სათესლე ჯირკვლების ტკივილი
ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლე ჯირკვლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება.
სათესლე ჯირკვლების გვერდებზე ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება, თუმცა მათი მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია.
სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, სხვადასხვაგვარია მათი კლინიკური გამოვლინებაც, მაგრამ მათ მაინც აქვთ ერთი საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.
ვარიკოცელე -სათესლე ჯირკვლისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ის მამაკაცთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ხშირად არცთუ ისე სასიამოვნო შედეგი მოსდევს. ვარიკოცელე ვითარდება ორი მიზეზის გამო.
პირველი სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილი სისუსტეა. ხშირად ვარიკოცელე ამ პრობლემისადმი გენეტიკური განწყობის შედეგი გახლავთ - ვარიკოცელეთი დაავადებულის სისხლით ნათესავს თითქმის ყოველთვის აღმოაჩნდება ხოლმე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბრტყელტერფიანობა, გულის მანკი, ფიმოზი ან შემაერთებელი ქსოვილის სხვა უკმარისობა. ხშირად ეს დაავადებები ერთმანეთს თანხვდება.
მეორე მიზეზი მცირე მენჯის ღრუში ან სათესლე პარკის ვენებში სისხლის წნევის მომატებაა. სინამდვილეში ეს უფრო წინასწარი განწყობის ფაქტორია და არა დაავადების მიზეზი, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება იმდენად მკვეთრად გამოხატული ანატომიური ცვლილებები, რომლებსაც ვენებში წნევის მომატება მოჰყვება, რომ ეს ფაქტორი ვარიკოცელეს მიზეზად იქცევა.
სათესლე ჯირკვლის ვენა შეიძლება გაიღუნოს, სხვა სისხლძარღვებით გადაიკეტოს, ქსოვილთა ნაკეცებს შორის გაიაროს და სხვა. ეს ყველაფერი ვენის შევიწროებას და შედეგად მასში სისხლის წნევის მომატებას იწვევს. იშვიათად ვენაში სისხლის წნევის მომატება ზოგადი ფაქტორებით არის გამოწვეული - ქრონიკული შეკრულობით ან დიარეით, სიმძიმეების აწევით, მუცლის კუნთების დაჭიმვით და ასე შემდეგ. ამ ფაქტორებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ვარიკოცელეს განვითარებას, მაგრამ დაავადების მიზეზად ვერ იქცევა.
ყველაზე ხშირად ვარიკოცელე სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვითარდება. ის სწრაფად აღწევს გარკვეულ ხარისხს და აღარ პროგრესირებს. ვარიკოცელე თითქმის ყოველთვის მარცხენამხრივია. იშვიათია ორმხრივი ვარიკოცელე, კიდევ უფრო იშვიათი - მარჯვენა სათესლე ჯირკვლისა.
ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ეს ორგვარად შეიძლება გამოვლინდეს - ან ტკივილითა და უსიამოვნო შეგრძნებებით, ან უნაყოფობით. ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს ყველაზე ხშირად აქვთ დაქაჩვის, ზეწოლის ხასიათი. ხშირად პაციენტები ამ მდგომარეობას აღწერენ როგორც სათესლე პარკში სიმძიმის შეგრძნებას. ჩვეულებრივ, ეს შეგრძნებები მუდმივი არ არის, მაგრამ ვლინდება ფიზიკური დატვირთვის, სქესობრივი აქტის, სითბური პროცედურების ან ხანგრძლივი უმოძრაობის დროს.
მარცხენამხრივი ვარიკოცელეს დროს არ არის აუცილებელი, ტკივილი მარცხნივ იყოს ლოკალიზებული - ხშირად პაციენტებს უჭირთ გარკვევა, რომელ ნახევარშია ეს შეგრძნება უფრო მკვეთრად გამოხატული, არცთუ იშვიათად კი ტკივილი მარჯვნივ ლოკალიზდება.
ყველაზე ხშირად ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საერთოდ არ აწუხებს ადამიანს. მრავალი მამაკაცი ვარიკოცელეთი მთელ ცხოვრებას ატარებს, შვილები ჰყავს და არაფერი იცის ამ დაავადების შესახებ. ხშირად ვარიკოცელეს სხვა მიზეზის გამო გასინჯვისას, შემთხვევით აღმოაჩენენ. ვარიკოცელეს აღმოჩენა ხდება სათესლე ჯირკვლის დათვალიერებით, ექოსკოპიური ან დოპლეროგრაფიული კვლევით. ორი უკანასკნელი აუცილებლად ორ მდგომარეობაში - წოლითსა და დგომითში - უნდა ჩატარდეს. თუ ასე არ გაკეთდა, გამოკვლევა ყოველგვარ აზრს კარგავს.
მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ვარიკოცელეს აღმოჩენის შეთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს სპერმომორფოგრამა.
ვარიკოცელეს მხოლოდ ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ. თუ სადმე გაიგონებთ მისი უოპერაციოდ მკურნალობის შესახებ, არ დაიჯეროთ, ვარიკოცელეს ეფექტური მკურნალობა ოპერაციის გარეშე შეუძლებელია.
ვარიკოცელე, როგორც ზემოთაც ვთქვით, ძირითადად ანატომიური ან გენეტიკური განწყობის გავლენით ვითარდება, ამიტომ მის პროფილაქტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასრულების შემდეგ (19-20 წლის ასაკში) კარგი იქნება უროლოგთან კონსულტაციის გავლა და თუ ვარიკოცელეს არავითარი ნიშანი არ არსებობს, მაშინ ამაზე ნერვიულობა აღარ ღირს. თუ ვარიკოცელე აღმოგაჩნდათ, თავი უნდა არიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება. სათესლე ჯირკვლებში ტკივილის დროს შესაძლოა შვება მოგგვაროთ ცივმა საფენებმა სათესლე პარკის მიდამოში ან სისხლძარღვთა შემავიწროებელმა პრეპარატებმა. სისხლძარღვთა გამაფართოებლები და სითბო კი უკუნაჩვენებია.
განურჩევლად მდგომარეობისა, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან და, შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება - ასე თავს დააღწევთ დაავადებას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო მშვიდსა და ხარისხიანს გახდის.
სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა უმეტესად მოზარდ ასაკში ვითარდება. მოზრდილებში ის გაცილებით იშვიათია, ვიდრე სათესლე დანამატის ანთება, მაგრამ სათესლე ჯირკვლის ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია ორივე მიზეზის გათვალისწინება. ტკივილის ატანით "გმირობას" ნუ გამოიჩენთ და ექიმთან ვიზიტს ნუ დააგვიანებთ, რადგან შემოგრეხილი სათესლე ჯირკვალი რამდენიმე დღის შემდეგ იღუპება.
თითოეული ჯირკვალი დაკიდებულია სათესლე ბაგირაკზე, რომელშიც შედის არტერია, ვენები და ნერვები, ასევე - სათესლე სადინარი. ასეთი კონსტრუქცია სათესლე ჯირკვალს წინ და უკან, ასევე საკუთარი ღერძის ირგვლივ განსაზღვრულ ფარგლებში მოძრაობის საშუალებას აძლევს, მაგრამ ზოგჯერ ის ძლიერ შემოიგრიხება და ასეთ მდგომარეობაში რჩება. ამის მიზეზი უცნობია. ფიზიკური აქტიურობა არაფერ შუაშია, რადგან შემოგრეხა ხშირად ძილის დროს ხდება. 30 წლის შემდეგ ეს მოვლენა ძლიერ იშვიათდება.
სათესლე ჯირკვლის ტიპური შემოგრეხა მოულოდნელი, ძალიან ძლიერი ტკივილით იჩენს თავს, რომელსაც ხშირად თან სდევს ღებინება. არც ერთი ადამიანი ამ დროს ექიმთან ვიზიტს არ გადადებს, მაგრამ შემთხვევათა მესამედში მწვავე ტკივილი ერთბაშად კი არ აღმოცენდება, არამედ თანდათან იმატებს. შემოგრეხის გამო სათესლე ჯირკვალში სისხლის მიწოდება წყდება, ამიტომ სასწრაფო ჩარევაა აუცილებელი. იგრძნობთ თუ არა ტკივილს, მაშინვე მიმართეთ ექიმს. პირველი ექვსი საათის განმავლობაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა ათიდან 8-10 შემთხვევაში შველის სასქესო ჯირკვალს, ორი დღის დაგვიანება კი ამ მაჩვენებელს 20%-მდე ამცირებს.
სათესლე ჯირკვლის შემოგრეხის სადიაგნოზო მეთოდად დათვალიერებასა და გასინჯვასთან ერთად მიიჩნევა ექოსკოპია და რადიაქტიური იზოტოპებით სკანირებაც. შემოგრეხის დროს მარცხენა სათესლე ჯირკვალი, წესისამებრ, საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით ბრუნდება, ხოლო მარჯვენა - პირიქით, ამიტომ გამოცდილ ექიმს შეუძლია, უბრალოდ მოაბრუნოს ჯირკვალი საჭირო მხარეს, მაგრამ თუნდაც ეს პროცედურა წარმატებით ჩატარდეს, ქირურგიული ჩარევა მაინც აუცილებელია. ამ დროს ქირურგი ჯირკვალს ნორმალურ მდგომარეობაში აყენებს, შემდეგ კი ორივე ჯირკვალს ისე აფიქსირებს სათესლე პარკში, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მათი შემოგრეხა.
ორქიტი - სათესლე ჯირკვლის ანთება. ის თითქის ყოველთვის რომელიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადების გართულებაა. ორქიტი შეიძლება განვითარდეს ეპიდემიური პაროტიტის (ყბაყურა), გრიპის, წითურას, პნევმონიის, ბრუცელოზის ფონზე, მაგრამ უმეტესად შარდსასქესო სისტემის ანთებით დაავადებებს - ურეთრიტს, პროსტატიტს, ეპიდიდიმიტს, ვეზიკულიტს - დაერთვის.
ორქიტი შესაძლოა სათესლე ჯირკვლის ტრავმამაც გამოიწვიოს. მწვავე (არსებობს ქრონიკულიც) ორქიტი სათესლე ჯირკვლის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა ბოქვენის, შორისის, წელის, კუდუსუნის მიდამოში. სათესლე პარკი ორჯერ და მეტჯერ დიდდება, კანი გლუვი ხდება. დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეს მიდამო წითლდება, ტემპერატურა ადგილობრივად (კანის) იმატებს. ანთებადი ჯირკვალი გადიდებული და მკვეთრად მტკივნეულია. ტკივილთან ერთად ვლინდება ანთების ზოგადი სიმპტომები - სისუსტე, ციებ-ცხელება, სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსს აღწევს, თავს იჩენს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება. ზოგჯერ პროცესს სათესლე ჯირკვლის დაჩირქება და მისი აბსცესის ჩამოყალიბება მოსდევს, რამაც შესაძლოა სეკრეტორული უშვილობა გამოიწვიოს. დაჩირქებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
მკურნალობა ითვალისწინებს იმ ძირითადი დაავადების აღმოფხვრას, რამაც ორქიტი გამოიწვია. სათესლე პარკი ფიქსირდება აწეულ მდგომარეობაში. აწყობენ ცივ საფენებს. ტარდება ანტიბაქტერიული თერაპია, ხოლო მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ - ფიზიოთერაპია, სითბური პროცედურები, დაჩირქებისა და სათესლე ჯირკვლის აბსცესის შემთხვევაში - ოპერაცია, მძიმე შემთხვევებში, ჯირკვლის ქსოვილების დაჩირქებისას - ჯირკვლის ცალმხრივი ამოკვეთა. ორქიტის პროფილაქტიკა შარდსასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი პროცესების, ტრავმებისა და ინფექციური დაავადებების (გრიპი, ყბაყურა და სხვა) დროულ მკურნალობას გულისხმობს. მცირეოდენი ყურადღება საკუთარი თავის მიმართ მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.
