გამონადენი მამაკაცებში
და არასპეციფიკური ურეთრიტის დროს, მაგრამ ვიდრე ამ დაავადებებზე გადავიდოდეთ, იმ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას მიმოვიხილავთ, რომლის დროსაც სპეციფიკური გამონადენის არსებობა პათოლოგიად არ ითვლება.
1. ერეგირების დროს სასქესო ასოს თავზე არსებული ხვრელიდან ხშირად (თითქმის ყოველთვის) გამოიყოფა სპეციფიკური სეკრეტორული სითხე. ის არ ჰგავს იმ სითხეს, რომელიც ეაკულაციის დროს გადმოინთხევა. იგი გამჭვირვალე წვეთის სახით გამოიყოფა და ასოს თავის საცხის ფუნქცია აკისრია. გარდა ამისა, იგი აქვეითებს ურეთრის მჟავიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცის ეაკულატმა შესაძლოა ქალის დაორსულება გამოიწვიოს. მამაკაცებს ზოგჯერ შარდის წვეთი ამ სეკრეტორულ სითხეში ერევათ. მათი ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ადვილია: შარდი წყლისმაგვარია, ხოლო ეს სეკრეტორული სითხე - წებოვანია. ის შესაძლოა ასოს თავზე გამოჩნდეს დილაობით, მოშარდვამდე, და მის შემდეგაც.
2. მეორე ფიზიოლოგიური მდგომარეობაა პოლუცია. პოლუცია სათესლე სითხის უნებლიე დაღვრას ჰქვია. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, ძილში ეროტიკული სიზმრების ფონზე ხდება და ძილის შეწყვეტას არ იწვევს. ღამის პოლუცია ხშირად აქვთ მოზარდებს და სქესობრივ მომწიფებაზე მეტყველებს. რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე პოლუცია წყდება. არსებობს დღის პოლუციაც, რომელიც ვითარდება სიფხიზლისას, უმეტესად - ბუნებრივი სექსუალურ-ეროტიკული აღგზნების დროს (ოღონდ არა სქესობრივი სიახლოვისას, არამედ ჩახუტების, კოცნის, ასევე - შიშველი სხეულის ან სხეულის რომელიმე შიშველი ნაწილის დანახვის დროს). ზოგჯერ დღის პოლუციას იწვევს არასექსუალური გამაღიზიანებელიც, მაგალითად, ძლიერი ემოცია (შიში), სატრანსპორტო ვიბრაცია, აკრობატული ილეთი. ღამის პოლუცია შესაძლოა ზრდასრულ მამაკაცსაც ჰქონდეს. ეს, როგორც წესი, სქესობრივი თავშეკავების შედეგია. პოლუცია ნორმისგან გადახრა კი არა, სქესობრივი ჯირკვლების ნორმალური ჰორმონული აქტივობის მაჩვენებელია, მაგრამ როცა ასეთი რამ ხშირად ხდება (ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმეც კი სქესობრივი ცხოვრების ჩვეული რიტმის ფონზე), ეს უკვე სქესობრივი სფეროს დარღვევაზე მიუთითებს. ამ დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ყველა დანარჩენი სითხე, რომელიც მამაკაცის სასქესო ასოდან გადმოედინება, განსაკუთრებით - თუ ის მომწვანო, მორუხო (ან რუხი), მოყვითალო ფერისაა ან ხაჭოსმაგვარი კონსისტენცია აქვს, აუცილებლად უნდა იქნეს ტესტირებული სპეციალისტის მიერ.
ურეთრიტი (შარდსადენის ლორწოვანი გარსის ანთება)
მამაკაცებში ურეთრიტის დამახასიათებელ სიმპტომად შარდსასქესო არხიდან გამონადენი ითვლება, მაგრამ გამონადენი შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს, ხოლო ურეთრიტი გამონადენის გარეშე მიმდინარეობდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს გამონადენის შემჩნევისთანავე ექიმთან ვიზიტს. ურეთრიტს გამონადენთან ერთად თან სდევს დიზურია (შარდვის გაძნელება) და სასქესო ასოს თავის გაღიზიანება. ურეთრიტის დიაგნოსტირება ურეთრის ნაცხის ან შარდის პირველი ულუფის გამოკვლევით ხდება. ურეთრიტს ხშირად იწვევს გონოკოკი, ქლამიდია და სხვა.
გონორეა
გონორეა მამაკაცსა და ქალებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, მაგრამ მათი საერთო ნიშანი ის არის, რომ დაავადების ძირითადი გამოვლინებაა გამონადენი სასქესო ორგანოებიდან და მჭრელი ტკივილი შარდვის დროს. მამაკაცებში გონორეის სიმპტომად ითვლება თეთრი ან ყვითელი გამონადენი ასოდან. გამონადენის არარსებობა დაავადების არარსებობას არ ნიშნავს. გამონადენი, როგორც წესი, საინკუბაციო პერიოდის (2-დან 5 დღემდე) შემდეგ ჩნდება, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ ზოგჯერ საინკუბაციო პერიოდი უფრო ხანგრძლივია - ერთ თვეს და მეტხანსაც გრძელდება. საყურადღებოა ისიც, რომ ბევრი ე. წ. პროვოკაციულ ტესტს მიმართავს: შემთხვევითი სქესობრივი აქტის შემდეგ ძილის წინ ორიოდე კათხა ლუდს, მწარე ან მჟავე საკვებს მიირთმევს და მეორე დილით ამოწმებს, არის თუ არა, ან რა ფერისაა, გამონადენი ასოდან. მსგავსი "ტესტის" პასუხი არ შეიძლება ჩაითვალოს გონორეის არსებობის ან არარსებობის საბუთად.
ბოლო დროს აღნიშნავენ ისეთი შემთხვევების გახშირებას, როდესაც გონორეა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სხვა შემთხვევებში კი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ ვითარდება გონორეის მწვავე ფორმისათვის დამახასიათებელი ნიშნები. დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომების გამოვლინება პირველ ყოვლისა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოს შეუტევს გონოკოკი. ყველაზე ხშირად ურეთრა ზიანდება და გონორეული ურეთრიტი ვითარდება. სხვათა შორის, მისთვისაც დამახასიათებელია გამონადენი, რომელიც ქვედა საცვალზე მოყვითალო-მომწვანო ლაქებს ტოვებს.
გონორეაზე კიდევ დიდხანს შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთს გეტყვით - ეს საკმაოდ სერიოზული ინფექცია უყურადღებობის შემთხვევაში უშვილობას, იმპოტენციას და სხვა გართულებებს იწვევს, არადა, თანამედროვე მედიცინა ძალიან ადვილად უმკლავდება მის გამომწვევს. მთავარია, მკურნალობა რაც შეიძლება ადრიანად დაიწყოს, თვითმკურნალობით კი საქმე შესაძლოა ძალიან გართულდეს.
ტრიქომონიაზი
ტრიქომონა ერთუჯრედიანი არსებაა, რომელსაც უნარი შესწევს, იცოცხლოს არა მარტო ორგანიზმში, არამედ მის გარეთაც. ტრიქომონას, გარდა იმ ზიანისა, რასაც უშუალოდ აყენებს ორგანიზმს, შესწევს გონოკოკების შთანთქმის უნარიც, თანაც მათ დაუზიანებლად. ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორისაში გადასულ ტრიქომონას თან მიაქვს "გადაყლაპული" გონოკოკებიც და არასრულყოფილი მკურნალობის (მაგალითად, თვითმკურნალობის) შემთხვევაში ტრიქომონიაზის განკურნების შემდეგ გონორეული ინფექცია ვითარდება. მამაკაცებში ტრიქომონიაზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მამაკაცი შესაძლოა მთელი ცხოვრება ტრიქომონიაზის მატარებელი იყოს, პარტნიორებს ასნებოვნებდეს, თავად კი არავითარ დისკომფორტს არ განიცდიდეს. შედარებით იშვიათად ანთებითი პროცესები ვლინდება ურეთრაში, პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში, სათესლე ჯირკვლებში. ზოგჯერ ურეთრიდან დის მღვრიე თეთრი სითხე ან შარდში სისხლის კვალი აღინიშნება. ეს 1-2 კვირას გრძელდება, შემდეგ კი სიმპტომები მცირდება, თუმცა დაავადება გრძელდება და ქრონიკულ ფორმაში გადადის.
ურეაპლაზმოზი
ურეაპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც ვირუსებიდან ერთუჯრედიანებისკენ გარდამავალ საფეხურად განიხილავენ. ამ ორგანიზმით ინფიცირება ხშირად სქესობრივი გზით ხდება. გარდა ამისა, შესაძლოა, მშობიარობის დროს ის დედისგან შვილს გადაედოს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ჩვეულებრივ, 4 დღიდან ერთ თვემდეა, თუმცა გამორიცხული არ არის, უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს. საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ თავს იჩენს ურეაპლაზმოზის პირველი სიმპტომები. უნდა ვთქვათ, რომ ხშირად ურეაპლაზმოზი თითქმის შეუმჩნევლად, ზოგჯერ კი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამგვარი მიმდინარეობა უფრო ქალბატონებში შეიმჩნევა. მამაკაცებში ურეაპლაზმოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მცირეოდენი გამჭვირვალე გამონადენი სასქესო ასოდან, ზომიერი ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვის დროს. ურეაპლაზმით წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება პროსტატიტის ნიშნებით ვლინდება.
მიკოპლაზმოზი
უროგენიტალური მიკოპლაზმოზი კლინიკურად დიდად არ განსხვავდება სხვა ეტიოლოგიის (გონორეა, ტრიქომონიაზი) დამაზიანებლებისგან. პაციენტების ერთ ნაწილს სუბიექტური გამოვლინებები არ გააჩნია, მეორე ნაწილს კი სიმპტომების მთელი წყება აღენიშნება. შარდსასქესო გზების დაზიანების შემთხვევაში მამაკაცებს დილაობით ცოტაოდენი გამონადენი აქვთ.
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებს ნელ-ნელა ართმევს ოცდამეერთე საუკუნის ჭირის სახელს. ჯანმოს განცხადებით, ამ ინფექციის გავრცელების ტემპი ზვავისას ჰგავს. ეს დაავადება ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. მამაკაცებში ყოველი მეორე ურეთრიტი ქლამიდიური წარმოშობისაა. მამაკაცებში ქლამიდიოზის სიმპტომი ურეთრიდან გამონადენია. არცთუ დიდი ოდენობის გამონადენი გამჭვირვალეა, თან სდევს მცირედი მტკივნეულობა შარდვის დროს. ბავშვებში (ბიჭებში) ურეთრიდან გამონადენთან ერთად სასქესო ორგანოების ქავილიც შეიმჩნევა.
არასპეციფიკური ურეთრიტი
არასპეციფიკური ურეთრიტი შარდის გამომყოფი არხის ანთებაა, რომელიც გონოკოკებისგან, ქლამიდიისგან, ტრიქომონასგან, ურეაპლაზმისგან, მიკოპლაზმისა და ჰერპესის ვირუსისგან განსხვავებული სხვა მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. ვენეროლოგიაში ეს ყველაზე საინტერესო და ნაკლებშესწავლილი სფეროა. არასპეციფიკურ ურეთრიტზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ურეთრიტის ნებისმიერი სიმპტომის (სასქესო ასოდან გამონაყოფი, ტკივილი და წვა შარდვის დროს) გამოვლინების შემთხვევაში.
გარდნერელოზი
გარდნერელოზი საშოს დისბაქტერიოზია და ამიტომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მამაკაცთა დაავადებად მისი პირდაპირ მიჩნევა არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარდნერელას, გარდნერელოზის გამომწვევს, ძალუძს, მამაკაცის ორგანიზმში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. გარდნერელა მამაკაცის სასქესო სისტემაში უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს ხვდება და ვინაიდან ის მამაკაცის სასქესო ტრაქტის "კანონიერი ბინადარი" არ გახლავთ, გარდნერელოზი სქესობრივ ინფექციად შეიძლება ჩაითვალოს. მამაკაცის ორგანიზმში გარდნერელა ხშირად ხვდება და როგორც წესი, სასქესო სისტემას 2-3 დღეში ტოვებს. იშვიათად ვითარდება გარდნერელების ქრონიკული მატარებლობა, რომლის დროსაც ანალიზები ყოველთვის დადებითია, თუმცა დაავადების არავითარი სიმპტომი არ შეიმჩნევა. ათიდან 9 შემთხვევაში გარდნერელოზი მამაკაცებში საერთოდ არ ამჟღავნებს თავს და იმით არის საშიში, რომ კაცის სქესობრივი პარტნიორები ისე ავადდებიან, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. კლასიკურ შემთხვევებში დაავადების გამომწვევები, მოხვდებიან რა საშარდე არხში სქესობრივი აქტის დროს, იწვევენ ლორწოვანი გარსის დუნედ მიმდინარე ანთებით პროცესს. ამ დროს სასქესო ასოდან შესაძლოა მომწვანო ფერის გამონადენი წამოვიდეს, რომელიც პაციენტისთვის ნაკლებშემაწუხებელია.
თუმცა მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს კიდეც - გარდნერელოზის გამომწვევებმა ურეთრიტი გამოიწვიონ, რომელიც მოშარდვისას წვითა და ტკივილით ვლინდება. გარდა ამისა, გამონადენს სპეციფიკური (თევზის) სუნი აქვს. ასეთ დროს გარდნერელოზის მკურნალობა აუცილებელია. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს: რიგი სპეციალისტი მამაკაცებში გარდნერელოზის მკურნალობას აუცილებლობად არ მიიჩნევს, მაგრამ ვინაიდან მამაკაცთათვის უვნებელი გარდნერელოზი შესაძლოა მისი სქესობრივი პარტნიორის ინფიცირების მიზეზად იქცეს, ამ დაავადების მკურნალობა ყოველთვის საჭიროა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების პროფილაქტიკა ძალიან უბრალო და ეფექტურია: ცხოვრების ჯანსაღი წესი, პარტნიორის ერთგულება, ჯანსაღი კვება, გადაღლისა და სტრესებისთვის თავის არიდება, საკუთარი თავისადმი მცირეოდენი ყურადღება მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. დაბოლოს, თუ თქვენი სასქესო ასოდან გამონადენმა ცვლილება განიცადა, ნუ დაელოდებით, ვიდრე ყველაფერი "თავისთავად გაივლიდეს". მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, ზუსტად შეაფასოს, ნორმალურია თუ არა ეს. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს და დარწმუნდით, რომ ჯანმრთელი ბრძანდებით. თუ პრობლემა არსებობს, იგი ადვილად, სწრაფად და იაფად იკურნება, ოღონდ ადრეულ სტადიებზე, ასე რომ, ექიმთან დროული ვიზიტი - თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა.