დიაბეტი და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტი და ორსულობა

ეს მხოლოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ ექიმები დადგებიან ფაქტის წინაშე: ორსულობა პროგრესირებადი დიაბეტის ფონზე აქედან გამომდინარე ყველა არასასიამოვნო შედეგით. რჩევა ამგვარად "დაგეგმილი" ორსულობის შეწყვეტის შესახებ დიაბეტიან ქალს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ნაყოფი ნებისმიერი გზით, თუნდაც სიცოცხლის ფასად შეინარჩუნოს, დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს.

- მაინც რა ხდება ორსულობის დროს?

- ოდნავ შორიდან დავიწყებ. ფიზიოლოგიური ორსულობის დროს იზრდება ნაყოფის ენერგეტიკული მოთხოვნილება. შესაბამისად, ძლიერდება ნახშირწყლოვანი ცვლა. მსგავსი ცვლილებები ახასიათებს შაქრიან დიაბეტს, ამიტომ ორსულობას განიხილავენ როგორც დიაბეტოგენურ ფაქტორს. დიაბეტიანი ორსულის მოთხოვნილება ინსულინზე საგრძნობლად იცვლება და ეს გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ მის მდგომარეობაზე, ასევე ბავშვის განვითარებაზეც. ამ პერიოდში ქალს განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი სჭირდება.

- რას გულისხმობს დიაბეტის დროს ორსულობის დაგეგმვა?

- დიაბეტიანთა უმრავლესობას ორსულობის დაგეგმვა არასწორად ესმის. მრავალი მათგანი ამ ცნებაში გულისხმობს კურორტზე გამგზავრებას, ვიტამინების პროფილაქტიკურ მიღებას, სიგარეტისა და ალკოჰოლისგან თავის შეკავებას ან, უბრალოდ, კონტრაცეფციის შეწყვეტას. სინამდვილეში დიაბეტიანისთვის ორსულობის დაგეგმვა ნიშნავს დაორსულებას კომპენსირებული დიაბეტის ფონზე, როდესაც არ აღინიშნება გვიანდელი გართულებები და თანმხლები დაავადებები. ორსულობის დაგეგმვამდე საჭიროა:

  • დაიცვათ თავი დაორსულებისგან, ვიდრე არ მიაღწევთ დიაბეტის მყარ კომპენსაციას;
  • დაესწროთ მეცადინეობებს ორსულობის დაგეგმვის შესახებ დიაბეტიანთა სკოლაში;
  • ისწავლოთ სისხლში გლუკოზის თვითკონტროლი, იქონიოთ (ენდოკრინოლოგის მითითებით) კვების, ფიზიკური დატვირთვისა და ინსულინთერაპიის ინდივიდუალური რეჟიმი;
  • დაორსულებამდე ჩაიტაროთ კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა.

- რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი დაორსულებამდე სისხლში შაქრის დონის მოწესრიგება?

- ორსულობა, ჩვეულებრივ, 40 კვირა გრძელდება. ათვლის წერტილია უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღე. თუ ქალს ჩასახვა არ დაუგეგმავს, მაშინ დაორსულების შესახებ მხოლოდ მომდევნო მენსტრუაციის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ შეიტყობს. ახლა გავითვალისწინოთ, რომ დეკომპენსირებული დიაბეტის დროს მენსტრუალური ციკლი ზოგჯერ არარეგულარულია, ასე რომ, ქალმა ორსულობის შესახებ შესაძლოა შეიტყოს გაცილებით გვიან - ორსულობის მეორე-მესამე თვეს. ამ დროისთვის ბავშვის ყველა შინაგანი ორგანო უკვე ფორმირებულია - არსებობს ცენტრალური ნერვული სისტემა, ნაწლავები, გული სისხლძარღვებში სისხლს გადატუმბავს, ყალიბდება თვალები, კიდურები და სასმენი აპარატი, ამიტომ ნაყოფის ყველა მანკი, რომელიც კი დიაბეტის ცუდ კომპენსაციასთან არის დაკავშირებული, სავსებით შესაძლებელია, უკვე ჩამოყალიბებული იყოს. აი, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დაორსულებამდე სისხლში გლუკოზის მოწესრიგება.

