News
ცნობილია, რომ ჩვენს მოუსვენარ და დაძაბულ დროში უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეუფლება დეპრესია. აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 16%-ს სიცოცხლის ამა თუ იმ პერიოდში მწვავე დეპრესიული მდგომარეობის დიაგნოზი დაუსვეს. დეპრესიით დაავადებული ინერტულია, გულჩათხრობილი, გაურბის საზოგადოებას, მისი აქტიურობის ხარისხი მკვეთრად იკლებს, უჭირს მუშაობა. ფიზიკური ვარჯიში კი ადამიანს ააქტიურებს, მატებს შრომის უნარს, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი უფრო გულღიას ხდის. დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობის კომპლექსში ზომიერი ფიზიკური ვარჯიშის ჩართვა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ დარემში მდებარე უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, პროფესორი ჯეიმს ბლუმენტალი აცხადებს, რომ ფიზიკური ვარჯიშის გავლენით ავადმყოფები სწავლობენ თავის ხელში აყვანას, მოდიან გუნებაზე და უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა. მრავალი ექიმი და მეცნიერი მიიჩნევს, რომ ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც განაგებს უამრავ ფუნქციას, კერძოდ, ამაღლებს აქტიურობას და ხელს უწყობს გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას. ექიმთა რეკომედაციების თანახმად, ადამიანმა კვირაში 3-5-ჯერ უნდა ივარჯიშოს, რადგან სწორედ ასეთი რეჟიმი იძლევა საუკეთესო ეფექტს. ლიუჩრეტი ხაზგასმით აღნიშნავს: "უბრალოდ, მინდა, ჩემი პაციენტი აქტიური იყოს. ქუჩაში ენერგიული სეირნობაც კი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ ვარჯიში რეგულარულად არის საჭირო, თანაც ადამიანმა უნდა შეასრულოს ის სავარჯიშო, რომელიც მოსწონს - სულ უქმად ყოფნას რამის კეთება ხომ მაინც სჯობს?!"
სინათლე და მწვანე ჩაი ნაოჭებს აქრობს
ულმის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაოჭების გასაქრობი ახალი, მეტად ორიგინალური მეთოდიკა, რომელიც სინათლით თერაპიისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტის კომბინაციას წარმოადგენს. 40 წელზე მეტია, რაც სინათლე ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება. ახლა მეცნიერებმა ძველი მეთოდიკის სრულყოფა გადაწყვიტეს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მწვანე ჩაის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები 4-ჯერ აძლიერებენ ფოტოთერაპიის ეფექტს. ახალი მეთოდის კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ სინათლით თერაპია მწვანე ჩაის ექსტრაქტთან ერთად სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბოტოქსს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს...
პაციენტის 7 მთავარი შეკითხვა
"ექიმისთვის დასასმელი 7 შეკითხვა", - ასე ეწოდება ახალ პროგრამას, რომელიც ისრაელის რამდენიმე კლინიკაში განხორციელდება. მეცნიერთა ჩანაფიქრის მიხედვით, კლინიკაში შესვლისას ყველა პაციენტი მიიღებს სამახსოვრო ბროშურას, რომელშიც მითითებული იქნება 7 უმთავრესი შეკითხვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო მკურნალობის შესახებ. ასეთი პროგრამის შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია ექიმებისა და პაციენტების გამოკითხვის შედეგებმა, რომელთა მიხედვითაც პაციენტთა უმრავლესობას ექიმთან ვიზიტის დროს ავიწყდება ან ერიდება მეტად მნიშვნელოვანი კითხვების დასმა. აი, რა კითხვებს უნდა უსვამდეს პაციენტი ექიმს:
1. როგორი მკურნალობა ან ოპერაცია დამჭირდება?
2. რა გართულებებია მოსალოდნელი?
3. რა გამოკვლევა უნდა ჩამიტარდეს?
4. რა საჭიროა?
5. ვინ და როდის გამაცნობს და ამიხსნის გამოკვლევის შედეგებს?
6. რა წამლები დამჭირდება?
7. რა უნდა გავაკეთო და როგორ ვებრძოლო დაავადებას, რომ გამოვჯანმრთელდე?
