News
ამერიკელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის ასპირინის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოსო. ისინი ასპირინის სმას მხოლოდ მათ ურჩევენ, ვისაც გულის შეტევა ან ინსულტი ემუქრება, ჯანმრთელები და მოხუცები კი ასპირინის რეგულარული სმით ორგანიზმს სარგებლობაზე მეტად ზიანს მიაყენებენ - შესაძლოა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული განუვითარდეთ.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის, აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარის სიდნეი სმიტის თქმით, ასპირინის მიღება ყველას რომ არ სჭირდება, ექიმებს უკვე გაცნობიერებული აქვთ და ამ პრეპარატს მხოლოდ მათ უნიშნავენ, ვისთვისაც სარგებლობის მოტანა შეუძლია.
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ასპირინის მცირე დოზის რეგულარული მიღება ამცირებდა გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკს. სოციალური გამოკვლევის შედეგების თანახმად, შარშან ამერიკელებმა 44 მილიონი შეკვრა ასპირინი შეიძინეს, რაც 5 წლის წინანდელ მონაცემებს 12%-ით აღემატება. ექიმებს შორის გაბატონებულია აზრი, რომ გულის შეტევისა და იშემიური ინსულტის გადატანის შემდეგ ადამიანმა ასპირინის მცირე დოზა რეგულარულად უნდა მიიღოს.
აშშ-ის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ასპირინი უნდა მიიღონ 45-დან 79 წლამდე ასაკის იმ მამაკაცებმა, რომელთაც მოწევისა და ქოლესტერინის მაღალი დონის გამო გულის დაავადებათა განვითარების მომეტებული ალბათობა აქვთ. 55-დან 79 წლამდე ასაკის ქალებს კი ასპირინის რეგულარულ მიღებას იმ შემთხვევაში ურჩევენ, თუ მაღალი არტერიული წნევის ან შაქრიანი დიაბეტის გამო იშემიური ინსულტი ემუქრებათ.
ასპირინის რეგულარულ მიღებას სისხლდენა რომ არ მოჰყვეს, ამ პრეპარატის დღიური დოზა 75 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჯგუფი ასპირინის მიღებას არ ურჩევს 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს, 55 წლამდე ასაკის ქალებს და 80 წელს გადაცილებულ ორივე სქესის წარმომადგენლებს.
ალიანსი იშვიათი დაავადებებისთვის
29 თებერვალს ოთხ წელიწადში ერთხელ ვხვდებით, ამიტომ ის, როგორც იშვიათი დღე, იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. მართალია, ამ დღეს 2012 წლამდე თვალით ვერ ვიხილავთ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საქველმოქმედო ფონდ SOCO-ს - მას საქართველოს პირველი ლედი, ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს - ახალი ფილიალის დაარსებისთვის, რომელსაც "ალიანსი იშვიათი დაავადებებისთვის" ეწოდება. ალიანსი გლდანში დაიდებს ბინას. რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას ალიანსის ძირითადი პრინციპები და ამოცანები გააცნეს. როგორც ქალბატონმა სანდრამ განაცხადა, იშვიათად ითვლება ის დაავადებები, რომლებიც 1:2000 თანაფარდობით გვხვდება. მათი უმრავლესობა, დაახლოებით 80%, გენეტიკური წარმოშობისაა, ხოლო 30% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება. "ახალი ალიანსის ამბიციაა, იყოს საკოორდინაციო ორგანო, რომელიც შექმნის საინფორმაციო ბაზას ასეთი დაავადებებით დაავადებულთა შესახებ, მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას პაციენტებსა და მათ მზრუნველებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და ფართო საზოგადოებას, - ბრძანა საქართველოს პირველმა ლედიმ, - უნდა მოვუწოდოთ ყველას: ბიზნესმენებს, მრეწველებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, სადაზღვევო სექტორს და სხვას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და იმ მშობლებს, რომლებიც თვეებისა და წლების განმავლობაში წერენ განცხადებებს და ეძებენ დახმარებას, რამით მაინც შეუწყონ ხელი, იქნება ეს სისხლის სხვადასხვა ანალიზის თუ სხვა გამოკვლევების დაფინანსება და ასე შემდეგ. ეს იდეა, გერმანიის პირველ ლედის, ქალბატონ ევა კიოლერს ეკუთვნის. ეს ახალი პილოტური პროექტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია უცხოურ ლაბორატორიებთან, სამედიცინო სპეციალისტებსა და თვითდახმარების ჯგუფებთან თანამშრომლობა და შუამავლობაა, ერთად დგომას მოითხოვს, ძალა ხომ ერთობაშია, და შედეგად გაცილებით უფრო ხმამაღალი, გავლენიანი ხმა გვექნება, რომელსაც უფრო მეტ ადამიანს მივაწვდენთ და რომლითაც უფრო მეტს მივაღწევთ".
ტრიკოტაჟის მაისური კარდიოგრამას ჩაიწერს
გერმანელი მეცნიერები ისეთი სპორტული ტანსაცმლის შექმნას აპირებენ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გააკონტროლებს ტანმოვარჯიშის სუნთქვას და ჩაიწერს ელექტროკარდიოგრამას. სწავლულთა აზრით, ასეთი ტანსაცმელი სპორტთან ერთად მედიცინაშიც პოვებს გამოყენებას. ტანსაცმელში სენსორებისა და მიმღებ-გადამცემის ჩამონტაჟების იდეა ახალი არ არის, მაგრამ აქამდე ამგვარი ნაკეთობა ძალიან მძიმე, უხეში და მოუხერხებელი გამოდიოდა.