ეპიდიდიმიტი - სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება, ტკივილი მის დანამატში ვითარდება, მაგრამ დანამატისა და სათესლე ჯირკვლის სიახლოვის გამო მამაკაცი ყოველთვის უჩივის ტკივილს სათესლე ჯირკვლის არეში. ეპიდიდიმიტს ბაქტერიები იწვევს, - როგორც წესი, გონოკოკები ან ქლამიდია, რომლებიც, გარდა ზემოთქმულისა, იწვევს ურეთრიტსაც.
სათესლე ბაგირაკის ანთება მოხუცებსაც უვითარდებათ - მაშინ, როცა ინფიცირებული პროსტატიდან მასზე ბაქტერიები ვრცელდება. ეპიდიდიმიტი თითქმის ყოველთვის მხოლოდ ცალ მხარეს ვითარდება. ტკივილი ერთი-სამი დღის განმავლობაში თანდათან იმატებს. უეცარი ტკივილი ჯირკვლის შემოგრეხაზე უფრო მიუთითებს.
ეპიდიდიმიტის დროს მამაკაცს შესაძლოა გამოაჩნდეს შარდსასქესო ტრაქტის ინფიცირების სხვა ნიშნებიც - ტემპერატურის მომატება, ურეთრის წვა, უნებლიე შარდვა და სხვა.
ექიმი დათვალიერებისას ხედავს, რომ სათესლე ჯირკვალი ნორმალურია, მაგრამ ბაგირაკის მსგავსი დანამატი - შეშუპებული და მგრძნობიარე. თუ პაციენტი დაგვიანებით მივიდა ექიმთან, შესაძლოა მთელი სათესლე პარკი შეშუპებული და მტკივნეული იყოს. უროლოგი ამ დროს ნიშნავს შარდის ანალიზს და შესაძლოა, ანთების გამომწვევის გამოსავლენად კულტურის დათესვაც გადაწყვიტოს. ამა თუ იმ ტიპის ბაქტერიის აღმოჩენისას ექიმი ნიშნავს მის საწინააღმდეგო პრეპარატებს. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები: დოქსაციკლინი, ტეტრაციკლინი, ან ერითრომიცინი. მკურნალობა ფაქტობრივად ორქიტის მკურნალობის მსგავსად მიმდინარეობს.
ტრავმები. სათესლე პარკის ტრავმა ყველაზე ხშირად ზეწოლის და/ან დარტყმის, იშვიათად ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგია. სათესლე პარკის იზოლირებული დაზიანებები ვითარდება ველოსპორტის, ჯირითის, ორძელსა და სხვა სპორტულ იარაღებზე ვარჯიშის დროს. შორისის მიდამოსთან არსებული ორგანოები სისხლით კარგად მარაგდება და მგრძნობიარე ნერვებით არის აღჭურვილი. იქ არსებობს ზონები, რომელზე დარტყმაც ტკივილით გამოწვეული შოკის გამო შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, ხოლო სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში სისხლი მდინარესავით დის, რაც სიცოცხლისთვის ძალზე საშიშია.
სათესლე ჯირკვლების დაზიანების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს შესაძლოა დაერღვეს სასქესო უჯრედების მომწიფება, რასაც უნაყოფობა მოჰყვება. დახურული ტრავმის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ჰემატომა - სათესლე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა. ჰემატომამ შესაძლოა საკმაოდ დიდ ზომას მიაღწიოს, სხვა ორგანოებს მიაწვეს და ტკივილი გამოიწვიოს. სათესლე ჯირკვლის ტრავმის დროს ზოგადი მდგომარეობა ყოველთვის უარესდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ტკივილით გამოწვეული შოკი, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის მოკვლაც შეუძლია.
ცეცხლნასროლი ჭრილობა სათესლე პარკის დაზიანებათა ცალკე ჯგუფში შედის. ასეთი სახის ტრავმების ძირითადი გამოვლინება, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის მძიმე მდგომარეობაა, რაც, წესისამებრ, არა მარტო სათესლე ჯირკვლების, არამედ სხვა ორგანოების ტრავმებითაც არის გამოწვეული. ღია და დახურული ტრავმები ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
ტრავმების თავიდან ასაცილებლად ელემენტარული ყურადღება და რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო: ველოსიპედი ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს; ბავშვს არ მისცეთ ნება, გამოიყენოს მასზე გაცილებით უფროსი ასაკისთვის განკუთვნილი ველოსიპედი; აუხსენით, რით არის საშიში ფეხებს შორის ხელით ან ფეხით დარტყმა; გააფრთხილეთ ბავშვი, როგორი ტრავმებით შეიძლება დამთავრდეს პიროტექნიკით თამაში; არ ჩააცვათ ვიწრო საცვლები; ასწავლეთ, მაშინვე გაცნობოთ შორისის მიდამოში მიღებული ნებისმიერი ტრავმის შესახებ; ნუ ეცდებით ტრავმების დამოუკიდებლად მკურნალობას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს - უროლოგს ან ქირურგს.
თვითგასინჯვა. სათესლე ჯირკვლები დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთ-ერთი მათგანი ძალიან პატარაა, სავარაუდოდ, ის დიდი ხნის წინ გადატანილი ინფექციის გამოა ატროფირებული. ერთი სათესლე ჯირკვალი ყოველთვის უფრო დაბლაა დაწეული, ვიდრე მეორე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხებს ერთად ვერ დავდგამდით.
სასურველია, საკუთარი თავი მამაკაცმა თვეში ერთხელ მაინც დაითვალიეროს, მაგრამ მხოლოდ თბილ ოთახში - სიცივეში სათესლე პარკი ძლიერ იჭმუხნება. იდეალურია დათვალიერება თბილ სააბაზანოში ან შხაპის ქვეშ. ჯირკვლები თითებს შორის გადააგორეთ. ისინი მაგრად მოხარშული (რა თქმა უნდა, გაფცქვნილი) კვერცხის კონსისტენციისა, დაახლოებით 3,5-4 სანტიმეტრი დიამეტრისა უნდა იყოს და ზომით ერთმანეთისგან 5-6 მილიმეტრზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდეს.
სათესლე ჯირკვლის უკანა ნაწილის გასინჯვის დროს სათესლე ჯირკვლის დანამატს ნახავთ, რომელიც ბაგირაკს ჰგავს და სპაგეტის სიმსხოა. თუ აღმოაჩინეთ უჩვეულო შეშუპება, კვანძი ან რაიმე სხვა ტიპის ანომალია, ჩაატარეთ უბრალო დიაგნოსტიკური გასინჯვა: ბნელ ოთახში შედით, ჩართეთ ჯიბის ფარანი და სათესლე პარკი უკანა მხრიდან გაანათეთ. თუ შუქი შედარებით ადვილად აღწევს წარმონაქმნში, მაშინ ის, სავარაუდოდ, სითხით არის სავსე - ეს სათესლე ჯირკვლის წყალმანკის (ჰიდროცელე) ან სათესლე ჯირკვლის დანამატის კისტის სიმპტომია. მაგრამ ამ ტიპის ტესტი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ექიმთან ვიზიტზე უარი თქვათ. თუ სათესლე ჯირკვლები ფრთხილად მოისინჯეთ, არ უნდა გეტკინოთ, ამიტომ გასინჯვის დროს აშკარა მტკივნეულობა გადახრად უნდა განვიხილოთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქმე შესაძლოა სათესლე ჯირკვლის სიმსივნესთან გვქონდეს.
ჩამოთვლილთა გარდა არსებობს რიგი უროლოგიური დაავადება, - ჰიდროცელე, სპერმატოცელე, ჰემატოცელე, სიმსივნეები და სხვა, - რომელთა ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი ტკივილია, თუმცა მათ შესახებ "ოჯახის მკურნალის" მომდევნო ნომრებში მოგითხრობთ.