News
.
-
ტვინის ღრმა ელექტროსტიმულაცია ადამიანს მძიმე დეპრესიისგან იხსნის
კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მძიმე დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებს, რომლებსაც ჩვეულებრივი მკურნალობა ვერ შველის, შესაძლოა დაეხმაროს იმპლანტირებული ელექტროდებით განხორციელებული ტვინის ღრმა ელექტროსტიმულაცია.ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დეპრესიით დაავადებულ ოც პაციენტს, რომელთაც არ შველოდათ კოგნიტური თერაპია, ანტიდეპრესანტები და ელექტროკრუნჩხვითი თერაპია, ემოციის ფორმირებაში მონაწილე სარტყლისებრი ხვეულის არეში მიკროელექტროდები ჩაუნერგეს.
ტვინის ამ უბნის მუდმივმა სტიმულაციამ 12 მონაწილეს მდგომარეობა გაუუმჯობესა, 7 ავადმყოფს კი დაავადება რემისიის ფაზაში გადაუვიდა.
კვლევის ხელმძღვანელის, ნეიროქირურგ ანდრეს ლოზანოს თქმით, დაკვირვების პერიოდში ზოგიერთ ავადმყოფს მოუხდა ისეთ ტრავმულ სიტუაციასთან შეხლა, როგორიც არის ახლობლის გარდაცვალება ან ფინანსური კრიზისი. მათ განუვითარდათ ასეთი მძიმე სულიერი მდგომარეობისთვის შესაფერისი სპექტრისა და დინამიკის ემოციები.
ამჟამად ტვინის ღრმა ელექტროსტიმულაციისთვის საჭირო ელექტროდების მწარმოებელი ტეხასური ფირმა Advanced Neuromodulation Systrms ასპონსორებს ამ მეთოდის კლინიკურ გამოცდას აშშ-ის სამ სამედიცინო ცენტრში. ანალოგიური კვლევები ტარდება გერმანიაში, ბელგიასა და ოჰაიოს შტატში, მაგრამ იქ ტვინის სხვა ნაწილის სტიმულაცია ხდება. ბონის უნივერსიტეტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კმაყოფილების, სიცილის, დამოკიდებულებისა და შიშის ფორმირებაში მონაწილე ბირთვებზე ზემოქმედებით.
-
ამერიკული ინტერნეტაფთიაქები კონტროლს დაქვემდებარებულ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდიან
აშშ-ის წამალდამოკიდებულების შემსწავლელმა ნაციონალურმა ცენტრმა (CASA) აღმოაჩინა, რომ ამერიკული ინტერნეტაფთიაქების უმრავლესობა არღვევს კანონს და კონტროლს დაქვემდებარებულ პრეპარატებს ყიდის ექიმის რეცეპტის გარეშე.
ნარკომანიასთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მონაცემებით, ინტერნეტაფთიაქების მიერ გაყიდული წამლების 85% საგანგებო კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატია, მაშინ როცა ჩვეულებრივ აფთიაქებში ასეთი მედიკამენტების გაყიდვის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 11-ს შეადგენს.
CASA-ს დირექტორმა ჯოზეფ კალიფანომ ინტერნეტსაძიებო სამსახურებს გაუგზავნა თხოვნა, ზომები მიეღოთ არალეგალური ინტერნეტაფთიაქების აღსაკვეთად, მაგრამ მათი წარმომადგენლის მაიკლ სენდერსის თქმით, ვერავინ შეუშლის ხელს ინტერნეტ მაღაზიებს, იმუშაონ ერთი კვირა, დაიხურონ და სხვა სახელით ხელახლა გაიხსნან.
ამჟამად CASA, DEA და მსხვილი საძიებო სისტემები მუშაობენ ისეთი პროგრამის შესაქმნელად, რომელიც ნებისმიერი რთული სიტუაციის გადალახვას შეძლებს.
-
ახალი პრეპარატები გულის კუნთის დაზიანების ხარისხს შეამცირებს
ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პრინციპულად ახალი ტიპის პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს ინფარქტით გამოწვეული გულის კუნთის დაზიანების ხარისხი და ინფარქტის დროს გადაუდებელი დახმარების განუყოფელ ელემენტად იქცეს.
ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოსა და პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჯგუფი თაგვებში ხელოვნურად იწვევდა მიოკარდიუმის ინფარქტს, შემდეგ კი მათ ფერმენტ ჰისტონდეაცეტილაზის მაინჰიბირებელ (HDAC) პრეპარატებს უკეთებდა. ეს საშუალებები ცვლის დნმ-ს "შეფუთვას" და, აქედან გამომდინარე, გენებისა და ცილის სინთეზის აქტიურობაზე ახდენს გავლენად. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ხსენებული პრეპარატები ამცირებს ინფარქტით გამოწვეული დაზიანების არეს ანუ სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო ნახევრად მკვდარი გულის კუნთის მოცულობას. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეფექტი მაშინაც კი მიიღება, როდესაც ინფარქტიდან პრეპარატის შეყვანამდე ერთი საათია გასული.
შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჰისტონდეაცეტილაზის ინჰიბიტორების ზემოქმედებით იბლოკება გულის კუნთის უჯრედების კვდომაზე პასუხისმგებელი გენების აქტიურობა და იმატებს გულის სისხლძარღვების გამავლობა მათში სისხლის შემცირებული ოდენობით დინების (იშემიის) ფონზე. დადგინდა ისიც, რომ იშემიის მიმართ უჯრედების პასუხზე უმთავრეს გავლენას ახდენს ჰისტონდეაცეტილაზის ქვეტიპი HDAC4.
თუ დადასტურდა, რომ პრეპარატები ადამიანისთვისაც ეფექტური და უსაფრთხოა, მათ ინფარქტის დროს გადაუდებელი დახმარების საშუალებად გამოიყენებენ.
ამჟამად ჰისტონდეაცეტილაზის ინჰიბიტორები წარმატებით გამოიყენება ეპილეფსიისა და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობისთვის.
-
გლობალური დათბობა ვირუსებს მომაკვდინებელ უნარს სძენს
ვირუსებმა, რომლებიც სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევა, გლობალური დათბობის გამო შესაძლოა მომაკვდინებელი თვისებები შეიძინოს. მეცნიერებმა აფრიკაში უჩვეულო შემთხვევა დააფიქსირეს: ძაღლის ჭირის ვირუსი, რომელსაც აქამდე უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ, ლომების მასობრივი სიკვდილის მიზეზად იქცა.
მეცნიერთა აზრით, ვირუსი სასიკვდილოდ სწორედ გლობალურმა დათბობამ გადააქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ლომებში დაავადების აფეთქების პერიოდი გვალვას დაემთხვა, რომელმაც კამეჩების პოპულაციაც დაასუსტა. წვიმების სეზონის დაწყებამ ხელი შეუწყო პარაზიტების გადამტანი კოღოების გამრავლებას, მათგან კი პარაზიტები კამეჩების სისხლში მოხვდა. ასე მოხდა კამეჩების მასობრივი ინფიცირება პარაზიტებით, ამ პარაზიტებისა და ვირუსების ურთიერთობამ კი დაღუპა ლომები.
ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. მსოფლიოში პირველად დამტკიცდა, რომ კლიმატის შეცვლა უვნებელ ვირუსს მომაკვდინებელ მიკრობად აქცევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ამგვარი ვირუსი არა მარტო ცხოველებს, არამედ ადამიანებსაც შეუქმნის საფრთხეს.
აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: ზოგიერთმა სასიკვდილო დაავადებამ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტროპიკულ რეგიონებში იყო გავრცელებული, ჩრდილოეთით გადაინაცვლა. ამის დასტურია შარშანდელი ზაფხული, როცა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ რავენაში ჩუკუნგუის ცხელების ეპიდემიამ იფეთქა. ამ დაავადების გამომწვევი, არბოვირუსი, გადააქვს კოღო Aedes-ს, რომელიც აქამდე ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობდა.
NASA-სთან არსებული ჰარვარდის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტების აზრით, სათბურის ეფექტი აჩქარებს ცხოველთა სამყაროს ბიოლოგიურ რიტმს და იწვევს მათ სწრაფ გამრავლებას, რაც ეკოსისტემის ბალანსს არღვევს.
-
აღმოჩენილია მწეველებში მწვავე რესპირაციული დაავადების მძიმე მიმდინარეობის მექანიზმი
ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ მიმდინარეობს მწეველებში მწვავე რესპირაციული დაავადებები არამწეველებზე მძიმედ.
აქამდე მიაჩნდათ, რომ სიგარეტის კვამლი თრგუნავდა სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს და ვირუსს ქსოვილების დაზიანებაში ხელს უწყობდა. იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს მოსაზრება უარყვეს.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ჯეკ ელიასი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ იმ თაგვების იმუნური სისტემა, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად განიცდიდნენ 1-2 ღერი სიგარეტის კვამლის ზემოქმედებას, გადაჭარბებით რეაგირებდა ნივთიერებაზე, რომელიც ვირუსული ინფექციის იმიტაციას ახდენდა. სასუნთქი გზები ინფექციური აგენტებისგან ჩვეულებრივ იწმინდებოდა, მაგრამ სიგარეტის კვამლის ზემოქმედების გამო იმუნური რეაქციის დროს დიდი ოდენობით ხდებოდა ანთების მედიატორების გამოსროლა, რაც ქსოვილებს უფრო მეტად აზიანებდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივეა სიგარეტის კვამლისა და ვირუსული ინფექციის ურთიერთქმედების მექანიზმი, რომელიც ფილტვის ემფიზემისა და ფილტვის ობსტრუქციული ბრონქიტის მიმდინარეობას აუარესებს.
-
უძილობა ცრუ მოგონებებს იწვევს
გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უძილო ღამეების შემდეგ იმატებს ცრუ მოგონებების გაჩენის ალბათობა, ყავას კი შეუძლია, ამას ნაწილობრივ მაინც შეუშალოს ხელი.
მკვლევარებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მოხალისეებს სთხოვეს, დაეზეპირებინათ განსაზღვრული თემის მიხედვით დალაგებული სიტყვები, შემდეგ ერთ ჯგუფს გამოძინების საშუალება მისცეს, მეორემ კი ღამე გაათენა. ამის შემდეგ ორივე ჯგუფს იმავე სიტყვების სია დაურიგეს, რომელსაც რამდენიმე ახალი სიტყვა ჰქონდა დამატებული და სთხოვეს გაეხსენებინათ, რომელი სიტყვები ამოიკითხეს წინა დღეს.
ექსპერიმენტის ღამენათევმა მონაწილეებმა გაცილებით მეტი შეცდომა დაუშვეს. ზოგიერთი მათგანი არასწორი ვარიანტების სისწორეში უფრო მეტად იყო დარწმუნებული.
კვლევის ხელმძღვანელის სუზან დიკელმანის აზრით, ცრუ მოგონებები ჩნდება არა უშუალოდ უძილობისას, არამედ მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოვარდნის პროცესში. ამის დასტურად მან ის ფაქტი მოიყვანა, რომ უძილო ღამის შემდეგ გამოძინებულ მოხალისეებს განმეორებითი ტესტირებისას დანარჩენებზე მეტი შეცდომა არ დაუშვიათ.
მეცნიერებმა სცადეს, ცრუ მოგონებების გაჩენაში კოფეინის როლიც დაედგინათ. ექსპერიმენტის ზოგიერთ ღამენათევ მონაწილეს კოფეინი მისცეს, ზოგიერთს კი - პლაცებო. ერთი საათის შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ცდის ის მონაწილეებმა, რომლებმაც კოფეინი მიიღეს, სხვებთან შედარებით 10%-ით ნაკლები შეცდომა დაუშვეს.
დიკელმანმა აღნიშნა, რომ ცრუ მოგონებების ფორმირების პროცესის ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია სასამართლოში მოწმის ჩვენების შეფასებისას და, საზოგადოდ, ისეთ სიტუაციებთან მიმართებით, რომლებიც წარსულის უშეცდომო გახსენებას მოითხოვს.