მიუნხენში გამართულ სპორტული ნაწარმის საერთაშორისო ბაზრობაზე კი გერმანელმა მეცნიერებმა წარადგინეს ტანმოვარჯიშეთა მაისური, რომელსაც ეს ნაკლი არ ჰქონდა. მაისური ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება სტანდარტული ნაწარმისგან, მაგრამ მასში თხელ ზოლებად არის ჩამონტაჟებული ორი საზომი ელემენტი, რომლებიც სპორტსმენის სუნთქვის პარამეტრების რეგისტრაციას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სენსორებიანი მაისურის შექმნის იდეა მედიცინიდან მოდის.
ძილის შემსწავლელ ლაბორატორიაში პაციენტებს გულისა და მუცლის არეში სპეციალურ ელასტიკურ სარტყელს უკეთებენ და ამ მოწყობილობის დახმარებით აკვირდებიან მის სუნთქვას. სარტყელში ჩამონტაჟებულია ელემენტები, რომლებიც მექანიკურ დეფორმაციას (ამ შემთხვევაში - გაწელვას) ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის, სიგნალები კი კაბელის საშუალებით სტაციონარულ ლაბორატორიას გადაეცემა.
მორბენალისთვის, ბუნებრივია, ასეთი ვარიანტი გამოუსადეგარია. გერმანელ მეცნიერთა მიერ შექმნილი მაისური კი ყველა მონაცემს საფოსტო მარკისოდენა ინტეგრალურ სქემაზე "იწერს", რომელიც სპეციალურ ჯიბეში თავსდება. თუ ელემენტს ამოიღებთ, შეიძლება, მაისური ჩვეულებრივი ტანსაცმელივით გარეცხოთ.
ინტეგრალური სქემების ინსტიტუტის ინჟინრები უნიკალური მაისურის სრულყოფას განაგრძობენ. მათ მიაჩნიათ, რომ სხეულზე შემოტმასნილ სამოსში შეიძლება ელექტროკარდიოგრამის ჩამწერი ელექტროდებიც ჩამონტაჟდეს. ასეთი მაისური საგრძნობლად გაამარტივებს ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების 24-საათიან მონიტორინგს. პაციენტს არ მოუწევს სხეულზე ელექტროდების მიკრობა და წელზე შემოკრული ჩამწერი მოწყობილობის მთელი დღე ტარება; კარდიოსიგნალების ჩამწერი ჩიპის წონა მხოლოდ 9 გრამი იქნება.
მიმდინარეობს გერმანელი ინჟინრების მიერ შექმნილი კიდევ ერთი მოწყობილობის - გულმკერდის სენსორული სახვევის - კლინიკური გამოცდა. ეს არის ოთხარხიანი ელექტროკარდიოგრაფი, რომელსაც სპორტსმენის პულსის, სისხლის ჟანგბადით გაჯერების, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტიურობის რეგისტრირება შეუძლია. ასეთ სახვევით შესაძლებელია იმ პაციენტებზე პერმანენტული დაკვირვება, რომელთაც გულის ტკივილი აწუხებთ. გერმანიაში უკვე არსებობს ტელესამედიცინო სამსახური, რომელიც პაციენტებს ელექტროკარდიოგრამის მონაცემებისთვის თვალყურის დევნებას და საჭიროების შემთხვევაში რეანიმობილის დაუყოვნებლივ გაგზავნას სთავაზობს.
მართალია, გულმკერდის სახვევი ოფიციალურად ჯერ არ უღიარებიათ სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობად და არც სპორტსმენებს შეუძლიათ სენსორული მაისურის ყიდვა, მაგრამ, მეცნიერთა აზრით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
ბაზალური ინსულინით მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
ამერიკისა და ევროპის დიაბეტის ასოციაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულთათვის ბაზალური ინსულინით მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაზალური ინსულინით მკურნალობა მაშინვე უნდა დაიწყოს, როგორც კი ტაბლეტების ეფექტურობა შემცირდება და სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზება შეუძლებელი გახდება.
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის ექიმებმა დაასკვნეს, რომ როდესაც სისხლში შაქრის დონის დასაწევად ტაბლეტები აღარ კმარა, მკურნალობის სქემაში ინსულინის დროული შეტანა სისხლში A1N-ის დონის დაქვეითების საშუალებას იძლევა და ხელს უშლის დაავადების მძიმე გართულებათა განვითარებას. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის წევრის, დოქტორ ალექსანდრ მორის თქმით, ბაზალური ინსულინი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ფართო გამოყენება ვერ პოვა. დოქტორ მორის სიტყვების ჭეშმარიტებას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს: მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები გვირჩევენ, ბაზალური ინსულინით მკურნალობაზე მაშინვე გადავიდეთ, როგორც კი სისხლში A1N-ის დონე 8,5 ერთეულს მიაღწევს, ექიმები მაინც ერიდებიან მის დანიშვნას, ვიდრე A1N-ის დონე 9 ერთეულამდე არ აიწევს, ამ ეტაპზე კი გართულები იწყება. დოქტორ მორის თქმით, ინსულინით მკურნალობის დროული დაწყება მრავალი გართულების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.
დოქტორი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დიაბეტით დაავადებულთა უმრავლესობა ბაზალური ინსულინით მკურნალობაზე გადავა და მის ეფექტურობაში დარწმუნდება.
II ტიპის დიაბეტს ინსულინის ათვისების უნარის დაქვეითება ახასიათებს, რაც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს. ამის ფონზე იმატებს ინსულინის გამომუშავება, რაც, თავის მხრივ, მის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი უჯრედების სწრაფ გამოფიტვას იწვევს. შედეგად ორგანიზმში სულ უფრო ნაკლები ინსულინი წარმოიქმნება, სისხლში შაქრის დონე კი იმატებს. შაქრის დონის მატებამ, რომელიც მკურნალობით არ სტაბილიზდება, შესაძლოა მძიმე გართულებები - გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის, სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებები გამოიწვიოს.