ღამის პრობლემები

ღამის შარდის შეუკავებლობად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შარდის ბუშტის ერთზე მეტად დაცლის სურვილი აღვიძებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორ-სამჯერ ტუალეტში წასვლის სურვილი განსაზღვრული პათოლოგიის ნიშანია, რომლისგანაც განკურნება შესაძლებელია. ის შემთხვევები კი, როცა ადამიანს უჭირს დაძინება, ნებისმიერი ხმაური აღვიძებს ან ღამით მოსაშარდად მხოლოდ ერთხელ დგება, არ ხვდება "ღამის შარდის შეუკავებლობის" განსაზღვრებაში. ღამით მოშარდვის სურვილს იწვევს: * დღის განმავლობაში და ძილის წინ სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
- შარდმდენი საშუალებების მიღება;
- შარდის ბუშტის მოცულობის მკვეთრი შემცირება ამა თუ იმ მიზეზით;
- შარდის ბუშტის დაავადებები: ანთება, ინფექცია, ქვები, სიმსივნეები, ასევე - მენჯის მიდამოს რენტგენოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა;
- ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
- შარდის ბუშტის კუნთოვანი აქტიურობის მომატება;
- საერთო ქრონიკული დაავადებები - დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები;
- სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, იძულებითი ქცევა. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოქმედებს თირკმელების მიერ დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულაციის მექანიზმი. ამ დროს შარდის უდიდესი ნაწილი სიფხიზლის პერიოდში გამოიყოფა და მხოლოდ 30% გამომუშავდება ძილის დროს. ამ ფაქიზ მექანიზმს ადვილად არღვევს: * შეშუპება (წესისამებრ, ქვედა კიდურებისა). შეშუპებას სხვა მიზეზებთან ერთად იწვევს გულის უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები და არასწორი კვება, ქვედა კიდურების ვენების ფუნქციის დარღვევა;
- თირკმელების ქრონიკული დაავადება;
- შარდსადენის ნაწილობრივი გაუვალობა - ხშირად გვხვდება იმ მამაკაცებში, რომლებიც პროსტატის გადიდებას უჩივიან და ქალებში, რომელთაც შარდის ბუშტის დაწევა აქვთ. ამ დროს არ ხდება შარდის ბუშტის სრული დაცლა, რის გამოც ჩნდება მოშარდვის განუწყვეტელი სურვილი. ღამის შეუკავებლობით უმეტესად ქალები იტანჯებიან. ასაკთან ერთად ამ პრობლემის ჩამოყალიბების ალბათობაც იზრდება. 40-60 წლის ქალების 55% ღამით ხშირ შარდვას უჩივის.
მკურნალობა
აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება გამოვლენილი დაავადებების (დიაბეტი, თირკმელების დაავადება, გულის უკმარისობა და სხვა) მკურნალობა. უროდინამიკური კვლევის (ნარჩენი შარდის, შარდის ბუშტის მოცულობის განსაზღვრა, ბუშტის კუნთების მდგომარეობა და სხვა) შედეგების მიხედვით შეიძლება დაინიშნოს პრეპარატები, რომლებიც ღამით შარდის ბუშტზე ზეწოლას ამცირებენ. ზოგ შემთხვევაში საკმარისია ჩვევების შეცვლა - რაციონში ზოგიერთი შესწორების შეტანა, ძილის წინ სითხის შეზღუდვით მიღება და სხვა. არსებობს ვარჯიშთა სისტემა, რომელიც აძლიერებს შარდის ბუშტის კედლებსა და მენჯის ფსკერს.
ქალებს (მენოპაუზის პერიოდში და მანამდე მცირე ხნით ადრე) ხშირად უნიშნავენ ჰორმონ ესტროგენს, რომელიც შარდის გამოყოფის ფუნქციაზეც მოქმედებს. დაბოლოს, ყველაზე რთულ შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს - თუ საბოლოოდ არის გარკვეული, რომ პრობლემის მიზეზი შარდის ბუშტში მუდმივად დარჩენილი დიდი რაოდენობით შარდია და არც ერთი სხვა საშუალება არ შველის.
პროსტატის ადენომა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
"მთელი სიცოცხლე მკვდარივით ეძინა, ახლა კი ყოველ ღამე ორ-სამჯერ იღვიძებს და მოსაშარდად გადის". მამაკაცთა უმრავლესობისთვის ეს ღამეული ვოიაჟები წინამდებარე ჯირკვლის, პროსტატის, გადიდების პირველი ნიშანია. შესაძლოა, თავი იჩინოს სხვა სიმპტომებმაც: მოშარდვის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ან წვეთებით შარდვამ. დროთა განმავლობაში ღამით შარდვა ხშირდება და სირთულეები დღისითაც იჩენს თავს. ამ პრობლემას რამდენიმე სახელი აქვს - პროსტატის გადიდება, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და პროსტატის ადენომა.
წინამდებარე ჯირკვალი, მარტივად რომ ვთქვათ, გარს არტყია ურეთრას - შარდსადენს, რომლითაც შარდის ბუშტში არსებული შარდი ორგანიზმიდან გამოდის. გადიდებული პროსტატა ურეთრას ავიწროებს ან ბლოკავს. სწორედ ეს იწვევს შარდის გამოყოფის პრობლემებს. პროსტატის ადენომა კიბო არ არის. გადიდებულ პროსტატას უსიამოვნებები მოაქვს, მაგრამ მძიმე გართულებებს არ იწვევს. ის არ გადაიზრდება ავთვისებიან სიმსივნეში, არ მოქმედებს განაყოფიერების ფუნქციაზე და არ იწვევს ერექციის პრობლემებს.
