news
ოტიტი და ანტიბიოტიკები
ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ შუა ყურის ანთების დროს ბავშვთა ორი მესამედი ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. იელელ მეცნიერთა აზრით, ამ დაავადების დროს გამართლებულია ლოდინის ტაქტიკა: ანტიბიოტიკების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პაციენტზე 48-საათიანი დაკვირვებისა და სიმპტომური მკურნალობის (ტკივილგამაყუჩებელი და სხვა საშუალებები) ჩატარების შემდეგ. მეცნიერებმა შეარჩიეს 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის 283 ბავშვი, რომლებიც მშობლებმა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში შუა ყურის მწვავე ანთებით მიიყვანეს. ყველა მათგანს გაურთულებელი ოტიტის სამკურნალოდ ანთებასაწინააღმდეგო პრეპარატი იბუპროფენი და ყურის ტკივილგამაყუჩებელი წვეთები დაენიშნა. ამასთანავე, 145 ბავშვის მშობლებს მისცეს ანტიბიოტიკის რეცეპტი, რომლის მიღებაც ბავშვებს იმავე დღიდან უნდა დაეწყოთ, დანარჩენი 138 კი ლოდინის ჯგუფში ჩასვეს: მათ მშობლებსაც მისცეს ანტიბიოტიკის რეცეპტი, ოღონდ იმ პირობით, რომ წამლით მხოლოდ 2 დღის შემდეგ ესარგებლათ, ისიც - თუ იბუპროფენით და ყურის წვეთებით სიმპტომური მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდებოდა, კვლავ მოიმატებდა სხეულის ტემპერატურა და ტკივილი არ გაივლიდა. ლოდინის ჯგუფში ანტიბიოტიკოთერაპია მხოლოდ 38%-ს დასჭირდა. მეცნიერებმა შეადარეს ორივე ჯგუფის პაციენტთა მდგომარეობა და ორივე შემთხვევაში ოტიტის მიმდინარეობისა და გართულებების შესახებ ერთნაირი მონაცემები მიიღეს. დღესდღეობით შუა ყურის ანთების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, აშშ-ში ოტიტის სამკურნალოდ ყოველდღიურად ანტიბიოტიკის 15 მილიონი რეცეპტი იწერება. ამით შეფიქრიანებული მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ ანტიბიოტიკებს გვერდითი ეფექტებიც აქვთ, თანაც მათმა მიღებამ შესაძლოა წამლისადმი დაავადების რეზისტენტულობა გამოიწვიოს. ლოდინის ტაქტიკა კი ანტიბიოტიკების უადგილო გამოყენებისა და ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი
უმრავლესობას ესმის, რომ ტკივილგამაყუჩებლებისა და სიცხის დამწევი პრეპარატების რეგულარული მიღება ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე სასარგებლოა, მაგრამ ბევრი იძულებულია, თან ატაროს ტაბლეტები, რათა თავის ტკივილმა მუშაობაში ხელი არ შეუშალოს. კომპანია "ბოლეარ მედიკა" გვთავაზობს ეფექტურ და უსაფრთხო ალტერნატივას - "ექსტრაპლასტს". ეს არის პლასტირი, რომელიც გამაგრილებელი ჟელეს ფენით არის დაფარული. ექსტრაპლასტი სწრაფად და დიდი ხნით აყუჩებს თავის ტკივილს. პლასტირის მოქმედება განპირობებულია ლავანდის, ევკალიპტისა და მენთოლის ეთერზეთების გამაგრილებელი თვისებებით. იგი მარტივი გამოსაყენებელია - საკმარისია, თხელი ზოლი შუბლზე მიიკრათ, რომ სასიამოვნო სიგრილე თავის ტკივილს გაგიყუჩებთ. ჟელეს გამაგრილებელი პლასტირი დაეხმარება თქვენს პაწიას, თუ მას ტემპერატურა აუწევს. პლასტირი მედიკამენტური არ არის. ის ცივი კომპრესის მსგავსად მოქმედებს და უსაფრთხოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის მკურნალობისას, როდესაც ნებისმიერ მედიკამენტურ ჩარევას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. იგივე ითქმის ორსულებზეც. ასე რომ, მედიკოსები დაბეჯითებით გვირჩევენ, მაღალი სიცხისა და თავის ტკივილის დროს მცირეწლოვან ბავშვებსა და ორსულებს წამლის ნაცვლად გამაგრილებელი პლასტირით ვუმკურნალოთ.
ცხოვრება უცნაურია...
