კოლაჟი
ნედლეულად გამოყენებულ იქნება გენეტიკურად მოდიფიცირებული ალისარჩული (Carthamus tincto-rius) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. ალისარჩულის მარცვლებში ადამიანის ინსულინის შემცველობა მასში შემავალი ცილების 1,2%-ია. მის მემკვიდრეობით მასალაში ჩართულია ადამიანის გენები, რომლებიც ინსულინის სინთეზის კოდირებას ახდენს. ახალი მეთოდით ერთი ტონა ინსულინის წარმოებისთვის საჭიროა 80 მლნ დოლარი, ამჟამად არსებული მეთოდები კი 250 მლნ-ზე მეტს მოითხოვს. სადღეისოდ ადამიანის ინსულინს უმთავრესად გენეტიკურად მოდიფიცირებული ნაწლავის ჩხირისგან იღებენ. ამ გზით მიღებული ჰორმონი საკმაოდ ძვირად ღირებულია და ეკონომიკურად დაბალგანვითარებულ სახელმწიფოებს მასზე ხელი არ მიუწვდებათ. გაცილებით იაფია ღორის ინსულინი, რომელიც დაკლული ცხოველის პანკრეასის გადამუშავების შედეგად მიიღება, მაგრამ ის ადამიანის ინსულინისგან განსხვავდება და დიაბეტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის გამოუსადეგარია, მცენარეული ინსულინის წარმოება კი მილიონობით დიაბეტიანს უზრუნველყოფს აუცილებელი ჰორმონით.
ერთი აკრი ალისარჩულის ნათესიდან კილოგრამზე მეტი ინსულინის მიღებაა შესაძლებელი, ეს ოდენობა კი 2500 დიაბეტიანს ერთი წლის განმავლობაში ეყოფა. ინსულინზე მსოფლიო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 16 ათასი აკრი (დაახლოებით 65 კვადრატული კილომეტრი) ალისარჩულის პლანტაციაა საჭირო. მეცნიერთა გამოთვლით, 2010 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობას წელიწადში 16 ტონა ინსულინი დასჭირდება, რაც შარშან მოხმარებულ ოდენობაზე ოთხჯერ მეტია. მოთხოვნის ზრდა გამოწვეულია ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით, შაქრიანი დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკით და ინსულინის ისეთი ფორმების გავრცელებით, რომელთა ორგანიზმში შეყვანა შესაძლებელია ინჰალაციური გზით, ამ დროს კი დანახარჯი 10-ჯერ მეტია, ვიდრე ინექციური ფორმების დროს.
აღმოჩენილია დღეგრძელობის ჰორმონი
პიტსბურგში გამართული ნეიროენდოკრინოლოგთა მე-6 საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ადიპონექტინსა და სომატოტროპულ ჰორმონს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ადამიანის დღეგრძელობისთვის. პოლონელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-დან 102 წლამდე ასაკის 133-მა ქალმა, რომელთაგან 25 ას წელს იყო გადაცილებული. გამოკვლევის შედეგების თანახმად, მის ასწლოვან მონაწილეებს სისხლში ადიპონექტინის შემცველობა გაცილებით მეტი ჰქონდათ, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფის წევრებს, ხოლო ინსულინისა და ლეპტინისა - ნაკლები. გარდა ამისა, დაქვეითებული ჰქონდათ ინსულინრეზისტენტობა და აღენიშნებოდათ ქოლესტერინის დაბალი შემცველობა.
ჰორმონ ადიპონექტინს ცოცხალი ქსოვილები გამოიმუშავებს. ეს არის პეპტიდი, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვთა კედლებზე ცხიმოვანი ნადების გაჩენას. ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შაქრისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმში. პროექტის კოორდინატორის აგნეჟკა ბარანოვსკაია-ბიკის აზრით, ექსპერიმენტის მონაწილეთა დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას შესაძლოა უშუალო კავშირი ჰქონდეს ადიპონექტინის მაღალ შემცველობასთან. გამოკვლევა ჩატარდა ვაშინგტონის უნივერსიტეტშიც. იქ შეისწავლეს სომატოტროპული (ზრდის) ჰორმონის ხელოვნური მატების გავლენა პაციენტთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე.
ასაკის მატებასთან ერთად სომატოტროპინის გამომუშავება მცირდება, რაც მუსკულატურის მოდუნებას და მოძრაობის აქტიურობის დაქვეითებას იწვევს. ფარმაკოლოგიურმა კომპანია "პფაიზერმა" შეიმუშავა სომატოტროპული ჰორმონის სინთეზის ხელოვნურად მასტიმულირებელი პრეპარატი - კაპრომორელინი. ამ პრეპარატს ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად იღებდა 65-დან 84 წლამდე ასაკის 395 ადამიანი. თითქმის ამდენივე მონაწილე იღებდა პლაცებოს. მათ, ვინც კაპრომორელინით მკურნალობდა, აღუდგათ კუნთოვანი მასა, მრავალმა ისეთმა პაციენტმა, რომელიც წლების განმავლობაში სხვისი დახმარებითაც ვერ ახერხებდა გადაადგილებას, დამოუკიდებლად სიარული შეძლო, ხოლო პლაცებოს ჯგუფში უკეთესობა არავის დასტყობია.
მიუხედავად ამისა, კომპანია მის გასაყიდად წარმოებას ჯერჯერობით არ აპირებს. გამოკვლევის კოორდინატორის ჯორჯ მერიამის თქმით, პრობლემა ის არის, რომ სადღეისოდ სურსათისა და მედიკამენტების სამმართველო სიბერეს დაავადებად არ განიხილავს და უნდობლობას უცხადებს ყოველგვარ პრეპარატს, რომელიც ამ ბუნებრივი პროცესის შესაფერხებლად არის შექმნილი. გარდა ამისა, ნაკლებად არის შესწავლილი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები.
დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდიკა
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ preparat Diabecell-ის კლინიკური გამოცდის ნებართვა გასცა. პრეპარატი ახალშობილი გოჭების პანკრეასის უჯრედებს წარმოადგენს. რამდენიმე ხნის წინ მკურნალობის ეს მეთოდი წარმატებით იქნა გამოცდილი რუსეთში მცხოვრებ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე. "ქსენოტრანსპლანტაციას - ადამიანისთვის სხვა ბიოლოგიური სახეობის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვას - უდიდესი პოტენციალი აქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის", - განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა. ახალი ტექნოლოგიის დანერგვამ შესაძლოა ეს სახელმწიფო მსოფლიო ლიდერად აქციოს არა მარტო შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის, არამედ ქსენოტრანსპლანტაციის დარგშიც. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი პანკრეასის ბეტაუჯრედების ფუნქციის დარღვევისას ვითარდება. ახალშობილი გოჭების ინსულინწარმომქმნელი უჯრედების ტრანსპლანტაციამ თეორიულად შესაძლოა სრულიად აღმოფხვრას ან ნაწილობრივ მაინც შეამციროს ინსულინის დეფიციტი.
მეორე მხრივ, ცხოველთა ქსოვილების ტრანსპლანტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ ცხოველთა ვირუსების გადაცემა, რაც ადამიანისთვის საკმაოდ საშიშია, ამიტომ ეს მეთოდიკა სპეციალისტების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. თუმცა კომპანია Living Cell Technologies (LCT)-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიაგნეს მეთოდს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ცხოველის ვირუსის ადამიანზე გადაცემის რისკს. პრეპარატ Diabecell-ის შესაქმნელად ისინი იყენებენ ახალშობილი გოჭების ქსოვილებს, რომლებიც სხვა ღორებისგან იზოლირებულნი არიან. შარშან პრეპარატი პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულებზე გამოსცადეს. ავადმყოფების 80%-ში ინექციები ეფექტური აღმოჩნდა. მათი წყალობით შესაძლებელი გახდა ინსულინის დოზის 23-100%-ით შემცირება და სისხლში გლიკემიის სათანადო კონტროლი. ამასთანავე, არც ერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა დაავადება, რომელიც შესაძლოა ტრანსპლანტაციის დროს გადასდებოდათ.
მეტფორმინი წონას აქვეითებს
დანიელი მკვლევარები გვამცნობენ, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომით დაავადებულ ქალებში მეტფორმინით მკურნალობა აქვეითებს წონას, უზმოზე გლუკოზის დონეს და ინსულინისადმი რეზისტენტობას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დაავადებას სიმსუქნეც ერთვის. მკვლევარებმა შეისწავლეს მეტფორმინის გავლენა მენსტრუაციული ციკლის სიხშირეზე, სხეულის წონაზე, ტესტოსტერონის დონეზე და რამდენიმე მეტაბოლურ ფაქტორზე. 18-დან 45 წლამდე ასაკის ქალები 6 თვის განმავლობაში დღეში ორჯერ იღებდნენ 850 მგ მეტფორმინს ან პლაცებოს. პრეპარატი გავლენას არ ახდენდა მენსტრუალური ციკლის სიხშირეზე. რაც შეეხება წონას, უზმოზე სისხლში გლუკოზის დონეს და ინსულინისადმი რეზისტენტობას, ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ მეტფორმინის ჯგუფში ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალი იყო, თუმცა თერაპიის ეფექტი დადებითი აღმოჩნდა ჯგუფის მხოლოდ იმ წევრებში, რომლებიც ჭარბ წონას უჩიოდნენ. გამოკვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მეტფორმინის ეფექტი ყოველთვის ერთნაირი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს ამ პრეპარატის მოქმედება სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში.
ახალი ნივთიერება კორეიდან
კორეელმა მედიკოსებმა დიაბეტის სამკურნალო ახალი საშუალება შექმნეს. კორეელი სპეციალისტების თქმით, ახალი ნივთიერება ამჟამად არსებულ ანალოგებზე გაცილებით ეფექტურია. პრეპარატი, რომლის კოდია KR66223, 20-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ცნობილი სიტაგლიპტინი (მსოფლიო ბაზარზე - ჟანუვია), რომელსაც ფარმაცევტული კომპანია MERK უშვებს. კორეული პრეპარატის მთავარი სიახლე ის არის, რომ მას შეუძლია, პაციენტის კუჭში ფერმენტ DPP-IV-ის (დიპეპტიდილ პეპტიტაზა 4) ნეგატიური ზემოქმედების განეიტრალებით ბუნებრივად შეინარჩუნოს სისხლში შაქრის ნორმალური დონე.
მედიკოსები განმარტავენ, რომ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი ჰორმონ ინკრეტინს აუცილებელი ოდენობით გამოიმუშავებს, რაც ინსულინის ექსკრეციას იწვევს, დიაბეტიანებში კი DPP-IV-ის გამომუშავება დარღვეულია. მეცნიერები ვარაუდობენ, თუ DPP-IV-ის ნეგატიური ზემოქმედების ბლოკირება მოხერხდა, ორგანიზმი შეძლებს, გამოიმუშაოს საკმარისი ოდენობის ინკრეტინი და წარმატებით აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე. კლინიკურმა გამოცდამ ცხადყო, რომ პრეპარატი KR66223 არ იწვევს წონის მომატებას, არტერიული წნევის დაქვეითებას და სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატებისთვის არის დამახასიათებელი.