კერამიდები - ლიპიდების სახეობა, რომელიც ქოლესტერინის მსგავსად, გულის დაავადებების და შაქრიანი დიაბტის რისკს ზრდის
სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის შემცირება შესაძლებელია მედიკამენტების - სტატინების დახმარებით.
მიუხედავად იმისა, რომ წამლები პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავენ, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ისინი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკს წარმოადგენენ.
ჟურნალ“ Trends in Pharmacological Sciences-ში“ გამოქვეყნებულ მიმოხილვით სტატიაში საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია კერამიდების - ლიპიდების ერთ-ერთი კლასის, დონის შესამცირებელი მედიკამენტის შემუშავება.
ქოლესტერინის მსგავსად, კერამიდები ლიპიდებია (ცხიმოვანი მოლეკულები), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის მემბრანის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ლიპიდების სინთეზში.
კვლევის ავტორების თქმით, ქოლესტერინისგან დამოუკიდებლად, სისხლის შრატში კერამიდების მაღალი კონცენტრაცია გულის დაავადებებთან და შაქრიან დიაბეტთან ასოცირდება.
დღესდღეობით, ბევრი ექიმი რისკის მქონე პაციენტებს სისხლში კერამიდების დონესაც უზომავს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ კერამიდები ცხიმის დაგროვებას უწყობენ ხელს და გლუკოზის მოხმარებას ამცირებენ. ამასთანავე, მიტოქონდრიების ეფექტურობაზეც ახდენენ ზეგავლენას.
ეს ყველაფერი კი მეტაბოლური სინდრომის ნიშნებია - მდგომარეობის, რომელიც კარდიოვასკულარული დაავადებების და ინსულტის რისკს ზრდის.
სტატინები ქოლესტერინის დონესთან ერთად სისხლში კერამიდების დონესაც ამცირებენ. თუმცა, მედიკამენტი ორგანიზმში კერამიდების წარმოქმნას არ აფერხებს.
პრობლემა არის ის, რომ კერამიდები ქსოვილებზე ახდენენ ზეგავლენას და არა სისხლზე. ისინი ღვიძლის ქსოვილზე მავნედ ზემოქმედებენ. როდესაც, ადამიანი ღებულობს სტატინებს, ამ დროს კერამიდები შესაძლოა, ღვიძლში გროვდებოდეს, რაც პოტენციურად საშიშია. ამ დროს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკიც იზრდება, როგორც სტატინების გვერდითი ეფექტი.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატები, რომლებიც კერამიდების სინთეზს ამცირებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის რისკსაც ამცირებენ. აუცილებელია კერამიდების შემამცირებელი თერაპიის უკეთ შესწავალა.
სტატიაში მითითებულია ისიც, რომ რეგულარული ვარჯიში კერამიდების დონეს ამცირებს. სისხლში ლიპიდების დაბალი დონე აღენიშნებათ მათ, ვინც კარდიორესპირატორული ფიტნესით არიან დაკავებულები.
ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ არ იქნება შესაბამისი მედიკამენტის შემუშავების საჭიროება, თუ დამტკიცდა ვარჯიშის ეფექტურობა. შესაძლოა ვარჯიშის სპეციალური პროგრამა იყოს საკმარისი.