სიცხის დამწევი პრეპარატები
სიცხის დამწევი პრეპარატები სიმპტომური საშუალებებია. ცხელებით მოვლენებს ისინი მხოლოდ მცირე ხნით ხსნიან, სიცხის გამომწვევ დაავადებას კი, ბუნებრივია, ვერ კურნავენ - საამისოდ სხვა მიდგომა და სხვა სამკურნალო საშუალებათა ჩართვაა საჭირო. 38-38,50ჩ-მდე სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ტემპერატურის მომატება თავდაცვითი რეაქციაა - ვიდრე სიცხე ამ მაჩვენებელს მიაღწევს, ორგანიზმი საკუთარი ძალებით უმკლავდება დაავადებას. ტემპერატურის მომატებისას ორგანიზმში გამომუშავდება სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ინფექციას ებრძვის. ჰიპერთერმიის დროს (სიცხის მომატებისას) ძლიერდება ლეიკოციტების (კერძოდ, ნეიტროფილების) მობილიზაცია მათი დეპონირების ადგილებიდან, იზრდება მათი ბაქტერიოციდულობა, შესაბამისად, იმატებს ფაგოციტოზი (ბაქტერიებისა და უჯრედების დაშლილი ნაწილაკების შთანთქმა). გარდა ამისა, ჰიპერთერმიის დროს სტიმულირდება ორგანიზმის სპეციფიკური იმუნური პასუხი - ინტერფერონის წარმოქმნა, ინტერფერონი კი, მოგეხსენებათ, ენდოგენურ ანტივირუსულ ნივთიერებას წარმოადგენს. სიცხის დამწევი პრეპარატი აღნიშნულ პროცესებს თრგუნავს, მაგრამ თუ თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი 390ჩ-ს ასცდა, მით უფრო, თუ ავადმყოფი პატარა ბავშვია, ტემპერატურის დაწევა აუცილებელია. მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით - ბავშვებში, შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანების, გულყრისა და სხვა გართულებათა მიზეზად იქცეს. ტემპერატურის დასაწევად მრავალი არამედიკამენტური საშუალება არსებობს. თუ მათი მეშვეობით ვერაფერს მიაღწევთ, მაშინ საცხის დამწევი პრეპარატი უნდა მოიშველიოთ. ამ უკანასკნელის გამოყენება ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით და სიფრთხილით უნდა მოხდეს. გახსოვდეთ, აღნიშნული მედიკამენტების მიღებისას მომატებული ტემპერატურის დაწევასთან ერთად ხდება იმუნურ სისტემაში უხეში ჩარევა, ითრგუნება ორგანიზმის საბრძოლო რეზერვი, სუსტდება წინააღმდეგობის უნარი, დამცავი ძალები. სიცხის დამწევი პრეპარატების შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს - ისინი ურეცეპტოდ, თავისუფლად იყიდება აფთიაქებში. არჩევანი დღეს ძალზე მრავალფეროვანია, თუმცა ანალგეზიურ-ანტიპირეზულ საშუალებებს შორის ძირითადია ოთხი - ანალგინი, ასპირინი, პარაცეტამოლი და იბუპროფენი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ანალგინისა და ასპირინის გამოყენება არათუ შეზღუდული, აკრძალულიც კია. საქმე ის არის, რომ ასპირინის (იმავე აცეტილსალიცილის მჟავას) შემცველ ყველა პრეპარატს უამრავი გვერდითი მოვლენა ახასიათებს: ცხვირიდან სისხლდენა, ასპირინული ასთმა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე ეროზიებისა და წყლულების გაჩენა და სხვა. შედარებით უვნებელია პარაცეტამოლი. პედიატრიაში გამოყენებადი სიცხის დამწევი მედიკამენტების უმრავლესობა ძირითად ნივთიერებად სწორედ პარაცეტამოლს შეიცავს.
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლის სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი პირველად მერინგმა აღმოაჩინა 1893 წელს (ცნობისათვის: ასპირინის იგივე თვისებები მხოლოდ 1899 წელს აღმოაჩინეს), მაგრამ გარემოებათა გამო (მათ შორის - ტექნოლოგიური სირთულეების მიზეზით) პარაცეტამოლის გამოყენება მხოლოდ მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. ის თავდაპირველად ამერიკაში დაინერგა, მოგვიანებით კი ევროპაშიც. პარაცეტამოლს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პრაქტიკულად არ გააჩნია, თუმცა მას კატეგორიულად მაინც არ უარყოფენ. უკანასკნელი გამოკვლევებით დადასტურებულია პრეპარატის იმუნოტროპული აქტივობა. დღეს პარაცეტამოლი სხვადასხვა სამკურნალო ფორმით გამოიყენება: გამოდის როგორც კაფსულები (პანადეინი), ისე წყალში ხსნადი აბები (სოლპადეინი), სუსპენზია (პანადოლი) და სანთლები. მოსახმარად განსაკუთრებით პრაქტიკულია უკანასკნელი სამი ფორმა და ფართოდ გამოიყენება კიდეც ბავშვთა ასაკში. პარაცეტამოლი ანილინის წარმოებულია. ბრიტანულ ფარმაკოპეაში აღინიშნება როგორც 4-აცეტამიდოფენოლი, აშშ-ში კი აცეტამინოფენი. ადვილად იხსნება წყალში, ეთილის სპირტში, აცეტონში, გლიცერინსა და ქლოროფორმში. პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 30-90 წუთში განისაზღვრება. მაქსიმალური შეწოვა წვრილი ნაწლავებიდან ხდება. პარაცეტამოლის შეწოვა შესაძლოა საგრძნობლად შენელდეს ანტაციდურ პრეპარატებთან, გააქტიურებულ ნახშირსა და ქოლესტირამინთან ერთად მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ პარაცეტამოლი უცვლელი სახით სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პერორალური მიღება (ანუ გადაყლაპვა) არ უზრუნველყოფს პრეპარატის სრულად მოხვედრას სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პრეპარატის ნაწილი მეტაბოლიზმის პირველსავე ეტაპზე იკარგება. კიდევ უფრო მეტად მცირდება პარაცეტამოლის ათვისება რექტალური გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, სანთლების გამოყენებას სიცხის დასაწევად ნაკლებეფექტურს ვერ ვუწოდებთ, მით უმეტეს - ბავშვებში, რომლებიც წამლის დალევაზე უარს ამბობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალში ხსნადი ფორმები მყართან შედარებით გაცილებით სწრაფად შეიწოვება და სწრაფადვე იძლევა სასურველ ეფექტს. ამის გამოა სწორედ, რომ პედიატრიაში პრეპარატის თხევადი ფორმები დიდი პოპულარობით სარგებლობს. სისხლში მოხვედრისას პარაცეტამოლი სუსტად უკავშირდება ცილებს, მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოშობს კონიუგატებს. უცვლელად გამოიყოფა თირკმელებით. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ პარაცეტამოლი ასპირინზე გაცილებით უკეთ აღწევს ტვინის ქსოვილში, სადაც თანაბრად ნაწილდება. გამონაკლისია ჰიპოფიზი, სადაც პრეპარატის შემცველობა ტვინის სხვა სტრუქტურებთან შედარებით 2-3-ჯერ მაღალია. საყურადღებოა ისიც, რომ პარაცეტამოლი სალიცილატებთან შედარებით ასევე სწრაფად გამოიდევნება ტვინიდან. თუ მეძუძური დედა მიიღებს პარაცეტამოლს, ამ უკანასკნელის შემცველობა რძეში 1%-ს არ გადააჭარბებს. პარაცეტამოლის სიცხის დამწევი ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, მხოლოდ მომატებული ტემპერატურის დაქვეითებით გამოიხატება, სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ის დაბლა არ სწევს. ამით ის განსხვავდება ჰიპოთერმიული პრეპარატებისგან, როგორიც არის ამინაზინი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი და სხვა - ეს უკანასკნელნი აქვეითებენ სხეულის როგორც მომატებულ (ცხელებისას), ასევე ნორმალურ ტემპერატურას. 12 წლამდე პარაცეტამოლი უვნებელია, რადგან ამ ასაკის ბავშვებს ორგანიზმში არ გააჩნიათ ციტოქრომი და პარაცეტამოლის ბიოტრანსფორმაცია მიმდინარეობს არატოქსიკური სულფატური კონიუგაციის გზით. 12 წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმში არ წარმოიქმნება ტოქსიკური მეტაბოლიტი აცეტილ-ბენზოქინონიმინი. ეს ნაერთი დიდი ოდენობით სინთეზირდება პარაცეტამოლით მოწამვლისას, იჩენს ძლიერ ჰეპატო და ნეფროტოქსიკურობას - ღვიძლის უჯრედებსა და თირკმლის მილაკებში 24-48 საათის განმავლობაში იწვევს ნეკროზს. პარაცეტამოლით მწვავე მოწამვლისას გადაუდებელ დახმარებად ითვლება კუჭის ამორეცხვა, კარბოლენის მიღება, აცეტილციტეინის შეყვანა (ღვიძლში წარმოშობს გლუტათიონს), მეთიონინის მიღება (ასტიმულირებს კონიუგაციის პროცესს). აღნიშნული პრეპარატები უნდა მიეცეს პირველ 12 საათში ქსოვილთა ნეკროზის განვითარებამდე.
იბუპროფენი
იბუპროფენი (იგივე ადვილი, ბრუფენი) ავლენს კარგად გამოხატულ ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელ), ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. უზმოზე მიღებისას სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას 45 წუთში აღწევს, ხოლო ჭამის შემდეგ მიღებისას - 2-3 საათის შემდეგ. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, მეტაბოლიტების სახით. ავადმყოფები, ჩვეულებრივ, კარგად იტანენ ამ პრეპარატს. გართულებებიდან აღსანიშნავია დისპეფსიური მოვლენები - გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.
ანალგინი
ანალგინი, იგივე ნატრიუმის მეტამიზოლი, ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. საკუთრივ სახელწოდება `ანალგინი~ ტკივილის არარსებობას ნიშნავს. ბევრს დღესაც უსაფრთხოდ მიაჩნია აღნიშნული მედიკამენტი და ხშირ-ხშირადაც იღებს მას ნებისმიერი სახის ტკივილის გასაყუჩებლად, მაშინ როცა მრავალ ქვეყანაში ის საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან. თავად განსაჯეთ: მსოფლიოს 40 ქვეყანაში ნატრიუმის მეტამიზოლის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები დიდი ხანია აკრძალულია, მაგალითად, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში - ჯერ კიდევ 1965 წლიდან. საყურადღებოა, რომ სიაში შედის არა მხოლოდ მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორიც არის აშშ (აკრძალვის თარიღი 1977 წ.), იტალია (1979 წ.), გერმანია (1987 წ.), ესპანეთი (1989 წ.), ნიდერლანდები (1990 წ.), შვედეთი (1992 წ.), არამედ ახალგანვითარებადიც - ფილიპინები, ბანგლადეში, პაკისტანი, პერუ, სინგაპური და სხვა. ანალგინის აკრძალვის მიზეზი ის გახლავთ, რომ პრეპარატი მძიმე გვერდით რეაქციებს იწვევს. ერთ-ერთი მათგანია აგრანულოციტოზი - სისხლის წარმოქმნის დარღვევა, რომლის სიხშირეც ძალზე მაღალია. მეორე მძიმე გართულება და გვერდითი ეფექტია ანაფილაქსიური (სისხლძარღვოვანი) შოკი. დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი გართულება მეტამიზოლის გამოყენებისას 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე აგრანულოციტოზი. ანაფილაქსიურ შოკთან ბრძოლა ძალიან რთულია. ამიტომაც არის, რომ მისი შემთხვევების 30-50% ლეტალურად სრულდება. ანალგინს შეუძლია გამოიწვიოს სხვა უარყოფითი მოვლენებიც, რომლებიც დაკავშირებულია იმუნოლოგიურ დარღვევებთან: ჰეპატიტი, ალვეოლიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, პნევმონია და კანის მეტად მძიმე რეაქციები. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამოა ის აკრძალული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ცნობისათვის: 1992 წელს რუსეთის ჯანდაცვის ფარმაკოლოგიურმა კომიტეტმაც მიიღო გადაწყვეტილება 18 წლამდე ბავშვებისთვის ანალგინის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუმცა რუსეთის აფთიაქებში მაინც მრავლადაა როგორც ანალგინი, ასევე ბარალგინი, ბელალგინი, ბენალგინი, მაქსიგანი, პენტალგინი, სპაზგანი, ტემპალგინი - მეტამიზოლის საფუძველზე დამზადებული მედიკამენტები. იგივე მდგომარეობაა საქართველოშიც. ფაქტია, რომ ანალგინი როგორც სიცხის დამწევი საშუალება მაინც გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად, მისი გამოყენება დაუშვებელია, მით უმეტეს ბავშვებისთვის. გახსოვდეთ, მაღალ სიცხესთან საბრძოლველად უამრავი არამედიკამენტური საშუალება არსებობს, სიცხე არც ისე საგანგაშოა, როგორც ჰგონიათ, მაგრამ თუ მაინც სიცხის დაწევის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდით, უსაფრთხო პრეპარატები გამოიყენეთ!