News
ექსპერიმენტის მონაწილეებს ფერადი სურათების თვალიერებისას ელექტროშოკით "უმასპინძლდებოდნენ". შემდეგ კი იმავე სურათებს დენის დარტყმის გარეშე აჩვენებდნენ. ერთი წლის შემდეგ ექსპერიმენტის მეორე ეტაპი ჩატარდა. გაირკვა, რომ მათ, ვისი "რედაქტირებაც" მოგონებების ფიქსირებიდან 6 საათზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, სურათების მიმართ შიში შენარჩუნებული ჰქონდათ, ხოლო მათ, ვისაც "რედაქტირება" უფრო ადრე ჩაუტარდა - არა. ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ ჩვენს მეხსიერებაში რჩება არა თავად მოვლენა, არამედ ის, თუ როგორ მოგვაგონდა იგი ბოლოს.
ჭარბი წონა ხერხემალს აზიანებს
აღმოჩნდა, რომ ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემლის ნაადრევ დეგენერაციას იწვევს. სამხრეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოებისა და ნიუ იორკის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა სხეულის მასის ინდექსსა და ხერხემლის ანომალიებს შორის კავშირი დაადგინეს. გამოკვლევა ჩაუტარდა 12-დან 20 წლამდე ასაკის 188 მოზარდს, რომლებიც არატრავმული წარმოშობის ზურგის ტკივილს უჩიოდნენ და ამის გამო ოთხი წლის განმავლობაში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. პაციენტთა 52%-ს ხერხემლის ქვედა ან წელის ნაწილში ცვლილებები აღმოაჩნდა. მათი უმრავლესობა ხერხემლის მალათაშორის დისკებში იყო ლოკალიზებული. დისკების დაზიანებისას კი, როგორც ცნობილია, ხდება ნერვზე ზეწოლა, რაც ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ბავშვებში ზურგის ტკივილი კუნთების სპაზმის ან დაჭიმვის ბრალი იყო, მაგრამ ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვთაAასაკში ჭარბი წონაც ხერხემლის დაავადებათა განვითარების რისკფაქტორი ყოფილა. მოზარდი პაციენტების უმრავლესობას სხეულის მასის ნორმაზე მაღალი ინდექსი აღმოაჩნდა. დადგენილ იქნა, რომ რაც უფრო მაღალია სმი-ს ინდექსი, მით უფრო მეტია ხერხემლის ანომალიის განვითარების ალბათობაც.
პირის ღრუში მობინადრე ბაქტერიამ შესაძლოა გაფანტული სკლეროზი გამოიწვიოს
ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანის პირის ღრუში მობინადრე ჩვეულებრივი ბაქტერიები ხელს უწყობენ იმუნური დაავადებების გააქტიურებას. მათი მონაცემებით, პირის ღრუში მობინადრე ბაქტერიები გამოიმუშავებენ განსაკუთრებული ტიპის ლიპიდებს - ფოსფორირებულ დიჰიდროცერამიდებს, რომელთაც ანთებითი პროცესების გაძლიერების უნარი შესწევთ. მეცნიერებმა თაგვებში ექსპერიმენტულად გამოიწვიეს ალერგიული ენცეფალომიელიტი (გაფანტული სკლეროზის მოდელი) და შეისწავლეს ამ ლიპიდების როლი ცენტრალური ნერვული სისტემის იმუნურ დაზიანებაში. აღმოჩნდა, რომ დიჰიდროცერამიდების შეყვანისას დაავადება საგრძნობლად მძიმდებოდა, რაც იმუნური სისტემის აქტივაციასთან იყო დაკავშირებული. გამოკვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ფოსფორირებულ დიჰიდროცერამიდებს მხოლოდ ანთების გაძლიერება კი არ ძალუძთ, არამედ აუტოიმუნური დაავადების გამშვებ მექანიზმშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მეცნიერებს განზრახული აქვთ შეისწავლონ იმუნური სისტემის უჯრედებზე დიჰიდროცერამიდების ზემოქმედების მექანიზმი და გაარკვიონ ორგანიზმში ამ ნივთიერებათა დაგროვების ადგილი. მათ მიაჩნიათ, რომ ფოსფორირებული დიჰიდროცერამიდები შესაძლოა გაფანტული სკლეროზის აქტივაციის მარკერად იქცეს და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგში იქნეს გამოყენებული.
