილოს წვენი იქნება ეს თუ ბოსტნეულის სხვადასხვა სალათა, აუცილებლად ზეთმოსხმული სახით მიირთვით. ნატუროპათები თვალებისათვის ნიახურსა და ოხრახუშში შემავალ კალციუმსაც უწევენ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, კალციუმი სხვა მხრივაც მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტია ორგანიზმისათვის. მათივე მტკიცებით, მხედველობისა და ზოგადად თვალებისათვის სასარგებლოა აგრეთვე მწვანე ხახვი, გოგრა, ფორთოხალი, კიტრი და საზამთრო.

თვალებისა და მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის გირჩევთ, ყოველდღიურად მიირთვათ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც თითო სადილის კოვზი სუფთა ვაშლის ძმარი და თაფლი იქნება გახსნილი.

თვალებისათვის სასარგებლო პროდუქტებს შორისაა აგრეთვე:

  • წითელი და შავი მოცვის წვენი;
  • ოხრახუშის ფოთლებისა და ფესვის ნახარში;
  • ჟოლოსა და მისი ფოთლების ნახარში;
  • გარგარი და მისი წვენი;
  • კორდისკბილას ბალახი.

ჩამოთვლილი პროდუქტების როგორც საკვებად (შინაგანი), ასევე საფენების სახით (გარეგანი) გამოყენება ამაღლებს თვალების ჯანმრთელობას, ამახვილებს მხედველობას, აღმოფხვრის წვრილმან დარღვევებს.

განათების მნიშვნელობა თვალების ჯანმრთელობისათვის

თვალების ჯანმრთელობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათანადო განათებას. არა მხოლოდ მუშაობა, დასვენებაც კი სათანადო განათებით უნდა მიმდინარეობდეს. ნორმალურ განათებად მიჩნეულია 20-30 ვატი ოთახის ერთ კვადრატულ მეტრზე, იმის მიხედვით, რისთვისაა განკუთვნილი ეს ოთახი. სამზარეულოში ფუსფუსისა და სხვა წვრილმანი სამუშაოს შესრულებისას, უმჯობესია, ზედა განათების (იგულისხმება საერთო განათება, კერძოდ ჭაღი) გარდა, უშუალოდ სამუშაო ადგილის გასანათებლად კიდევ გქონდეთ დამატებითი სინათლის წყარო (ტორშერი იქნება ეს, მაგიდის ნათურა, ბრა თუ სხვა). საძინებელ ოთახში კაშკაშა სინათლე არ არის სასურველი. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ცალკეული ოთახების განათებებს შორის სხვაობას. თუ თქვენი სამუშაო გარემოსა და სხვა ოთახების განათებებს შორის დიდი სხვაობაა, ეს თვალების გადაღლასა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას განაპირობებს. იმავე მიზეზით ყოვლად დაუშვებელია ტელევიზორის ყურება და კომპიუტერთან მუშაობა ბნელ ოთახში.

თვალებისათვის განკუთვნილ ვარჯიშთა კომპლექსი

თვალებისათვის განკუთვნილ ვარჯიშთა კომპლექსი დღეში ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ. ამისათვის მოხერხებულად დაბრძანდით, ზურგი გამართეთ, კისერი და მხრები მაქსიმალურად მოადუნეთ.

1. თვალები მაგრად დახუჭეთ და მოდუნდით; გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები. უსიამოვნო განწყობა და დაჭიმული ნერვები ვარჯიშის დროს არ გამოგადგებათ - სათანადოდ ვერ მოდუნდებით და ეფექტიც გაცილებით უარესი იქნება;

2. გაახილეთ თვალები და წრიულად ამოძრავეთ ჯერ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, შემდეგ კი საპირისპიროდ; თითოეულ მხარეს შესრულებული წრიული მოძრაობების რაოდენობა თანაბარი უნდა იყოს.

3. ინტენსიურად ამოძრავეთ თვალები ჯერ ჰორიზონტალურ (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ კი ვერტიკალურ (ზემოთ-ქვემოთ) ხაზზე;

4. რამდენიმე წამის განმავლობაში სწრაფად ახამხამეთ თვალები;

5. ძლიერად დახუჭეთ თვალები და მაქსიმალურად გაახილეთ;

6. მიმართეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხისკენ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეეცადეთ შეხედოთ მარცხენა მხარეს) და თვალები ერთ წერტილზე შეაჩერეთ. შემდეგ სამჯერ დაახამხამეთ და მზერა მარჯვენა მხარეს მიმართეთ;

7. ეს ვარჯიშიც წინას ჰგავს, ოღონდ ამჯერად მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენაზე გადაიტანეთ;

8. დახუჭულ თვალებზე დაიდეთ თბილი ხელისგულები, ისე, რომ ხელის თითები შუბლზე გადაიჯვარედინოთ. მოდუნდით და შეეცადეთ, ღრმა შავი ფერი „დაინახოთ“, ანუ დაიცადეთ მანამდე, სანამ სიბნელეს არ შეიგრძნობთ; სიბნელეში ბადურას სინათლის შემგრძნობ უჯრედებში მხედველობისათვის მეტად მნიშვნელოვანი როდოპსინი წარმოიქმნება. თვალებისათვის სიბნელის შეგრძნება ყველაზე ღრმა მოდუნებაა, რომლის დროსაც აღდგება მათი ფუნქცია.

9. თვალები ასიოდეჯერ დაახამხამეთ სწრაფად და მსუბუქად;

10. მზერა ცხვირის წვერისაკენ მიმართეთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მას შეხედეთ. თვალების „შეერთება“ ასე უფრო გაგიადვილდებათ.

