ნაწოლი - პროფილაქტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწოლი - პროფილაქტიკა და მკურნალობა

წარმოშობის მიზეზები. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილები ფუნქციობენ სისხლის მიერ მიტანილი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების საშუალებით. სისხლი ორგანოებამდე და ქსოვილებამდე უამრავი სისხლძარღვის მეშვეობით მიდის. მათ შორის ყველაზე წვრილებს, კაპილარებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქსოვილებში ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის. ასეთ სისხლძარღვებში სითხის მოძრაობა ძალიან ადვილად შეიძლება შენელდეს ან სრულიად შეჩერდეს ზეწოლის გამო. ჯდომისას და წოლისას ყოველთვის იჭყლიტება რბილი ქსოვილები და სისხლძარღვები, რის შედეგადაც ქსოვილებში სისხლის მიწოდება ფერხდება. თუ ასეთი მდგომარეობა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ვითარდება ქსოვილების კვების მოშლა (იშემიის გამო), შემდეგ კი რბილი ქსოვილების ნეკროზი. წარმოიქმნება ნაწოლი. სწორედ ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ დიდხანს გაუნძრევლად წოლა ან ჯდომა უსაფრთხო არ არის! მეორე მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ნაწოლი გაჩნდეს, გახლავთ ქსოვილთა შრეების ურთიერთგადანაცვლება. მაგალითად, როცა ცდილობენ, მწოლიარე პაციენტს ქვემოდან გამოაძრონ სველი ზეწარი ან უხეშად უცურებენ ღამის ჭურჭელს ("სუდნოს"), ამ დროს რბილი ქსოვილების ზედაპირული შრეები საგრძნობლად გადაინაცვლებს ღრმად მდებარე შრეების მიმართ, რის შედეგადაც წვრილი სისხლძარღვები იგლიჯება და შესაბამისი მიდამოს სისხლით მომარაგება ირღვევა.

იმავე მიზეზით ნაწოლი შეიძლება გაუჩნდეს დასუსტებულ მწოლიარე პაციენტს, რომელიც "მუხლების სისუსტის", ანუ ფეხების საყრდენის უქონლობის გამო ცდილობს, ნელ-ნელა გადმოცურდეს ლოგინიდან ან სკამიდან მჯდომარე ან ნახევრადმჯდომარე პოზით. თვალისთვის ეს ძნელი შესამჩნევია, მაგრამ რბილი ქსოვილებისთვის საკმაოდ საგრძნობია. ნაწოლის გაჩენის რისკფაქტორებია:

1) შიმშილი და სასმელი წყლის უკმარისობა;

2) ორგანიზმის გამოფიტვა და ზედმეტი წონა;

3) სიგარეტის წევა;

4) გულ-სისხლძარღვთა დაავადება;

5) შაქრიანი დიაბეტი;

6) შარდისა და განავლის შეუკავებლობა;

7) თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები და დაავადებები;

8) მაღალი ტემპერატურის დროს გაძლიერებული ოფლიანობა;

9) უსუფთაო კანი;

10) საწოლში არსებული ნამცეცები და პატარა ზომის საგნები;

11) თეთრეულზე არსებული ნაკერები, ნაკეცები, ღილები;

12) კანის მოვლის საშუალებების მიმართ ალერგიული რეაქცია.

ნაწოლის გაჩენის პოტენციური ადგილია ყველა ის ადგილი, რომლის ქვეშაც ადვილად ისინჯება სხეულის ძვლოვანი წანაზარდი. ასეთ ადგილებში კანქვეშა ცხიმოვანი შრე ნაკლებად არის განვითარებული, რის გამოც ძვლოვანი წანაზარდების ზეწოლა გაცილებით ძლიერია. თუ პაციენტი ზურგზე წევს, ასეთ ადგილებად ითვლება გავის ძვალი, საჯდომი ბორცვები, ქუსლები, იდაყვები, ბეჭის ძვლის მიდამო, კეფა; თუ გვერდზე - ბარძაყის (დიდი ციბრუტის მიმდებარედ), კოჭისა და მუხლების გვერდითი მიდამოები, თუ მუცელზე - შუბლი და ღაწვები.

