წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და მათი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და მათი მკურნალობა

რა როლი ენიჭება მას მამაკაცის ორგანიზმში, რომელი დაავადებების აღმოცენებაა მოსალოდნელი, როგორია მათი გამოვლინების თავისებურებები და მკურნალობის პრინციპები?

დღეს ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციისა და კლინიკური კვლევების ოფისის წევრი, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სტიპენდიანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი.

- პაციენტთა უმრავლესობისთვის პროსტატის დაავადებები სქესობრივი ფუნქციის დარღვევასთან ასოცირდება. შესაბამისად აღიქვამენ მის ფუნქციასაც. სინამდვილეში რა როლს ასრულებს ეს ორგანო მამაკაცის ორგანიზმში და მისი რომელი დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად?

- პროსტატა ანუ წინამდებარე ჯირკვალი უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის ანუ თესლდანთხევის პროცესში. პროსტატას აქვს გარკვეული ჰორმონული ფუნქციაც, რომელსაც ამჟამად იკვლევენ. წინამდებარე ჯირკვლის დაავადებათა შორის უნდა დავასახელოთ პროსტატიტი ანუ პროსტატის ანთება, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ მისი ზომის მატება და პროსტატის კიბო.

- უკანასკნელ ხანს გავრცელებული სარეკლამო კლიპების თანახმად, პროსტატიტი ძალიან ხშირია. როგორია სპეციალისტების მონაცემები ამის თაობაზე?

- ერთი მხრივ, პროსტატის დაავადებები მართლაც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ცნობილია, რომ პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე ონკოლოგიურ დაავადებათა გამო მამაკაცთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველი ადგილი სწორედ პროსტატის კიბოს ეკუთვნის. საკმაოდ ხშირია პროსტატის ადენომა ანუ მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაც. ცნობილია, რომ ის სიცოცხლის მეორე ნახევარში იჩენს თავს და 80 წლისთვის პაციენტთა 70-80%-ს აღენიშნება, თუმცა ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ყველა შემთხვევა ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.

ზუსტი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ჩვენს ქვეყანაში პროსტატიტის ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთების გავრცელების შესახებ სადღეისოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა პროსტატიტის დიაგნოზი დაუსაბუთებლად ისმება. ხშირად პროსტატიტს მიეწერება ნებისმიერი დისკომფორტი შარდვისას, სიმპტომები ქვემო საშარდე გზების მხრივ, ყრუ ტკივილი წელის თუ შორისის არეში, თუმცა პროსტატიტი შესაძლოა სულაც არ იყოს ამ ჩივილების მიზეზი.

- რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატიტს, როგორია მისი სხვადასხვა ფორმის კლინიკური გამოვლინება?

- მწვავე პროსტატიტი შეიძლება მკვეთრი სიმპტომებით გამოვლინდეს. პაციენტები უჩივიან ცხელებას, მტკივნეულ შარდვას. ზოგჯერ აღინიშნება ჰემატურია, შარდში სისხლიანი მინარევის არსებობა. ქრონიკული პროსტატიტის დროს კი ნიშნების არსებობა დაავადების ფაზაზეა დამოკიდებული. რემისიის დროს კლინიკური ნიშნები უმნიშვნელოა ან საერთოდ არ ვლინდება, გამწვავებისას პაციენტები უჩივიან ტკივილს წელის, შორისის, ბოქვენის არეში, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს სიმპტომები არასპეციფიკურია და სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს.

საზოგადოდ, ვერ გამოვყოფთ პროსტატიტისთვის ტიპურ რომელიმე ცალკეულ სიმპტომს, დაავადების დიაგნოსტიკა გარკვეული სიმპტომოკომპლექსისა და გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ხდება.

- რა მიზეზით აღმოცენდება პროსტატიტი, რომელი ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას? როგორია ამ თვალსაზრისით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების როლი?

- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მართლაც ხშირად იწვევს პროსტატიტის აღმოცენებას. მათ, როგორც წესი, მოჰყვება ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), შემდგომ კი პროსტატიტი. ამავე დროს დადგენილია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არ არის პროსტატიტის ერთადერთი მიზეზი. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ჰიპოდინამია, არასწორი სქესობრივი ცხოვრება, სხეულის გადაცივება და ასე შემდეგ.

- რა იწვევს ქრონიკულ პროსტატიტს და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ დაავადების ეს ფორმა?

- ქრონიკული პროსტატიტი, ხშირად არასათანადოდ ნამკურნალები მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლებელია პროცესი თავიდანვე ქვემწვავედ, დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს პაციენტის ყურადღებას. შედეგად ყალიბდება ქრონიკული პროსტატიტი. ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივი ანუ გამეორება. მწვავე პროსტატიტის რამდენიმე ეპიზოდის გამეორება მეორეული მორფოლოგიური ცვლილებებისა და ქრონიკული პროსტატიტის მიზეზია.

