როგორ ვუმკურნალოთ პრობლემურ კანს
დავთრგუნოთ ანთების გამომწვევი ბაქტერიების მოქმედება, დავარეგულიროთ ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციობა, მოვაშოროთ ნაწიბურები და შეგუბებითი ლაქები.
-
რატომ ხდება კანი პრობლემური?
ამის მიზეზია კანის ღრმა შრეებში ჩალაგებული ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება. ნორმაში ცხიმოვანი ჯირკვლების დანიშნულებაა ცხიმის გამომუშავება კანის დაცვისა და გაძლიერებისთვის, თუმცა არასწორი მოვლის, მძიმე ეკოლოგიური გარემოს, კვებისა და ჰორმონული ფონის თავისებურებების შედეგად შესაძლოა კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება არასწორად წარიმართოს.
გარდა გამოყოფილი ცხიმის რაოდენობისა, მნიშვნელოვანია მისი სისქეც. რაც უფრო ბლანტია სეკრეტი, მით ძნელად გამოდის იგი ზედაპირზე. ცხიმოვანი სეკრეტის გროვა იზიდავს კანზე არსებულ ბაქტერიებს, ვინაიდან ცხიმოვანი სეკრეტი არაჩვეულებრივი საკვები გარემოა მათთვის. გამრავლებისას ბაქტერიები იწვევენ ანთებას, მტკივნეულობას და კანის სიწითლეს.
თუ არ აღმოიფხვრა ძირითადი დეფექტი, ცხიმის შეგუბებული გროვა, ადგილობრივი ანთება შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს და ჩამოყალიბდეს გამონაყარი - მუწუკები და ფერიმჭამელები.
-
მუწუკი - ძნელად მოსაცილებელი პრობლემა
მუწუკის შემჩნევისას პირველი რეაქციაა, რაც შეიძლება სწრაფად მოვიცილოთ იგი, ვცდილობთ მის გამორწყვას, მაგრამ არაფერი გამოგვდის, რადგან ცხიმოვანი ჯირკვლის შევიწროებულ სადინარში შეგუბებული სეკრეტი უბრალოდ ვეღარ გადის. არასწორი მიდგომაა კანის მოწვაც მუწუკის ზედაპირზე სხვადასხვა ხსნარით, მალამოთი თუ კრემით, ეს საშულებები ვერ აღწევენ კანის ღრმა შრეებში.
ქრონიკული მუწუკი თანდათანობით თავისთავად გაიწოვება, მაგრამ მის ადგილას რჩება პიგმენტაცია და არცთუ იშვიათად ვითარდება ატროფიული ნაწიბური.
-
კანი და კვება
კანის სეკრეცია დამოკიდებულია კვების ხასიათზეც. რაც უფრო მეტ ტკბილეულს მივირთმევთ, მით უფრო ბლანტი, უხვი და ბაქტერიებისთვის “გემრიელი” ცხიმი გამომუშავდება, ამიტომ ზოგჯერ დიეტის ცვლილება ტკბილეულისა და ცომეულის შემცირების ხარჯზე ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ზოგჯერ სახის კანზე გამონაყარი ალერგიული წარმოშობისაა და დაკავშირებულია ზოგიერთი საკვების მიღებასთან. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად ხდება გახანგრძლივებული სადღესასწაულო სუფრების შემდეგ. ალერგიულ გამონაყარს შესაძლოა თან ახლდეს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებაც: ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევები, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, კანის ქავილი და შეწითლება. ასეთ დროს უნდა ჩატარდეს სისხლის იმუნოლოგიური კვლევა (IgG და IgE) და ამის მიხედვით შეიზღუდოს პროდუქტი, რომელმაც მსგავსი რეაქცია გამოიწვია.
-
კანი და ეკოლოგია
კანის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს კანის ზედაპირული შრეების გასქელება, რის შედეგადაც ვიწროვდება ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები და ცხიმოვანი სეკრეტი გუბდება.
კანის გასქელება მავნე გარეგანი ფაქტორების საპასუხო მოვლენაა. ეს ფაქტორებია მზის გამოსხივება, დაბინძურებული ატმოსფერო. ასეთ დროს შესანიშნავი საშუალებაა ქიმიური პილინგი, რომელიც შევიწროებულ სადინარებს ხსნის.
არსებობს პილინგის სხვადასხვა სახეობა. რომელი მათგანია თქვენთვის საუკეთესო და ეფექტური, ექიმი დერმატოლოგი გადაწყვეტს. ჩვეულებრივ, ტარდება მკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავს 4-10 პილინგს 7-14 დღეში ერთხელ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
არ აგვერიოს ერთმანეთში პილინგი და სქრაბი. სქრაბის საშუალებით ხდება კანის ზედაპირის მექანიკური გასუფთავება. გარდა ამისა, აქტიური ანთებითი პროცესის დროს სქრაბის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი - შესაძლოა, კანის ტრავმატიზაცია და ინფექციის ზედაპირზე მოთესვა გამოიწვიოს.
-
კანი და ჰორმონები
მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის გამონაყარის მთავარი მიზეზია სქესობრივი მომწიფებისას ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერება და კანის ზედა ფენების გასქელება. მწვავე პერიოდში, როდესაც სახეზე ჩნდება მკვეთრი წითელი ფერის შეშუპებული კვანძები და გამონაყარი, ეფექტურია ელექტროკოაგულაცია, ადგილობრივი ანტიბიოტიკოთერაპია ან ოზონოთერაპია. მკურნალობის პირველ ეტაპზე ზოგჯერ მიზანშეწონილია კანის მექანიკური გაწმენდა, რომელიც ცხიმოვან ჯირკვლებს სეკრეტისგან ათავისუფლებს.
ეს არ არის სამკურნალო ღონისძიება, რადგან მკურნალობის გარეშე ცხიმოვანი ჯირკვლები ისევ სწრაფად დაიხშობა, თუმცა პირველ ეტაპზე შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს იმით, რომ ხელი შეუწყოს ჯირკვლის სიღრმეში სამკურნალო საშუალებების შეღწევას.
-
კანი და ასაკი
ზოგჯერ კანზე გამონაყარი შუახნის ადამიანებსაც აქვთ. ამის მიზეზია კანის ასაკობრივი გასქელება, ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება და ენდოკრინული დარღვევები. ამ დროს გამონაყარი უპირატესად სახის ოვალის გასწვრივ და ლოყებზე ჩნდება. ოპტიმალური გამოსავალია პილინგი მეზოიმუნოკორექციასთან ერთად. ამ მეთოდების ერთობლივ გამოყენებას არა მარტო გამონაყარის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, არამედ ხელს უწყობს ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკასაც, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ახალგაზრდული.
-
როგორ მოვუაროთ პრობლემურ კანს
მაქსიმალური ყურადღება უნდა დავუთმოთ კანის გასუფთავებას. უმჯობესია, ამისთვის გამოვიყენოთ საპონი ან გელი, რომელთა შერჩევაც უნდა მივანდოთ სპეციალისტს.
საზოგადოდ, კანის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრობლემური კანი ვერ იტანს მკვრივი ტექსტურის კრემებს. მისთვის იდეალურია მსუბუქი შრატი გელის ფუძეზე. შრატის შერჩევაც, ჯობს, ექიმ დერმატოკოსმეტოლოგს მივანდოთ.