News
. თინუსი - მოწამვლა. შემთხვევათა უმრავლესობაში მის მიზეზად იქცა ტოქსიკური ცილა, რომელიც თევზის არასწორი გაყინვისა და შენახვისას წარმოიქმნება. სკომბროტოქსინით გამოწვეული მძიმე რეაქცია ალერგიულის მსგავსია, მაგრამ ეს ტიპობრივი მოწამვლაა, რომელსაც თან სდევს გამონაყარი, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ტაქიკარდია, ზოგჯერ - მხედველობის დაკარგვაც. აღსანიშნავია, რომ მოწამვლის ალბათობა ერთნაირია როგორც ახალი, ისე კონსერვირებული თინუსის გამოყენებისას;
. მწვანილი - ინტოქსიკაცია (ნოროვირუსი, სალმონელა, ნაწლავის ჩხირი). მწვანილთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ პირველად ორი წლის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც მეცნიერებმა წარმოადგინეს ანგარიში გრუნტის მასშტაბური დაბინძურებისა და ამ ტერიტორიაზე აღმოცენებულ მცენარეებში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ.
უნდა ითქვას, სალმონელა ყველაზე მავნე მიკრობი-პროვოკატორია, მაგრამ საინტერესოა, რომ მისი საყვარელი "ტკბილეული" - არაქისი და არაქისის კარაქი - სახიფათო პროდუქტების პირველ ათეულში არ აღმოჩნდა. მათ ადგილი დაუთმეს ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ყველი, პომოდორი და ხამანწკები, რომლითაც 1990 წელს რამდენიმე ათასი ამერიკელი მოიწამლა. მკვლევართა თქმით, ყველაფრის მიზეზი პროდუქტების არასწორი დამუშავება და პირადი ჰიგიენის დაუცველობაა.
ორსულობის დროს ანტიდეპრესანტების მიღება ნაყოფს ვნებს
თუ ქალი ორსულობისას ანტიდეპრესანტებს იღებს, იმატებს ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი, დეპრესიის სიმპტომები კი თითქმის ყოველ მეათე ორსულს აღენიშნება. როგორც ექიმები აღნიშნავენ, თავად დეპრესიაც და ფსიქოემოციური დარღვევების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაც არასასურველ გავლენას ახდენს ორსულობის მსვლელობასა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. დანიელი მეცნიერები 17 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დეპრესიის სიმპტომების მქონე 5 000-ზე მეტი ორსულის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას და მათ შვილებს. ამის შემდეგ შედეგები შეადარეს 51 ათასზე მეტი ისეთი ბავშვის მონაცემებს, რომელთა დედებსაც დეპრესიის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდათ. გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც ორსულობისას დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებდნენ, ვადაზე საშუალოდ 5 დღით ადრე მშობიარობდნენ და ნაადრევი მშობიარობის ორმაგი ალბათობა ჰქონდათ. ექიმები აღნიშნავენ, რომ ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში განიცდის დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატების გავლენას, ვინაიდან წამლის კომპონენტები ადვილად გადიან პლაცენტას და ხვდებიან ნაყოფის სისხლში. პედიატრები მომავალ დედებს აფრთხილებენ, რომ ორსულობისას ანტიდეპრესანტების გამოყენება ზრდის ახალშობილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს: ჩვილს შესაძლოა განუვითარდეს კრუნჩხვა, რესპირატორული პრობლემები, ინფექცია, სიყვითლე და აგზნებადობა.
რატომ ყიდულობენ შუახნის მამაკაცები სპორტულ ავტომობილებს
კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სპორტული ავტომობილის მართვა აძლიერებს სასქესო ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავებას, მაშინ როცა ძველი და არაპრესტიჟული მანქანის საჭესთან ჯდომა მის დაქვეითებასაც კი იწვევს. მონრეალის უნივერსიტეტში ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 39-მა ახალგაზრდა კაცმა. თითოეული მათგანი ერთი საათის განმავლობაში ატარებდა ახალ სპორტულ კაბრიოლეტ Porsche 911 Carrera-ს, შემდეგ ამდენივე ხანი - 16 წლის წინ გამოშვებულ Toyota Camry-ს. ექსპერიმენტის მსვლელობის დროს მონაწილეებს უღებდნენ ნერწყვის ნიმუშს მასში ტესტოსტერონის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით. აღმოჩნდა, რომ Porsche 911-ის მართვისას მამაკაცის სასქესო ჰორმონის პროდუქცია საგრძნობლად იმატებდა და მაქსიმუმს აღწევდა ქალაქის ცენტრში, სადაც ხალხმრავლობა, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენელთა სიმრავლე იყო. ქალაქის ცენტრში Toyota Camry-ს ტარებისას ნერწყვში ტესტოსტერონის კონცენტრაცია არ იზრდებოდა, ზოგჯერ იკლებდა კიდეც, თუმცა გზატკეცილზე, სადაც ხალხი ცოტა იყო, შეინიშნებოდა მისი უმნიშვნელო მატება. ასე რომ, ადვილი ასახსნელია, რატომ ყიდულობს სპორტულ ავტომობილებს შეძლებული მამაკაცების უმრავლესობა კრიზისულ საშუალო ასაკში, როცა ტესტოსტერონის გამომუშავება იკლებს.
აღმოჩენილია მიკობაქტერიის თავდაცვითი მექანიზმის დამთრგუნველი ნივთიერება
ScienceDaily-ს ცნობით, ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის ძირითად თავდაცვით მექანიზმს, მაგრამ ტოქსიკურად არ მოქმედებს ადამიანის უჯრედებზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ნაერთი შესაძლოა მძიმე ინფექციის საწინააღმდეგო ახალ წამალს დაედოს საფუძვლად. ტუბერკულოზის მიკობაქტერიას შესწევს უნარი, ადამიანის ორგანიზმში დიდხანს დარჩეს მიძინებულ მდგომარეობაში. ამ რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის კვლევით ცენტრებში მომუშავე მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბაქტერიის ამ უნარს პროტეასომები განაპირობებს. ეს არის ფერმენტების კომპლექსი, რომლებიც ბაქტერიულ უჯრედებს ადამიანის იმუნური სისტემის მიერ დაზიანებული ცილებისგან წმენდენ. პროტეასომების გარეშე ეს ცილები დაგროვდებოდა და მიკრობის სიკვდილს გამოიწვევდა. ამის გარკვევის შემდეგ მეცნიერები შეუდგნენ ისეთი ნივთიერების ძებნას, რომელიც ამ თავდაცვით კომპლექსს დათრგუნავდა და მიკობაქტერიას დაცვის გარეშე დატოვებდა. ამოცანას ის ართულებდა, რომ ანალოგიური კომპლექსი ადამიანის უჯრედებშიც მოიპოვება და ახალ ნივთიერებას მისი ფუნქციის დაქვეითება არ უნდა მოეხდინა. მეცნიერებმა 20 ათასი ნივთიერება გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს პოტენციური ინჰიბიტორების ჯგუფი, რომელთა აქტიურობაც შეამოწმეს ტუბერკულოზის გამომწვევზე, ასევე - მაიმუნის ეპითელური უჯრედებისა და ადამიანის იმუნური უჯრედების კულტურებზე.
ოქსათიაზოლ-2-იონების ჯგუფის ორი ნივთიერება ადამიანის პროტეასომებზე 1000-ჯერ აქტიური აღმოჩნდა მიკობაქტერიების პროტეასომების მიმართ. ექსპერიმენტის დროს ამ ნივთიერებებმა საგრძნობლად შეაფერხა ბაქტერიების გამრავლება, ხოლო ძუძუმწოვართა უჯრედებზე ხილული ტოქსიკური გავლენა არ მოუხდენია. დადგენილ იქნა, რომ ეს ნაერთები პროტეასომების აქტიურობას თრგუნავენ მათი აქტივობის ცენტრისა და საერთო მოლეკულური კონფორმაციის ცვლილების გზით. აღმოჩენილი ნაერთები წარმოადგენს ტუბერკულოზის სამკურნალო ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ წამალს, მაგრამ კლინიკურ პრაქტიკაში მათ დანერგვამდე აუცილებელია ეფექტურობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი ხანგრძლივი კვლევის ჩატარება.
საპენსიო ასაკის შემდეგ მუშაობა ჯანმრთელობას უხდება
მერილენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 12 000-ზე მეტი საპენსიო ასაკის ადამიანის მონაცემები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ მას, ვინც პენსიაზე გასვლის შემდეგ სრული ან ნაწილობრივი დატვირთვით განაგრძობს მუშაობას, უმცირდება მძიმე დაავადებათა განვითარების რისკი და უკეთესობას გრძნობს. კლინიცისტები ექვსი წლის მანძილზე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეისწავლიდნენ კვლევის მონაწილეთა ჯანმრთელობას, აანალიზებდნენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და შრომითი საქმიანობის ისტორიას. მედიკოსები ყურადღებას აქცევდნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ ასაკობრივ პრობლემებს, როგორიც არის ჰიპერტონია, დიაბეტი, კიბო, ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები და ინსულტი. ითვალისწინებდნენ ისეთ ფაქტორებსაც, როგორიც არის ასაკი, სქესი, განათლება და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კვლევამ ცხადყო კავშირი მუშაობასა და პენსიონერთა ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. გაირკვა კიდევ ერთი საინტერესო რამ: ადამიანებს, რომლებიც საპენსიო ასაკის შემდეგ მუშაობას სპეციალობის მიხედვით აგრძელებდნენ, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ; ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ დაფიქსირებულა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც მუშაობას კი განაგრძობდნენ, მაგრამ არა თავისი პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისად. ამერიკელ მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ მუშაობა საშუალებას აძლევს ასაკოვან ადამიანებს, ფიზიკური და სოციალური აქტივობით შეინარჩუნონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
A ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმს ვნებს
A ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედული ენერგიის გამომუშავებაში, მაგრამ მისი სიჭარბე ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დონის გათვალისწინება, როდესაც ადამიანი A ვიტამინს იღებს საკვები დანამატების, პროდუქტებისა და ამ ნივთიერების შემცველი კრემების სახით. Sloan-Kettering Institute for Cancer Research-ის (ნიუ იორკი, აშშ) თანამშრომლები გვაფრთხილებენ, რომ A ვიტამინის ზედოზირება, ისევე როგორც მისი დეფიციტი, საგრძნობლად არღვევს ენერგიის წარმოქმნას და უარყოფითად მოქმედებს უჯრედების გამრავლებაზე, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია, რატომ აყენებს A ვიტამინის უკმარისობა და სიჭარბე ორგანიზმს ამხელა დარტყმას. გამოკვლევისას გამოიყენეს ადამიანის უჯრედული კულტურები და ლაბორატორიული თაგვების ორგანიზმის უჯრედები, რომლებსაც გენეტიკურად ჰქონდა შეცვლილი ენერგიის მიტოქონდრიულ წარმოებაში მონაწილე ქიმიური გზები. მეცნიერებმა შეაფასეს A ვიტამინის მოქმედება უჯრედთა მიერ ენერგიის წარმოქმნის სხვადასხვა ეტაპზე. გაირკვა, რომ როცა ორგანიზმში მეტისმეტად ბევრი ან მეტისმეტად ცოტა A ვიტამინია, მიტოქონდრია სათანადოდ ვერ ფუნქციობს და ყველა ორგანოში ქაოსს იწვევს. ყოველივე ამის გამო ექიმები გვირჩევენ, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ A ვიტამინით გამდიდრებულ საკვებსა და კოსმეტიკურ პროდუქციას.