მობილური ტელეფონები და მამაკაცთა ფერტილობა
გამოსხივების მავნე ზემოქმედების სისტემატური მტკიცებულებები სპერმატოზოიდების რაოდენობაზე, მოძრაობაზე, მორფოლოგიასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
ამ მიმოხილვების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს მობილური ტელეფონების სხეულისგან, განსაკუთრებით რეპროდუქციული ორგანოებისგან, მოშორებით ტარებასა და შენახვას.
ერთ-ერთი სისტემატური მიმოხილვა იმასაც ასკვნის, რომ „რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური გამოსხივება შეიძლება გავლენას ახდენდეს სათესლე ჯირკვლის ქსოვილსა და სპერმის ხარისხზე“. მიუხედავად ამისა, მედიაში იშვიათად ისმის კითხვა - შობადობის შემცირებასთან მობილური ტელეფონების რაოდენობის გაზრდის გლობალური პროგრამის შესაძლო კორელაციაზე. სამწუხაროდ, ეს კითხვა მხოლოდ დამოუკიდებელ მეცნიერებს ებადებათ.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი მოწყობილობების მიერ გამოსხივებულ რადიოსიხშირულ გამოსხივებას, როგორებიცაა მობილური ტელეფონები და Wi-Fi, შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ამ გამოსხივებას შეუძლია გაზარდოს სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა, პოტენციურად შეამციროს სპერმის ხარისხი და დნმ-ის მთლიანობა, ასევე გავლენა მოახდინოს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სპეციფიკური შთანთქმის სიჩქარეზე, რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის უარყოფით შედეგებს იწვევს.
გარდა ამისა, რადიოსიხშირული გამოსხივების ზემოქმედებას აკავშირებენ ისეთ მდგომარეობებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მაგალითად, ჟანგვით სტრესთან, უჯრედის მემბრანებში იონური ტრანსპორტის ცვლილებასა და ანთებასთან.
სტატიებში განხილულია როგორც ადამიანებზე, ასევე ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების შესახებ სპერმის ხარისხზე, დნმ-ის დაზიანებაზე, ჟანგვით სტრესზე, ჰორმონების დონის ცვლილებასა და სათესლე ჯირკვლების ფუნქციაზე.
ავტორები ვარაუდობენ, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა, მამაკაცის უნაყოფობაზე არამაიონიზებელი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების მექანიზმებისა და შედეგების გასაგებად, საჭიროა შემდგომი კვლევები.
რადიოსიხშირული გამოსხივების გავლენა დნმ-ზე
ცალკეულ სტატიებში დასკვნის სახით მითითებულია, რომ რადიოსიხშირულ გამოსხივებას მავნე ზემოქმედება აქვს მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომ ის იწვევს დნმ-ის დაზიანებას, სპერმატოზოიდების მოძრაობისა და სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას, დნმ-ის ფრაგმენტაციის გაზრდასა და ოქსიდაციურ სტრესს.
კვლევის დიზაინის, ექსპოზიციის პარამეტრებისა და ბიოლოგიური მოდელების მიხედვით შედეგების განსხვავებები მიუთითებს, რომ რადიოსიხშირული გამოსხივების ბიოლოგიური ეფექტები შეიძლება იყოს მრავალფაქტორიანი და მოიცავდეს რთულ ურთიერთქმედებას ჟანგბადის აქტიური ფორმების წარმოება-გამომუშავებას, დნმ-ის აღდგენის მექანიზმებსა და უჯრედულ აპოპტოზურ გზებს შორის.
რეკომენდებულია რადიოსიხშირული გამოსხივების ზემოქმედების შემცირება-შეზღუდვა მობილური ტელეფონების მენჯის არისგან მოშორებით ტარება-განთავსების გზით და რადიოსიხშირული გამოსხივების მქონე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მინიმიზაციით.
თუმცა, სხვადასხვა კვლევის წინააღმდეგობრივი შედეგების გათვალისწინებით, სამომავლო კვლევები უნდა მიზნად ისახავდეს ექსპერიმენტული პირობების სტანდარტიზაციას და „დოზა-რეაქციის“ ურთიერთობის შესწავლას, რათა უკეთ გავიგოთ ის ზღურბლები, რომელთა დროსაც რადიოსიხშირული გამოსხივება საზიანო ხდება რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. რადიოსიხშირული გამოსხივების გრძელვადიანი ეფექტების სრულად გასაგებად კი, საჭიროა შემდგომი კვლევები.