პროსტატის ადენომა, სავარაუდოდ, მამაკაცის დაბერების პროცესის ნაწილია და გამოწვეულია ჰორმონული ბალანსის, ასევე - უჯრედების ზრდის ცვლილებებით. პროსტატის ადენომის მედიკამენტური მკურნალობა შესაძლებელია. სპეციალური მედიკამენტები ხსნის ადენომის სიმპტომებს, თუმცა მთლიანად - არა. თუ პრეპარატების მიღებას თავს დაანებებთ, სიმპტომები შესაძლოა დაბრუნდეს. თუ დაავადება გამწვავდა, ექიმი მკურნალობის ქირურგიულ გზას შემოგთავაზებთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შემთხვევები შედარებით იშვიათია.
პროსტატის ადენომის ან მისი მიზეზების თავიდან აცილება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ რეგულარული ეაკულაციით პროსტატის გადიდებას თავიდან აიცილებს. მაგრამ ეს წარმოდგენა მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
შენაცვლებითი ღამის პრიაპიზმი
პრიაპიზმი გახლავთ ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აღგზნებასთან. შენაცვლებითი ღამის პრიაპიზმი (ფსევდოპრიაპიზმი, ქრონიკული პრიაპიზმი, ძილის პრიაპიზმი) იშვიათი პათოლოგიაა. ის ბოლომდე შესწავლილი არ არის და მისი მკურნალობა განსაზღვრულ სირთულეებს უკავშირდება.
პაციენტთა ჩივილები, ჩვეულებრივ, ერთნაირია: ხშირი აღგზნება ღამის განმავლობაში, მათი აზრით, ძილში მომხდარი ერექციის გამო. ხშირად ერექცია ძლიერად აღიქმება. ზოგჯერ თან სდევს ტკივილი ან ერთგვარი ტალღის მოწოლის შეგრძნება სასქესო ასოსა და შორისის მიდამოში. ასეთი ერექციის გამო მამაკაცი პრაქტიკულად ყოველ ღამე იღვიძებს, ხშირად - მის მეორე ნახევარში. იშვიათად ერექცია შეინიშნება დღის ძილის დროსაც. უმრავლეს შემთხვევაში ერექცია გაღვიძების შემდეგაც რამდენიმე ხანს გასტანს და მხოლოდ მოშარდვის ან ოთახში სიარულის შემდეგ ქრება. სქესობრივი სიახლოვის სურვილი იშვიათად ჩნდება, ხოლო სქესობრივი აქტის შემდეგ ერექცია უფრო ძლიერდება და ხშირდება. დილაობით მამაკაცი დაღლილი, მოდუნებული, გამოფიტული იღვიძებს, უგუნებოდ არის.
ზოგიერთი სიფხიზლისას მომეტებულ სქესობრივ აღგზნებას და თუნდაც არაადეკვატურ მდგომარეობაში ქალთან ურთიერთობისას ერექციის ადვილად წარმოშობას აღნიშნავს, თუმცა შემთხვევათა ნახევარში შეინიშნება ადეკვატური ერექციის შესუსტება, ეაკულაციის დაჩქარება, დაქვეითებული ლიბიდო. წესისამებრ, ამ დარღვევებს პაციენტებისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
შენაცვლებითი ღამის პრიაპიზმი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს. თავდაპირველად ღამით გაღვიძება და ერექცია იშვიათია (7-10 დღეში თითო შემთხვევა), შემდეგ კი ყოველ ღამე 2-5-ჯერ მაინც აღინიშნება. ძილი ზერელე ხდება. ზოგჯერ, პათოლოგიის დიდხანს (10 წელზე მეტხანს) მიმდინარეობისას, პაციენტები აღნიშნავენ, რომ ღამის ერექციები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად აწუხებთ. ავადმყოფები აქტიურად ეძებენ სამედიცინო დახმარებას, მიმართავენ სხვადასხვა პროფილის ექიმებს, პირველ რიგში უროლოგებსა და ნევროპათოლოგებს.
შენაცვლებითი ღამის პრიაპიზმის სამკურნალოდ ინიშნება ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, აზაფენი და სხვა), ტრანკვილიზატორები (ფენაზეპამი, სედუქსენი), საძილე საშუალებები, ნეიროლეპტიკები (ტეპალენი, ეტაპერაზინი, სტელაზინი). მკურნალობა ხანგრძლივია. რეკომენდებულია ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი, აუტოტრენინგი, ელექტროძილი. ტარდება ნემსორეფლექსოთერაპია.
ესტროგენების დანიშვნა რეკომენდებული არ არის, ერთი მხრივ - გამოხატული გვერდითი მოვლენების (ტკივილი ღვიძლის მიდამოში, გინეკომასტია), მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ მათი ეფექტი პრეპარატის მოხსნასთან ერთად ქრება. ისიც უნდა ითქვას, რომ მკურნალობა უმეტესად არ იძლევა სასურველ შედეგს.