 

პროფილაქტიკა. დავიწყოთ იმით, რომ ნაწოლის საპროფილაქტიკო მატერიალური დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მის მკურნალობას სჭირდება. ავადმყოფს ერთი ადამიანი უნდა მეთვალყურეობდეს და უვლიდეს. მას შეიძლება ჰყავდეს დამხმარეები - სპეციალისტები, რომელთაც მოეთათბირება, მაგრამ მხოლოდ ის უნდა იღებდეს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინც ავადმყოფის მოვლას უწევს ორგანიზებას და პაციენტზე დასაკვირვებლად უფრო მეტი დრო აქვს. პროფილაქტიკას საჭიროებენ ის ადამიანები, რომლებიც ინვალიდის სავარძელს იყენებენ, მწოლიარე ავადმყოფები, ავადმყოფები, რომლებიც ნაწილობრივი (სხეულის სხვადასხვა ნაწილის) უმოძრაობით იტანჯებიან, რომელთაც შარდის და/ან განავლის შეუკავებლობა აწუხებთ, გამოფიტული ადამიანები, სიმსუქნით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, ინსულტგადატანილი მწოლიარე პაციენტები. პროფილაქტიკის პრინციპებია:

1) ზეწოლის, ხახუნისა და შენაცვლების შემცირება;

2) პირადი ჰიგიენა და სრულფასოვანი კვება;

3) კანის გაღიზიანების შემცირება;

4) კანის მოვლა - მისი სისუფთავის დაცვა;

5) კანის ტენიანობის (სისველის) დაქვეითება;

6) შარდვისა და კუჭის მოქმედების რეგულარულობისა და სხვა განსაზღვრული წესების დაცვა.

 

ზეწოლის შემცირება. აუცილებელია რბილი, მაგრამ მოქნილი ლეიბი. საუკეთესოდ მიიჩნევა პარალონისგან დამზადებული, რომლის სისქე 15 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. საწოლი სწორი უნდა იყოს, ყოველგვარი ჩაღრმავებისა და ბორცვის გარეშე. არსებობს ნაწოლების საწინააღმდეგო სპეციალური ლეიბიც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის პანაცეა არ არის - სხვა წესების დაცვის გარეშე მასზე მწოლიარე ავადმყოფსაც შეიძლება გაუჩნდეს ნაწოლი. კანი ყოველდღე უნდა დათვალიერდეს, განსაკუთრებით - ძვლოვანი წანაზარდების მიდამოებში. მდებარეობის ხშირი ცვლა აუცილებელია, ოღონდ ავადმყოფის გადაბრუნება-გადმობრუნება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რათა კანმა - ნაკლები ხახუნი, ხოლო რბილმა ქსოვილებმა ნაკლები ურთიერთშენაცვლება განიცადოს. პაციენტს მდებარეობა ყოველ 2-3 საათში ერთხელ უნდა ვუცვალოთ (სხვათა შორის, ღამითაც). ძვლოვანი წანაზარდების ადგილებზე შეიძლება დამატებით რბილი (მაგალითად, პარალონის ან ბუმბულის) ბალიშების მოთავსება. უმოძრაო კიდურების ქვეშ შეიძლება ამოვუდოთ საშუალო ზომის ტომსიკა, რომელიც მრგვალი მარცვლეულით, მაგალითად, ფეტვით იქნება სავსე. გავის ქვეშ შეიძლება დაიდოს სპეციალური გასაბერი რეზინის რგოლი. ნაწოლის საწინააღმდეგო რეზინის რგოლი ბოლომდე არ უნდა იყოს გაბერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხეულის იმ ადგილზე, რომელსაც რგოლი ეხება, შესაძლოა ნაწოლი გაჩნდეს.


 

ბალიშების, ტომსიკებისა და რგოლების დანიშნულებაა, გაზარდონ სხეულის შემხები ზედაპირი (რომელზეც პაციენტი წევს), შესაბამისად, შემცირდეს დაწოლა სხვადასხვა უბანზე და სისხლის მიმოქცევაც ნაკლებად დაირღვეს. ამგვარად გაცილებით მცირდება ნაწოლების გაჩენის რისკი. თუ პაციენტს დახმარება არ შეუძლია, მარტო ნუ გადააადგილებთ მას, ძალის დახმარებით ნუ გამოაძრობთ ქვეშიდან თეთრეულს, განსაკუთრებით - სველს, უხეშად ნუ შეუდგამთ ღამის ჭურჭელს. ამ ყველაფრისთვის არსებობს მარტივი ხერხები, რომელთა არსიც იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტი ჯერ უნდა ავწიოთ და შემდეგ ჩავატაროთ ყოველგვარი მანიპულაცია. არ დატოვოთ პაციენტი მოუხერხებელ მდგომარეობაში, თუ დასუსტებულია, ნუ ეცდებით წამოსვათ ან დასვათ, რადგან მისი კუნთოვანი აქტიურობა საკმარისი არ არის ამ მდგომარეობაში თავის შესაკავებლად - ის აუცილებლად ჩამოცურდება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ფეხების საყრდენი (ნებისმიერი მოწყობილობა) მოუწყოთ.

