News
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იუტაკა ჰანაზონო, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია იაპონიაში დონორ ორგანოთა ქრონიკული უკმარისობის პრობლემას მოაგვარებს. ამავე დროს ექიმები და ზოგიერთი პარლამენტარი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, შეცვალონ ნაციონალურ სამართალში "სიკვდილის" ცნების განმარტება, რადგან ამჟამად არსებული კანონი მეცნიერებს ტრანსპლანტაციის წარმოების საშუალებას არ მისცემს. ჰანაზონომ სიამოვნებით აჩვენა ჟურნალისტებს ექსპერიმენტში მონაწილე ცხვარი. მას ეტყობოდა პატარა ნაჭრილობევი, რომლის მიღმაც შიმპანზეს ღეროვანი უჯრედების საფუძველზე გამოზრდილი სათადარიგო კუჭქვეშა ჯირკვალი იმალებოდა. მეცნიერმა განაცხადა, რომ როდესაც პანკრეასი "მომწიფდება", მას დიაბეტით დაავადებულ მაიმუნს გადაუნერგავენ. იაპონელ მეცნიერს სჯერა, რომ 10-20 წლის შემდეგ პრიმატებისგან ადამიანებისთვის ყველა ორგანოსა თუ ქსოვილის გადანერგვა იქნება შესაძლებელი. მისივე აზრით, ცხვარი ცოცხალ საცავად იქცევა მათთვის, ვისაც გული, ღვიძლი, პანკრეასი თუ კანი სჭირდება. იაპონელმა მეცნიერმა განაცხადა: "ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ, რადგან ვაჩვენეთ ყველას, რომ ცოცხალ ორგანიზმში ორგანოების გამოზრდა უფრო ეფექტურია, ვიდრე სინჯარაში. მაგრამ სამუშაოს დასრულება უნდა დავაჩქაროთ, რადგან ამჟამად გართულებულია საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგიური ტურიზმი, იაპონიაში მოქმედი კანონის გამო კი (სიკვდილად მიჩნეულია არა ტვინის მუშაობის შეწყვეტა, არამედ გულის გაჩერება) ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელია ორგანოთა დონორის პოვნა". დისკუსია უკვე დაწყებულია და შესაძლოა, პარლამენტმა კანონს გადახედოს.
ბრიტანეთში ხრტილის აღდგენის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს
კილის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა 2 მიკრომეტრი დიამეტრის მქონე მაგნიტის ნაწილაკები, რომლებიც ადამიანის ძვლის ტვინისა და ცხიმოვანი ქსოვილიდან მიღებული მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს უკავშირდებიან. მაგნიტური ველის ზემოქმედებით ნაწილაკები იწყებენ მოძრაობას, უჯრედის მემბრანა დეფორმირდება და კალიუმის არხები იხსნება. კალიუმის იონების მიერ წარმოქმნილი დენის ზემოქმედებით უჯრედში ირთვება ბიოქიმიური რეაქციის მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ქსოვილში გაიფანტონ ღეროვანი უჯრედები. მაგნიტის ნაწილაკების დახმარებით მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები ლაბორატორიულ თაგვებს ზურგის კანში შეუყვანეს. მაგნიტური ველის ზემოქმედებით უჯრედები ხრტილოვან ქსოვილში გაიფანტნენ. ექსპერიმენტის ავტორის ელიშა ელ-ჰაჯის თქმით, მაგნიტური ნაწილაკების სხვა რეცეპტორებთან დაკავშირების გზით ღეროვანი უჯრედების სხვადასხვა ქსოვილად გარდაქმნა გახდება შესაძლებელი. მკვლევარებს განზრახული აქვთ, ახალი მეთოდი მუხლის სახსრის პოდაგრული დაზიანების მქონე პაციენტებზე გამოსცადონ. უნდა ითქვას, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ნებართვით ზემოხსენებული მიკრომაგნიტები წარმატებით გამოიყენება სხივურ დიაგნოსტიკაში, რადგან ორგანიზმში ისინი სწრაფად ნაწილდებიან და გამოიყოფიან არატოქსიკური შენაერთის სახით.
ნუში ქოლესტერინის დონეს ამცირებს
რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების სისტემატური მიმოხილვისა და მეტაანალიზის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ნუში ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და არ მოქმედებს სხვა ლიპიდების დონეზე. ამერიკელმა მეცნიერმა კრეიგ კოლემანმა (კონეკტიკუტი, ჰარტფორდის უნივერსიტეტი) თანაავტორებთან ერთად ჩაატარა 142 პაციენტის მომცველი 5 რანდომიზებული კვლევის მეტაანალიზი და შეაფასა, როგორ გავლენას ახდენდა ნუშის მოხმარება ლიპიდების დონეზე.
დაკვირვება 4 თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში პაციენტები დღეში 25-168 გრამამდე ნუშს მიირთმევდნენ. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ნუშის გავლენით ქოლესტეროლის დონე 0,18 მმოლი/ლ-ით შემცირდა. ამასთან ერთად მეცნიერებმა გამოავლინეს დაბალი სიმკვრივის პროტეიდების დაქვეითების აშკარა, თუმცა არადამაჯერებელი ტენდენცია.
სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედები თავის ტვინში სამი გენის დახმარებით ვრცელდებიან
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების მიერ ბუნებრივი ბარიერის გადალახვასა და თავის ტვინში გავრცელებაში სამი გენი მონაწილეობს. ადრინდელი კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ორი გენი, COX2 და HB-EGF, ხელს უწყობდა სიმსივნის ფილტვებში გავრცელებას. ახლა აღმოჩენილ იქნა მესამე გენი - ST6GALNAC5, რომელიც კიბოს უჯრედების ირგვლივ წებოვანი გარსის შექმნით ხელს უწყობს მათ შეჩერებას უწვრილეს სისხლძარღვებში და შემდგომ თავის ტვინის ქსოვილებში გავრცელებას. ამერიკელი მკვლევარების ჯოან მესეგიუსა და ჰოვარდ ჰიუზის თქმით, მათმა კვლევამ აშკარა გახადა გენების როლი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედთა გავრცელებაში.
სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების თავის ტვინში გავრცელებისთვის აუცილებელია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა. ეს ბუნებრივი ბარიერი ხელს უშლის სისხლში არსებული ტოქსინების თავის ტვინის ქსოვილებში შეღწევას. თუმცა ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი პირველადი სიმსივნის ამოკვეთიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ახერხებს ბარიერის გარღვევას. იმის გასარკვევად, როგორ ხდება ეს, მკვლევარებმა სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედები თაგვებს შეუყვანეს და დააკვირდნენ, შემდეგ კი თაგვისა და ადამიანის უჯრედების აქტიურობით გამორჩეული გენები შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ COX2 და HB-EGF გენები უზრუნველყოფდნენ უჯრედთა უფრო მეტ მობილურობასა და ინვაზიურობას, ხოლო ST6GALNAC5 გენი სათანადო ქიმიური რეაქციების გააქტიურებით კიბოს უჯრედთა წებოვანი გარსის წარმოქმნას იწვევდა. მეცნიერთა აზრით, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ამ პროცესის მაბლოკირებელი წამლების შექმნის საწინდარი გახდება.
ღვიძლის პარაცეტამოლით დაზიანების გენეტიკური მარკერი
ამერიკელმა მეცნიერებმა მიაგნეს გენს, რომელსაც უკავშირდება პარაცეტამოლის მიღების ფონზე ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკის ზრდა. მათ მიერ გამოყენებული მეთოდიკა შესაძლოა უსაფრთხო წამლების შექმნის საწინდარი გახდეს. პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი, ტაილენოლი და სხვა) აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი პრეპარატია. საერთო ჯამში ის უსაფრთხო მედიკამენტად არის მიჩნეული - ღვიძლი მხოლოდ დიდი დოზით მიღებისას ზიანდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ღვიძლზე უარყოფითი გავლენა შესაძლოა თერაპიულმა დოზამაც მოახდინოს. ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელი ადამიანების მესამედში პარაცეტამოლის მაქსიმალური თერაპევტული დოზის ხანმოკლე მიღებაც კი ააქტიურებს ღვიძლის ფერმენტს ალანინამინოტრანსფერაზას (ალატ), რაც ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე მიანიშნებს. თუ ასეთმა ადამიანმა პარაცეტამოლის დიდი დოზა მიიღო, არ არის გამორიცხული, ღვიძლის უკმარისობა განვითარდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პარაცეტამოლის მიღების ფონზე ღვიძლის დაზიანების მიმართ არსებობს გენეტიკური განწყობა, მაგრამ დამნაშავე გენების საპოვნელად ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დოქტორ დევიდ თრედჯილის ხელმძღვანელობით ლაბორატორიული თაგვების გამოყენებით სცადა ამ დაბრკოლების გადალახვა. "თუ გენეტიკური განსხვავებები გათვალისწინებულ იქნება პრეპარატის უსაფრთხოების შესწავლისას, ჩვენ შევძლებთ, უფრო ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ წამალზე მომავალი პაციენტების რეაქცია, და, ამგვარად, გამოვუშვათ უფრო უსაფრთხო პრეპარატები", - განაცხადა დოქტორმა თრედჯილმა.
მეცნიერებმა ტვინში გემრიელი და სასარგებლო საკვების ამომრჩეველ უბნებს მიაგნეს
ფსიქიკასა და ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებთან ერთად დიეტის ეფექტურობაზე შესაძლოა ტვინიც ახდენდეს გავლენას. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექიმებმა გემრიელი და სასარგებლო საკვების ამომრჩეველ უბნებსაც კი მიაგნეს. მკვლევარებმა შეარჩიეს ადამიანები, რომლებიც დიეტას იცავდნენ და ცდილობდნენ, მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები მიეღოთ. მოხალისეებს აჩვენეს სხვადასხვა საკვების 50 სლაიდი (სნიკერსიდან ყვავილოვან კომბოსტომდე), რათა მოეხდინათ ყოველი მათგანის შეფასება ორი პარამეტრის - გემოსა და მარგებლობის - მიხედვით. შეფასების შემდეგ მოხალისეებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ სასარგებლო და გემრიელ კერძებს შორის, მკვლევარები კი ტომოგრაფის საშუალებით აკვირდებოდნენ, როგორ მუშაობდა ტვინი ამ არჩევანის გაკეთების დროს. მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ მათ, ვინც უფრო სასარგებლო კერძები აირჩია, გადაწყვეტილების მიღებისას უაქტიურდებოდათ ქერქის პატარა უბანი, კერძოდ, შუბლსა და საფეთქელს შორის მდებარე დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქი, ხოლო მათ, ვინც აირჩია გემრიელი, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო საკვები - ტვინის სხვა ნაწილი, შუბლის ქვედა ნაწილში მდებარე ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი. მედიკოსებმა ჯერჯერობით არ იციან, შესაძლებელია თუ არა ტვინის ერთი უბნის აქტიურობის დათრგუნვა ან მეორის მუშაობის სტიმულირება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ არსებობს ადამიანების ორი ჯგუფი, რომელთაც დიეტაზე გადასვლის მეტ-ნაკლები შანსი აქვთ.