News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ცნობილია, რომ A ვიტამინის, რკინისა და თუთიის ნაკლებობა ზრდის შეფერხებას იწვევს. დოქტორ ტალი სინაის თქმით, სიმაღლეში ჩამორჩენილი ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელია, მაგრამ ვიტამინების ფარული ნაკლებობა აღენიშნება. უნდა ითქვას, რომ მეცნიერები იოლი გზით არ წასულან - ბავშვები სინთეზური ვიტამინებით კი არ გაუჭყეპიათ, არამედ უპირატესობა ნატურალურ ბეტა-კაროტინს მიანიჭეს. ეს "ერთ კაფსულაში მოთავსებული" ნარინჯისფერი საღებავი და ანტიოქსიდანტი A  ვიტამინის წინამორბედია. ქიმიისგან განსხვავებით, მის ვიტამინად გადაქცევას ორგანიზმი მოთხოვნილებისამებრ თავად არეგულირებს, რის გამოც მისი ზედოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია. A ვიტამინი მონაწილეობს ძვლების ზრდაში, იცავს თვალებს, სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსსა და სისხლძარღვებს. მისი დეფიციტის შემთხვევაში ბავშვები მხოლოდ ნელა კი არ იზრდებიან, არამედ ხშირად ცივდებიან, ადვილად იღლებიან, ემართებათ კარიესი, უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფება. მოზრდილებისთვის ბეტა-კაროტინის ყოველდღიური ნორმა დაახლოებით 6 მგ-ია, ბავშვებისთვის - ნაკლები, ასაკის შესაბამისად - 2,5-დან 5,5 მგ-მდე. ნარინჯისფერი ბოსტნეულის ბავშვისთვის საჭირო რაოდენობის გამოთვლა არ გაგვიჭირდება, თუ გვეცოდინება, რომ 100 გ გოგრა 1,5 მგ კაროტინს შეიცავს, სტაფილო - 1,1 მგ-ს, ტკბილი წიწაკა - 2 მგ-ს. პროდუქტის დამუშავებისას ბეტა-კაროტინის დაახლოებით მესამედი იკარგება. სასარგებლო პიგმენტს შეიცავს ასევე ატამი (0,5 მგ 100 გრამში), ნესვი (0,4 მგ 100 გრამში), პომიდორი (1,2 მგ 100 გრამში), მწვანილი და მუქი მწვანე ბოსტნეული, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც ქაცვში (10 მგ 100 გრამზე), ცირცელში (9 მგ 100 გრამში) და მშრალ ასკილში (6,7 მგ 100 გრამზე) მოიპოვება. გასათვალისწინებელია, რომ A ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ამიტომ ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცხიმები.

 

ინტერნეტი სასარგებლოა ხანშიშესულთათვის

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტი ხანშიშესულთა თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს და ჭკუასუსტობის გამომწვევი ასაკობრივი ცვლილებების შენელება და უკუგანვითარებაც კი შეუძლია. კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თავის ტვინის სკანირების საშუალებით აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტი წიგნებზე უფრო ძლიერი სტიმულატორი ყოფილა, თანაც ეფექტი კომპიუტერის გამორთვის შემდეგაც საკმაოდ დიდხანს გასტანს. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, მინიმალური ვებგამოცდილების მქონე ასაკოვანი ადამიანისთვის ქსელში ხანმოკლე ძიებასაც კი შეუძლია თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლა და მისი ფუნქციობის გაუმჯობესება. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 55-დან 78 წლამდე ასაკის 24-მა ადამიანმა. მონაწილეთა ნახევარი გამოცდილი ინტერნეტმომხმარებელი იყო, დანარჩენი კი თითქმის არ იცნობდა ინტერნეტს. მათ მსოფლიო ქსელში რამის მოძიება სთხოვეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად გააქტიურებული უბნების გამოსავლენად მეცნიერები მონაწილეთა თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები შინ დაბრუნდნენ, იმ პირობით, რომ ორი კვირის განმავლობაში ინტერნეტს ყოველდღე საათზე მეტხანს დაუთმობდნენ, შემდეგ კი მათ კვლავ ჩაუტარეს ტომოგრაფიული გამოკვლევა. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ თავის ტვინში ცვლილებები კვლევის დასაწყისშივე გამოვლინდა და შეეხო მეტყველებაზე, კითხვაზე, მეხსიერებასა და მხედველობაზე პასუხისმგებელ უბნებს, მეორე შემოწმების დროს კი გააქტიურებული აღმოჩნდა შუბლის ხვეულები, რომლებიც ოპერატიულ მეხსიერებასა და გადაწყვეტილებების მიღებას განაგებენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დემენციის მარტივი და ქმედითი პროფილაქტიკისთვის ვებსერფინგი უფრო ეფექტურია, ვიდრე კითხვა, რადგან ქსელში ძიებისას ადამიანს ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება უხდება: ინფორმაციის მოძიება, შეფასება და დამახსოვრება.