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ექიმებმა წარმატებით ჩაუტარეს საკეისრო კვეთა ქალს, რომელსაც ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს ჭინთვები დაეწყო. ეკატერინბურგელ ქალბატონს ორსულობის მეშვიდე თვეს ერთბაშად თავის ძლიერი ტკივილები დაეწყო, აუწია სიცხემ. საავადმყოფოში მენინგიტი - ტვინის გარსების ანთება იეჭვეს, მაგრამ გამოკვლევამ ჰემორაგიული ინსულტი - ტვინში სისხლის ჩაქცევა გამოავლინა. ქალს თავის ტვინის გარსის ქვეშ და პარკუჭებში მასიური სისხლჩაქცევები აღმოაჩნდა. აუცილებელი იყო დაუყოვნებელი ოპერაცია პარკუჭებში ჩაქცეული სისხლის მოსაშორებლად და ქალასშიდა წნევის მოსაწესრიგებლად. ოპერაციის მიმდინარეობისას მედიკოსებმა შეამჩნიეს, რომ ქალს ჭინთვები დაეწყო. საოპერაციოში სასწრაფოდ მიიწვიეს მეანები და ტვინის ოპერაციის პარალელურად მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. რამდენიმესაათიანი მძიმე სამუშაოს შემდეგ ნეიროქირურგებმა და მეანებმა დედა და ბავშვი უეჭველი სიკვდილისგან იხსნეს. ოპერაციის შემდეგ ქალი სამი კვირა უგონოდ იწვა. მკურნალობა და რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. დღენაკლულ ბიჭუნას, რომლის წონა სულ 2 კგ იყო, ასევე დასჭირდა ექიმების დახმარება, მაგრამ იგი სავსებით გამოკეთდა და დღეს უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს.
მოცარტი... ტრიქინელამ მოკლა?!
შესაძლოა, მოცარტის სიკვდილის მიზეზი ნახევრად უმი ღორის კატლეტი ყოფილიყო. მეცნიერებმა გააანალიზეს დიდი კომპოზიტორის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ შემონახული ცნობები და დაასკვნეს, რომ მისი ავადმყოფობა შესაძლოა ტრიქინელათი დასნებოვნების შედეგი ყოფილიყო. ამას ადასტურებს მოცარტის მიმოწერა მეუღლესთან. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე გაგზავნილ წერილში იგი ღორის კატლეტებს ახსენებდა. მეცნიერთა ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ეს წერილი ავად გახდომამდე 44 დღით ადრეა დაწერილი. ტრიქინელოზის საინკუბაციო პერიოდი კი დაახლოებით 50 დღეა. მეცნიერთა ვარაუდის საბუთად გამოდგება მოცარტის მიერ აღწერილი სიმპტომებიც: ტემპერატურის მატება, გამონაყარი, კუნთების ტკივილი და შეშუპება. 1791 წელს, როდესაც მოცარტი გარდაიცვალა, ტრიქინელოზის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ. მასზე საუბარი დაიწყეს გაცილებით გვიან, 1800 წლის შემდეგ, როდესაც ევროპაში ინფექციის რამდენიმე მსხვილი აფეთქება აღირიცხა. დიდი კომპოზიტორის სხეული არ გაუკვეთიათ. როგორც კომპოზიტორის მეუღლემ განაცხადა, მოცარტს მიაჩნდა, რომ მოწამლეს. დადიოდა ხმები, რომ ეს გააკეთეს მისმა მოშურნეებმა, რომელთა რიცხვშიც შედიოდა კომპოზიტორი ანტონიო სალიერი. ამრიგად, გენიალური კომპოზიტორის სიკვდილი ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული.
ადამიანის სახე ტილებმა და რწყილებმა შექმნეს
ბრიტანელი მეცნიერები ევოლუციურად ჩამოყალიბებული ადამიანის სახეს ახლებურად ხსნიან. მათი აზრით, ადამიანმა სხეულის უდიდეს ნაწილზე თმოვანი საფარველი იმის გამო დაკარგა, რომ ასე პარაზიტებთან ბრძოლა გაცილებით ადვილი იყო. აქამდე მიაჩნდათ, რომ თმოვანი საფარველის გაქრობა ჩვენს წინაპრებს ეხმარებოდა, უკეთესად ეკონტროლებინათ სხეულის ტემპერატურა აფრიკულ სავანებში. და აი, ოქსფორდისა და რედინგის უნივერსიტეტების ორმა მეცნიერმა, მარკ პაჯელმა და უოლტერ ბოდმერმა, ივარაუდეს, რომ თმოვანი საფარველის დაკარგვა ისტორიამდელი ადამიანის "ბუნებრივი შეგნებულობის" შედეგია. მათი აზრით, სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად ადამიანს უკვე შეეძლო გამოეყენებინა ცეცხლი, ტანსაცმელი და თავშესაფარი. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თმოვანი საფარველის შემცირება ადამიანის ევოლუციური უპირატესობით იყო გამოწვეული: თმის გაცვენამ ჩვენი წინაპრები პარაზიტული ინფექციებისგან დაიცვა. მათივე თქმით, თავსა და სახეზე თმა ადამიანმა სექსუალობის ხაზგასასმელად შეინარჩუნა. რაც შეეხება ბოქვენზე თმოვანი საფარველის შენარჩუნებას, აქ ექსპერტები საერთო თეორიამდე ჯერ კიდევ არ მისულან. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მისი დანიშნულებაა, გააძლიეროს ფერმონული სიგნალები, რომლებსაც ადამიანი სქესობრივი პარტნიორის არჩევისას გზავნის.