 

კვება. საჭმელ-სასმელი სრულფასოვანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პაციენტისთვის აუცილებელი შეზღუდვების გათვალისწინებით. საკვები უნდა შეიცავდეს არანაკლებ 20% ცილას. აარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც რკინისა და თუთიის ბევრ მიკროელემენტს, ასევე ც ვიტამინს შეიცავს. გამოიყენეთ რძემჟავა პროდუქტები, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი. მძიმე ავადმყოფებისთვის ხორცი ძნელი მოსანელებელია. მიეცით ქათმის ბულიონი, თევზი, ბურღულეული, პარკოსნები და რძის პროდუქტები, რათა ცილების მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. დაალევინეთ დღე-ღამეში მინიმუმ 1,5 ლ წყალი, - ცხადია, თუ შეზღუდვის მიზეზი არ არსებობს. არიდეთ ტკბილეულს და გაზიან სასმელებს, ასევე სუბლიმირებულ ანუ სწრაფი მომზადებისთვის განკუთვნილ, წყალში გასახსნელი მშრალი ნივთიერებებისგან დამზადებულ პროდუქტებს. კანის გაღიზიანების შესამცირებლად პაციენტს დაუგეთ მოძველებული, ბევრჯერ გარეცხილი რბილი თეთრეული; ყურადღება მიაქციეთ, რომ თეთრეულზე არ იყოს უხეში ნაკერები, ღილები, საკერებლები; ხშირად გაუსწორეთ ქვეშაგები, რათა თეთრეულზე არ დარჩეს ნაკეცები და მცირე საგნები. კანის მოსავლელად გამოიყენეთ არაალერგიული (ან ნაკლებალერგიული), ნაცადი საშუალებები, მაგალითად, ბავშვის საპონი. ერიდეთ მკვეთრი ფერისა და ძლიერი სუნის მქონე ნივთიერებებს. ხშირ-ხშირად ჩაატარეთ შორისის მიდამოს ტუალეტი, რადგან განავლისა და შარდის ნაწილაკები საკმაოდ ძლიერი გამღიზიანებლებია. შარდის შეუკავებლობის მქონე პაციენტს ნუ შეუზღუდავთ სითხის მიღებას, რადგან სითხის უკმარისობის შემთხვევაში  შარდის კონცენტრაცია იზრდება, შესაბამისად, იზრდება მისი გამაღიზიანებელი თვისებებიც. მოკლედ დაიჭერით ფრჩხილები თქვენც და დააჭერით პაციენტსაც: თქვენ - იმისთვის, რომ პაციენტი არ გაკაწროთ, პაციენტს - იმისთვის, რომ ქავილის დროს კანი არ დაიზიანოს, რადგან დიდხანს წოლის ან ჯდომის დროს ზეწოლის ადგილებზე ქავილის შეგრძნება ჩნდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ პაციენტი ოთახის ტემპერატურის შესაბამისად იყოს ჩაცმული და საბანდახურული - სხეულის გადახურების შემთხვევაში იზრდება ოფლიანობა და იმატებს ნაწოლების გაჩენის ალბათობა.

 

კანის მოვლის წესები. წესები საკმაოდ მარტივია: არ დაუშვათ კანის დაბინძურება, ზედმეტი სიმშრალე და სისველე, რადგან გამომშრალი, ნოტიო და უსუფთაო კანი ყველაზე ნაკლებად უწევს წინააღმდეგობას გარეგან გამაღიზიანებლებს. გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი, საპონი, ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ნეჭა ("მაჩალკა") ან ნატურალური ღრუბელი, მკვებავი და დამატენიანებელი კრემები, გამშრობი მალამოები, ბავშვებისთვის განკუთვნილი მისაფრქვევი ფხვნილები. ყურადღებით დააკვირდით კანს და ადვილად მიხვდებით, როდის რა უნდა გამოიყენოთ. საერთო წესები ასეთია: სველი კანი უნდა შეაშროთ, მშრალი - დაატენიანოთ. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი, რადგან მავნე ბაქტერიებთან ერთად იღუპება სასარგებლო მიკროორგანიზმებიც. როდესაც ასეთი ტიპის საპნის გამოყენებას შეწყვეტთ, კანს მცირე ინფექციასთან გამკლავებაც კი გაუჭირდება (რეკლამა მართალს ამბობს, მაგრამ მთელ სიმართლეს - არა). სპირტის შემცველი საშუალებები, ისეთები, როგორიცაა ლოსიონები და ქაფურის სპირტი, შეიძლება ცხიმიანი კანის მქონე პაციენტებისთვის გამოიყენოთ. ზეწოლის ადგილებზე არსებული კანი დაბანისას არ გახეხოთ. გამოიყენეთ რბილი ღრუბელი და კანი ფრთხილი მოძრაობებით გაწმინდეთ, რათა არ დააზიანოთ მისი ზედაპირული შრეები. გაშრობის დროს კანი არ გაამშრალოთ, პირსახოცი სველ ადგილზე მცირე ხნით მიადეთ და აიღეთ. კანის გაწითლებული ადგილები არავითარ შემთხვევაში არ დაუზილოთ, მაგრამ მსუბუქი რეგულარული მასაჟი გაწითლებული ადგილების ირგვლივ სასურველი და სასარგებლოც კია. კანისთვის ძალიან კარგია (აუცილებელია!) ჰაერის აბაზანები.

კანის მდგომარეობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სისველე, ძირითადად შარდი და ოფლი. მთავარი თეთრეულის გამოცვლა და პირადი ჰიგიენაა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მათ. შარდის შეუკავებლობის დროს გამოიყენეთ პამპერსი (ის ხშირად უნდა ცვალოთ). თუ ამ უკანასკნელის გამოყენების საშუალება არ გაქვთ, თეთრეულისგან დამზადებული საფენებიც გამოგადგებათ (რამდენიმე ფენად დაკეცილი ძველი თეთრეული კარგად იწოვს სისველეს). შარდის შეუკავებლობის დროს მამაკაცებისთვის შეიძლება გამოიყენოთ სპეციალური შარდმიმღების სისტემა. მომატებული ოფლიანობა მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებს ახასიათებთ. იმისათვის, რომ ოფლის გამოყოფა შემცირდეს, პირველ რიგში აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. პაციენტის გასაწმენდად საპნისა და წყლის მაგივრად უკეთესია გამოიყენოთ ძმრის სუსტი ხსნარი (1 ს/კ ჩვეულებრივი ღვინის ძმარი 1 ჭიქა წყალზე). მრავალი ექიმი უპირატესობას სოდიან ხსნარს ანიჭებს (დაახლოებით 40 გრამი სოდა ერთ ლიტრ წყალზე) - მიიჩნევა, რომ მას ძმარზე რბილი ზემოქმედება აქვს.

 

მკურნალობა. პროფილაქტიკა, რა თქმა უნდა, საგრძნობლად ამცირებს ნაწოლის გაჩენის შესაძლებლობას, მაგრამ ზოგჯერ ისინი მაინც ჩნდება. ნაწოლების მკურნალობა სამ ძირითად პრინციპს მოიცავს:

1) დაზიანების ადგილას სისხლის მიმოქცევის მაქსიმალურად აღდგენას;

2) ნეკროზული მასების მოცილების ხელშეწყობას;

3) გასუფთავებული ჭრილობის სწრაფად შეხორცებაში დახმარებას.

ნაწოლების მკურნალობა საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა და ბევრ დროს მოითხოვს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სველი საფენის, მალამოს, კრემის, ნახვევის, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებაა საჭირო. დიდი ზომისა და ძნელად შეხორცებადი ნაწოლების არსებობისას შესაძლოა ქსოვილთა გადანერგვაც გახდეს აუცილებელი. დაბოლოს, მკურნალობის სირთულეზე ისიც მეტყველებს, რომ ნაწოლებს ქირურგები მკურნალობენ.