 

პირსინგი შესაძლოა სიკვდილის მიზეზად იქცეს

ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პირსინგი შესაძლოა უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცეს. კერძოდ, არ არის გამორიცხული, ენის პირსინგმა თავის ტვინის ლეტალური ინფექცია გამოიწვიოს. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოება 22 წლის ახალგაზრდის უეცარმა გარდაცვალებამ შეძრა. გაკვეთის შედეგად ექიმებმა თავის ტვინის მრავალრიცხოვანი დაზიანება აღმოაჩინეს, გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრები კი ჰყვებოდნენ, რომ გარდაცვალებამდე ორიოდე კვირით ადრე მან ენაზე პირსინგი გაიკეთა. სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა სპეციალისტებს, სიტუაციაში უფრო საფუძვლიანად გარკვეულიყვნენ. კვლევისა და გამოკითხვის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ენის პირსინგთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ სერიოზულია. გარდა იმისა, რომ პირსინგის მფლობელებს შესაძლოა დაუზიანდეთ კბილები, განუვითარდეთ ანთებითი პროცესები პირის ღრუში, არ არის გამორიცხული, ენის გახვრეტის ადგილას განვითარებულმა ანთებითმა პროცესმა უმძიმესი გართულება გამოიწვიოს - ანთებას დაერთოს ინფექცია, რომელიც სისხლის ნაკადით თავის ტვინში მოხვდება. აღნიშნული დაავადება ძალიან ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირად იქცევა სიკვდილის მიზეზად. სტომატოლოგები დიდი ხანია აფრთხილებენ პირსინგის მფლობელებს მოსალოდნელი პრობლემების - ტკივილის, კბილის ნატეხის გადაცდენის, ღრძილების ანთებისა და ხანგრძლივი სისხლდენის შესახებ, თავის ტვინის ინფექციასთან დაკავშირებული რისკის გამო კი ენის პირსინგი შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს.

 

ყავის მოულოდნელი ეფექტი

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე ყავის  გავლენას შეისწავლიდა, მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა - თურმე ყავას შეუძლია, C ჰეპატიტის მქონე ავადმყოფებს სიცოცხლის ხარისხი გაუუმჯობესოს. მეცნიერთა თქმით, დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის მიღება ანელებს პათოლოგიურ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების განვითარების პროცესს. მეცნიერები ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 766 პაციენტს, რომელთაც C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებული დაავადებები ჰქონდათ  და რომლებზეც არ მოქმედებდა ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატები. ავადმყოფები დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად იმის მიხედვით, რამდენ ფინჯან ყავას სვამდნენ ყოველდღიურად. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას, ვინც ყოველდღიურად სვამდა სამ ან მეტ ფინჯან ყავას, მდგომარეობის გაუარესების 47%-ით ნაკლები რისკი აღენიშნებოდა.

 

მეცნიერები დედის რძის შენახვას არ გვირჩევენ

ესპანელი მეცნიერები არ გვირჩევენ, დედის რძე რამდენიმე საათზე მეტხანს შევინახოთ. მათ შეისწავლეს ქალის რძის 30 ნიმუში, რომლებიც დღის სხვადასხვა პერიოდში იყო აღებული და განსაზღვრეს მათში იმ სამი ნუკლეოტიდის (ადენოზინის, ურიდინის, გუანოზინის) დონე, რომლებიც აღაგზნებენ ან თრგუნავენ ნერვულ სისტემას. აღმოჩნდა, რომ ღამით დედის რძეში ჭარბობს ძილის მომგვრელი ნუკლეოტიდები, დღისით კი ნუკლეოტიდები, რომლებიც ფხიზელ ქმედებებს უწყობენ ხელს. "დედამ ბავშვს სარძევე ჯირკვალში რძის გამომუშავებისთანავე უნდა აწოვოს ძუძუ. ეს პატარას დღისა დაAღამის ერთმანეთისგან გარჩევაში დაეხმარება", - აცხადებენ მეცნიერები.

 

ტკბილეულის მოყვარული პატარები აგრესიულები იზრდებიან

თურმე ბავშვები, რომლებიც ბევრ ტკბილეულს ჭამენ, მოწიფულ ასაკში სხვებზე უფრო აგრესიულები ხდებიან. კარდიფის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ფსიქიატრებმა 1970 წელს დაბადებული 17,5 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს კავშირი ტკბილეულის სიყვარულსა და აგრესიულობას შორის. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც 10 წლის ასაკში ბევრ ტკბილეულს მიირთმევდნენ, 34 წლის ასაკში გაცილებით ხშირად ამჟღავნებდნენ აგრესიის ნიშნებს. მეცნიერთა აზრით, როცა ბავშვს ტკბილეულის ჭამას არ უკრძალავენ, მას ეკარგება მოთმინებით ლოდინის უნარი, რაც ასაკთან ერთად ხასიათის თვისებად ექცევა, თავშეუკავებლობად უყალიბდება და აგრესიით ვლინდება.

 

ზეითუნის ზეთი ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

ფილადელფიის შტატის (აშშ) ქიმიური სენსორების ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზეითუნის ზეთი ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. მეცნიერთა მონაცემებით, ზეითუნის ზეთში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება ცვლის იმ ტოქსიკური ქიმიური ნაერთების სტრუქტურას, რომლებიც აზიანებენ ნერვულ უჯრედებს და ამ საშინელ დაავადებას იწვევენ. უახლოეს მომავალში მეცნიერები დაიწყებენ ფართომასშტაბიან კლინიკურ გამოცდას, რათა პრაქტიკულად დაამტკიცონ ზეითუნის ზეთის ეს არაჩვეულებრივი თვისება.