- კერძოდ, რა გავლენას ახდენს შაქრის დონის ცვალებადობა ბავშვის ორგანიზმზე?

- დედის ორგანიზმში შაქრის მატებისას ნაყოფს დიდი ოდენობით გლუკოზა მიეწოდება. თუ ეს ორსულობის მერვე კვირამდე მოხდა, შესაძლოა განვითარდეს თანდაყოლილი მანკი; ხოლო გლუკოზის უკმარისობა, თუ ის მეტისმეტად ხშირია, განვითარების შეფერხებას იწვევს. შაქრის მეტისმეტად მკვეთრი დაცემისას ნაყოფი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. გახსოვდეთ: ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე და პირველი 7 კვირის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტის სტაბილური კომპენსაცია აუცილებელი პირობაა ნაყოფის თანდაყოლილი მანკების თავიდან ასაცილებლად. თუმცა შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება, რასაკვირველია, მეშვიდე კვირის შემდეგაც აუცილებელია. ორსულობის გვიანდელ ვადაზე ჰიპერგლიკემია მხოლოდ ბავშვის განვითარებაზე კი არ მოქმედებს, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც ამძიმებს და ხელს უწყობს დიაბეტის სისხლძარღვოვანი გართულებების წარმოშობას. როცა დედას ორსულობის მეორე ნახევარში ჰიპერგლიკემია აქვს, ნაყოფს ცხიმოვანი ქსოვილი უგროვდება, ამიტომ დიაბეტიანების ახალშობილები დიდი წონისანი არიან. გაითვალისწინეთ: დიდი წონა არ ნიშნავს ჯანმრთელობას. პირიქით, ასეთი ბავშვების უმრავლესობას ორგანოები განუვითარებელი აქვს და შესაძლოა განუვითარდეთ დარღვევები ნერვული, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ, ჰიპოგლიკემია. გლუკოზა გადის პლაცენტურ ბარიერს, ინსულინი კი - არა. როდესაც დედის სისხლში გლუკოზა ჭარბადაა, ის ნაყოფის ორგანიზმში გადადის და პანკრეასის ინსულინგამომყოფი კუნძულების გადიდებას იწვევს. გადიდებული კუნძულები ნორმაზე მეტ ინსულინს გამოიმუშავებენ, რაც ათიდან 3-6 შემთხვევაში ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის მიზეზად იქცევა. შაქრის დონის ხშირი მატება ნაყოფის ფილტვების მომწიფებას აფერხებს.

- მოქმედებს თუ არა დიაბეტი ორსულობის მიმდინარეობაზე?

- დიაბეტიან ორსულებს უფრო მეტი აქვთ ალბათობა, განუვითარდეთ გვიანი ტოქსიკოზი. დიდია საშარდე ორგანოების ინფექციისა და ნაადრევი მშობიარობის რისკიც.

- როგორი უნდა ჰქონდეთ გლუკოზის დონე ორსულებს?

- დიაბეტიანი ორსულებისთვის, განურჩევლად დიაბეტის ტიპისა,  მისი კომპენსაციის კრიტერიუმები შედარებით მკაცრია. სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი უნდა იყოს:

  • უზმოზე - 3,3-5,0 მმოლი/ლ
  • ჭამიდან 1 საათის შემდეგ - < 7,8 მმოლი/ლ
  • ჭამიდან 2 საათის შემდეგ - < 6,7 მმოლი/ლ
  • ჭამამდე - < 5,8 მმოლი/ლ
  • ძილის წინ - დაახლოებით 5,0 მმოლი/ლ
  • ნაშუაღამევს, 3.00 სთ-ზე - დაახლოებით 5,0 მმოლი/ლ

 

ჯანმრთელ ორსულში ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება და ფორმირება სისხლში გლუკოზის სწორედ ასეთი მაჩვენებლების ფონზე ხდება. დიაბეტიანმა ორსულმა ამ მაჩვენებლების მისაღწევად შაქარი დღეში არანაკლებ 7-8-ჯერ უნდა გაიზომოს, მათ შორის - უზმოზე, ძირითადი საკვების მიღებამდე და მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ, ძილის წინ და ღამის 3 საათზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ინსულინის მართებული დოზების შერჩევა, ნახშირწყლებისა და ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის დადგენა. გახსოვდეთ: ჰიპოგლიკემია და შარდში კეტონური სხეულების გაჩენა შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის მაჩვენებელია. გლიკოლიზებული ჰემოგლობინის განსაზღვრა - HbA1c - საშუალებას იძლევა, შეფასდეს თვითკონტროლის ხარისხი უკანასკნელი 6-8 კვირის განმავლობაში და დაორსულების წინ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის ხარისხის სარწმუნო კრიტერიუმია. HbA1c დაორსულებამდე 6,4%-ზე ნაკლები უნდა იყოს. შაქრიანი დიაბეტის მყარი კომპენსირების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ინსულინის მრავალჯერადი ინექციის საშუალებით. თუ გაქვთ II ტიპის დიაბეტი და ტაბლეტებით მკურნალობთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, როგორ გადახვიდეთ ინტენსიურ ინსულინთერაპიაზე.

  • შეეგუეთ იმ აზრს, რომ ორსულობის დადგომისთანავე,  განურჩევლად დიაბეტის ტიპისა, ინსულინზე გადასვლა მოგიწევთ, რადგან შაქრის დამწევი პრეპარატების მიღება ორსულს კატეგორიულად ეკრძალება - ისინი გადიან პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის სიმახინჯეებს იწვევენ.
  • შეამოწმეთ, სწორად ატარებთ თუ არა შაქრის თვითკონტროლს - შეადარეთ თქვენი მონაცემები ლაბორატორიისას.
  • ექიმთან ერთად შეადგინეთ კვებისა და ფიზიკური დატვირთვის (დრო, ინტენსივობა, ხანგრძლივობა) ინდივიდუალური რეჟიმი, რათა იმთავითვე შეიმუშაოთ ინსულინთერაპიის ტაქტიკა.

ურიგო არ იქნება დაორსულებამდე დიაბეტიანთა სკოლაში სიარული. ქალს იქ ასწავლიან თვითკონტროლს, უპასუხებენ მისთვის საინტერესო უამრავ კითხვას. ორსულობის დაგეგმვასა და ორსულობას მეთვაყურეობას გაუწევს ექიმთა სპეციალიზირებული ჯგუფი - ენდოკრინოლოგი, მეანი, ოკულისტი, ნევროპათოლოგი, ნეფროლოგი, კარდიოლოგი.

- რომელი სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა?

- უწინარეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია გინეკოლოგიური გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროებისამებრ - პარტნიორის გამოკვლევა და მკურნალობაც. გარდა ამისა:

  • ვიზიტი ოკულისტთან - თვალის ფსკერის გამოკვლევა, საჭიროებისამებრ - ლაზერული ფოტოკოაგულაცია;
  • ვიზიტი კარდიოლოგთან - გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა, თუ დიაბეტი 10 წელზე მეტი ხნისაა;
  • ვიზიტი ნევროპათოლოგთან - არტერიული წნევის გაზომვა მჯდომარე, მწოლიარე მდგომარეობაში და წამოდგომისას. არტერიული წნევის სათანადო კონტროლი და სწორად შერჩეული ჰიპოტენზიური თერაპია ამცირებს დიაბეტური ნეფროპათიის, რეტინოპათიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.

დაიმახსოვრეთ: თუ არტერიული წნევის დასაქვეითებლად ან ნეფროპათიის სამკურნალოდ იღებთ ისეთ პრეპარატებს, როგორიც არის კაპოტენი, ენაპი, პრესტარიუმი, ტრიტაცე, მონოპრილი, ანაპრილინი, ატენოლოლი ან შარდმდენები, ისინი უნდა შეიცვალოს ნაყოფისთვის ნაკლებ საშიში მედიკამენტებით (დოპეგიტი, აპრესინი). ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • HbA1c გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა;
  • მიკროალბუმინურია;
  • სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზი;
  • თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

    ორსულობის აბსოლუტური უკუჩვენებაა:

  • დიაბეტური კეტოაციდოზისკენ მიდრეკილება;
  • ორივე მეუღლის ავადმყოფობა (მაღალია დიაბეტის მემკვიდრეობით გადაცემის რისკი);
  • დიაბეტისა და აქტიური ტუბერკულოზის შერწყმა;
  • დიაბეტური მიკროანგიოპათია;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინი > 130 მმოლი/ლ, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 50 მლ/წთ);
  • მძიმე იშემიური დაავადება.

ამ შემთხვევაში უნდა დაისვას სტერილიზაციის საკითხი ან ქალმა ორსულობისგან მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში უნდა დაიცვას თავი. კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ უნდა განისაზღვროს HbA1c. მეანთან ვიზიტი ორსულობის პირველ ნახევარში საჭიროა ორ კვირაში ერთხელ, ხოლო მეორე ნახევარში - კვირაში ერთხელ. საკმაოდ სერიოზული საკითხია მშობიარობის დროის შერჩევა. ორსულობის ბოლომდე მიყვანა დასაშვებია პირველი ტიპის გაურთულებელი დიაბეტის დროს. ოპტიმალურ ვადად ითვლება 35-38-ე კვირა. მეორე ტიპის დიაბეტის დროს ქალს შეუძლია დროულად იმშობიაროს. შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირად საჭიროა საკეისრო კვეთა.


 

- როდისთვის შეიძლება დაგეგმოს ქალმა დაორსულება?

- ჩასახვა უნდა გადავდოთ, ვიდრე გამოკვლევა არ დასრულდება და არ მივაღწევთ შემდეგ მაჩვენებლებს:

  • HbA1c < 6,4%
  • სისხლში გლუკოზის დონეა:

უზმოზე - 3,3-5,0 მმოლი/ლ;

ჭამიდან 1 საათის შემდეგ - < 7,8 მმოლი/ლ;

ჭამიდან 2 საათის შემდეგ - < 6,7 მმოლი/ლ;

ჭამამდე - < 5,8 მმოლი/ლ;

ძილის წინ - დაახლოებით 5,0 მმოლი/ლ.

ასევე:

  • შარდში არ არის კეტონური სხეულები;
  • არტერიული წნევა ნაკლებია 135/80 მმ ვწყ. სვ-ზე;
  • საერთო ქოლესტერინი ნაკლებია 5,2 მმოლი/ლ-ზე.

შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევამდე და გვიანდელი გართულებების სტაბილიზაციამდე აუცილებელია, ქალმა ორსულობისაგან თავი დაიცვას. კონტრაცეფციის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ კომპენსაციიდან 2 თვის შემდეგ.

- რა არის ორსულთა დიაბეტი?

- შაქრიან დიაბეტს, რომელიც პირველად ორსულობისას ვლინდება, გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი ეწოდება. იგი ორსულთა დაახლოებით 4%-ს აქვს. რისკი მაღალია, თუ:

  • ორსული უჩივის ჭარბ წონას ან სიმსუქნეს;
  • შაქრიანი დიაბეტი აქვთ უახლოეს ნათესავებს;
  • წინა მშობიარობისას ბავშვის წონა აღემატებოდა 4000 გრამს;
  • ქალს წინა ორსულობის დროსაც აღმოაჩნდა გესტაციური დიაბეტი.

ჩამოთვლილი რისკფაქტორებიდან მინიმუმ სამის თავმოყრისას გესტაციური დიაბეტის განვითარების ალბათობა მაღალია და ქალმა დროულად უნდა მიაკითხოს ენდოკრინოლოგს.

- როგორ ადგენენ გესტაციურ დიაბეტს?

- კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისთანავე ყველა ორსულს უმოწმებენ სისხლში გლუკოზის დონეს - უზმოზე, ჩვეულებრივი დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის ფონზე. თუ უზმოზე თითიდან აღებულ სისხლში შაქარი 4,8-6,0მმოლი/ლ-ის ტოლი აღმოჩნდა, ხოლო ვენიდან აღებულში - 5,3-6,9 მმოლი/ლ-ისა, ნახშირწყლოვანი დარღვევის აღმოსაჩენად ინიშნება გლუკოზით დატვირთვის ტესტი. ორსულებს, რომლებსაც აქვთ გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი, გლუკოზით დატვირთვის ტესტს კონსულტაციაში აღრიცხვაზე ასვლისთანავე უტარებენ. თუ პირველი გამოკვლევის შედეგები ნორმას შეესაბამება, განმეორებითი ტესტირება 24-28-ე კვირას უნდა ჩატარდეს. უფრო ადრეულ ვადაზე გესტაციური დიაბეტი არ ვლინდება. ორსულთა დიაბეტის მთავარი ნიშანია შაქრის დონის მომატება უზმოზე. დიაბეტის ეს ფორმა, წესისამებრ, ორსულობის 27-32-ე კვირას ვლინდება და ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული და მეტაბოლური ცვლილებებით არის გამოწვეული. მშობიარობის შემდეგ გესტაციური დიაბეტი გაივლის, მაგრამ ასეთ ქალებს ორ-სამჯერ მაღალი აქვთ მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქრონიკული (მეორე ტიპის) დიაბეტის განვითარების რისკი. მათ თავი უნდა არიდონ წონის მატებას, დაიცვან დიეტა და რეგულარულად ივარჯიშონ.

- შეიძლება თუ არა, თავიდან ავიცილოთ ორსულობასა და ნაყოფის განვითარებაზე გესტაციური დიაბეტის გავლენა?

- დიაბეტური ნეფროპათიისა და ორსულობის გართულებათა პროფილაქტიკის ძირითადი გზაა შაქრის დონის მკაცრი კონტროლი სისხლში, რაც გესტაციური დიაბეტის დადგენისთანავე უნდა დაიწყოს.

- როგორი უნდა იყოს დიაბეტიანი ქალის დიეტა ორსულობისას?

- დიაბეტიანი ორსულის კვების რეჟიმი არ განსხვავდება დიაბეტიანთა ჩვეულებრივი დიეტისგან: შემცირებულია ნახშირწყლებისა (200-250 გ) და ცხიმების (60-70 გ) ოდენობა, ცილებისა კი ნორმალური ან მომატებულია (1-2 გ/კგ). დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულებაა 2000-2200კკალ (30-35 კკალ/კგ). ჭარბწონიანი ქალებისთვის რეკომენდებულია სუბკალორიული დიეტა, რომელშიც დღიური კალორაჟი 1600-1900 კკალ-მდეა შემცირებული. რაციონში რაც შეიძლება უხვად უნდა იყოს ხილი და კენკრა. არც ვარჯიშის უგულებელყოფა შეიძლება. სასურველია ხშირად სეირნობა სუფთა ჰაერზე. აუცილებელია დიეტაში A, B, C და D ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის ჩართვა.

- რა ქნას დიაბეტიანმა ქალმა, თუ მას ბავშვის გაჩენის სურვილი აქვს?

- ყველა გართულების მიზეზი შაქრის მაღალი მაჩვენებელია. ერთადერთი გამოსავალია გლიკემიის კონტროლი. თუ დაორსულებამდე გლუკოზის დონეს დიეტითა და ანტიდიაბეტური პრეპარატებით ამცირებდით, დაორსულებისთანავე, განურჩევლად დიაბეტის ტიპისა, ინსულინზე გადასვლა მოგიწევთ, რადგან შაქრის დამწევი პრეპარატები თქვენთვის კატეგორიულად აკრძალულია.

- როგორ მოიქცეს ქალი, თუ ორსულობის დასაწყისშივე დაეწყო პირღებინება?

- ეს მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ:

  • ღებინების დროს იკარგება ნაწილი შაქრისა, რომელიც საკვებთან ერთად მიიღეთ და სითხე, ამიტომ უნდა შემცირდეს ინსულინის დოზა ყოველი ჭამის შემდეგ, ხოლო შაქრის დონე ორ საათში შემოწმდეს.
  • ღებინება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. მიირთვით ჩაი ან წვენი, დაკარგული სითხის შესაბამისად გაზარდეთ მისაღების ოდენობა.
  • ღებინების დაწყებისთანავე დაუკავშირდით მეანს, რათა თავიდან აიცილოთ მისი გამეორება.
  • ძლიერი სისუსტე, გულის ფრიალი, პირის გაშრობა შაქრის დონის მატებაზე მიუთითებს. ამ სიმპტომების, ასევე შარდში აცეტონის გაჩენისას გამოიძახეთ სასწრაფო - თქვენ გჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ამ სიტუაციაში დაყოვნება არ შეიძლება.