რადიოსიხშირული გამოსხივების გავლენა რეპროდუქციულ ჰორმონებსა და სათესლე ჯირკვლებზე
ამ განყოფილებაში განხილული კვლევები მიუთითებს, რომ რადიოსიხშირული გამოსხივების ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რაც იწვევს ჰორმონების დონის, სათესლე ჯირკვლების მორფოლოგიის, სპერმატოზოიდების რაოდენობისა და სიცოცხლისუნარიანობის ცვლილებებს.
უკაბელო ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების ხანგრძლივი გამოყენება დაკავშირებულია ისეთ ცვლილებებთან, როგორებიცაა სპერმატოზოიდების თავის ანომალიების ზრდა და რეპროდუქციული ორგანოების წონის (მასის) შემცირება. გარდა ამისა, რადიოსიხშირულ გამოსხივებას შეუძლია გავლენა მოახდინოს სათესლე ჯირკვლების პარენქიმაზე ვირთაგვებთან, რაც იწვევს სათესლე მილაკების დეფორმაციას და ეპითელური უჯრედების ანომალიებს.
მიღებული მონაცემების სირთულე მიუთითებს იმაზე, რომ რადიოსიხშირულ გამოსხივებას შეუძლია გამოიწვიოს ბიოლოგიური რეაქციების ფართო სპექტრი, მათ შორის ჟანგვითი სტრესი, ჰორმონული დისბალანსი და აპოპტოზური პროცესები, რომლებიც ჯამში (ერთად) იწვევს სათესლე ჯირკვლების დაზიანებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევას. მიღებული ეფექტები, როგორც ჩანს, დოზადამოკიდებულია: რაც უფრო ხანგრძლივი და ინტენსიურია რადიოსიხშირული გამოსხივების ზემოქმედება, მით უფრო მძიმეა შედეგები რეპროდუქციული სისტემისათვის.
ეს დასკვნები აღნიშნავს რადიოსიხშირული გამოსხივების (განსაკუთრებით უკაბელო მოწყობილობებიდან) ხანგრძლივი ზემოქმედების თავიდან აცილების მნიშვნელობას, მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის პოტენციური ზიანის ასარიდებლად.
უფრო კონკრეტულად, შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ:
1) რადიოსიხშირული გამოსხივების ზემოქმედებამ, განსაკუთრებით ჟანგვითი სტრესის მომატების, იონური დისბალანსისა და ანთების გზით, შეიძლება შეაფერხოს სპერმატოგენეზი და შეამციროს სპერმის ხარისხი;
2) მიუხედავად იმისა, რომ თერმული ეფექტები მიუთითებს სათესლე ჯირკვლის ტემპერატურის მატების როლზე, არათერმული მექანიზმები, როგორებიცაა ჟანგბადის აქტიური ფორმების წარმოქმნა-გამომუშავება და იონური დისბალანსი, კიდევ უფრო ხაზს უსვამს რადიოსიხშირული გამოსხივების რეპროდუქციული ტოქსიკურობის მრავალმხრივ ბუნებას;
3) დამაჯერებელი მტკიცებულებების მიუხედავად, კვლევის შედეგებში არსებული შეუსაბამობები მოითხოვს სტანდარტიზებული მიდგომების შემუშავებას მეთოდოლოგიური უზუსტობების აღმოსაფხვრელად. მომავალმა კვლევებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს გრძელვადიანი ზემოქმედების შეფასებას და რადიოსიხშირულ გამოსხივებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად დამცავი სტრატეგიების შესწავლას.
ეს ძალისხმევა გადამწყვეტია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეკომენდაციების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მასობრივად (ყველგან) გავრცელებული უსადენო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეპოქაში.
კვლევებით მიღებული დასკვნები ხაზს უსვამს მოქმედი მარეგულირებელი სტანდარტების გადახედვის მნიშვნელობას რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფრო ეფექტურად დასაცავად.