უსმინე მუსიკას თვალდახუჭულმა
მუსიკა სხვადასხვანაირი ემოციის გადაცემის აბსტრაქტულ მეთოდს წარმოადგენს, მაგრამ მას თურმე თვალდახუჭულმა უნდა უსმინო. ნევროლოგების თქმით, დაძაბულ მუსიკას, რომლისგანაც ადამიანს "ჟრუანტელი უვლის", მხედველობის გათიშვის შემთხვევაში ტვინი უფრო მძაფრად აღიქვამს. თელავიველ მეცნიერთა აღმოჩენას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ალცჰაიმერის, პარკინსონიზმის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების თვალსაზრისით. ექსპერიმენტის დროს მოხალისეებს ასმენინებდნენ მუსიკას ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმებიდან და სხვა რეჟისორების ნეიტრალური ჟანრის სურათებიდან. გამოსაკვლევი პირები მუსიკას ერთხელ თვალებგახელილნი ისმენდნენ, მეორედ - თვალებდახუჭულნი. ამ დრო ტვინის მუშაობას ტომოგრაფის საშუალებით ამოწმებდნენ. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ როდესაც ადამიანი მუსიკას თვალდახუჭული უსმენდა, თავის ტვინში უფრო ინტენსიური და აქტიური პასუხი აღიძვრებოდა. კერძოდ, შიშისმომგვრელი მუსიკის თვალდახუჭული მოსმენის დროს ტვინისმიერი პასუხი უფრო ემოციური და ფიზიკურად დაძაბული ხდებოდა, მხიარული, ხალისიანი მუსიკა კი გაცილებით მძაფრ დადებით ემოციას იწვევდა. თვალებდახუჭულ მდგომარეობაში მოსმენისას ტვინის მუშაობის პიკი მელოდიის ფსიქოლოგიური დაძაბულობის კულმინაციას შეესაბამებოდა. ამასთანავე, ყველაზე მეტი აქტიურობა ნათხემში შეიმჩნეოდა. მკვლევარების თქმით, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში სმენის დროს მუსიკა მოქმედებს ჩვენი გონების კოგნიტურ ცენტრებზე, გვეხმარება უკეთ აზროვნებაში და ათვისების უნარსაც კი აუმჯობესებს. სამომავლოდ მეცნიერებს განზრახული აქვთ, კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამგვარი მუსიკალური თერაპია ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების, მათ შორის - შიზოფრენიისა და დეპრესიის, საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
პოლივიტამინების ეპოქა დასასრულს უახლოვდება
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ დიეტოლოგს, სურსათის ნაციონალური სააგენტოს ექსპერტს ბრაიან რატკლიფს მიაჩნია, რომ მულტივიტამინებისა და ბადების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) სმა დროის ფუჭად ხარჯვაა. მეცნიერის აზრით, ვიტამინებსა და მინერალებზე ადამიანებს სხვადასხვანაირი მოთხოვნილება აქვთ და ამ ნივთიერებების ყოველდღე ერთი და იმავე დოზით მიღება არარაციონალურია, ის კი არა, ზოგჯერ ვიტამინების ჯანმრთელობისთვის სახიფათო სიჭარბეც კი შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, A ვიტამინის შემცველი პოლივიტამინის კაფსულისა და ბადის ერთდროული მიღების შემთხვევაში ორგანიზმში აღმოჩნდება ზედმეტი A ვიტამინი, რომლის სიჭარბე თავის ტკივილსა და გულისრევას იწვევს. რატკლიფი დარწმუნებულია, რომ პოლივიტამინებით გატაცების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა და ექიმმა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იდივიდუალურად უნდა შეარჩიოს ვიტამინების საჭირო დოზა.
მემკვიდრეობითი დაავადების გადაცემის თავიდან აცილება შესაძლებელია
ამერიკელმა მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მიტოქონდრიების დნმ-ს მუტაციით განპირობებული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება. ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც სტატია ჟურნალ Nature-ში დაიბეჭდა, პრიმატების კვლევის ორეგონის ნაციონალურ ცენტრში (Oregon National Primate Research Center) ჩატარდა. მიტოქონდრიები უჯრედშიგა სტრუქტურებია, რომლებიც წარმოქმნიან ცხოველქმედების პროცესისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროს - ატფ-ის (ადენოზინტრიფოსფატი) მოლეკულებს. ადამიანის მიტოქონდრიებში არსებული დნმ-ს დამემკვიდრება ხდება მხოლოდ დედის ხაზით. მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო, თავიდან აეცილებინა მუტაციური მიტოქონდრიული დნმ-ს დამემკვიდრება. ექსპერიმენტი მაკაკებზე ჩატარდა. მკვლევარებმა მემკვიდრეობითი დაავადების მქონე ცხოველის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვი ნორმალური მიტოქონდრიული დნმ-ს მქონე დონორის კვერცხუჯრედში გადაიტანეს, რითაც, ფაქტობრივად, გამოიყვანეს ემბრიონი, რომელსაც სამი მშობელი ჰყავდა. ცხრა მაკაკას სულ 15 ემბრიონის იმპლანტაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც დაიბადა ოთხი არსება, რომლებიც, მკვლევართა თქმით, აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. ანალიზებმა აჩვენა, რომ ახალშობილებს არ ჰქონდათ არც ერთი დედისეული მიტოქონდრიული დნმ. მათი ადგილი დედის კვერცხუჯრედის დონორის ჯანმრთელმა მიტოქონდრიულმა დნმ-მ დაიკავა. ექსპერიმენტის ხელმძღვანელის თქმით, ის და მისი კოლეგები ვარაუდობდნენ, რომ ეს მეთოდი ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ასეთი კარგი შედეგის მიღებას არ ელოდნენ. მიტოქონდრიების დნმ-ს მუტაციის შედეგად მოსალოდნელია ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიც არის, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, შემაერთებელი, კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების დაავადებები, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი (გულის შენების ანომალია), რაქიტი, ჰიპოპარათირეოზი და სხვა. სტატისტიკის თანახმად, ორასიდან ერთი ბავშვი მიტოქონდრიული დნმ-ს საშიში მუტაციით იბადება.