დაავადების გაქრონიკულებას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ.

- მკითხველთა დიდ ინტერესს იწვევს გართულებები, რომელთა აღმოცენებაც არის მოსალოდნელი პროსტატიტის დროს. შესაძლებელია თუ არა მათი თავიდან აცილება?

- ყველაზე არასასურველი და მძიმე გართულება, რაც შეიძლება ქრონიკულ პროსტატიტს მოჰყვეს, პროსტატის კიბოა. ბოლო ხანს ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, ქრონიკული პროსტატიტის დროს პერმანენტულად ხდება გარკვეული ნივთიერებების – კინინების პროდუქცია. კინინები ატიპური უჯრედების გამრავლებას განაპირობებს. ამგვარად, ქრონიკულ პროსტატიტსა და პროსტატის კიბოს შორის უშუალო კავშირია. გარდა ამისა, ქრონიკული პროსტატიტის შედეგია სქესობრივი ფუნქციის მეორეული მოშლა, პროსტატის სკლეროზირება, შარდვის აქტის დარღვევა – შარდვის გაძნელება.

- რომელი კვლევები ტარდება პროსტატიტის დიაგნოსტიკის მიზნით?

- პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის სეგმენტური ანალიზი. ეს კვლევა გვაძლევს საშუალებას, სარწმუნოდ დავადგინოთ შარდში არსებული ცვლილებების გენეზი. კვლევა ძალზე მარტივია. მის ჩასატარებლად საკმარისია, ცალ-ცალკე ჭურჭელში შეგროვდეს შარდის I, II და III ულუფა.

წესისამებრ, პროსტატის მასაჟის შემდეგ მიღებული შარდის III ულუფა შეიცავს პროსტატის სეკრეტს. მისი ანალიზის დროს გამოვლენილი ცვლილებები, ანთებითი უჯრედებისა და ბაქტერიების არსებობა, მიუთითებს, რომ ანთებითი პროცესი სწორედ წინამდებარე ჯირკვალშია ლოკალიზებული.


- გამოდის, რომ ჩვეულებრივი შარდის ანალიზი პროსტატიტის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ნაკლებად ინფორმაციულია...

- ჩვეულებრივი პროსტატის სეკრეტის ანალიზით შეუძლებელია მაღალი სიზუსტით ვიმსჯელოთ არსებული ცვლილებების გამომწვევი პროცესის ლოკალიზაციაზე, ვინაიდან ამ დროს პროსტატის სეკრეტი გაივლის ურეთრას და თუკი ურეთრაში ანთებითი პროცესია, შედეგი ცრუ-დადებითი იქნება. სწორედ ამიტომ არის უფრო სარწმუნო შარდის სეგმენტური ანალიზის მონაცემები.

- როგორია ექოსკოპიის როლი პროსტატიტის დიაგნოსტიკაში?

- ექოსკოპიური კვლევა მნიშვნელოვან მონაცემებს გვაძლევს. მისი მეშვეობით შეიძლება დადგინდეს პროსტატის შეშუპება, ზომების მატება, აბსცესის არსებობა, სკლეროზი.

- ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ, როგორია მკურნალობის ტაქტიკა პროსტატაში კალცინატების არსებობის დროს.

- ექოსკოპიურად გამოვლენილი ერთეული მცირე ზომის კალციფიკატი, რომელსაც თან არ ახლავს მწვავე ან ქრონიკული პროსტატიტი, ჩარევას არ საჭიროებს. მრავალი, ინტენსიურად ჩალაგებული კალცინატის არსებობა კი პროსტატის სკლეროზირების ნიშანია. ამ დროს პროსტატის შეჭმუხნის გამო პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს შარდვის აქტის დარღვევას, რაც ქირურგიული ჩარევის საფუძველია.

- რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა პროსტატიტის სამკურნალოდ? რამდენად ეფექტურია ისინი?

- პროსტატიტის დროს მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა. ამ მიზნით უნდა შეირჩეს ის საშუალებები, რომლებიც ყველაზე კარგად ლახავენ ჰემატოქსოვილოვან ბარიერს, ანუ რომელთა შეღწევადობაც წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში მაქსიმალურია. რიგ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ალფა-ბლოკატორებიც, რომლებიც დაავადების სიმპტომების კუპირებაში გვეხმარებიან. ეფექტურია ფიზიოთერაპიული მკურნალობა - ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი მკურნალობა.

პაციენტთა საყურადღებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ პროსტატიტის ანტიბაქტერიული მკურნალობა სპეციალისტის მიერ უნდა ჩატარდეს, რათა ზუსტად იქნეს შერჩეული სათანადო ანტიბაქტერიული პრეპარატი, განისაზღვროს მკურნალობის ხაგრძლივობა, დოზები. ზოგჯერ, როცა პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ, იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, ირჩევენ მათ უსაფუძვლო კომბინაციებს, ხშირად დროზე ადრე წყვეტენ მკურნალობას, რაც დაუშვებელია.

ყველა სპეციალისტისათვის ნათელია, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატის შერჩევისას უნდა ვიხელმძღვანელოთ არა მისი ფართო სპექტრით, არამედ პრეპარატის აქტიურობით კონკრეტული მიკროორგანიზმების მიმართ და მისი შეღწევადობით პროსტატის ქსოვილში.

- დიდია პაციენტთა ინტერესი პროსტატის გადიდების - ჰიპერპლაზიის მიმართ. რა მიზეზებთან არის ის დაკავშირებული? რა როლი ეკისრება პროსტატიტსა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს პროსტატის ჰიპერპლაზიის განვითარებაში?

- პროსტატის ჰიპერპლაზიის დროს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედები ჭარბად მრავლდება. პროცესი კეთილთვისებიანია და, პროსტატის კიბოსაგან განსხვავებით, არ არის დაკავშირებული სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და პროსტატიტთან. დადგენილია, რომ პროსტატის ჰიპერპლაზიის მთავარი მიზეზი ის ჰორმონული დისბალანსია, რომელიც ასაკთან ერთად იჩენს თავს, თუმცა გარკვეული ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს სქესობრივი ურთიერთობის სიხშირეს, ჰიპოდინამიურ ცხოვრებას, თამბაქოს, ალკოჰოლს. როგორც აღვნიშნეთ, დაავადება კეთილთვისებიანია, ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირღვევა შარდვის პროცესი და ვითარდება ობსტრუქციული უროპათია.

- რა სიმპტომებით ვლინდება პროსტატის ჰიპერპლაზია, რომელ მათგანს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? რა პრობლემებს უქმნის პროსტატის ჰიპერპლაზია მამაკაცის ორგანიზმს, რა გართულებების აღმოცენებაა მოსალოდნელი ამ დაავადების დროს?

- პროსტატის ჰიპერპლაზიის ნიშნები პროსტატიტის სიმპტომებს მოგვაგონებს. განსაკუთრებული ყურადღება კი უნდა მიექცეს შარდის ნაკადის მოდუნებას, გაძნელებულ შარდვას. ეს სიმპტომები ხშირად კორელირებს ინფრავეზიკულურ ობსტრუქციასთან (დახშობასთან). აღნიშნული მდგომარეობა უფრო აქტიურ ჩარევას მოითხოვს, ამიტომ საჭიროა სპეციალისტთან დროული მისვლა.

პროსტატის ჰიპერპლაზიის გართულებათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარდის შეხუთვა – შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფის მკვეთრი გაძნელება და შეწყვეტა. აღნიშნული მდგომარეობა მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკული სახეც მიიღოს. უკანასკნელ შემთხვევაში შარდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა, მაგრამ შარდის ბუშტის სრული დაცლა ვერ ხერხდება, ბუშტში არის ნარჩენი შარდი.

შარდის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული შეხუთვა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოა, რადგანაც შარდის ბუშტში დაგროვილი შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირებისას ზიანდება ზემო საშარდე გზები, თირკმელები – ვითარდება ობსტრუქციული უროპათია, რასაც მოსდევს სისხლში აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტების (კრეატინინი, შარდოვანა, აზოტი) კონცენტრაციის მკვეთრი მატება, თირკმლის უკმარისობის განვითარება, სითხის დაგროვება ორგანიზმის ღრუებში – პლევრაში, პერიკარდიუმში, მუცლის ღრუში. მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.

- რომელი კვლევებია რეკომენდებული პროსტატის ჰიპერპლაზიის დიაგნოსტიკისთვის?

- პაციენტის კვლევა იწყება დიგიტალური რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გასინჯვით. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევა - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა. აღნიშნული მარკერი საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და პროსტატის კიბოს დიფერენცირება, რადგან არ არის გამორიცხული ამ ორი დაავადების თანაარსებობა.

მნიშვნელოვანია ექოსკოპიური კვლევით მიღებული მონაცემები. ძალზე ზუსტ მონაცემებს გვაწვდის ტრანსრექტალური ექოსკოპია. ამ დროს ექოსკოპის ტრანსდუსერი თავსდება სწორ ნაწლავში, რაც საკვლევ ორგანოსთან მაქსიმალური მიახლოების წყალობით დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს, თუმცა ტრანსრექტალური ექოსკოპია არ არის რუტინული კვლევა, მისი მიზანშეწონილობა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

პროსტატის ჰიპერპლაზიისას აუცილებელია უროფლოუმეტრია. ეს არის შარდის ნაკადის შესწავლა სპეციალური აპარატით - უროფლოუმეტრით. კვლევა არაინვაზიურია, მისთვის არ არის საჭირო არავითარი მომზადება, საკმარისია პაციენტს კვლევის დაწყებისას სავსე ჰქონდეს შარდის ბუშტი და მოშარდოს. უროფლოუმეტრიით ხდება შარდის ნაკადის სისწრაფის, მოშარდვის აქტის დროისა და სხვა პარამეტრების დადგენა, დგება შარდვის აქტის მრუდი.


- როგორია პროსტატის ჰიპერპლაზიისას მკურნალობის ტაქტიკა და რამდენად ეფექტურია ის?

- არსებობს პროსტატის ჰიპერპლაზიის მკურნალობის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდები. მედიკამენტური მკურნალობა შესაძლებელია, როცა ინტრავეზიკულური ობსტრუქციის (ნარჩენი შარდის მატების) სიმპტომები სუსტად არის გამოხატული. სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატები, რომელთაც ალფა-ბლოკატორებს უწოდებენ. ისინი ადუნებენ პროსტატის გლუვკუნთოვან კუნთოვან კაფსულას, ხელს უწყობენ უკანა ურეთრის გაფართოებას, რითაც ამცირებენ პაციენტისთვის შემაწუხებელ სიმპტომებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მკურნალობა სიმპტომურია, ის არ ამცირებს პროსტატის მომატებულ ზომებს.

გარდა ამ ჯგუფის პრეპარატებისა, არსებობს 5-ალფა რედუქტაზის ბლოკატორებიც, რომლებიც პროსტატის ქსოვილში ტესტოსტერონის აქტიური ფორმის წარმოქმნას ბლოკავენ. ამჟამად არსებული მონაცემებით, ამ პრეპარატების ეფექტურობა არ არის მაღალი, ამასთანავე, მკურნალობა მოითხოვს მათ ხანგრძლივ მიღებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით ისინი მხოლოდ შერჩევითად გამოიყენება.

- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ქირურგიული მკურნალობის რომელ მეთოდებს ფლობს თანამედროვე უროლოგია, როგორია მათი პრინციპი და უპირატესობა?

- დღეს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ქირურგიული მკურნალობის ოქროს სტანდარტად პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (ტური) მიიჩნევა, თუმცა ქირურგიული მკურნალობის მეთოდის არჩევისას მხედველობაში მიიღება პროსტატის ზომები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ასეთი ჩარევა არ არის რეკომენდებული, როცა პროსტატის ზომები 100 გრამს აღემატება, - მოსალოდნელია, გართულებები აღმოცენდეს და ჰიპერპლაზირებული ქსოვილის სრული ლიკვიდაცია შეუძლებელი გახდეს.

ტრანსურეთრული რეზექციის უკუჩვენების არსებობისას ტარდება ღია ქირურგიული ჩარევა. თანამედროვე ქირურგიული ტექნიკის წყალობით, - იგულისხმება პროსტატის ლოჟეს გაკერვა, - სისხლის დანაკარგი ამ შემთხვევებში მინიმალურია.

მოწოდებულია მკურნალობის ისეთი მეთოდებიც, როგორიც არის ულტრაბგერა, ლაზერი, კრიოთერაპია, თუმცა, არსებული მონაცემებით, მათი ეფექტურობა ხშირად არცთუ ისე მაღალია და მედიკამენტური მკურნალობისას არ აღემატება.

- რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს პროსტატის კიბო, მისი ადრეული დიაგნოსტიკის რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- პროსტატის კიბო საკმაოდ ვერაგი დაავადებაა - საწყის ეტაპზე თავს არ იჩენს და ხშირად მაშინღა ვლინდება, როცა სახეზეა ხერხემალში სიმსივნის მეტასტაზირების სიმპტომები. შარდვის აქტის დარღვევა მხოლოდ პროსტატის დიდი ზომის სიმსივნის შემთხვევაშია მოსალოდნელი. ამ დროს ხშირად უკვე მეტასტაზებიც აღინიშნება. აქედან გამომდინარე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას. დაავადების სკრინინგის (45-50 წელს გადაცილებულ პრაქტიკულად ჯანმრთელ მამაკაცთა კვლევა სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრის გზით) აუცილებლობა ბოლომდე არ არის აღიარებული, თუმცა პროფესორ შროდერის მიერ დადასტურებულია პროსტატის კიბოს სკრინინგის გზით პაციენტთა სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც სკრინინგის სასარგებლოდ მეტყველებს.

მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, ამიტომ განსაზღვრული ჩივილების მქონე პაციენტის მიმართ ყოველთვის ვიჩენთ ონკოლოგიურ სიფხიზლეს. პროსტატის კიბოს სკრინინგისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით რეკომენდებულია პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შემცველობის განსაზღვრა სისხლში, თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ პაციენტთა გარკვეულ პროცენტში ის შეიძლება ნორმალურიც აღმოჩნდეს მიუხედავად სიმსივნის არსებობისა, ამიტომაც დამატებით აუცილებელია დიგიტალურ-რექტალური გასინჯვაც, რომელიც კვალიფიციურმა უროლოგმა უნდა ჩაატაროს.

სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით რეკომენდებულია, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს 2 წელიწადში ერთხელ მაინც ჩაუტარდეთ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში და პროსტატის დიგიტალურ-რექტალური გასინჯვა.

- რომელი ფაქტორები განაპირობებს პროსტატის კიბოს აღმოცენებას?

- ზემოთ ამ კუთხით ქრონიკული პროსტატიტის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პროსტატის კიბოს ხელს უწყობს კვება ცხიმის მაღალი შემცველობით, ჰიპოდინამია, გადაჭარბებული სქესობრივი ურთიერთობა, თამბაქოს წევა. არსებობს მონაცემები იმ ფაქტორების შესახებაც, რომლებიც ამცირებენ მის რისკს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ასეთია პომიდორში არსებული ნივთიერებები, კვირაში 3 ჭიქა შავი ღვინის მიღება და სხვა.

- როგორია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები?

- პროსტატის კიბოს დიაგნოზი აუცილებლად უნდა იქნეს დადასტურებული მორფოლოგიურად. ამისთვის აუცილებელია, ექოსკოპიური კონტროლით ტრანსრექტალურად (სწორი ნაწლავიდან) ჩატარდეს პროსტატის ექოსკოპია და ბიოფსია. მიღებული პროსტატის ქსოვილი მორფოლოგიურად უნდა იქნეს შესწავლილი. მანიპულაცია არ არის რთული და პაციენტს საფრთხეს არ უქმნის. უნდა ითქვას, რომ პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა სხვა ორგანოების სიმსივნეებთან შედარებით კეთილსაიმედოა, მკურნალობის ეფექტურობა ძალიან მაღალია. ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობიდან 15 წლის შემდეგ პაციენტთა 86% განკურნებულია.

ლოკალიზებული პროსტატის კიბოს დროს თანამედროვე ქირურგიული ტექნიკის წყალობით ხორციელდება ნერვშემნახველი რადიკალური პროსტატექტომია. ეს ნიშნავს, რომ ოპერაციის შემდგომ უმეტესად შენარჩუნებული იქნება სქესობრივი ფუნქცია და ნორმალური შარდვის აქტი.

მოწოდებულია ოპერაციული ჩარევა ლაპაროსკოპიული მეთოდითაც, თუმცა მისი უპირატესობა ფუნქციური და ონკოლოგიური საიმედოობის თვალსაზრისით ღია ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. იმ შემთხვევაში, როცა პროსტატის კიბო არ არის ლოკალიზებული და გავრცობილია, მოწოდებულია მულტიმოდალური მიდგომა, რაც გულისხმობს ქირურგიული მკურნალობის, სხივური თერაპიისა და ჰორმონთერაპის ან ქიმიოთერაპიის კომბინაციას.

- რას ურჩევდით თავად თქვენ პაციენტებს პროსტატის დაავადებების თავიდან აცილების მიზნით?

- მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს: იაქტიურონ ფიზიკურად; ერიდონ ცხოველურ ცხიმებს და მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს; ახსოვდეთ, რომ თამბაქოს წევა ზრდის ტესტოსტერონის გამოყოფას და ამით ხელს უწყობს პროსტატის დაავადებების აღმოცენებას. არასასურველია სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა.

ახალგაზრდა (45-50 წლამდე ასაკის) პაციენტთა საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ პროსტატიტის დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დასვას, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი მკურნალობა.

ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას ანტიბიოტიკებით.

45-50 წლიდან პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით რეკომენდებულია, ორ წელიწადში ერთხელ მაინც მიბრძანდეთ უროლოგთან და გაიკეთოთ ანალიზი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრისთვის.