მამაკაცის ჯანმრთელობის 10 მთავარი წესი
მამაკაცები საშუალოდ ნაკლებად ცოცხლობენ, ვიდრე ქალები. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაცემებით, 2020 წელს მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70,6 წელი იყო, ქალებისა – 75,0 წელი.
მეცნიერებს ჯერ ბოლომდე არ გაურკვევიათ, რატომ ცხოვრობენ მამაკაცები ნაკლებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი ჯანმრთელობისადმი ნაკლებად მზრუნველი დამოკიდებულება იყოს. ასე, მაგალითად, ისინი იშვიათად მიდიან ექიმთან და ხშირად ამჯობინებენ დისკომფორტის ატანას, ვიდრე იმის აღიარებას, რომ მათი ჯანმრთელობა ნამდვილად არ არის წესრიგში.
თუმცა ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის სულაც არ არის საჭირო ექიმთან მუდმივი ვიზიტი, მაგრამ გარკვეული სკრინინგული გამოკვლევა მაინც აუცილებელია. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვევებსა და ცხოვრების წესზე, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია.
1. არ მოწიოთ სიგარეტი
მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის – ეს ფაქტი საეჭვო აღარავისთვისაა. საზიანოა არა მხოლოდ ტრადიციული სიგარეტი, არამედ ჩილიმი, ვეიპი, ელექტრონული უკვამლო მოწყობილობები.
თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება და მრავალი სხვა ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას. ესენია: გულის მუშაობის დარღვევები, ონკოლოგიური დაავადებები და იმპოტენცია, თუ კონკრეტულად ვისაუბრებთ მამაკაცის ჯანმრთელობაზე.
ამავდროულად, არასოდეს არის გვიან მოწევისთვის თავის დანებება: 2 კვირის შემდეგ აღდგება ყნოსვა, რამდენიმე თვეში უმჯობესდება ფილტვების ფუნქცია, ერთ წელიწადში მცირდება კარდიოპრობლემებისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
2. დალიეთ ნაკლები ალკოჰოლი
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ალკოჰოლში არის გულისთვის სასარგებლო კომპონენტები – განსაკუთრებით წითელი ღვინო და მასში შემავალი ანტიოქსიდანტები – სასმლის მოხმარება არ არის ჯანსაღი ჩვევა.
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. 2016 წლის მონაცემებით, სწორედ ალკოჰოლმა გამოიწვია 3 მილიონი ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან 75%-ზე მეტი მამაკაცია. ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების შედეგებს შორისაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლის პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები.
3. რეგულარულად გაიარეთ PSA ტესტირება
პროსტატის კიბო მამაკაცის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. ყოველი მეშვიდე მამაკაცი აწყდება ამ დაავადებას. დაავადების ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი გზაა პროსტატის კიბოს რეგულარული სკრინინგის ჩატარება.
50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებმა ყოველწლიურად უნდა მიმართონ უროლოგს: ჩაიტარონ სისხლის ტესტი PშA-ზე და გაიარონ პროსტატის რექტალური ციფრული გამოკვლევა. ამ წესების დაცვა ხელს შეუწყობს პროსტატის პრობლემების დროულად გამოვლენას.
მამაკაცებმა, რომელთა უახლოეს ნათესავებს შორის აღინიშნებოდა პროსტატის კიბო, სკრინინგი უნდა დაიწყონ 40 წლის ასაკში.
გარდა ამისა, მამაკაცმა უროლოგს უნდა მიმართოს შემდეგი სიმპტომებისას: შარდის დუნე ნაკადი, სისხლი შარდში, ტკივილი შარდვის დროს, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ერექციული დისფუნქცია.
4. თვალყური ადევნეთ თქვენს წონას და გარშემოწერილობას
მსოფლიო სიმსუქნის ნამდვილმა ეპიდემიამ მოიცვა, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები წონას იმატებენ. რაც უფრო დიდია წონა და წელის გარშემოწერილობა, მით მაღალია ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების, მათ შორის სასიკვდილო ინსულტისა და გულის შეტევის რისკი.
რა თქმა უნდა, იდეალური წონა და მოცულობა არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთისთვის ღირს ყურადღების მიქცევა. მამაკაცები, რომელთა წელის გარშემოწერილობა 102 სმ-ზე მეტია, რისკჯგუფში ხვდებიან – ინსულტისა და ინფარქტის განვითარების შანსი მოსახლეობის საშუალო პოპულაციაზე მაღალია.
5. მიირთვით დაბალანსებული დიეტა
არ არის საჭირო ისეთი დიეტის არჩევა, რომელიც სერიოზულ შეზღუდვებს ან თუნდაც ზოგიერთი საკვების რაციონიდან ამოღებას გულისხმობს. ოპტიმალური იქნება დაბალანსებული დიეტა, რომელშიც იქნება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ამ კომპონენტების იდეალური თანაფარდობა: 1-1-4, ცილების პროპორცია უნდა იყოს ყოველდღიური რაციონის 10-15%, ცხიმები – 15-30%, ნახშირწყლები – 55-75%.
ბოლო დროს საუბრობენ იმაზე, რომ ჯობია უარი თქვათ წითელ ხორცზე, რომელსაც ჯანმო-ს ექსპერტები კანცეროგენს უწოდებდნენ. მაგრამ რეალური საშიშროება ძირითადად შემწვარი და დამუშავებული ხორცია – კონსერვები, ლორი, ძეხვეული.
6. საკმარისი ძილი
მამაკაცები მეტს მუშაობენ, ვიდრე ქალები და ხშირად განიცდიან დაღლილობას, გადაწვას და ძილის პრობლემებს. თუმცა ისინი იშვიათად მიდიან ექიმთან უძილობის გამო, ცდილობენ საკუთარი რეჟიმის ნორმალიზებას ან უბრალოდ „გაძლებას“.
უძილობა არ არის მხოლოდ ძილის დარღვევა, რომელიც გვიტოვებს დილით დაღლილობის შეგრძნებას. ძილის ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა პრობლემას: დაბალი პროდუქტიულობა სამსახურში, ფსიქიკური აშლილობა ან გამწვავება და იმუნიტეტის დაქვეითება.
7. დაკავდით სექსით
რეგულარული სქესობრივი ცხოვრება არა მხოლოდ ხელს უწყობს ჰარმონიას ურთიერთობებში, არამედ აუმჯობესებს ზოგადად ჯანმრთელობას. პენსილვანიის უილკსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ იმ ადამიანების ჯანმრთელობა უკეთესი იყო, ვისაც სექსი კვირაში 1-2-ჯერ ჰქონდა, მათთან შედარებით, ვისაც სექსი უფრო იშვიათად ჰქონდა.
თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რისკები და არ დაგვავიწყდეს კონტრაცეპტივების გამოყენება. დღეს მხოლოდ პრეზერვატივი იცავს არა მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.
8. ნუ უგულებელყოფთ ფსიქიკურ პრობლემებს
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცები ექიმთან ძალიან იშვიათად მიდიან. არსებული დამოკიდებულების გამო, რომ „კაცი არ შეიძლება იყოს სუსტი“, ისინი ხშირად არ მიდიან ფსიქოთერაპევტთან, ვერ ბედავენ აღიარონ, რომ მათ აქვთ რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც სპეციალისტის დახმარება სჭირდება.
ეს იწვევს მდგომარეობის გაუარესებას, ცხოვრებისადმი ინტერესის გაქრობას, აპათიისა და დეპრესიის განვითარებას.
სპეციალისტთან მისვლის ნაცვლად, მამაკაცები პრობლემებს ხშირად „აგვარებენ“ ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების დახმარებით, რაც ასევე ცუდად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
9. ჩაიტარეთ კოლონოსკოპია
კოლონოსკოპია არის რუტინული ტესტი, რომელსაც შეუძლია კოლორექტალური კიბოს გამოვლენა. ბევრი შეცდომით თვლის, რომ კოლონოსკოპია ძალიან არასასიამოვნო გამოკვლევაა და პროქტოლოგთან მისვლა უბრალოდ უხერხულია. მათ, ვისაც არ აქვს ნაწლავის კიბოს ოჯახური ისტორია, კოლონოსკოპია უნდა გაიკეთოს ყოველწლიურად 50 წლის შემდეგ. თუ ოჯახში იყო ამ დაავადების შემთხვევები, დაგჭირდებათ დაწყება 10 წლით ადრე – უკვე 40 წლიდან.
10. თვალი ადევნეთ წნევას
ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ. დაავადება ყოველთვის არ ავლენს თავს და, შესაბამისად, დროთა განმავლობაში შეიძლება შეუმჩნევლად პროგრესირდეს. ჰიპერტენზია ინფარქტის ან ინსულტის ყოველი მეორე შემთხვევის გამომწვევია.
მიუხედავად დამკვიდრებული მოსაზრებისა, რომ მხოლოდ ხანდაზმულებს აწუხებთ მაღალი წნევა, ახალგაზრდებსაც შეიძლება აღენიშნებოდეთ ჰიპერტენზია. ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, მაღალი წნევა დიაგნოსტირებულია 20 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა 50%-ს შორის. 120-დან 80-მდე მაჩვენებელი ნორმად ითვლება, ამ რიცხვების რეგულარული ზრდა არის სიგნალი, რომელიც მიუთითებს ჰიპერტენზიაზე.