ალექსანდრე კვიტაშვილი: საქართველო ეპიდემიის ზღვარზეა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს
საქართველო გრიპის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება, მაგრამ პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა შემთხვევა, რომელიც კი ლაბორატორიულად დადასტურდა, მარტივი ფორმისაა. იყო მხოლოდ რამდენიმე რთული შემთხვევა, თუმცა ყველა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მინისტრის ინფორმაციით, ყველა აღრიცხული შემთხვევა მკურნალობას ექვემდებარება. კვიტაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის გამოვლენის შემთხვევაში ყოველგვარი პანიკის გარეშე მიმართონ პოლიკლინიკას, პოლიკლინიკის ექიმები კი მათ თავად დააკვალიანებენ. უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, გარდა ოთხისა, ყველა შემთხვევა მსუბუქი იყო. მინისტრის თქმით, ანტივირუსული მედიკამენტები საქართველოში საკმარისია.
ინსტრუქტაჟი ექიმებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის A (H1N1) ვირუსის თაობაზე სპეციალურ ტრეინინგებს მართავს. პირველად ინსტრუქტაჟი თბილისისა და რუსთავის პოლიკლინიკებისა და სასწრაფო სამედიცინო დასხმარების ექიმებს ჩაუტარდათ. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ახალ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური გაიდლაინები მოამზადა, რომლებსაც ექიმებს გავაცნობთ. ჩვენი მთავარი მიზანი A (H1N1) ვირუსის პრევენცია და სწორი მართვაა... ჯანდაცვის სისტემა გამართულად და ეფექტურად მუშაობს და ასეც გაგრძელდება", - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებზე ექიმებს A (H1N1) ვირუსის თაობაზე სხვადასხვა რეკომენდაციას მოგვაწვდიან. ვფიქრობ, ეს ინსტრუქტაჟი სიტუაციის სწორად მართვაში დაგვეხმარება, - ამბობს ტრეინინგის ერთ-ერთი მონაწილე, - მთავარია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მთელი მედპერსონალი სრულ მზადყოფნაშია". სამინისტროში გამართულ შეხვედრას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავაც ესწრებოდა. მისი თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტი მზად არის, სამინისტროსთან ერთად იმუშაოს პანდემიური გრიპის პრევენციისა და სწორი მართვის საკითხებზე. მამუკა ქაცარავამ არსებულ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციობისთვის ალექსანდრე კვიტაშვილს მადლობა გადაუხადა.
ტამიფლუ ექიმის მოთხოვნით უფასოდ გაიცემა
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ უტიაშვილის თქმით, გრიპით დაავადებულებს შტამის დასადგენად აღარ ამოწმებენ. ტამიფლუს მიიღებს ყველა, ვინც კი პოლიკლინიკას მიაკითხავს და გრიპი აღმოაჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი პაციენტს ტამიფლუს დაუნიშნავს, მისი მოთხოვნის საფუძველზე პაციენტი ერთ საათში წამალს უფასოდ მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ტამიფლუს დიდი მარაგია. მკურნალობა დაახლოებით 7 დღე გრძელდება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა სამი დღეც ეყოს სამკურნალოდ. გააჩნია, რამდენად შორს არის წასული დაავადება. ერთი კოლოფი ტამიფლუ 60 ლარამდე ღირს.
თბილისის მოსახლეობისთვის H1N1 გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება უფასო იქნება
H1N1 გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება მოსახლეობისთვის თბილისში უფასო იქნება. ამის შესახებ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. "თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს პოლიკლინიკები და ექიმები, რათა გამოძახება, რომლის ღირებულებაც აქამდე 12-დან 20 ლარამდე მერყეობდა, უფასო იყოს. თბილისის მერია თითოეულ ექიმს 225 ლარს გადაუხდის, ხოლო პოლიკლინიკას თითო ექიმზე დამატებით 50 ლარს", - აღნიშნა მან. დედაქალაქის მერის თქმით, უფასო გამოძახება შეეხება მხოლოდ გრიპის შემთხვევებს. 1 000-მდე ექიმი თბილისელებს 4 თვის განმავლობაში მოემსახურება.