News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

"მეცნიერები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ყოველგვარი დამოკიდებულების განვითარებას გენების განსაზღვრული ჯგუფი განაგებს, - განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტთან არსებული ფსიქიატრიის სკოლის პროფესორმა, გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მინ ლიმ, - ჩვენ თანდათანობით ვავიწროებთ ამ გენების ძიების არეალს. როგორც კი მკვლევარები ზუსტად ამოიცნობენ დამოკიდებულების ფორმირებაზე პასუხისმგებელ გენეტიკურ ვარიანტებსა და მოლეკულურ მექანიზმებს, მაშინვე გახდება შესაძლებელი ტოქსიკომანიის მკურნალობის ეფექტური მეთოდის შექმნა". პროფესორი ლი და მისი კოლეგა, მიჩიგანის უნივერსიტეტის ადამიანთა გენეტიკის ფსიქიატრიის პროფესორი მარჯიტ ბურმისტრი, ვარაუდობენ, რომ ადამიანის მე-11 ქრომოსომაში არსებობს განსაზღვრული გენომები, რომლებშიც თავმოყრილია ალკოჰოლზე, მარიხუანაზე, კოკაინზე, ჰეროინზე, ნიკოტინსა და ოპიატებზე დამოკიდებულებისადმი განწყობა. ზოგიერთი ტიპის დამოკიდებულების განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერმენტ ალდეჰიდდეჰიდროგენაზის, GABRA2-ის, ANKK1-ის მაკოდირებელ გენებში არსებული მუტაცია.

 

სიბერე 27 წლიდან იწყება

ადამიანთა უმრავლესობისთვის სიბერე მეხსიერების გაუარესებას და საღი აზროვნების დაქვეითებას ნიშნავს. ვირჯინიის უნივერსიტეტში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გვეგონა. პროფესორი ტიმოთი სალტჰაუსი შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 2 ათას ადამიანს და დაადგინა, რომ ადამიანის ტვინი შესაძლებლობათა მაქსიმუმს 22 წლის ასაკში აღწევს, ხოლო 27 წლიდან დაბერების შეუქცევადი პროცესი იწყება. მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები.

ჟურნალ "სიბერის ნეირობიოლოგიაში" გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეიმჩნევა. საშუალო სტატისტიკურ ადამიანს მეხსიერება 37 წლის ასაკში უუარესდება. კიდევ უფრო უარესი მონაცემები აღინიშნება 42 წლის შემდეგ. პროფესორი სალთჰაუსი ასკვნის, რომ ჯანმრთელ, კარგი განათლების მქონე ადამიანებს აქტიური შემეცნების უნარი 20-30 წლის ასაკში უქვეითდებათ. მეცნიერებმა კვლევის შედეგად ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც გამოიტანეს: ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარს ადამიანი მინიმუმ 60 წლამდე ინარჩუნებს.

 

ხმაური სიყრუესა და ავარიებს იწვევს

მეტალურგიული და ხის დამამუშავებელი ქარხნებისა და საამქროების პერსონალი ხმაურის საშიში ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. როდესაც საწარმოში ხმაურის სიმძლავრე დასაშვებზე მეტია, იზრდება უბედური შემთხვევის, ავარიისა და სმენის დაკარგვის რისკი. მონრეალის უნივერსიტეტის, ლავალის უნივერსიტეტისა და კვებეკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 53 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი 60% მუშაობდა საწარმოში, სადაც ხმაურის დონე ნორმალურზე 90 დეციბელით მეტი იყო, რაც მეტროში მატარებლის მოძრაობით გამოწვეული ხმაურის ეკვივალენტურია. გაირკვა, რომ ამ მიზეზით მიღებულ საწარმოო ტრავმათა მაჩვენებელი 6%-ს აღემატებოდა. შესწავლილ იქნა ფაბრიკა-ქარხნებში მომხდარი 43 250 უბედური შემთხვევა და დადგინდა, რომ 5 ათასი ძლიერ ხმაურთან იყო დაკავშირებული. კანადელ ექსპერტებს განსაკუთრებით აღელვებთ ახალგაზრდა მუშაკთა ბედი, რადგან ხმაურიანი საწარმოო გარემო 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში სმენის ნაადრევ და სამუდამო დაკარგვას იწვევს, სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაში კი მძიმე სატრანსპორტო ავარიის ალბათობა 31%-მდე იზრდება. ექიმები მრავალ ფაბრიკასა და ქარხანაში ხმაურის დონეს ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან შეუთავსებლად მიიჩნევენ.

 

ალკოჰოლი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ზრდის

მეცნიერები აცხადებენ, რომ მამაკაცს, რომელიც დღეში ორ ან მეტ სტანდარტული ზომის ბოკალ ალკოჰოლურ სასმელს სვამს, პროსტატის კიბოთი დაავადების ალბათობა მეტი აქვს, ვიდრე არამსმელს.

საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა გააანალიზა ალკოჰოლის მოხმარებასა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს შორის კავშირის გამოსავლენად ჩატარებული 35 კვლევის შედეგები და დაასკვნა, რომ მათ შორის, ვინც კვირაში 14 ბოკალ ალკოჰოლს იღებს, პროსტატის კიბოთი ავადობა 20%-ით მაღალია მათთან შედარებით, ვინც ცოტას სვამს ან საერთოდ არ ეტანება სასმელს. ავსტრალიაში, ამერიკასა და კანადაში დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევების მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში პროსტატის კიბოს რისკი ალკოჰოლის მოხმარების შესაბამისად იმატებს. ეს შედეგები ეწინააღმდეგება ადრე ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელთა თანახმადაც, დღეში 2 ბოკალი ალკოჰოლური სასმლის მიღებას შეუძლია ხელი შეუშალოს გულის შეტევას. "აუცილებელია უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რათა უფრო ზუსტად განისაზღვროს კავშირი ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის", - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

დიდ ბრიტანეთში პროსტატის კიბო ფართოდ არის გავრცელებული. ყოველწლიურად 34 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში პროსტატის კიბოს გამოვლენის ტემპი 2-ჯერ გაიზარდა, თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს არა თვით ავადობის მატების, არამედ დიაგნოსტიკის ეფექტური საშუალებების მომრავლების ბრალია.


ყავის მოყვარულებს ინფარქტი უკეთ გადააქვთ

ადამიანები, რომლებიც ინფარქტამდე ყოველდღე სვამდნენ ყავას, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც იშვიათად ან საერთოდ არ მიირთმევდნენ ამ სასმელს. ბოსტონელმა მეცნიერმა კენეტ მუკამალმა თანაავტორებთან ერთად შეისწავლა იმ 1369 პაციენტის მონაცემები, რომლებმაც 1992-1994 წლებში მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეს. მათ 7-10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხნის მანძილზე 289 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემთა გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ მათ, ვინც დღეში 1-დან 3-მდე, 5-დან 7-მდე და 7 ფინჯანზე მეტ ყავას სვამდა, ინფარქტის შემდეგ გარდაცვალების ალბათობა, შესაბამისად, 32, 44 და 47 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას საერთოდ არ სვამდა.

 

შველის თუ არა აუტიზმს ჰიპერბარიული ოქსიგენაცია

დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ჰიპერბარიული ოქსიგენაცია აუმჯობესებს აუტიზმით დაავადებული ბავშვების მდგომარეობასა და ქცევას. ბევრი აუტიზმით დაავადებული ბავშვის მშობელმა მოინდომა შვილის ჰიპერბარიული ოქსიგენაციით მკურნალობა, თუმცაღა პროცედურა ძალიან ძვირია და სადაზღვევო კომპანიები მას არ ანაზღაურებენ. ექიმებს ჯერჯერობით უჭირთ თერაპიის ეფექტურობის მიზეზის ახსნა. მხოლოდ ის იციან, რომ ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეშვეობით თავის ტვინს დიდი ოდენობის ჟანგბადი მიეწოდება. ფლორიდელმა მეცნიერებმა მკურნალობის ამ მეთოდის საკონტროლო კვლევა ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართომასშტაბიანი არ ყოფილა, მისმა შედეგებმა სიტუაციას რამდენადმე მაინც მოჰფინა ნათელი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2-დან 7 წლამდე ასაკის 62-მა ბავშვმა. მათ ნახევარს ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდა ჰიპერბარიული ოქსიგენაციის 40-საათიანი კურსი: ბავშვებს ათავსებდნენ ბაროკამერაში, სადაც ჟანგბადის შემცველობა 24%-ია, ხოლო წნევა - 1,3 ატმოსფერო, - საკონტროლო ჯგუფი კი მოათავსეს შენობაში, სადაც ჟანგბადის შემცველობა - 21%, ხოლო წნევა 1,03 ატმოსფერო იყო. ჟურნალ Biomed Central Pediatrics-ში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ბავშვები, რომელთაც ჰიპერბარიული ოქსიგენაცია ჩაუტარდათ, საგრძნობლად მომჯობინდნენ, გაუუმჯობესდათ ენების ათვისების უნარი, გარესამყაროსადმი დამოკიდებულება, სოციალური ურთიერთობები და მხედველობითი კონტაქტი.

"აუტიზმის განკურნებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ბავშვთან კონტაქტის იმდენად გაუმჯობესება, რომ მას გავაგებინებთ, რატომ არ შეიძლება, მაგალითად, მოძრავ მანქანასთან ბრძოლა, ეს კი უკვე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს", - განაცხადა მელბურნის (აშშ) ბავშვთა განვითარების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელმა, კვლევის ავტორმა, დოქტორმა დანიელ როსინიალმა. ჰიპერბარიული ოქსიგენაციის დროს მოსალოდნელია გვერდითი ეფექტებიც - დაფის აპკში სისხლჩაქცევა და კლაუსტროფობიის განვითარება. ოქსიგენოთერაპია უმთავრესად გამოიყენება კესონური დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება წყლის სიღრმიდან სწრაფად ამოსვლისას და მხუთავი გაზით მოწამვლისას. პროცედურის საშუალო ღირებულება 120-150 აშშ დოლარს შეადგენს. ზოგიერთმა მშობელმა სახლის ბაროკამერაც კი შეიძინა. სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად აშშ-ში ჰიპერბარული ოქსიგენაცია აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა 10%-ს უტარდება. კვლევის დროს ჰიპერბარიული ოქსიგენაცია ჩაუტარდა აუტიზმით დაავადებულ მხოლოდ 31 ბავშვს, რაც საბოლოო დასკვნისთვის ძალიან ცოტაა. აუცილებელია გაცილებით ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რომელიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. გარდა ამისა, მკვლევარებს სურთ დაადგინონ, რამდენ ხანს გრძელდება ჰიპერბარიული ოქსიგენაციის ეფექტი.