11. მიბრძანდით ფანჯარასთან, აირჩიეთ რომელიმე შედარებით ახლომდებარე წერტილი (მაგალითად, ფოთოლი, თუ ხე თქვენს ფანჯარასთან ახლოს დგას, ან რომელიმე ნივთი აივანზე, თუ ის თქვენი თვალების გასწვრივ მდებარეობს). კარგად დააკვირდით არჩეულ წერტილს და წარმოსახვით გაავლეთ მისი სიღრმისაკენ მიმავალი გრძელი ხაზი - მზერა რაც შეიძლება წინ და შორს მიმართეთ.

ვარჯიშების შესრულება სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიხშირით შეიძლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოცემული კომპლექსიდან ზოგიერთი ვარჯიში ამოირჩიოთ და სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეოროთ. ასეთი ე. წ. მიკროკომპლექსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს.

რა მნიშვნელობა აქვს თვალების დახამხამებას

ჩვეულებრივ, თვალებს წუთში დაახლოებით 20-ჯერ მაინც ვახამხამებთ. ამაზე თვალის საცრემლე ჯირკვლები რქოვანას დატენიანებით პასუხობენ. ტელევიზორის ყურების, განსაკუთრებით კი კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანი იძულებულია უწყვეტად და დაძაბულად უყუროს მონიტორს. ამის გამო ის ვერც კი ამჩნევს, რომ სამჯერ და უფრო ნაკლებადაც უწევს თვალების დახამხამება. ეს კი თვალების „გამოშრობას“ იწვევს. წვის ან კიდევ ქვიშის ნაწილაკების შეგრძნება თვალებში სწორედ მათი გამოშრობის შედეგია. კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, ალბათ, არაერთხელ განგიცდიათ თვალების დახუჭვის დაუოკებელი სურვილიც.

თუ კომპიუტერთან ხანგრძლივად გიწევთ მუშაობა და რაც მთავარია, ვერ ახერხებთ თვალების დასვენებასა და მათი განტვირთვისათვის მოწოდებული მარტივი ვარჯიშების შესრულებას, მაშინ აფთიაქში სპეციალური დამატენიანებელი წვეთები (ე. წ. „ხელოვნური ცრემლი“) შეიძინეთ და აუცილებლად გამოიყენეთ.

ზოგჯერ ხანგრძლივი მუშაობის ან კიდევ გარკვეული დაძაბულობის შემდეგ ადამიანს ქვედა ან ზედა ქუთუთო უთრთის. ეს ე. წ. „ნერვული ტიკის“ მანიშნებელია. ქუთუთოების თრთოლა, თვალების უნებლიე მოძრაობები შესაძლოა ადამიანის გადაღლა-გადაქანცვის, ძლიერი სტრესული ფონის, გადაჭარბებული ემოციის, ქრონიკულად გამოუძინებლობის შედეგი იყოს. თუ აღნიშნული ტიკი გახშირდა, ყურადღება მიაქციეთ თქვენი მუშაობისა და დასვენების რეჟიმს. შეეცადეთ ნაკლებად დაძაბოთ თვალები, თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს, მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, აუცილებლად იძინეთ არანაკლებ 7-8 საათისა. ჩვეულებრივ, ამ მარტივი ზომებით ტიკი აღმოიფხვრება ხოლმე, მაგრამ თუ ამან ვერ გიშველათ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

ხუთი რჩევა თვალების ჯანმრთელობისათვის

1) ტექსტთან მუშაობისას, წერა იქნება ეს თუ კითხვა, დაიცავით დისტანცია. თვალებსა და საკითხავ წიგნს შორის დაშორება, სულ მცირე, მოხრილი ხელის სიგრძეს უნდა უტოლდებოდეს. განათება ინტენსიური უნდა იყოს, თუმცა უშუალოდ თვალებზე არ უნდა იყოს მიმართული. არ შეიძლება წერა-კითხვა წოლისას. მხედველობის ორგანო ამ დროს განსაკუთრებულად იძაბება.

2) კომპიუტერის ეკრანსა და თვალებს შორის მანძილი 60 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;

3) არ არის რეკომენდებული ტელევიზორის ახლო მანძილიდან ყურება. იდეალური დაშორება 6-ჯერ უნდა აღემატებოდეს ტელევიზორის დიაგონალის სიგრძეს. მაგალითად, თუ თქვენი ტელევიზორის დიაგონალი 20-დიუმიანია ანუ 51 სმ-ია, მას მინიმუმ სამი მეტრის დისტანციიდან უნდა უყუროთ. შუქი, გარდა იმისა, რომ არ უნდა ეცემოდეს ტელევიზორის ეკრანს, არ უნდა აღიზიანებდეს თვალებს;

4) თამბაქო და ალკოჰოლი ნეგატიურად მოქმედებს მხედველობაზე. თამბაქოში შემავალი ნივთიერებები აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, ძაბავს მხედველობის ნერვს, აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს. ნიკოტინი ხშირად ართულებს ფერთა გარჩევას. მწეველებს თავდაპირველად უჭირთ მწვანე, შემდგომ წითელი და ყვითელი ფერების გარჩევა. მოგვიანებით კი ცისფერსაც ვეღარ განასხვავებენ.

5) მუდმივად მზის სათვალის ტარებაც არ არის სასურველი. შებინდებისას ან კიდევ არასაკმარისი განათების დროს მზის სათვალის სისტემატური გამოყენება აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს.