რატომ იღლება მამაკაცი
ვცდილობ, საქმე წინასწარ დავგეგმო, მაგრამ გათენდება თუ არა მეორე დღე, ვხვდები, რომ არაფრის თავი არ მაქვს და ისევ "მეორე დღისთვის" გადავდებ ხოლმე. რა ხდება ჩემს თავს? როგორ დავაღწიო თავი ამ მდგომარეობას?
ბოლო დროს მამაკაცებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ გამუდმებით დაღლილობის შეგრძნება აქვთ, შრომის უნარი - დაქვეითებული, განწყობა - შეცვლილი, სიცოცხლის ხალისი - გამქრალი. რა ხდება, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
უძილობა
ხშირია შემთხვევა, როცა დილიდანვე დაღლილობას გრძნობთ. ჯერ მხოლოდ დილის 10 ან 11 საათია, თქვენ კი ფეხზე ძლივს დგახართ, თუმცა უკვე რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა მოასწარით. საინტერესოა, როგორი ღამე გქონდათ. ალბათ თვალებდაჭყეტილი იწექით და წრიალებდით, რაღაც გაწუხებდათ, მიზეზს კი ვერ ხვდებოდით. ცნობილია, რომ ინკვიზიტორებს ყველაზე საშინელ წამებად უძილობა მიაჩნდათ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი თვითონვე ისჯის თავს, როცა სრულფასოვან ძილს ღამის კლუბზე, ბარზე, კაზინოზე, ინტერნეტსა და ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის. ამას ემატება უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა და შეგიძლიათ, მშვიდ ძილს დაემშვიდობოთ. ეს კი დაუშვებელია, ცხოვრების ასეთი რიტმი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებას და უამრავ დაავადებას იწვევს.
სპეციალისტები გვირჩევენ: ვიძინოთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი გვთხოვს, მივცეთ ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამის ასანაზღაურებლად 2 ღამე მაინც არის საჭირო. დღისით ძილი კი არც ისე სასარგებლოა, იგი ბიორიტმს ცვლის და ორგანიზმის მრავალი პროცესის დესინქრონიზაციას იწვევს.
განზე გადადეთ ყველაფერი, რაც დაძინებაში გიშლით ხელს: სიგარეტსა და ყავას დაწოლამდე 4-5 საათით ადრე დაემშვიდობეთ, ხოლო ვახშამი 2 საათით ადრე მიირთვით. არ იკითხოთ საწოლში და არ უყუროთ ტელევიზორს. დაწექით, როცა ძილი მოგერევათ. ასე რეფლექსი გამოგიმუშავდებათ და დაწვებით თუ არა, მაშინვე დაგეძინებათ. თუ უძილობამ თვეზე მეტხანს გასტანა, აუცილებლად მიმართეთ სომნოლოგს, ნერვოლოგს, ნევროპათოლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.
ფინჯანი ყავა
მილიონობით ადამიანი დღეს ფინჯანი ყავით იწყებს. მილიონობით ადამიანს დაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად კოფეინი მიაჩნია. ეს ილუზიაა, ასეთ დროს ყავა ვერ გიშველით. კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას ქმნის. იგი დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ დარჩენილ მარაგს კრებს და საბოლოოდ ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს.
ქრონიკული უძილობისა და ძლიერი დაღლილობის დროს ყავას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. იგი კი არ აფხიზლებს, არამედ ძილს გამოდევნის ორგანიზმიდან და თავის ტკივილსა და ხანგრძლივ უძილობას იწვევს. მამაკაცები კი ასეთ მდგომარეობას ქალებზე ძნელად იტანენ.
გირჩევთ: ნუ დალევთ დღეში 2 ფინჯანზე მეტ ყავას. თუ დაღლილობას ვერაფერს უხერხებთ, მის ნაცვლად სხვა სასმელი, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი ან მინერალური წყალი მიირთვით. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიში ან 10-15 წუთის განმავლობაში სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ეს ყველაფერი დაღლილობას კოფეინზე უკეთ ამარცხებს.
ჭარბი წონა
გგონიათ, ზედმეტი წონა მხოლოდ გარეგნობასა და გუნებას გიფუჭებთ? უფრო უარესი - ის თქვენ თვითონ გჭამთ. ხარბი და ზარმაცი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ის გულს აიძულებს, უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს და თავის პრობლემებს სხვა ორგანოების: გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების - ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც არის სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზის და სხვა დაავადებების რისკფაქტორი.
გირჩევთ, დაადგინოთ თქვენი იდეალური წონა: სიმაღლეს გამოაკელით 100. შედეგს შეგიძლიათ მიუმატოთ ან გამოაკლოთ 1-2 კგ და არავითარ შემთხვევაში ამაზე მეტი. თუ ჭარბი წონა აღმოგაჩნდათ, ეცადეთ, ნელ-ნელა დაიკლოთ. ნაკლებად მიირთვით მაღალკალორიული საკვები, მეტი იმოძრავეთ და ივარჯიშეთ.
ტექნიკური პროგრესი და ცხოვრების წესი
რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნიკა, მით უფრო მეტად მკვიდრდება პასიური ცხოვრების წესი. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ემუქრებათ. ისინი ბევრ დროს ატარებენ ავტომობილში, ტელევიზორთან, კომპიუტერთან, რბილ სავარძელში... ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია და ყველანაირად უნდა ეცადოთ, არ მოგერიოთ. მაგრამ ფიზიკური დატვირთვაც გონივრულად უნდა გაანაწილოთ, ვარჯიში შეუჩვეველ ორგანიზმს ერთბაშად არ უნდა მიაყაროთ. დაიცავით ზომიერება! რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტიურობა ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ უნდა შეირჩეს ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება თქვენს ორგანიზმს. ამისთვის სპეციალისტს მიმართეთ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი საუკუნისთვის უცხო არ გახლავთ. ამერიკაში 800 000 ადამიანია მისი მსხვერპლი. საქართველოში, სამწუხაროდ, ამ სტატისტიკით არავინ დაინტერესებულა. ეს საკმაოდ უცნაური მდგომარეობაა: ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანი გამუდმებით სისუსტესა და დაღლილობას უჩივის. ეს საკმაოდ მძიმე დაავადებაა და არც მისგან განკურნებაა ადვილი. მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს და, რაც მთავარია, არ გიღალატებთ ნებისყოფა, სურვილი და რწმენა, ამ განსაცდელს აუცილებლად მოერევით.