პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

"რაო, გიო, ახალ თანამშრომელს საქმეების გაცნობაში ეხმარებოდი? ამიტომ იყო, მობილური მთელი დღე გამორთული რომ გქონდა?" ჩემი შეყვარებულიც ხალისით უბამს მხარს, ჩემთვის კი ეს არასასიამოვნო და გამაღიზიანებელია.
ალბათ თქვენს შეყვარებულს არ ესმის, რომ ასეთი ხუმრობა არ გსიამოვნებთ. ეცადეთ, აუხსნათ ასეთი მაგალითით: როგორ იგრძნობდა თავს, თქვენი უფროსი ნამდვილი დონჟუანი რომ იყოს და თქვენი მეგობრები გამუდმებით ხუმრობდნენ თქვენს რომანზე? რაც შეეხება თქვენს ხუმარა მეგობარს, თუ ზღვარს გადადის, ხუმრობის კილოთი სთხოვეთ, თქვენი შეყვარებულის წაქეზებას თავი დაანებოს ან უთხარით, რომ, უბრალოდ, შურს მისი. ყველაფერს კი აჯობებს, თუ შეყვარებულს შესთავაზებთ, თავისი ახალი თანამშრომელი თქვენს ხუმარა მეგობარს გააცნოს. თუ ამანაც ვერ დაამშვიდა, მაშინ ეს თემა თქვენი ხუმრობის საგნად აქციეთ.
ჩემი შეყვარებულის დედა ჩემდამი ცუდად არის განწყობილი. ის განქორწინებულია, მაგრამ დედამისს ძალიან უყვარდა ყოფილი რძალი, ამიტომ მე ცუდად მხვდება, თუმცა ჩემი შეყვარებული ცოლს ჩემს გამო არ გასცილებია. არ ვიცი, როგორ მოვაგვარო მასთან ურთიერთობა.
ცოტა ხანს მოითმინეთ. თქვენი შეყვარებულის დედა ახლა ცუდად იქნება განწყობილი მხოლოდ თქვენს მიმართ კი არა, ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელმაც კი შესაძლოა მისი რძლის ადგილი დაიკავოს. მისი კეთილგანწყობის მოპოვების ნებისმიერი მცდელობა მასში ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, მას მაინც ყურადღებით და თავაზიანად მოეპყარით, მიულოცეთ დღესასწაულები, მიუძღვენით საჩუქრები. თუ თქვენი და მისი ვაჟის ურთიერთობა იქნება მყარი, სერიოზული და დიდხანს გაგრძელდება, დედამისსაც მოუწევს, შეეგუოს თქვენს არსებობას.
შემოდგომაზე ბავშვს ველოდები, დედაჩემმა და ჩემმა დედამთილმა კი უკვე შეჯიბრება გამოაცხადეს. მაგალითად, მივდივართ მაღაზიაში ბავშვისთვის ნივთების შესაძენად. იწყება კამათი: ერთი ამტკიცებს, რომ გადასაფარებელი აუცილებლად ცისფერი უნდა იყოს, მეორე კი სალაროსკენ მწვანეს მიარბენინებს... ამ ყველაფერმა, ცოტა არ იყოს, დამღალა. არ ვიცი, რა იქნება, ბავშვი რომ დაიბადება...
მშვიდად აუხსენით ბებიებს, რომ რომელი ნივთი რა ფერისა იყოს, თქვენი და თქვენი მეუღლის გადასაწყვეტია. მიანიშნეთ, რომ მათი ასეთი საქციელი გულს გტკენთ, თქვენი ნერვიულობა კი არ შეიძლება. უმჯობესია, დედათქვენს თქვენ გაესაუბროთ, ხოლო თქვენს დედამთილს - თქვენი ქმარი. თუ ამ უაზრო შეჯიბრებას თავი მაინც არ დაანებეს, შეგიძლიათ, დროებით გაწყვიტოთ მათთან ურთიერთობა - ორსული ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს, რადგან შესაძლოა, მისი მღელვარება ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს.
თავს მარტოსულად ვგრძნობ, ზოგჯერ ხმის გამცემიც კი არ მყავს... როგორ ვიპოვო მეგობარი? ძალიან მჭირდება...
ალბათ არც ადრე ყოფილხართ კომპანიის სული და გული, ორიოდე მეგობარიც გყოფნიდათ, ახლა კი ურთიერთობა მათთანაც გაგიფუჭდათ. მეგობრების გარეშე ცხოვრება მართლაც არ არის ადვილი. ვეცდებით, რამდენიმე რჩევა მოგცეთ. ბავშვობაში მეგობრების შეძენა ადვილია. სკოლაში, პირველ კლასში ალბათ თქვენი ყურადღება მაშინვე მიიქცია რომელიმე გოგონამ, რომელსაც თქვენნაირი ჩანთა ჰქონდა. გვერდით მიუჯექით, მეორე გაკვეთილის დაწყებისას კი უკვე კარგი მეგობრები იყავით.
უფროსებისთვის ყველაფერი გაცილებით რთულია, თუმცა არსი იგივეა: ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომელთაც თქვენთან რაღაც საერთო აქვთ და თქვენი კეთილგანწყობა აგრძნობინეთ. შესაძლოა, საპასუხო სიმპათია გამოიწვიოთ. ადამიანები თქვენდამი კეთილად რომ განაწყოთ:
- ხშირად გაიღიმეთ. შუბლშეკრული ხალხი ურთიერთობის სურვილს არ იწვევს. თუ მოღუშული იჯდებით, ვერავინ მიხვდება, რომ საინტერესო პიროვნება ხართ.
- დაანახვეთ თანამოსაუბრეს, რომ მასთან საუბარი გსიამოვნებთ, უყურეთ თვალებში, უსმინეთ და თავი დაუქნიეთ, მის ხუმრობაზე გაიღიმეთ, საუბრისას სახელით მიმართეთ.
- როცა თქვენ თვითონ პასუხობთ სხვის კითხვებს, თავი არიდეთ რთულ რეპლიკებს. აჩვენეთ, რომ გულღია პიროვნება ხართ. მხოლოდ ასე თუ იპოვით შეხების წერტილებს, საერთო შეხედულებებს, რომლებიც ურთიერთობის განვითარების საშუალებას მოგცემთ.